მთავრობა წელსაც 5%-იან ეკონომიკურ ზრდას გეგმავს და რეგიონში არსებულ რთულ ვითარებას არ უშინდება. სპეციალისტები ხელისუფლების პოზიციას იზიარებენ, თუმცა ზოგიერთი მიმართულებით გააქტიურებას ურჩევენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის აზრით, რეგიონში არსებული გამოწვევების მიუხედავად, 2015 წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდა 5 პროცენტს მიაღწევს. საქართველო-ესტონეთის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლილსას პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობები.
„ჩვენ შევქმენით თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე ბიზნესგარემო, რაც აისახა კიდეც საერთაშორისო რეიტინგებში. ვვარაუდობთ, რომ რეგიონში არსებული გამოწვევების მიუხედავად, 2015 წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდა 5%-ს მიაღწევს. მსოფლიოში ავტორიტეტული ანალიტიკური ცენტრის Heritage Foundation-ის ბოლო მონაცემებით, საქართველო 22-ე ადგილზეა მსოფლიოში თავისუფალი ეკონომიკის მქონე ქვეყნების სიაში და, წინა პერიოდთან შედარებით, შედეგები გაუმჯობესებული აქვს ათიდან ექვს კატეგორიაში, რომელთა შორისაა საჯარო ფინანსების მართვა, აგრეთვე საინვესტიციო გარემოს თავისუფლება და კერძო საკუთრების უფლების დაცვა. იმავე გამოკითხვის თანახმად, საქართველო მე-12 ადგილზეა რეგიონის 43 ქვეყანას შორის და ჩვენი შედეგები ბევრად აღემატება ინდექსის საშუალო მაჩვენებელს“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
2014 წელს ასევე გაუმჯობესდა ეკონომიკური მაჩვენებლები საერთაშორისო რეიტინგის - Fitch და Moodys-ს მიხედვით: საქართველოს პოზიცია სტაბილურიდან პოზიტიურამდე ამაღლდა, ხოლო გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში ჩვენი ქვეყანა 19 საფეხურით დაწინაურდა.
გაერო-ს ეკონომიკური ანგარიშის თანახმად, მსოფლიოში არსებული ფინანსური კრიზისის და ახალი გამოწვევების მიუხედავად, 2015 წელს გლობალური ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი 3,1 პროცენტს შეადგენს, 2016 წელს კი - 3,3%-ს. ამ პროგნოზის ფონზე საქართველოს მშპ-ს მატების მაჩვენებელი არცთუ ურიგოდ გამოიყურება. მით უფრო, რომ გაეროს ანალიტიკოსები ნავთობზე ფასების ვარდნისა და დასავლეთის საქნციების გამო, წლეულს ნულოვან ეკონომიკურ ზრდას უწინასწარმეტყველებენ რუსეთს. როგორც ანგარიშშია ნათქვამი, 2015 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდა 0,2 პროცენტი იქნება, 2016 წლისთვის კი ეს მაჩვენებელი სავარაუდოდ, 1,2%-ს მიაღწევს.
გაერო-ში არცთუ დამაიმედებელ პროგნოზებს აკეთებენ პოსტსაბჭოთა სივრცის ეკონომიკასთან მიმართებაშიც და აღნიშნავენ, რომ 2015 წელს პოსტსაბჭოთა სივრცეში ეკონომიკური ვითარება ნელი ტემპებით განაგრძობს სვლას.
რუსეთისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებისგან განსხვავებით, გაერო-ს ექსპერტები ზრდის სწრაფ მაჩვენებელს უწინასწარმეტყველებენ აღმოსავლეთ აზიას - 6% 2015-2016 წლებში, ხოლო აშშ-ის ეკონომიკურ ზრდას ანგარიშის მიხედვით, ბიზნეს ინვესტიციები განაპირობებს და 2015 წელს ეს ციფრი - 2,8 პროცენტს, 2016 წელს კი 3,1%-ს შეადგენს.
„ფინანსური სტაბილურობისა და კონკურენტუნარიანობის კვლევის ცენტრის“ დირექტორის მერაბ კაკულიასთვის 5%-იანი ეკონომიკური ზრდა რეალური მაჩვენებელია. პოტენციური რისკები და შესაძლო გამოწვევებს გათვალისწინებით, ამ შედეგის მიღწევა შესაძლებელია.
„უწინარეს ყოვლისა გეოეკონომიკურ რისკებს გამოვყოფდი, მათ შორის, ყველაზე რეალურია ღრმა რეცესიის საფრთხე რუსეთში, რაც ჩვენს სხვა სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებზეც აისახება, მაგალითად სომხეთზე. არანაკლები საფრთხის შემცველია ჯერ კიდევ ურყევი აზერბაიჯანული მანათის შესაძლო დევალვაციაც. აქედან გამომდინარე, საქართველოს ეკონომიკის საგარეო სექტორი შესაძლოა მორიგი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდეს.
მომავალი წლის ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევა იქნება უცხოელ ინვესტორთა ნდობის განმტკიცება. ამისთვის აუცილებელია სტაბილური და პროგნოზირებადი ბიზნესგარემოს ფორმირება.
არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხია ექსპორტის ხელშეწყობა და დივერსიფიკაცია, რისთვისაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება ევროკავშირთან. ვფიქრობ, მთავრობის პოლიტიკა ექსპორტის ხელშეწყობის სფეროში ნაკლებად თანმიმდევრულია და საჭიროებს გადახედვას“, - აღნიშნავს მერაბ კაკულია.