სახელმწიფო ტენდერები ყოველთვის იყო და დღესაც რჩება მსუნაგი ჩინოვნიკების საკბილოდ. “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” დეტალურად შეისწავლა ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ 2013-14 წლებში სამშენებლო სამუშაოს შესრულებისთვის განხორციელებული შესყიდვები. აღმოჩნდა, რომ საკმაოდ ბევრ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის უკან ისევ მთავრობის მაღალჩინოსნები დგანან.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ინფორმაციით, სამშენებლო შესყიდვას, ძირითადად, სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. უწყების მიერ სამშენებლო სამუშაოზე დახარჯულმა თანხამ 2013-14 წლებში (2014 წლის დეკემბრამდე) დაახლოებით 346.5 მილიონი ლარი შეადგინა. ეს თანხა თანაბრად განაწილდა 2013 წელსა და 2014 წლის 11 თვეს შორის.
რამდენიმე კომპანიამ (Fin-Estate, “არქეოპოლისი”, “საგზაო კომპანია - თბილისი”, “გეომშენი-2004”, “საქმილსადენმშენი”), 2013 წელთან შედარებით, 2014 წელს მკვეთრად გაზარდა ტენდერებიდან მიღებული შემოსავლაი მაშინ, როცა 2013 წლის ლიდერი კომპანიები 2014 წელს მოწინავე პოზიციებზე აღარ გვხვდება.
საგზაო-სამშენებლო სარემონტო კომპანია “სერპანტინი”, მედიაში გავრცელებული ცნობის თანახმად, რამდენიმე დიდი თანამდებობის პირს უკავშირდება. კომპანიამ ორი წლის განმავლობაში 6 ტენდერში გაიმარჯვა და 23.8 მლნ ლარი შემოსავალი მიიღო. წილების უმეტესობას (51%) კომპანიაში თამარ ჯანყარაშვილი ფლობს, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის გიორგი ზედელაშვილის დედაა. 2011-12 წლებში კომპანიამ 8 ტენდერში გაიმარჯვა, თუმცა მათი ჯამური ღირებულება მხოლოდ 1.7 მლნ ლარი იყო.
2011 წელს რეგისტრირებულმა შპს “ჰერიომ”, რომლის მფლობელი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილია, 2014 წელს 1.1 მილიონი ლარის ღირებულების ერთი კონტრაქტი მოიგო, 2013 წელს კი კომპანიას ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში არ გაუმარჯვია.
1996 წელს დაარსებულმა შპს “ცეკურმა”, რომლის 62%-ს პარლამენტის წევრი სერგო ხაბულიანი ფლობს, ორი წლის განმავლობაში 2 მლნ ლარზე მეტი ღირებულების 2 კონტრაქტი მიიღო.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის განმარტებით, მინისტრის მოადგილემ დავით გალეგაშვილმა 2012 წლის ნოემბრიდან, მას შემდეგ, რაც ამ თანამდებობაზე დაინიშნა, საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 66-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, გადასცა მის მიერ 2011 წელს დაფუძნებული კომპანია “ჰერიოს” მართვის უფლება და მას შემდეგ არ მონაწილეობს კომპანიის არანაირ საქმიანობაში.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ინფორმაიციით, 2013-14 წლებში 400-დან 126 ტენდერში მხოლოდ ერთმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. აქედან, 17 შემთხვევაში ტენდერი შეწყდა ან არ შედგა. 100-მდე შემთხვევაში გამარჯვებულთან კონტრაქტი გაფორმდა, დარჩენილი ტენდერები კი მიმდინარეობის პროცესშია. 100-მდე გაფორმებული კონტრაქტიდან დაახლოებით 40 შესყიდვა 1 მლნ ლარზე მეტის ღირებულების იყო. “სერპანტინმა”, “არქეოპოლისმა”, “საქმილსადენმშენმა”, “იბოლიამ” და “გეომშენი-2004”-მა ყველაზე მეტი (თითოეულმა 3 ტენდერი) ისეთი ტენდერი მოიგო, სადაც მონაწილეები მხოლოდ თავად იყვნენ.
ზოგიერთ კონტრაქტში ერთზე მეტი ცვლილებაა შესული. ყველაზე მეტი - 11 ცვლილება კი 2013 წელს “ბლექ სი გრუპთან” გაფორმებულ ტენდერში შევიდა, რომლის ღირებულებაც 8 მილიონ ლარს აღემატებოდა.
“ხელშეკრულების ვადის ხშირი ცვლილებები აღძრავს ეჭვს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად კეთილსინდისიერად ასრულებენ საკუთარ მოვალეობას მიმწოდებლები და რამდენად ადეკვატურად რეაგირებს შემსყიდველი ორგანიზაცია ასეთ შემთხვევაზე”, - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.