„ეკლექტური კოალიციით ქვეყნის მართვა შეუძლებელია“

„ეკლექტური კოალიციით ქვეყნის მართვა შეუძლებელია“

ექსპერტი გია ხუხაშვილი For.ge-სთან საუბარში განვლილ პოლიტიკურ პერიოდს აჯამებს და მომავლის პერსპექტივებზე საუბრობს.

პოლიტიკური ტერორი აღარ არის და ხალხს აღარ ეშინია ქუჩაში გადაადგილების, თუმცა მათი ცხოვრების დონე არ შეცვლილა, არც სამართალი აღმდგარა.

- ერთია რეჟიმის დამარცხება და ეს ამოცანა კოალიციამ შეასრულა ხალხთან ერთად, მაგრამ ბევრად უფრო რთული ამოცანა დგას მის წინაშე სისტემის დემონტაჟთან დაკავშირებით, იმ სიმახინჯეების შესაცვლელად, რაც დამახასიათებელი იყო ყოფილი რეჟიმისთვის. ჯერ შეუქცევადად სისტემას მძევლად არ აუყვანია დღევანდელი ხელისუფლება, მაგრამ ტენდენციები შემაშფოთებელია. გარდა იმისა, რომ მთავარი ამოცანა შესრულდა და ხალხს ნაკლებად ეშინია, ფაქტობრივად, არცერთი მიმართულებით სერიოზული სისტემური შედეგები არ გვაქვს და ერთ ადგილს ვტკეპნით.

ამას პოლიტიკური გამოუცდელობით ხსნით? ამ გუნდში არიან რესპუბლიკელები, პოლიტიკაში მეტ-ნაკლებად გამოცდილი სხვა პარტიებიც.

- მიზეზი ბევრია, დაწყებული იქიდან, რომ ეკლექტური მმართველი კოალიცია არ ეფუძნება ერთ იდეას, ერთ ფასეულობებს. ასეთი კოალიციები იქმნება ერთჯერადი ნეგატიური ამოცანის შესასრულებლად, ვიღაცის დასამარცხებლად, მაგრამ ასეთი კოალიციით ქვეყნის მართვა შეუძლებელია. ისინი თანამოაზრეები არ არიან და შიდა წინააღმდეგობების გამო მართვაში ეფექტურობა არ აქვთ.

ეკლექტური კოალიცია უფრო ადრე უნდა დაშლილიყო?

- როცა ქვეყანა გამოწვევების წინაშე დგას და რადიკალური რეფორმებია ჩასატარებელი, მას ერთი გუნდი უნდა მართავდეს, ერთიანი ხედვით, იდეოლოგიით. ასე არ მოხდა, მოხდა გარკვეული კვოტირება და ამან პროცესს დააკლო ეფექტურობა.

სხვათა შორის, „რესპუბლიკურ პარტიაზეცამბობენ, რომ კოალიციის შიგნით ამ პარტიის ყოფნა, შესაძლოა, „ოცნებისთვისფატალური აღმოჩნდეს, რადგან სწორედ რესპუბლიკელებს უჭირავთ მთელი საკვანძო თანამდებობები. ეკლექტური გაერთიანება აქამდე რომ დაშლილიყო, ხომ არ დაასხამდა წყალს ნაციონალების წისქვილზე, რომლებიც ამ რამდენიმე თვის წინ უფრო მძლავრად გამოიყურებოდნენ?

- ადრე თუ გვიან, ჭირი აუცილებლად იჩენს თავს. საერთოდ, სჯობს, როდესაც რადიკალური გამოწვევები დგას ქვეყნის წინაშე, სწრაფი გადაწყვეტილებები მიიღონ და რაც მოსახდენია, დროზე მოხდეს. შიში, რომ ნაციონალები შეიძლება ამით გაძლიერებულიყვნენ, გადაჭარბებულია, მათ განაჩენი ქართულმა საზოგადოებამ გამოუტანა. ამ ბოლო პერიოდში ნაციონალების შედარებითი გაძლიერება სწორედ „ქართული ოცნების“ ფასადურ ერთიანობას უკავშირდება. თვითონ „ქართულ ოცნებაშიც“ ბევრი მიეჩვია კომფორტს, გაუტკბათ, როცა არაფერზე პასუხისმგებელნი არ არიან და ინაწილებენ თანამდებობებს, ხელფასებს, პრემიებს. კონტექსტში მოიაზრება, რომ ერთი კაცია ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი, რომელიც, ამასთანავე, ხელისუფლებაში არ არის. არ ვითარდებიან არც როგორც პოლიტიკოსები და არც როგორც სახელმწიფო მოღვაწეები. ტესტი იყო მოსმენების კანონპროექტი, როცა სისტემამ გაიმარჯვა ხელისუფლებაზე. ჩვენ მივიღეთ პარადოქსალური ვითარება, რადგან დღევანდელი ხელისუფლება შევიდა ალიანსში სააკაშვილის სისტემასთან და ყველაფერი გააკეთა, რომ შეენარჩუნებინა, გაეხანგრძლივებინა სიცოცხლე სააკაშვილის სისტემისთვის. სააკაშვილი სახელი და გვარი ხომ არ არის, ეს არის ფენომენი, სისტემური ხარვეზი, რომლის გამოსწორებაც საზოგადოების მთავარი დაკვეთა იყო.

