საქართველოსა და რუსეთის შორის რეგულარულ ავიამიმოსვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების გამართვის თარიღი ამ დროისთვის უცნობია. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს გადაყვანა-გადაზიდვების დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე გაჩეჩილაძე კონკრეტულ დროს ვერ ასახელებს. ამასობაში კი რუსებმა კვირაში 18 სიხშირე მოიპოვეს.
ქართულ-რუსული მხარეს შორის ტექნიკური კონსულტაცია დეკემბრის ბოლოს გაიმართა, სადაც ფრენის სიხშირეების, დანიშნულების პუნქტების განსაზღვრისა და სხვა დეტალების შესახებ შედგა მოლაპარაკება. მხარეებმა საბოლოო შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, რადგან საქართველომ რიგი მოთხვონები დააყენა. შესაბამისად, ტექნიკური კონსულტაციები 2015 წლის პირველ თვეებშიც გაგრძელდება.
ჯერჯერობით „აირზენასა“ და რუსულ ავიაკომპანიებს უფლება მიეცათ, რომ პარიტეტის საფუძველზე, 2015 წლის 31 იანვრამდე განახორციელონ რეგულარული ფრენები კვირაში 18-18 სიხშირით, რაც გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ ავიაკომპანიებს უკვე გაყიდული აქვთ შესაბამისი მგზავრობის ბილეთები.
გამოდის, რომ რუსული ავიაკომპანიები საქართველოში იმაზე მეტი სიხშირით დაფრინავენ, ვიდრე ქართული და რუსული მხარეების შეთანხმება ითვალისწინებს. დეკემბერში 14-სიხშირაინი პარიტეტი, იანვარში 18-მდე გაიზარდა.
„აირზენას“ გენერალური დირექტორი ხელოვნურ პროცესზე და იმ საფრთხეზე საუბრობს, რაც შეექმნება არა მხოლოდ მათ, არამედ სხვა ქართულ ავიაკომპანიებსაც.
„2009 წლიდან, ყოველდღიურად სრულდებოდა 2 ავიარეისი მოსკოვის მიმართულებით: ერთი - რუსული ავიაკომპანია „სიბირის“ მიერ, მეორე რეისი კი - „ჯორჯიან ეარვეისის“ მიერ. უკანასკნელი 5 წლის სტატისტიკის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მგზავრთა საშუალო რაოდენობა ყოველდღიურად 250-270 კაცს შეადგენს. შესაბამისად, ეს ორი რეისი აბსოლუტურად ყოფნიდა იმ მოთხოვნას, რომელიც მოსკოვის მიმართულებაზე არსებობდა ამ წლების განმავლობაში.
მოგვიანებით საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, გაეზარდა რეისების რაოდენობა და დღეში ორი რეისის ნაცვლად, სამი განხორციელებულიყო. ეს იყო პერიოდი, სანამ რუსეთში კრიზისი დაიწყებოდა. ამას ჩვენც დავეთანხმეთ, რადგან მგზავრების მატება მოსალოდნელი იყო. შემდეგ რუსულმა მხარემ მოითხოვა თბილისი-მოსკოვს შორის რეისების რაოდენობა დღეში ოთხამდე გაზრდილიყო. ეს არის სწორედ 14 სიხშირე კვირაში. ჩვენ გვქონდა არგუმენტები, რომ 4 რეისი (14-14 სიხშირე) არ სჭირდება ამ მიმართულებას, რადგან ჯერ ერთი, სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ მგზავრთა რაოდენობა 250-ს არ აჭარბებს და მეორეც, რუსეთში კრიზისული პერიოდია და არ ველოდით მგზავრთა ნაკადის მატებას. კიდევ არის რამდენიმე გარემოება - როგორც წესი, მთელ მსოფლიოში, ზამთრის პერიოდში მგზავრთა რაოდენობა მცირდება. ამიტომ, ძირითადად, ავიაკომპანიები ზამთრის პერიოდში ამცირებენ ფრენების რაოდენობას.
გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთ-საქართველოს შორის სავიზო რეჟიმი ჯერჯერობით მოგვარებული არ არის (მხოლოდ საქართველოს აქვს უვიზო რეჟიმი რუსეთთან), ჩვენი მგზავრებისთვის რუსეთში გამგზავრება ისევ პრობლემად რჩება. ამიტომ გამოვთქვით ჩვენი პროტესტი ამ 14 სიხშირესთან დაკავშირებით“, - ამბობს „ჯორჯიან ეარვეისის“ გენერალური დირექტორი იასე ზაუტაშვილი.
ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძეც აღნიშნავს, რომ საფრთხე აბსოლუტურად სერიოზულია, რადგან ქართული ავიაკომპანიების კონკურენტუნარიანობა დაბალია, რუსულ კომპანიებს კი კონკურენტების ჩაძირვა შეუძლიათ.
„უნდა ვიფიქროთ გრძელვადიან შედეგებზე. რუსული ავიაკომპანიები შემოვლენ დაბალი ფასებით ბაზარზე, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ, შესაძლოა, მათ ისევ აწიონ ფასი, რადგან კონკურენტი აღარ ეყოლებათ. უნდა დაიდოს ხელშეკრულება, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში, მომხმარებელს არ დააზარალებს“, - აღნიშნავს სოსო არჩვაძე.