ჩიორა თაქთაქიშვილის განწირული კივილი, ზვიად ზვიადაურის მაგიდებზე სირბილი, აკაკი ბობოხიძისთვის თავში რამდენჯერმე ჩარტყმული მიკროფონი - 30 წუთის განმავლობაში, ასეთი ვითარება იყო საქართველოს პარლამენტში, სადაც ერთმანეთს უმცირესობისა და უმრავლესობის წევრები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ქართველმა კანონმდებლებმა მიკროფონებს, საკანცელარიო ნივთებსა და ბოთლებს ახალი დატვირთვა შესძინეს და ფიზიკური ანგარიშსწორების დროს, ერთმანეთის მისამართით გამოიყენეს.
დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებს შორის ხელჩართული ჩხუბი აკაკი ბობოხიძის გამოსვლამ გამოიწვია, რომელმაც უმრავლესობის ინკოგნიტო წევრს აგინა.
კერძოდ, საკანონმდებლო ორგანო მუდმივმოქმედ დელეგაციებში კვოტების გადანაწილებაზე მსჯელობდა, რა დროსაც ბობოხიძემ უმრავლესობის რომელიღაც წევრს და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს დედა შეაგინა.
„დედარუსეთისკენ მაინც მიექანებით! იმის ნაცვლად, რომ თქვენი ცუდი რეპუტაცია გამოსწროთ, სამწუხაროდ, თქვენს ძველ გზას ადგახართ. დედარუსეთისკენ გაქცევას რომ დააპირებთ, იქ უკვე დედარუსეთიც აღარ დაგხვდებათ. მართლა თქვენი დედა... თქვენ გგონიათ, რაიმეს მართლა დაგითმობთ?!“, - მიმართა უმრავლესობის წევრებს ბობოხიძემ, რასაც დარბაზში ხმაური და ფიზიკური ანგარიშსწორება მოჰყვა.
სხდომათა დარბაზში ხელჩართული ჩხუბი დაახლოებით 30 წუთი გაგრძელდა, სხდომაზე შესვენება გამოცხადდა და ძნელი გასარჩევი გახდა, ვინ ვის სცემდა. თუ პაატა ბარათაშვილმა პიჯაკი გაიხადა და ჩხუბისთვის თანაგუნდელები მიიპატიჟა, დავით ლორთქიფანიძე ფიზიკურად პეტრე ცისკარიშვილისკენ იწევდა, რომელსაც ბოლოს კობა სუბელიანი გაუსწორდა.
აღსანიშნავია, რომ უმრავლესობის ყველა წევრის თავდასხმის ობიექტი აკაკი ბობოხიძე იყო, რომელსაც თამაზ ჯაფარიძე ზურგიდან თავში მუშტებს ურტყამდა, ხოლო ლექსო თამაზაშვილი მიკროფონს. თანაგუნდელებს არც ოლიმპიური ჩემპიონი ზვიად ზვიადაური ჩამორჩა, რომელმაც ბობოხიძესთან მისვლისთვის მაგიდებზე ირბინა, შემდეგ ნახტომი გააკეთა და სკამებს შორის ჩავარდა, მაგრამ მან ბობოხიძისთვის მიკროფონის სროლა მაინც მოაწრო. დარბაზში ზვიადაურის ქმედებამ ჩიორა თაქთაქიშვილის სასოწარკვეთილი კივილი და აღშფოთება გამოიწვია.
აღნიშნულ პროცესებს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი თვალს ოლიმპიური სიმშვიდით საკუთარი ადგილიდან ადევნებდა და კანონმდებლებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებდა.
ამ დროისთვის, პარლამენტში ინციდენტი ამოწურულია, მაგრამ საკანონმდებლო ორგანოს ტერიტორიაზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა მობილიზებული და უწყებაში სამართალდამცავებიც იმყოფებიან.