მართალია, სისტემას ხანდახან აჰყავს მძევლად დღევანდელი ხელისუფლება, მაგრამ ხალხში ასეთი მოსაზრებაცაა, რომ დღევანდელი ხელისუფლება ზუსტად ნაციონალებმა აიყვანეს მძევლად. ზოგიერთს სჯერა კიდეც, რომ ნაციონალებსოცნებისწევრებზე კომპრომატები აქვთ და ამით აშანტაჟებენ. ამიტომაცოცნებახელფეხშეკრულია.

- არა მგონია, „ოცნება“ მძევლად ჰყავდეთ აყვანილი. შეთქმულების თეორიას მაინც არ განვავითარებდი. უბრალოდ, როგორც წესი, ძალაუფლებით გამოცდას ადამიანები ვერ უძლებენ. მით უმეტეს, როცა არ აქვთ მყარი პრინციპები. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ „ოცნებასა“ და ნაცმოძრაობას შორის ალიანსია, მაგრამ მენტალურად ისინი ერთ თამაშს თამაშობენ. მათ შორის მწვავე დაპირისპირება, ფაქტობრივად, კეტავს პოლიტიკურ სივრცეს და არ აძლევს სხვებს გამოსვლის საშუალებას. ეს თამაში ჩვენ გვახსოვს ჯერ კიდევ შევარდნაძე-აბაშიძის შესრულებით, ორპოლუსიანი პოლიტიკით. დღესაც იგივეა, უმწვავესია დაპირისპირება, მაგრამ ორივე მხარე იღწვის ძალაუფლებისთვის, ვიდრე ქართული სახელმწიფოსთვის. ინსტიტუციურ მართვაზე გადასვლას ქვეყანა ვერ ახერხებს, ეკონომიკა ვერ ვითარდება, მაღალია რისკები, მუდმივი დაპირისპირების ფონზე გრძელვადიანი ინვესტიციები ვერ ხორციელდება, ყველაფერი გადაჯაჭვულია და განვითარება ხდება იმდენად ნელა, რომ ეს უკუსვლის ტოლფასია.

პარალელსაც ავლებენ, რომვარდების რევოლუციის“ პირველ წლებში (2007 წლამდე) ნაციონალებს უფრო დინამიური და სწორი ნაბიჯები ჰქონდათ, ვიდრე ახლა, როცა შეცდომების კასკადია. ნახტომი მაშინ გაცილებით მეტი იყო?

- რა თქმა უნდა, ის იყო ნახტომი, მათ ეფექტური სისტემის შექმნა მოახერხეს. რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, რომ ნაციონალები დანაშაულებრივ პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბდნენ, პოზიტივიც იყო, მოკლე ვადაში საჯარო სექტორის კორუფციისგან გაწმენდა, პატრულის ნაწილის ჩამოყალიბება, თორემ ისე, პოლიტიზერებული პოლიცია გვქონდა. იმ ხელისუფლების კვალიფიკაცია უფრო მაღალი იყო, ვიდრე დღევანდელის. დღევანდელი ხელისუფლება არის ჰუმანური, მაგრამ არა ქმედუნარიანი.

ექსპერტთა ნაწილი ამბობს, რომ ამ ხელისუფლებამ, თავის პოტენციურ და რეალურ მეგობართა მობილიზებაც კი ვერ შეძლო, რომ დროებით მაინც შეეჩერებინა რუსეთის მიერ აფხაზეთთან დადებული .. თანამეგობრობის ხელშეკრულება.

- მართალია, ჩემთვის სამართლებრივ მხარეს აქვს მნიშვნელობა, მაგრამ დე ფაქტო, ამით არაფერი შეცვლილა და რუსეთს აფხაზეთი ისევ ოკუპირებული აქვს. ახლა ოკუპაციაზე მეტი რაღა უნდა მოხდეს? გარკვეული შანსები ჯერ კიდევ რჩება ჩვენს ხელისუფლებას, ჩვენ გვქონდა ინსტიტუციური მართვის გამოვლინებები, როდესაც პრეზიდენტის ინსტიტუტი ვნახეთ მოქმედებაში. ეს იყო ისტორიული მოვლენა, სახელისუფლო მონოლითმა აღარ იმუშავა და ჩვენ ვიხილეთ პირველი ვეტო ამ ქვეყნის ისტორიაში.

