საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე წლის პოლიტიკოსად პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ასახელებს, რადგან მიიჩნევს, რომ მან მძიმე წელი პირნათლად გაიარა. კანონმდებელი პოლიტიკაში ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებას მიესალმება, რადგან კანონმდებელი ამბობს, რომ მისთვის ივანიშვილის პარტიული იდენტობა საინტერესოა.
2014 წლის პოლიტიკურ მოვლენებზე for.ge დეპუტატ დავით საგანელიძეს ესაუბრა:
როგორ ფიქრობთ, 2014 წელს, ქვეყნის წარმატება და წარუმატებლობა რომელ სფეროებში იყო?
- საქართველოს წარმატებაც ბევრი ჰქონდა და წარუმატებლობაც. ქვეყნის წინაშე ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევა დგას. როცა ქვეყანაში დევნილები არსებობენ და ხალხი სიღარიბის ზღვარზეა, როგორ შეიძლება, მხოლოდ წარმატებაზე ვისაუბროთ? როცა აღებული პასუხისმგებლობა გაქვს, ვალდებული ხარ, ქვეყნისთვის რაღაც ნაბიჯები გადადგა. ქვეყანაში პრობლეები რჩება და წარუმატებლობა ჩანს, მაგრამ შეუძლებელია, ყველაფერი ერთი ხელის მოსმით გაკეთდეს. როცა ინფორმაციას იგებ, რომ ვიღაც დააბინავეს, ვიღაცას სამუშაო ადგილი უშოვეს და ვიღაცეებმა ჯანმრთელობას მიხედეს, მაშინ ხვდები, რომ ამ ქვენისთვის ცოტა სიკეთეც გაგიკეთებია. მთავრობაში პოზიტიური ძვერები იყო და ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს. მინდა, მეტი საწარმო და მეტი დასაქმებული ადამიანი დავინახო. ასევე მსურს, რომ ქვეყანაში ინვესტორი უფრო მეტი ხალისით მოდიოდეს. ქვეყანაში პოლიტიკური ბრძოლა უნდა არსებობდეს, მაგრამ ადგილი ანგარიშსწორებასა და დემაგოგიას არ უნდა ჰქონდეს. პარტიულ ინტერესებს ქვეყანა არ უნდა გადააყოლო. ვისურვებდი, რომ მომავალი წელი უფრო საქმიანი, პრაგმატული და შედეგზე ორიენტირებული იყოს.
პოლიტიკოსთა ნაწილი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან მოვლენად ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციას მიიჩნევს. მათ პოზიციას იზიარებთ?
- რა თქმა უნდა, წლის მოვლენა ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაცია იყო, რადგან ის სილუეტი გამოიკვეთა, საქართველო თუ როგორი შეიძლება ევროპის შემადგენლობაში იყოს. ეს ქვეყნისთვის დიდი წარმატებაა. შეიძლება ითქვას, რომ ეს წელი გამორჩეული რატიფიკაციით გახდა.
2014 წელს, ხელისუფლების სისუსტე სად დაინახეთ?
- ალბათ, პარტიულ დისციპლინაში. უფრო მეტი დისციპლინა უნდა იყოს. პარტია ისეთი ვერტიკალია, სადაც გარკვეული პარტიული დიქტატი უნდა არსებობდეს. ქვეყანა დემოკრატიული გზით უნდა ვითარდებოდეს, მაგრამ ამის განმსაზღვრელი პოლიტიკური ძალების მიერ გატარებული რეფორმები და პარტიებში დამკვიდრებული დისციპლინა უნდა იყოს. ზოგიერთი პარტიის წევრს მიაჩნია, რომ ამა თუ იმ საკითხზე ნებისმიერ მიკროფნთან და ტრიბუნასთან უნდა ისაუბროს, მაგრამ უმჯობესია, პრობლემებზე ჯერ შიგნით საუბარი და შემდეგ - გარეთ.
დისციპლინის პრობლემას, კოალიციაში ვერ ხედავთ?
- დისციპლინა კოალიციაშიც უნდა იყოს. როცა ამბობ, რომ კოალიცის წევრის ხარ, მაშინ კეთილი ინებე და საკითხები კოალიციაში დააყენე, მოხარშე, გაიარე და გარეთ შემდეგ გაიტანე. თუკი პრობლეებს გუნდის შინგით წააწყდები, მასზე გარეთ შემდეგ უნდა ისუაბრო.
2014 წელი პოლიტიკური თვალსაზრისით გამორჩეული იმითაც იყო, რომ კოალიცია „თავისუფალმა დემოკრატებმა“ დატოვეს, ხოლო უმრავლესობიდან მურმან დუმბაძე და გია გაჩეჩილაძე წავიდნენ. თქვენი პროგნოზი როგორია, რღვევა მომავალ წელსაც გაგრძელდება?
