როგორც მოსალოდნელი იყო ლარის კურსი ნაახალწლევს ისევ თავქვე დაეშვა და ჯერჯერობით, ყოველდღიურად დაბლა მიექანება. ერთ კვირაში ლარი დოლართან მიმართებაში უკვე 6 პუნქტით გაუფასურდა. სპეციალისტების აზრით, ეროვნულ ვალუტას თებერვლამდე არაფერი ეშველება.
დოლარის კურსმა მატება ახალი წლის პერიოდში ნელ-ნელა დაიწყო. 5 იანვარს გაცვლითი კურსი 1.86 ლარი იყო, 7 იანვარს - 1.87 ლარი, 9 იანვარს - 1.88, 12-ში - 1.90 ლარს გასცდა, დღეს კი 1.92 ლარზე დაფიქსირდა.
სავალუტო ჯიხურების მეპატრონეთა ერთი ნაწილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მომხმარებლები დოლარს უფრო აბარებენ, ვიდრე ყიდულობენ, თუმცა ზოგიერთი ამბობს, რომ ყიდვა-გაყიდვა შემცირებულია. ვალუტის გადამცვლელები ბაზარზე დოლარის დეფიციტზეც საუბრობენ.
„ეკონომიკური განვითარების ცენტრის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე ლარის გაუფასურებას დეკემბერში განხორციელებულ ბიუჯეტის დეფიციტურ ხარჯვას უკავშირებს.
„დეკემბერში ბიუჯეტიდან დიდი დეფიციტური ხარჯვა განხორციელდა. კერძოდ, დეკემბერში 2-ჯერ მეტი ხარჯი იქნა გაწეული, ვიდრე 11 თვის განმავლობაში საშუალოდ თვეში იხარჯებოდა. დეკემბერის ბოლო დღეებში საბიუჯეტო დაწესებულებებს დაახლოებით, 400 მილიონი ლარი გადაერიცხათ. მოხდა წინმსწრები გადარიცხვა იმის გამო, რომ ბიუჯეტი შეესრულებინათ. შესაბამისად, დეკემბრის ბოლო დღეებში ფულის მასა მნიშვნელოვნად გაიზარდა.
ახლა დეკემბერში ჩარიცხული ფულის რეალური ხარჯვა ხდება და ასევე 2015 წლის ბიუჯეტს თავისი ხარჯი აქვს. ფულის მასის ზრდიდან გამომდინარე, ამ ფარგლებში ლარის კურსის კორექტირება ხდება“, - განაცხადა გოცირიძემ.
ქვეყანაში ლარისა და დოლარის მასის თანაფარდობის გაუმჯობესების თვალსაზრისით, პრაქტიკულად, არაფერი შეცვლილა. ასეთი დასკვნა გამოიტანა ეკონომიკის ექსპერტმა ლევან კალანდაძემ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ეროვნული ვალუტის კურსის ანალიზის შედეგად.
„კურსს ერთი კონკრეტული ფაქტორი არ განაპირობებს. ეს კომპლექსური თემაა. პირველი - ქვეყანაში ლარისა და დოლარის მასის თანაფარდობის გაუმჯობესების თვალსაზრისით, პრაქტიკულად, არაფერი შეცვლილა. ეს ის ფაქტორია, რამაც პოზიტიური გავლენა უნდა მოახდინოს ლარის კურსის შენარჩუნებაზე, მაგრამ ჯერჯერობით - არ ჩანს. შესაბამისად, რამე მასტიმულირებელი ფაქტორი, რომ ლარის გამყარებას ხელი შეეწყოს, არ არსებობს.
მეორე საკითხი დაკავშირებულია შიდა ხარჯვით პოლიტიკასთან. მოგეხსენებათ, წლის დასაწყისია, რთული პერიოდია. შარშან წლის ბოლოს ვამბობდი კიდეც, რომ იანვარი ყველაზე მძიმე იქნებოდა. წლის დასაწყისში ფინანსთა სამინისტო და ხაზინა დეფიციტურ ხარჯვას აწარმოებს. ეს ნიშნავს, რომ ხარჯავს იმაზე გაცილებით მეტს, ვიდრე აქვს შემოსავალი. ეს კი ნეგატიურად აისახება ლარისა და დოლარის მასის თანაფარდობაზე ამ უკანასკნელის სასარგებლოდ. შესაბამისად, დოლარზე მოთხოვნა იზრდება და დეფიციტური ხარჯვა ლარის კურსის გაუფასურებას უწყობს ხელს“, - განუცხადა სააგენტო „ინტერპერსნიუსს“ კალანდაძემ.
არის მე-3 და ასევე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც წმინდა ნეგატიურ მოლოდინთან და ბაზარზე გარკვეული სპეკულაციური ოპერაციების არსებობასთანაა დაკავშირებული. როგორც კი ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინება დაიწყება, ლარისა და დოლარის მასის თანაფარდობაში ლარის სასარგებლოდ გარკვეული ძვრა მოხდება. „ის სპეკულაციური ფაქტორები იმ წამსვე მეორე პლანზე გადავა, რაც ბიზნესისთვის ნეგატიურ, ბუნდოვან და გაურკვეველ პერსპექტივასთანაა დაკავშირებული“, - აცხადებს კალანდაძე.
იგი ფიქრობს, რომ 2015 წლისთვის ლარის ახალი წონასწორული კურსი სრულიად შესაძლებელია, 1.9-ის ფარგლებში იყოს.
შედარებით ოპტიმისტური პროგნოზი აქვს ექსპერტ ირაკლი ლექვინაძეს. მისი აზრით, ლარის კურსის გაუფასურება შეიძლება, გაგრძელდეს თებერვლის დასაწყისამდე, მერე კი გამყარებას დაიწყებს.
„როგორც წინა წლების დინამიკა და გმაოცდილება გვიჩვენებს, იანვარი იქნება მერყევი. ამის მერე ლარის კურსის გაუფასურება შეწყდება და ის გამყარებისკენ წავა“, - აღნიშნა ლექვინაძემ.
რაც შეეხება ინფლაციას, ექსპერტი ამ მხრივ მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ელის. „ჩვენ მსოფლიო ფასებზე ვართ დამოკიდებული, ხოლო ძირითად პროდუქტებზე (ნავთობი, მარცვლეული, შაქარი) მსოფლიოში ფასი იკლებს. შეიძლება, მხოლოდ იმ ჯგუფის პროდუქტები გაძვირდეს, რომელიც საერთაშორისო ტენდენციაზე არ არის დამოკიდებული“, - აღნიშნა ლექვინაძემ.