თუმცა ბიძინა ივანიშვილმა მაშინ ირონიულად აღნიშნა, რომ ამ ადამიანს მოსწონს ვეტოების დადება, ანუ მარგველაშვილს სურს, აჩვენოს, რომ ვეტოს დადება შეუძლია.

- გასაგებია, განცხადებებზე აქცენტს არ გავაკეთებდი, მე ვეტოში უდაო პოზიტივს ვხედავ ინსტიტუციური განვითარების მხრივ. მართალია, ვეტო გადაილახა, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, ჩვენ დინამიკაში უნდა ვუყუროთ მოვლენებს.

ბიზნესმენებს, რომლებიც ფსონს პოლიტიკაზე დებენ, ნაკლებად უმართლებთ. ამ მხრივ ჯორჯ სოროსის ახლანდელი აღიარება მახსენდება, ის ნანობდა იმ ფინანსებს, რაც გაიღო სააკაშვილის ხელისუფლებისთვის, რადგან სააკაშვილი ნაკლებად ერთგული აღმოჩნდა ღია საზოგადების ღირებულებების. თქვენ არ გამორიცხავთ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას და ამაში ხედავთ ხსნის გზას. სავარაუდოდ, ორი გამოსავალი აქვს ბიძინა ივანიშვილს - ან უარი თქვას საერთოდ უჩინარ მართვაზეც კი, ან დაბრუნდეს პოლიტიკაში, რადგან თქვენი თქმისა არ იყოს, ფსიქოლოგიურად ძალიან იოლია, დღევანდელი ხელისუფლების შეცდომების გამო უჩინარ ივანიშვილზე გადატყდეს ჯოხი.

- ძალიან კარგად ვიცი შიდა სამზარეულო და კარგად ვიცნობ კოალიციის წარმომადგენლებს, მათ შეხედულებებს ერთმანეთზე. ამიტომ ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ბიძინა ივანიშვილი საერთოდ გავიდეს თამაშიდან, რადგან იქ ისეთი საშინელება დაიწყება, დღევანდელი მონაგონი იქნება.

თუმცა ივანიშვილს ძალიან არ უნდა პოლიტიკაში დაბრუნება.

- მას არ უნდა პოლიტიკაში დაბრუნება, ადამიანურად მისი მესმის. ის, რომ რაღაც დოზით რჩევის სახით მონაწილეობს პოლიტიკაში, ეს არ არის ცუდი არჩევანი. თვითონ ხელისუფლება არ უშვებს მას, რადგან ხელისუფლებას მოსწონს მდგომარეობა, როცა პასუხისმგებელია სხვა და თვითონ კაბინეტებში სხედან.

ხომ არ გამოიწვევს ეს ხალხის ანტაგონიზმს თავად ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომელიც თავის დროზე ხალხისთვის გადამრჩენელი იყო?

- რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, ზუსტად ეს არის ამ ხელისუფლების დანაშაული ბიძინა ივანიშვილის წინაშე, თითქოს ისინი ყოველდღიურად ერთგულებას უმტკიცებენ მას, მაგრამ, სინამდვილეში, ძალიან ეშმაკურად პასუხისმგებლობა გადააქვთ მასზე.

ეს სცენარი ნაციონალებსაც აწყობს დაოცნებასაც“?

- დიახ, ამიტომ ერთადერთი სწორი გზა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება იქნებოდა. შეიძლება, ვითარება ისე განვითარდეს, რომ მას მოუწიოს იმ სიტყვის შესრულება, რაც პოლიტიკაში დაბრუნებაზე აქვს ნათქვამი. ფორმას გააჩნია, შეიძლება, დაბრუნდეს არა აღმასრულებელ ხელისუფლებაში, არამედ - როგორც კოალიციის ლიდერი.

ზოგიერთი ფიქრობს, რომ ივანიშვილი დღევანდელ პრემიერს ჩაანაცვლებს.

- ბიძინა ივანიშვილის პრემიერად დაბრუნება იდეალური იქნება, მხოლოდ მას შეუძლია სწრაფი წინსვლის უზრუნველყოფა, რომლის გარეშეც პოლიტიკური კრიზისი გარდაუვალია.

გაზაფხულიდან ელით ამ კრიზისს და მის დაბრუნებას?

