მთავრობის სხდომაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა პრემიერს და საზოგადოებას ახარა, რომ 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულებულია. დეკემბერში ხაზინაში მართლაც რეკორდული ოდენობის თანხა შევიდა, მაგრამ სპეციალისტები სწორედ აქ ხედავენ დიდ პრობლემას.
„30 დეკემბრის მდგომარეობით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილში შესრულება იყო 100,3%. ახლა გვაქვს ინფორმაცია, რომ მაჩვენებელი კიდევ გაიზარდა. ხვალაც, დღის განმავლობაში ველოდებით დაახლოებით 40-45 მილიონი ლარის ოდენობის გადასახადებს. ერთი სიტყვით, შემოსულობების თვალსაზრისით ბიუჯეტი გადაჭარბებულია.
98%-ზე მაღალი იქნება ბიუჯეტის გადასახდელების შესრულება, ანუ 2 პროცენტის ათვისება ვერ მოხდა, რაც, ძირითადად, არის ეკონომიებით გამოწვეული. მაგალითად, მთავრობის სარეზერვო ფონდში დღესაც დაბრუნდება თანხა იმის გამო, რომ ეკონიმია იყო იმ კონკრეტული ხარჯის თვალსაზრისით. ასე რომ, ბიუჯეტი შესრულდა, რაც ძალიან კარგი დასაწყისი იქნება მომავალი წლისთვის“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
2014 წლის ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები რომ გადაჭარბებით შესრულდა, ამის შესახებ ინფორმაცია ფინანსთა სამინისტრომაც სპეიალურად გაავრცელა.
„სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა 45 მლნ ლარი შეადგინა. 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები უკვე გადაჭარბებით შესრულდა. მიმდინარე წლის 29 დეკემბრის მდგომარეობით, წლის გეგმასთან (6 მლრდ- 820 მლნ ლარი) მიმართებაში გადაჭარბება შეადგენს 20 მილიონ ლარს“, - აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სრულიად განსხვავებულად აფასებენ ამ საკითხს ეკონომიკის ექსპერტები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, მათ შორის, ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარე რომან გოცირიძე.
„საერთოდ, ბიუჯეტის შესრულება ნიშნავს მის დროულ შესრულებას. 31 დეკემბერს რომ შემოვიდეს ფული და მხარჯველ დაწესებულებებს გადაერიცხოს, ნუთუ ეს შესრულებაა?! ან რა საქმის გაკეთება შეიძლება ერთ დღეში? წელს დასამთავრებელი სამუშაოებიც მომდევნო წელს უნდა შესრულდეს, მაგრამ 2015 წელს ხომ ახალი პროექტები უნდა დაიწყონ? ვშიშობ, რომ ისევ ძველი სურათის მომსწრენი გავხდებით - ვადებში ჩამორჩენა, ხარჯების გადავადება და მეოთხე კვარტალში გადაწევა თანმდევი მაკროეკონომიკური შედეგებითურთ.
რომელი საქმე უნდა გააკეთონ იანვრიდან? შარშანდელი კუდები დაფარონ, თუ ახალი წამოიწყონ? პრობლემაა ისიც, რომ 2015 წლის ბიუჯეტში შემოსავლები იზრდება არა იმდენად გადასახადებიდან, რამდენადაც საშინაო და საგარეო ვალების მატების შედეგად“, - ამბობს გოცირიძე.
სტატისტიკის ექსპერტი სოსო არჩვაძეც „ბიპიენთან“ საუბრისას არათანმიმდევრულობაზე ამახვილებს ყურადღებას: „ბიუჯეტი სრულდება წლის ბოლოს, ანუ წკიპზე. ასეთ დროს ყველაზე მცირე დატვირთვა პირველ კვარტალზე მოდის, მერე ეს თანდათან იზრდება და მთავრობა ბოლო კვარტალში ცდილობს ხარჯვითი ნაწილის შესრულებას. სხვათა შორის, ეს ყველაფერი ძალიან მაგონებს ზარმაცი სტუდენტის საქციელს, რომელიც მთელ წელიწადს არ სწავლობს და გამოცდამდე რამდენიმე დღით ადრე სურს ყველაფრის ერთად სწავლა.
ასეთ დროს საინტერესოა ერთი საკითხი - ემთხვევა თუ არა ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლები ეკონომიკის ზრდას? ბიუჯეტი დროულად ვერ შესრულდა იმიტომ, რომ გრანტების მოზიდვის მხრივ სერიოზული პრობლემები ჰქონდათ. ეს კი, ჩვენი სახელისუფლებო აპარატის არცთუ წარმატებული მუშაობის ინდიკატორია“, - ამბობს სოსო არჩვაძე.