პარლამენტარები ძალიან იქადნებოდნენ, რომ დაუბეგრავი მინიმუმის გაუქმების იდეას მხარს არ დაუჭერდნენ, მაგრამ მათი პრინციპულობა 1 დღეზე ხანგრძლივი არ აღმოჩნდა. ფინანსთა სამინისტრომ ყველაფერი ისე გაიტანა როგორც თავად სურდა - 2016 წლიდან დაუბეგრავ მინიმუმს შეჩვეული მოსახლეობა პირში ჩალაგამოვლებული დატოვა.
რიგგარეშე სხდომაზე პარლამენტმა საგადასახადო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა და უყარა კენჭი, თუმცა ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილმა პროექტმა დამტკიცებისათვის საჭირო ხმების რაოდენობა ვერ დააგროვა. მოგვიანებით, პარლამენტმა ფინანსთა სამინისტროს მოთხოვნა, დაუბეგრავი მინიმუმის გაუქმებასთან დაკავშირებით, მაინც დააკმაყოფილა.
პროექტი პარასკევს გამართულ კენჭისყრაზე ინიციატორის მოთხოვნითა და რეგლამენტით დადგენილი წესით ხელმეორედ დადგა და 73 ხმით გავიდა. პარლამენტი რამდენიმე დღეა საგადასახადო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს იხილავს, რომლის მიხედვით, 2015 წლისათვის მიღებულ შემოსავლებზე დაუბეგრავი მინიმუმის პრინციპი აღარ გავრცელდება. 2015 წელს შესაბამის პირებს კვლავ ექნებათ დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის და 2014 წელს გადახდილი გადასახადის დაბრუნების უფლება, მაგრამ ეს უფლება 2015 წელს მიღებულ შემოსავლებზე აღარ გავრცელდება.
ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, 2016 წლიდან დაუბეგრავი მინიმუმი აღარ იარსებებს, რადგან მათთვის, ვისაც ეს რეალურად სჭირდება, სოციალური დახმარების გაუმჯობესებული სისტემა იქმნება.
„მთავარი მიზანი არის ის, რომ თანხა, რასაც ვხარჯავთ, უფრო ეფექტურად იყოს გამოყენებული. დაუბეგრავი მინიმუმის პროგრამის მიზანი გახლდათ ის, რომ დაბალშემოსავლიან მოსახლეობას ჰქონოდა მისი დაბრუნების საშუალება. 2012 წლისაგან განსხვავებით, 2015 წლის პირველი იანვრიდან იქნება ახალი მეთოდოლოგია, რომლის მიხედვითაც, სოციალურად დაუცველი მოსახლეობა შეფასდება არა სუბიექტური ფაქტორების გათვალისწინებით, არამედ ობიექტური კრიტერიუმებით.
უმჯობესია, დახმარება სწორედ ობიექტურად შეფასებულმა სოციალურად დაუცველმა პირებმა მიიღონ, ვისაც ეს უფრო მეტად სჭირდება. 2015 წელს პროგრამა უზრუნველყოფილი იქნება და ეს დახმარება გახდება მიზნობრივი, შემდგომ წლებში მას სხვა კრიტერიუმიც დაემატება“, - განმარტა გიორგი კაკაურიძემ.
დაუბეგრავი მინიმუმის პრინციპი გულისხმობს იმას, რომ ფიზიკური პირი, რომლის ხელფასი ან მიღებული შემოსავალი ერთი წლის მანძილზე 1800-6000 ლარს არ აჭარბებს, სახელმწიფოსგან უკან დაიბრუნებს 360 ლარს, ხოლო თუ მოქალაქეს 1800 ლარზე ნაკლები აქვს მიღებული შემოსავლის სახით, მაშინ იგი დაიბრუნებს წლის განმავლობაში მიღებული თანხის 20 პროცენტს.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2014 წლისთვის დაუბეგრავი მინიმუმის სახით 130 მილიონი ლარი დაბრუნდა, 2015 წელს ეს თანხა დაახლოებით 140 მილიონი ლარი იქნება. 2016 წლისთვის დაუბეგრავი მინიმუმის გაუქმების შედეგად გამოთავისუფლებული თანხა მხოლოდ სოციალურად დაუცველთა პროგრამებისკენ მიიმართება.
შეგახსენებთ, რომ წინა ხელისუფლების დროს დაგეგმილი იყო საშემოსავლო გადასახადის შემცირება, კერძოდ, 2013 წლის იანვრიდან - 18, ხოლო 2014 წლიდან 15 პროცენტამდე. ახლა ეს ნორმაც უქმდება და მთავრობის შეღავათით ვეღარც ბიზნესი ისარგებლებს და ვეღარც მოქალაქეები.