- კოალიცია ცოცხალი ორგანიზამია დ ვერ დაგეთანხმებით, რომ რღვევა დაიწყო. დინამიური პროცესები მიმდინარეობს და თუკი უმრავლესობიდან რვა კაცი გავიდა და სანაცვლოდ, 12 დეპუტატი შემოვიდა, ეს რღვევას არ ნიშნავს. სამწუხაროდ, კოალციიდან „თავისუფალი დემოკრატების“ გასვლა კონკრეტულ პიროვნებას და კონკრეტულ უწყებაში არსებულ კორუფციულ გარიგებაზე საქმის აღძვრას დაუკავშირდა. სჯობდა, ამ საკითხის პოლიტიზაცია არ მომხდარიყო და ანალიზი გაგვეკეთებინა. მართალი გითხრათ, ეს პროცესი იმის კატალიზატორი აღმოჩნდა, რომ უმრავლესობაში შესვლის სურვილი დამოუკიდებელმა დეპუტატებმა გამოთქვეს. სახეზეა, დინამიური პროცესი და არ გამოვრიცხავ, რომ 90-კაციანი შემადგენლობიდან ორი კაცი გავიდეს, ან პირიქით, ვიღაც ჩვენთან შემოვიდეს. ვისაც პოლიტიკაში გამოცდილება აქვს, ეს მას არ უნდა გაუკვირდეს. მიმდინარე პროცესებში მართალი ვინ იყო, ამას 2016 წლის არჩევნები გამოააშკარავებს.
დამოუკიდებელმა დეპუტატებმა უმრაველესობაში გადასვლის სურვილი კი არ გამოთქვეს, მათი წყალობით, ხელისუფლებამ უმრავლესობა შეინარჩუნა. უხერხულობას არ გიქმნით, რომ უმრავლესობის დაშლა თავიდან ყოფილი ნაციონალებით აიცილეთ?
- ჩვენს რიგებში პირდაპირ უმცირესობიდან არცერთი დეპუტატი არ გადმოსულა. ეს ადამიანები უპარტიო, დამოუკიდებელი დეპუტატები იყვნენ. ნაციონალებს პირველივე დღიდან ვებრძოდი, მაშინ კი მათ გვერდზე „თავისუფალი დემოკრატები“, რესპუბლიკელები, „კონსერვატორები“ და „ეროვნული ფორუმი“ იყვნენ. ალასანიას გუნდის წევრები საერთაშორისო ორგანიზაციებში მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების წარმოამდგენლები 2009 წლამდე იყვნენ, ზემოთ აღნიშნულმა პარტიებმა ხელისუფლების რიგები ეტაპობრივად დატოვეს და ხაზი სად გავავლო? - 2005 წელთან, 2009 წელთან თუ 2012 წელთან? უმრავლესობაში გადმოსული ადმიანები ორი წელია ნაციონალებთან ურთიერთობაში არ არიან და თან მაჟორიტარი დეპუტატები არიან. ნაციონალებმა მათი სიძლიერე რაიონში გამოიყენეს. ეს ადამიანები საკუთარი რაიონისთვის სიკეთეს აკეთებენ და როცა ნახეს, რომ ნაციონალებისგან გამიჯვნის საშუალება ჰქონდათ, მათ უმცირესობის რიგები დატოვეს. ყველასგან გმირობას ნუ მოვითხოვთ!
თქვენ რიგებში გადმოსულ ყოფილ ნაციონალებს ბიზნესინტერესები აქვთ და გამორიცხავთ, რომ მათი გადაწყვეტილების მიზეზიც მათი ბიზნესის დაცვაა?
- ამ საკითხზე არ ვიკამათოთ, რადგან მე ჩემი შეხედულება მაქვს, თქვენ - თქვენი. თავის შეცდომას რაც უფრო მეტი ადამიანი მოინანიებს, მით უკეთესია. ამ პირებიდან ბევრმა თქვა, რომ თუკი ნაციონალების გვერდით არ იქნებოდნენ, მათ გაანადგურებდნენ. მსგავსი რამ ნაციონალებს არ გაუკეთებიათ და გიკვრით? ნაციონალების შეთავაზებაზე მათ უარი რომ ეთქვათ, ერთ თვეში თავს შეთითხნილი ბრალდებით ციხეში ამოყოფდნენ. თუ ეს ადამიანები შენს გვერდზე დგანან, ხელი რატომ უნდა კრა?
დავით ბაქრაძემ უმცირესობა რომ დატოვოს, მას უმრავლესობაში მიიღებთ?
