როგორი იყო განვლილი წელი საგარეო და საშინაო პოლიტიკის თვალსაზრისით, რა შეცდომები დაუშვა მმართველმა გუნდმა და შევხვდებით თუ არა 2015 წელს პოლიტიკაში დაბრუნებულ ბიძინა ივანიშვილთან ერთად? ამის შესახებ For.ge პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.
მმართველ გუნდს ხელისუფლებაში ყოფნის ორ წელიწადზე მეტი დრო ამოეწურა თავისი შეცდომებითა და სწორი ნაბიჯებით. რომელი მათგანი სჭარბობდა?
- ეს ორწლიანი პერიოდი არაფრით ჰგავს დანარჩენს. როცა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ხდებოდა ხელისუფლებაში მყოფი ძალის ცვლილება, ძველი პოლიტიკური ძალა ტოვებდა ასპარეზს. ასე მოხდა გამსახურდიას დროს, როცა პარლამენტში გავიდა „მრგვალი მაგიდა“ და კომუნისტური პარტია, შემდეგ კომუნისტური პარტიის დეპუტატთა ჯგუფის მანდატი გაუქმდა და კომუნისტური პარტია გაქრა პოლიტიკური ასპარეზიდან; გადატრიალების შემდეგ უკვე „მრგვალი მაგიდა“ გაქრა ასპარეზიდან; სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლისას დაიშალა „მოქალაქეთა კავშირი“ და გაქრა ასპარეზიდან. ეს იყო ტრადიცია. 2012 წლის არჩევნებმა კი განსაკუთრებული ვითარება შექმნა, არჩევნებში დამარცხებულ პოლიტიკურ ძალას პოლიტიკური ასპარეზი არ დაუტოვებია, ყოფილი პოლიტიკური ძალის პრეზიდენტიც დარჩა და რეგიონებსაც აკონტროლებდა „ნაციონალური მოძრაობა“. ფაქტობრივად, მათ მხოლოდ პარლამენტში დაკარგეს უმრავლესობა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში რეალურ მოსვლას მთელი ორი წელი დასჭირდა. ახლა „ქართულ ოცნებას“ აქვს ბერკეტები ხელში.
რა გაკეთდა საგარეო და საშინაო საკითხებში? საგარეოში გაკეთდა შეძლების მაქსიმუმი - ევროკავშირთან ასოცირებულ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, ნატოსთან ურთიერთობის ახალ ფაზაში გადავედით, არ შეცვლილა ორიენტაცია. აფხაზეთსა და სამაჩაბლოსთან რუსეთის ხელშეკრულებების დადების თემა მუდმივად უნდა ტრიალებდეს საერთაშორისო ასპარეზზე. უკრაინის მოვლენებამდე სხვა ვითარება იყო მსოფლიოში, დღეს სხვა ვითარებაა. უკრაინაში პროცესები ცუდად დასტაბილურდა. ისეთივე სტაბილური ვითარება ყალიბდება უკრაინასა და რუსეთს შორის, როგორც აფხაზეთსა და სამაჩაბლოსთან იყო 20 წლის განმავლობაში, რაც რუსეთს აძლევს საშუალებას, ცუდი ენერგია სხვა მხარეს, ანუ ჩვენსკენ გადაისროლოს.
არის ასეთი მოსაზრება, რომ სანქციებით რუსეთის დამარცხება საქართველოს ბედნიერებას არ მოუტანს და შესაძლოა, საქართველო მხოლოდ თბილისიღა დარჩეს.
- არ შეიძლება, ამერიკის მასშტაბის აქტივობა დავიწყოთ, მათ არ უნდა გავუსწროთ, თუმცა ეს არ ნიშნავს, ყველაფერზე ჩუმად ვიყოთ. რუსეთის მარცხი შორეული მოვლენაა, დასავლეთმა უნდა გააძლიეროს რუსეთის იზოლირება, ან დასავლეთი ახლა აქტიურად დაიწყებს ამ პოლიტიკის განხორციელებას, ან ვერც დასავლეთი და ვერც მსოფლიო ვერ ასცდება ომს. ალტერნატივა არც დასავლეთს აქვს. არა მგონია, დასავლეთის მხრიდან რუსეთზე ზეწოლა ჩვენთვის ცუდი იყოს.
შედარებითი დათბობის პოლიტიკა, რაც ჩვენმა ხელისუფლებამ აირჩია, გამართლებული იყო? ამას ხშირად აყვედრიან ნაციონალები.
