მობილური ოპერატორები ტარიფის გაიაფებას არ აპირებენ. მიუხედავბად იმისა, რომ 1-ლი იანვრიდან ურთიერთჩართვის ტარიფი 1,5 თეთრით შემცირდა, მათი პოზიცია ერთსულოვანია. ფიჭური კომპანიები საუბარს არ გააიაფებენ. ახალი 3,5-თეთრიანი ტარიფი 4 მობილურ ოპერატორს “მაგთიკომს”, “ჯეოსელს”, “ბილაინს” და “სილქნეტს” დაუწესდა.
როგორც კომპანია „ჯეოსელში“ აცხადებენ, საბითუმო ტარიფებით აბონენტები არ სარგებლობენ, მისი მომხმარებლები ავტორიზებული პირები („ჯეოსელი“, „მაგთი“, „ბილაინი“) არიან, შესაბამისად ურთიერთჩართვის ტარიფების ცვლილება აბონენტებზე არ აისახება.
„კომპანია თავის აბონენტებს მუდმივად სთავაზობს სხვადასხვა ხელსაყრელ სატარიფო გეგმას და მომგებიან პაკეტებს სასაუბრო დროისა და ინტერნეტის მოხმარების თვალსაზრისით, რაც ითვალისწინებს მაქსიმალური მომსახურების მიღებას მინიმალური დანახარჯებით“, - აღნიშნავენ კომპანია „ჯეოსელში“.
„მაგთიკომშიც“ აცხადებენ, რომ ურთიერთჩართვის ტარიფის ცვლილება ცალსახად საცალო ტარიფის ცვლილებას არ იწვევს. კომპანიაში განმარტავენ, რომ საცალო ტარიფის ცვლილება დამოკიდებულია ზოგადად ბაზრის მდგომარეობასა და კონკურენციაზე.
კომპანია „ბილაინის“ წარმომადგენელი კი “კომერსანტთან” საუბრისას განმარტავს, რომ მიუხედავად ახალი ტარიფის ამოქმედებისა, მათ შემცირებული ტარიფის შეთავაზება აბონენტებისთვის 2 თვით ადრე დაიწყეს. “ჩვენი პოლიტიკა დაბალანსებულია და თუ ერთ შემთხვევაში ნაკლები ტარიფს ვთავაზობთ მომხმარებელს, მეორე შემთხვევაში ამას სხვა პროდუქტით ვაბალანსებთ”, - აღნიშნავენ “ბილაინში”.
შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით, ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიებისთვის 2015 წლის 1-ლი იანვრიდან ურთიერთჩართვის ტარიფი 5-დან 3,5 თეთრამდე შემცირდა. კომისიამ, ბოლო 10 წლის განმავლობაში, ბაზრის კვლევის საფუძველზე, ტარიფს რამდენჯერმე გადახედა და ეტაპობრივად, 22.8-დან 3.5 თეთრამდე დაიყვანა.
უკვე აშკარაა, რომ აბონენტებისთვის საუბარი არ გაიფდება. ამიტომ არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ, შესაძლოა, საქმე გვქონდეს კარტელურ გარიგებასთან. რაც უფრო გვიან აისახება ტარიფის ცვლილება, მით უფრო დაიგვიანებს აბონენტებამდე ამ სიკეთის მიტანა. თითოეული მოქალაქის ჯიბიდან უფრო მეტი თანხა დაიხარჯება და ამით მხოლოდ “მაგთი”, “ჯეოსელი” და “ბილაინი” იხეირებენ.
2014 წლის აგვისტოს მონაცემებით, მათი საცალო შემოსავალი თვეში 42 მლნ ლარს გასცდა, საიდანაც 36 მლნ ლარი უშუალოდ განხორციელებულ ზარებზე მოდის. აგვისტოს ჩათვლით, მობილური ოპერატორების შემოსავლებმა უკვე 305,8 მლნ ლარს გადააჭარბა.
2013 წელს საქართველოში მობილური კომპანიების აბონენტების რიცხვმა 4 993 119 შეადგინა, რაც 6.3%-ით აღემატება 2012 წლის მონაცემს. 2013 წელს, აბონენტების რაოდენობით “მაგთიკომი” ლიდერობს - 42.8%, “ჯეოსელს” ბაზრის - 33.9% უკავია, “მობიტელს” - 22.6%, ხოლო “სილქნეტს” - 0.6%.
სხვათა შორის, არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანი, კანონი, თავისუფლება” რამდენიმე კვირის წინათ აცხადებდა, რომ თუკი 1-ლი იანვრიდან ტარიფი არ გაიაფდებოდა, ისინი კონკურენციის სააგენტოს საკითხის შესწავლისა და კანონის შესაბამისად მოქმედების თხოვნით მიმართავდნენ.