ღვინის ფალსიფიკატორები, შესაძლოა, ციხეშიც გაისტუმრონ

ღვინის ფალსიფიკატორები, შესაძლოა, ციხეშიც გაისტუმრონ

რესტორნებში ღვინოზე კონტროლი ერთბაშად მკაცრდება. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ამ მიმართულებით ქმედითი ღონისძიებების გატარება ჯერ კიდევ შარშან დაიწყო. სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ პირდაპირ განაცხადა, ფალსიფიკაციის ყოველ ფაქტს შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. კონტროლის გაძლიერება, დარგის გაძლიერებასა და პოპულარიზაციას ემსახურება. გამკაცრდება კონტროლი ჭაჭაზეც.

დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, გამყალბებელს სერიოზული სანქცია ელის. რამდენადაც ფალსიფიცირება სისხლის სამართლის დანაშაულია, ამიტომ ჯარიმას სურსათის უვნებლობის სამსახური დააწესებს და არა ღვინის ეროვნული სააგენტო. საქმე გამოსაძიებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცემა. სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით კი ფალსიფიკაციაზე სასჯელი დანაშაულის სიმძიმის მიხედვით სხვადასხვანაირია. კოდექსი კანონის დამრღვევს მინიმუმ ჯარიმით, მაქსიმუმ კი 8-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთით ემუქრება.

„ჩვენ რესტორნებს ისედაც ვამოწმებდით, მაგრამ წინა წლებში სურსათის ეროვნულ სააგენტოს სხვა პრიორიტეტები ჰქონდა, ახლა ჩვენი მუშაობის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე რესტორნებში არსებული ჩამოსასხმელი ღვინის კონტროლი გახდება. ღვინის ნიმუშებს შევისყიდით და შემდეგ ლაბორატორიებში გამოვიკვლევთ. შემდეგ კი, მიღებული დასკვნის საფუძველზე ვიმოქმედებთ.

მომავალში კონტროლი უფრო გამკაცრდება. ღვინოში შაქრისა და ფრუქტოზის შემცველობას ლაბორატორია დაადგენს და თუ საჭირო გახდა, საქმეში სამართალდამცავი ორგანოებიც ჩაერთვებიან იმიტომ, რომ ფალსიფიკაცია სისხლის სამართლის დანაშაულია და საკმაოდ მკაცრადაც ისჯება, ეს კი, სურსათის ეროვნული სააგენტოს კომპეტენციაში არ შედის. ჩვენ შეგვიძლია განვსაზღვროთ, ღვინო მოქმედ სტანდარტებს აკმაყოფილებს თუ არა, ან რამდენად უვნებელია ალკოჰოლური სასმელი ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის.

ღვინო არ არის მხოლოდ სურსათი, ის ჩვენი ეროვნული სიამაყეა, ამიტომ ქართული ღვინის იმიჯის გაფრთხილებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. რაც შეეხება ღვინის გაძვირებას, ამაზე ვერაფერს გეტყვით იმიტომ, რომ ეს ბაზრის საქმეა და არა ჩვენი უწყების. მარტივი ლოგიკაა: ფალსიფიცირებული ღვინო იმიტომ არის იაფი, რომ ფალსიფიცირებულია, თორემ მას რომ იგივე ფასი ჰქონდეს, რაც ნამდვილ ყურძნის წვენს, მაშინ ფალსიფიცირებაც აღარ იქნებოდა საჭირო. ღვინო უნდა დამზადდეს ყურძნის წვენისაგან, ფასს კი, ბაზარი დაარეგულირებს. სხვათა შორის, ჭაჭის კონტროლიც გამკაცრდება, მაგრამ ამ პროდუქტს ღვინის ეროვნული სააგენტო შეამოწმებს, თანაც უშუალოდ ქარხნებში“, - აცხაადებს სურსათის უვნებლობის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი გიგა ქურდოვანიძე.

„ბიპიენთან“ საუბრისას რესტორნების მეპატრონეების უმრავლესობა აცხადებს, რომ კონტროლის გამკაცრებას მიესალმებიან კიდეც: „ამის გამო ყველა თანაბარ პირობებში აღმოჩნდება - ჩვენ ხარისხიან ღვინოს ვყიდულობთ მაღალ ფასში და ამ დროს ვიღაც თავის ქსელში ორლარიან ღვინოს ყიდის და იგივე მოგება რჩება. მივესალმებით, თუ ეს უსამართლობა აღმოიფხვრება“, - აცხადებენ რესტორნების წარმომადგენლები.

სომელიეთა ასოციაციის ხელმძღვანელი შალვა ხეცურიანიც მიიჩნევს, რომ ჩვენს ქვეყანაში ღვინის კონტროლი უბრალოდ, აუცილებელია: „ღვინის ხარისხი უნდა შემოწმდეს, რომ ადამიანის ჯანმრთელობას არ ავნოს. მსგავსი კონტროლი ხორციელდება ისეთ მოწინავე ქვეყნებში, როგორიც საფრანგეთი და იტალიაა, ოღონდ ევროპაში კონტროლის სისტემა თავიდანვე, ანუ წარმოების პროცესშიც იმდენად მაღალია, რომ შემდეგ აღარც არის საჭირო მკაცრი შემოწმება. მიუხედავად ამისა, ისეთ მაღალგანვითარებულ ქვეყანაშიც კი, როგორიც არის ავსტრია, წლების წინ ძალიან დიდი პრობლემა შეიქმნა - ე.წ. „გლიცერინის პრობლემა“. იქაურ ღვინოებში იყენებდნენ გლიცერინის შემცველ პრეპარატს, რომელიც უკიდურესად საზიანოა ადამიანის ჯანმრთელობისათვის. სხვათა შორის, წლები დასჭირდა, რომ ავსტრია ამ სკანდალიდან გამოსულიყო და ავსტრიული ღვინის იმიჯიც აღდგენილიყო“, - აცხადებს ხეცურიანი.