ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქართულ-ესტორნურ ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანაში უფრო მეტი ესტონური ინვესტიცია შემოვა. ღარიბაშვილის განაცხადებით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ხელს შეუწყობს საქართველოსა და ესტონეთს შორის სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის პოტენციალის სრულად ათვისებას.
„ესტონეთი, ისევე როგორც საქართველო, დიდი ქვეყანა არ არის, მაგრამ მან ძალიან დიდ წარმატებებს მიაღწია. ესტონეთი ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვისა და ინოვაციების კუთხით. ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სწორედ ასეთი დინამიკური ბიზნესგარემოს ჩამოყალიბებას. სასიხარულოა, რომ ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციას უკვე ახორციელებს ერთ-ერთი მოწინავე ესტონური კომპანია. მომავალში, იმედია, სხვა ესტონური კომპანიებიც დაინტერესდებიან საქართველოს შესაძლებლობებით და უფრო მეტი ესტონური ინვესტიცია შემოვა საქართველოში. მოგეხსენებათ, რომ საქართველო რეგიონის ლიდერი ქვეყანაა სტაბილურობისა და ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს კუთხით. საქართველოს ბაზარი სრულიად ღიაა უცხოელი ინვესტორებისთვის და განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო ის, რომ ჩვენს ქვეყანაში ადგილობრივ და უცხოურ კომპანიებს მუშაობის აბსოლუტურად თანაბარი პირობები აქვთ შექმნილი. ჩვენ შევქმენით თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე ბიზნესგარემო, რაც აისახა კიდეც საერთაშორისო რეიტინგებში. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ რეგიონში არსებული გამოწვევების მიუხედავად, 2015 წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდა 5 პროცენტს მიაღწევს“, - განაცხადა პრემიერმა ბიზნესფორუმზე გამოსვლისას.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიის ცენტრი, არამედ ცენტრალური აზიისა და ევროკავშირის - დასავლეთისა და აღმოსავლეთის ერთგვარი დამაკავშირებელიცაა, რაც უდავოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია.
„აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ გვაქვს მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობა ორ წარმატებულ მეზობელ ქვეყანასთან - თურქეთთან და აზერბაიჯანთან. მათთან ერთად ჩვენ ვახორციელებთ უმნიშვნელოვანეს ენერგო- და სატრანსპორტო პროექტებს -ესენია ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალისა და სამხრეთის ბუნებრივი აირის დერეფნის - „შაჰდენიზის გაზსადენის “პროექტები. ეს გახლავთ უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტებიროგორც რეგიონის ენერგოუსაფრთხოების, ისე რეგიონში სატრანზიტო დერეფნის კონკურენტუნარიანობისთვის. ჩვენ ველით, რომ საქართველოში ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებით მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება. სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება შავ ზღვაზე ავაშენოთ ღრმაწყლოვანი პორტი, რომლის გამტარუნარიანობა წელიწადში 100 მილიონი ტონა იქნება. ასეთი პორტის არსებობა მნიშვნელოვნად გაზრდის ტვირთბრუნვას საქართველოს გავლით და გააუმჯობესებს საქართველოში სწრაფად მზარდიბიზნესის მომსახურებას როგორც გადამზიდავი და სასაწყობე მეურნეობის სექტორში, ისე ნებისმიერი სახის წარმოება/გადამუშავების მიმართულებით. ყოველივე ეს საქართველოში არსებულ კომპანიებს, სხვადასხვა ბაზრის მარტივად წვდომის გარდა, სულ უფრო მეტ საშუალებას მისცემს, რომ ისარგებლონ ჩვენი სატრანზიტო დერეფნისათვის დამახასიათებელი ძალიან ხელსაყრელი პირობებით, როგორიცააგადაზიდვების დაბალი საფასური, უფრო დაჩქარებული გადაზიდვის ვადები და უსაფრთხოება. ვიანიდან საქართველორეგიონში საკვანძო სატრანსპორტო გამოცდილების მქონე ქვეყანაა, მე გამოვედი ინიციატივით საქართველოში დაარსდეს ყოველწლიური, მაღალი დონის კონფერენცია, სახელწოდებით -„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“. ეს საშუალებას მოგვცემს გავმართოთ მაღალი დონის შეხვედრები დაინტერესებული სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით და ამით ხელი შევუწყოთ ისტორიული „აბრეშუმის გზის“ მარშრუტზე ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ვაჭრობის მიმართულებით ახალი პროექტების შემუშავებას“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა მზად არის, დაიტერესებულ ინვესტორებს საქართველოში ბიზნესის საწარმოებლად მაქსიმალურად კომფორტული პირობები შესთავაზოს.
„საქართველოში ბიზნესის ხელშეწყობისთვის ჩამოყალიბდა სახელმწიფო ფონდი. ეს არის საპარტნიორო ფონდი, რომელსაც აქვს Fitch-ის რეიტინგი "BB- (Outlook Stable). ის წარმატებულად თანამშრომლობს უცხოელ პარტნიორებთან. გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებობს თანაინვესტირების ფონდი. ეს არის კერძო ფონდი, რომლის ბიუჯეტი 6 მილიარდია. ეს ფონდი მოწოდებულია თავისი ბიუჯეტი მიმართოს ენერგეტიკის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის და მრეწველობის სფეროებში მსხვილი საინვესტიციო პროექტების ინვესტირებისკენ, რის შედეგადაც საქართველოში პროექტების განხორციელების დროს უცხოელი ინვესტორისთვის ბიზნესრისკები მნიშვნელოვნად მცირდება. დაბოლოს, ძვირფასო მეგობრებო, მინდა შევაჯამო ის უპირატესობები, რომლებსაც ჩვენი ქვეყანა ბიზნესის წარმოებისა და განვითარების კუთხით გთავაზობთ - ეს არის სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო მყარი სუვერენული ბალანსითა და ძლიერი, კონსერვატიული საბანკო სექტორით; ლიბერალური საგადასახადო სისტემა დაბალი გადასახადების ექვსი ფიქსირებული ტიპით; განვითარებული და მუდმივად მზარდი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა ვაჭრობის, ლოგისტიკისა და წარმოებისათვის, რაც მოიცავს მულტიმოდალურ სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო კომუნიკაციებს; სტაბილურად და კონკურენტული ტარიფებით მოწოდებული ენერგორესურსები; კვალიფიციური და კონკურენტულად განფასებული სამუშაო ძალა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.