- ბაქრაძემ ორწლიანი კარანტინის პერიოდი გაიროს და რატომ არ მივიღებთ? ბაქრაძე საინტერესო პიროვნება, გამოცდილი პოლიტიკოსი და გაწონასწორებული ადამიანია. თუკი ის მიხვდება, რომ ცუდ წრეში ყოფნა უწევს და ნაციონალებს გაემიჯნება, ამაში ცუდი რა არის? ადამიანი დანაშაულს რომ სჩადის და სასჯელს მოიხსნის, მას ძველი წარსული აღარ უნდა გავუხსენოთ. პრობლემებს იქ რატომ ვეძებთ, სადაც არ არის? ზოგიერთი ადამიანი უმრავლესობის დაშლას ელოდა, რომ საქართველოს მთავრობას პარლამენტში დასაყრდენი ძალა არ ჰყოლოდა და პოლიტიკური კრიზისი გამოწვეულიყო. ყველას სურვილი ჰქონდა, რომ პოლიტიკური კრიზისი შექმნილიყო და ეთქვათ, რიგგარეშე არჩევნები დანიშნეთო. ხვალ, გივი თარგამაძემ „ნაციონალური მოძრაობა“ რომ დატოვოს და მან თავი საზოგადოებას დაუხაროს, მას ყველა ტაშს დაუკრავს. ამ საქციელს მას ყველა მოუწონებს და მას არავინ ხელს არ კრავს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის იმავე დღეს უმრავლესობის წევრი გახდება.
„თავისუფალი დემოკრატების“ არყოფნით კოალიცია დანაკლის განიცდის?
- არ ვიტყვი, რომ დანაკლისს განვიცდი. დანაკლისი რაში უნდა განვიცადო? ადამიანურად მათთან ურთიერთობა პარლამენტში მაქვს. მათ შორის ბევრი ჩემი მეგობარია. გული მწყდება, რომ ისინი უმრავლესობაში არ არიან. როცა უმრავლესობაში საკითხებს ვიხილავთ, მათი არყოფნა მაკლია, მაგრამ იმაზე საუბარი, რომ მათი არყოფნით პრობლემები შეიქმნა, არასწორია.
გამორიცხავთ, რომ 2015 წლის გაზაფხული პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებით დაიწყოს?
- ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას ორი ხელით მივესალმები. შეიძლება, ბატონმა ბიძინამ ნაბიჯი არ გადადგას და სახელისუფლები სტრუქტურებში არ დაბრუნდეს, მაგრამ ჩემთვის მისი პარტიული იდენტობა საინტერესო იქნებოდა. თუკი ის გადაწყვეტილებას მიიღებს, რომ რომელიმე პარტიის წევრი გახდეს, ეს კარგი იქნება, რადგან როგორც რიგითი წევრი ის უფლებამოსილი იქნება პარტიის საქმიანობაში ჩახედული უფრო ღრმად იყოს.
უმრავლესობას ივანიშვილს „ბაგრატიონში“ შეხვდა, ამ საკითხზე არ ესაუბრეთ?
- მასთან ამ თემაზე საუბარი არ ყოფილა. გამიკირდა, როდესაც ამ შეხვედრის თაობაზე ვნებათაღელვა ატყდა. თუკი ერთ-ერთ ტელევიზიას უფლება აქვს კორპორატიული საღამოები გამართოს, ჩვენ ეს არ შეგვიძლია? ჩემი ინიციატივა იყო, რომ უმრავლესობა ბატონ ბიძინას შეხვედროდა.
ანუ, ყოფილი პრემიერის მასპინძელი უმრავლესობა იყო?
- დიახ. მსგავსი იდეა მე მომივიდა, ბატონ ბიძინას დავურეკე, წინადადება გავაცანი და მან თქვა, რატომაც არა, თქვენს მიღებას დავესწრებიო.
სუფრასთან პოლიტიკაზე არ ისაუბრეთ?
- შეიძლება, სუფრასთან პოლიტიკა არ იყოს? საქართველოს ნებისმიერ კუთხეში ორი კაცი რომ დაჯდება, პოლიტიკაზე საუბრობს.
როგორ ფიქრობთ, წლის პოლიტიკოსი ვინ არის?
- წლის პოლიტიკოსი ირაკლი ღარიბაშვილია, რომელსაც ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა აქვს. მის ყოველ სიტყვას წონიან და შემდეგ გარშემო ფრაზებს შემოულაგებენ ხოლმე. მას რთული მისია აქვს. მან ეს წელი პირნათლად გაიარა. შეიძლება, ხარვეზები იყო, მაგრამ შეცდომები მას არ აქვს, ვინც არაფერს აკეთებს.