- მიუხედავად იმისა, ივანიშვილი დაბრუნება თუ არა, სამთავრობო კრიზისი გარდაუვალია, თუ რაღაც საოცრება არ ჩაიდინა ამ ხელისუფლებამ და რაღაც პოზიტივი არ აჩვენა, რის საფუძველსაც ვერ ვხედავ.

ბევრი ექსპერტი ბიძინა ივანიშვილს ურჩევდა, არ წასულიყო პრემიერობიდან, თუმცა რა გაკეთდა მისი პრემიერობის დროს ისეთი რევოლუციური, რაც ამის თქმის საფუძველს გაძლევთ, რომ მისი დაბრუნება გადაჭარბებულ მოლოდინს არ ქმნიდეს?

- მისი პრემიერობა და პირველი რთული წელი სააკაშვილის პრეზიდენტობის პარალელურად მიმდინარეობდა. ამის შემდეგ იყო არჩევნების პერიოდი, ამიტომ ეს იყო მოსამზადებელი პერიოდი. ჩვენ ყველამ ვიცით, მისი მართვის სტილი, სწრაფი გადაწყვეტილების და კარგი კოორდინაციის უნარი.

მაგრამ ბევრს დავობენ, ეს პოლიტიკაში ამართლებს, თუ მარტო ბიზნესში?

- პრემიერ-მინისტრი, პირველ რიგში, კარგი მენეჯერია. მთავარი გამოწვევა გვაქვს ეკონომიკაში, მაღალი სოციალური რისკებია. ამ მხრივ ბატონი ბიძინა სწრაფ წარმატებას უზრუნველყოფს პირდაპირი მენეჯმენტით. მისი წასვლის შემდეგ ეს ეკლექტურობა გამოვიდა ზედაპირზე და შექმნა პრობლემები. მისი არყოფნა დაეტყო ყველაფერს. დღეს გვჭრდება მისი რანგის მენეჯერი, მის გარდა ასეთი არავინ მეგულება საქართველოში. ის, რომ ვიღაც დირექტორად დავნიშნოთ და მერე მას მიმართულება მივცეთ, ეს მხოლოდ ილუზიაა. ნებისმიერ დიასახლისს ქვეყნის მართვა არ შეუძლია, ეს ასე არ ხდება რეალურ ცხოვრებაში.

რესტორანბაგრატიონშიბიძინა ივანიშვილთანოცნებისწევრების შეხვედრამ ნაციონალური ტელევიზიის მხრიდან აჟიოტაჟი გამოიწვია. სალომე ზურაბიშვილსაც კითხვა აღეძრა, საიდან დაფინანსდა ეს ვახშამი? არის დანაშაული ივანიშვილთან შეხვედრა? თქვენ, როგორც ბიძინა ივანიშვილის ყოფილ მრჩეველს, რა ინფორმაცია გაქვთ მედიაში გავრცელებულ ჭორთან დაკავშირებით, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსის მიმართ ნეგატიური განწყობა გამოავლინა ივანიშვილმა, ზოგის მიმართ -დადებითი. ნეგატიურთა სიაში მოხვდა ნოდარ ხადურიცო.

- რომელ დანაშაულზეა საუბარი? ვინ დაფინანსა, ვინ გადაიხადა რესტორნის ფული, გასაგებია, ხალხს უყვარს ასეთ თემებზე ლაპარაკი, მაგრამ ეს არ არის პრინციპული. იქ საუბარში ვინ რა თქვა და როგორ თქვა, შეიძლება, ბევრი რამ ხუმრობითაც ითქვა. ქართულ სუფრაზე პოლიტიკა უკანა პლანზე გადადის და ადამიანები უფრო თავისუფლად გრძნობენ თავს. ძალიან კარგია, რომ შეხვდნენ. უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ადამიანმა თავი გასწირა, გამოვიდა იმ კომფორტიდან, როდესაც არავის ეკონტაქტებოდა და მისი სურათიც ნანახი არ გვქონდა, ამ ქვეყნის სიყვარულით გააკეთა ეს ყველაფერი. ამ ამოცანის შესრულების შემდეგ, დღეს ის ცდილობს, დაუბრუნდეს თავის ცხოვრებას და ჩვენ არ ვუშვებთ, ისევ მას ვხდით ყველაფერზე პასუხისმგებლად. ეს უსამართლობაა, მაგრამ მეორე მხრივ, მასაც უნდა ესმოდეს, რომ მისთვის ეს ქვეყანა არის სამშობლო, როგორც ჩანს, გარკვეული პერიოდი, მას ისევ მოუწევს ეს თავგანწირვა. პოლიტიკაში შესვლა შენი ნებაა, მაგრამ გასვლა, როგორც ჩანს, შენი ნება არ არის.