კეზერაშვილიდან იაკობაშვილთან, იაკობაშვილიდან - „როსნეფტში“. 2 წელიწადში „გალფსა“ და ფოთის პორტის ნავთობტერმინალში პუტინის კარის ბიზნესმენები ჩასახლდნენ. გარიგება უკვე შედგა, დეტალები გასაიდუმლოებულია.
ფოთის პორტის ნავთობტერმინალი, ასევე „გალფის“ ავტოგასამართი სადგურების ნაწილი „როსნეფტის“ მფლობელობაში გადავა, რუსული ენერგოკომპანია ქართველი ბიზნესმენის, დავით იაკობაშვილის კუთვნილი „პეტროკას ენერჯის“ აქციების 49%-ს შეიძენს. კომპანიამ უკვე მოაწერა ხელი დოკუმენტებს, რომლის თანახმადაც, ასევე იგეგმება ერთობლივი კომპანიების შექმნა ამიერკავკასიაში „როსნეფტის“ პროექტების რეალიზაციის მიზნით.
„ამ გარიგებით „როსნეფტი“ საგრძნობლად გააფართოებს საკუთარ ბიზნესს ამიერკავკასიაში, გაზრდის საქმიანობის გეოგრაფიას“, - ნათქვამია „როსნეფტის“ განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ რუსული ენერგოგიგანტის ხელმძღვანელი ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული პირი იგორ სეჩინია. კომპანიას ბოლო დროს ფინანსური პრობლემები შეექმნა, რაც დასავლეთის სანქციებს უკავშირდება. სექტემბრის ბოლოს კომპანიამ მთავრობას 2 ტრილიონი რუბლის ოდენობის ფინანსური დახმარების გამოყოფის თხოვნით მიმართა, თუმცა საკითხი ჯერ კიდევ არ გადაწყვეტილა.
ამიტომაც უმსხვილესი „როსნეფტი“ 800 მილიარდი რუბლის მოცულობის ობლიგაციებს ყიდის. ისინი 2015-26 წლებში სულ ცხრა ეტაპად განთავსდება და თითოეული ემისიის ვადა 6 წელი იქნება.
რუსული მედიის ინფორმაციით, აქციათა საკონტროლო პაკეტი კვლავ დავით იაკობაშვილს რჩება. ამ დრომდე უცნობია გარიგების მოცულობა. დავით იაკობაშვილი აცხადებს, რომ ეს გარიგება „პეტროკასის“ წარმატების კიდევ ერთი დასტურია.
იაკობაშვილის კუთვნილი Petrocas Energy Group ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ვაჭრობითა და გადაზიდვებით არის დაკავებული. კომპანია საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და ყაზახეთში 140-მდე ავტოგასამართ სადგურს, ფოთში კი ორ ნავთობტერმინალს განაგებს. ფოთის პორტს, რომელსაც Petrocas Energy Group–ი ფლობს, შეუძლია წელიწადში 7–8 მილიონი ტონა ნავთობპროდუქტის გატარება და სწორედ ის წარმოადგენს „როსნეფტის“ ინტერესის საგანს სომხეთის საწვავით უზრუნველყოფის მიზნით.
რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია „ვიმ–ბილ–დანის“ დამფუძნებელი დავით იაკობაშვილი რუსეთში, კრასნოდარის ოლქში მდებარე ეისკის რაიონში, მარცვლეულის გადატვირთვის მიზნით, საბორნე ინფრასტრუქტურის შექმნას გეგმავს. ბიზნესმენს პირველ რიგში, აინტერესებს საქართველოს მიმართულების განვითარება, თუმცა შავი ზღვის სხვა მიმართულებებიც განიხილება. იაკობაშვილი არის „სან პეტროლეუმ ჯორჯიასა“ („გალფი“) და „კაზინო აჭარას“ მფლობელიც.
რაც შეეხება „როსნეფტს“ „კომერსანტის“ ინფორმაციით, რუსული ნავთობგიგანტის მიერ ფოთის ტერმინალით დაინტერესების შესახებ პირველი ცნობა 2014 წლის მარტში გავრცელდა.
„პორტის ნომინალური აქტივების ერთ-ერთი ბენეფიციარი საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი იყო. ყველაფერი ასე იოლი არ არის. თუ რუსეთი მიიღებს კარგ პირობებს, კიდევ შეიძლება ფიქრი. იმის სასიცოცხლო საჭიროება, რომ საქართველოში შემოვიდეთ, დღეს არ არის. იმისათვის, რომ საქართველოში ბიზნესით შემოვიდეთ, უნდა გვქონდეს ძალიან პოზიტიური ურთიერთობა ქვეყანასთან და მის ხელმძღვანელობასთან. ჩვენ გვაქვს ამის იმედი. თუ იქნება პოზიტიური ურთიერთობა, ყველაფერი შესაძლებელია“, - განაცხადეს მაშინ „როსნეფტში“.