ვითარების განმუხტვის შემდეგ, პარლამენტში არაერთი ჩხუბის წამომწყებმა ბობოხიძემ საკუთარი ქმედების მიზეზები განმარტა, მისი საქციელი კი, უმრავლესობის წევრებმა კატეგორიულად დაგმეს.
ბობოხიძე საქართველოს მოსახლეობას ბოდიშს უხდის, მაგრამ ამბობს, რომ ის მომავალშიც შეიგინება, თუკი მას შეაგინებენ.
„ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა ის არის, რომ ჩართულ მიკროფონებში ის ვთქვი, რაც ვთქვი. ჩემი პასუხი იმ ადამიანმა დაიმსახურა, რომელმაც მე შემაგინა. ჩემდამი გინებას მომავალშიც გინებით ვუპასუხებ, უბრალოდ, ვეცდები, რომ მიკროფონი გამორთული მქონდეს. როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ თავს დამარცხებულად თვლის და უნდათ, დაძაბულობა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიტანონ. თავი სანამ მართალი მგონია, მანამდე ბოდიშს არ მოვიხდი“, - განაცხადა ბობოხიძემ, რომლის ქმდებით თინა ხიდაშელი გაოცებული დარჩა.
ხიდაშელის თქმით, რაც პარლამენტში მოხდა, ძალიან სამწუხაროა.
„ორი წლის განმავლობაში, აკაკი ბობოხიძე ყველაფერს აკეთებდა, რომ საქმე აქამდე მიეყვანა. მისმა დღევანდელმა საქციელმა მეც კი გამაკვირვა, მიუხედავად იმისა, რომ დედამიწის ზურგზე კაკო ბობოხიძისგან არანაირი უზრდელობა არ გამიკვირდებოდა“, - განაცხადა ხიდაშელმა.
რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის განწყობას, დავით უსუფაშვილის შეფასებით, მომხდარი ინციდენტი შესწავლილი იქნება და რეგლამენტით გათვალისწინებული ყველა ზომა და სანქცია იქნება გამოყენებული.
უსუფაშვილის თქმით, უმრავლესობამ არავის უნდა მისცეს იმის საშუალება, რომ პარლამენტი მწყობრიდან გამოიყვანოს, რადგან მწყობრიდან გამოსული პარლამენტი, მწყობრიდან გამოსული ქართული სახელმწიფოა.
სპიკერის განცხადებით, ამომრჩეველმა დეპუტატებს ქვეყნის ბედი ანდო, რასაც განსაკუთრებული უნარ-ჩვევები სჭირდება, მათ შორის უპასუხისმგებლო და პროვოკაციულ მოქმედებებზე.
„რაც პარლამენტში მოხდა და რაც მოსახლეობამ იხილა, ამაზე საფიქრალი ყველას ერთად გვაქვს. ჩვენი ამომრჩეველი იმას ნამდვილად არ იმსახურებს, რომ პარლამენტის სხდომათა დარბაზში მსგავს ინციდენტებს ხედავდეს. აქ ამისთვის არ ვართ“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
ამ მოწვევის პარლამენტში დღეს, აკაკი ბობოხიძე ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი უკვე მესამედ აღმოჩნდა. ის თავდაპირველად, შს მინისტრის მოადგილეს, ლევან იზორიას დაუპირისპირდა და პროცესები ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა, მეორედ ბობოხიძის მოპაექრე „თავისუფალი დემოკრატი“ გია ცაგარეიშვილი აღმოჩნდა, რომელმაც ტრიბუნასთან მდგომ ოპოზიციონერ დეპუტატს ბოთლი ესროლა. თუ ორი წლის მანძილზე, ბობოხიძემ უკვე სამჯერ იჩხუბა, წინა მოწვევის პარლამენტში ის ჩხუბის მიზეზი ორჯერ აღმოჩნდა, ერთხელ, როდესაც პეტრე მამრაძეს სახეში სილა გააწნა, ხოლო მეორედ, როდესაც ჯონდი ბაღათურიას ტრიბუნასთან საცემრად მიუვარდა.