- ნაციონალები პოლიტიკასაც არ ატარებდნენ, უბრალოდ, ყვიროდნენ, იმუქრებოდნენ, რომ შევიდოდნენ ცხინვალში, შექმნეს ყველანაირი არგუმენტი, რომ რუსეთს ეთქვა, თითქოს ქართველებმა დაიწყეს საომარი მოქმედებები. ორღობის პოლიტიკით ილუზია შექმნეს, თორემ რიტორიკის იქით არ წასულან. ამიტომ ვერ ვიტყვი, რაღაც შეიცვალა, უბრალოდ, შეიცვალა რიტორიკა და ამას მოყვა სავაჭრო ურთიერთობების გახსნა, მაგრამ ჩვენ უნდა ვიფიქროთ სხვა ბაზრებზე, რადგან შესაძლოა, რუსეთმა ეკონომიკური საზღვრები ჩაკეტოს. რუსეთის ნაცვლად ღვინო ევროპაში რომ წასულიყო, 180 მილიონის ნაცვლად, 360 მილიონს მოგვიტანდა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ქვეყნიდან ირანის მიმართ დადებული იყო ემბარგო, ნაცმოძრაობამ მშვენიერი ურთიერთობა დაამყარა ირანთან, რასაც მეც ვიზიარებდი.
როგორც მახსოვს, ეს თვითონ ამერიკის თანხმობით ხდებოდა და ამის მოწინააღმდეგე ამერიკა არ იყო.
- დიახ, ასე ითქვა, თუმცა რამდენად შეესაბამებოდა სიმართლეს, სხვა საკითხია.
რაც შეეხება შიდა პარტიულ კონფიგურაციას, თავისუფალი დემოკრატების შემდეგ, რესპუბლიკელებიც ხომ არ ფიქრობენ, მათ გზას დაადგნენ? შეიძლებოდა „თავისუფალი დემოკრატების“ შენარჩუნება?
- ბოლო ორი თვის განმავლობაში ხელისუფლებისადმი პრეტენზიები გაცილებით მეტია, ვიდრე მთელი ორი წლის განმავლობაში. საზოგადოებამ ეს 2-წლიანი ეტაპი თავის თავშიც დაასრულა და უფრო მომთხოვნი გახდა „ოცნების“ მიმართ. ვფიქრობ, „თავისუფალ დემოკრატებს“ არ უნდა დაეტოვებინათ კოალიცია, მაგრამ ეს მათი გადასაწყვეტია. საკმაოდ შემცირდა „ოცნებაში“ ადამიანების ჯგუფი, რომლებიც პოლიტიკით იყვნენ დაკავებულნი. „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის უმრავლესობა შეიძლება, განათლებული ადამიანია, მაგრამ პოლიტიკა მათი ცხოვრების განმსაზღვრელი არ არის. ისინი სხვა ცხოვრებით ცხოვრობდნენ, პოლიტიკური ფიგურების დეფიციტს განიცდის „ქართული ოცნება“. ამ დროს ნაციონალური ფრაქცია აქტიურია და ამ პარლამენტის შემყურეს, შთაბეჭილება რჩება, რომ უმრავლესობაში ისევ ნაციონალები არიან. ასეთ ვითარებაში „თავისუფალი დემოკრატების“ გასვლა ოპოზიციაში დანაკლისია. ვფიქრობ, რესპუბლიკელები ამას არ გააკეთებენ, რადგან რესპუბლიკელებს სხვა რამის მიღწევა სურთ, უნდა ჩამოყალიბდეს ტიპური ევროპული კოალიცია, სადაც ყველაფერი დალაგდება. თუ ეს არ გაკეთდება, რთული იქნება და, თუ რესპუბლიკელებმაც დატოვეს კოალიცია, ისეთივე მძიმე ვითარება შეიქმნება, როგორც 2012 წლის არჩევენების წინა პერიოდში.
ტიპური ევროპული კოალიცია ძალთა ამ ბალანსით? „ქართულ ოცნებაში“ არიან რუსეთისადმი ლოიალური ძალებიც.
- შეიძლება, ასეთი ძალები კოალიციაში არიან, მაგრამ ქვეყნის ორიენტაცია უცვლელია. თუ ხელისუფლებას ძალიან უნდა კიევის სცენარის გათამაშება, მაშინ ეს სცენარი გათამაშდება. თანაც, საქართველოში არ არის უკრაინის მსგავსი განწყობა რუსეთის მიმართ, აქ რუსეთის მიმართ მკვეთრი განწყობაა და ხელისუფლება ამას ვერ გაატარებს. აქ უფრო სწრაფად მოხდება, რაც მაიდანზე განვითარდა. კოალიცია საჭიროა იმისთვის, რომ არ მოხდეს ის, როცა სულ ახლახანს უხერხული განცხადება გაკეთდა თავდაცვის სამინისტროდან. კოალიციის შემთხვევაში, ხელისუფლება უფრო ეფექტური იქნებოდა. აღარ იქნება ისე, რომ მეორე ეშელონში ვიღაც თავის ნათესავს დანიშნავს, რადგან ევროპული ტიპის კოალიციას სხვა საფუძველი აქვს. გულწრფელად გითხრათ, რესპუბლიკელებისთვის უმრავლესობაში ყოფნა ტრადიციული არ არის, ისინი საკმაოდ მოწყენილნი არიან, რადგან უწევთ, ანგარიში გაუწიონ საერთო მიდგომებს. „ქართული ოცნება“ უფრო უნდა იყოს დაინტერესებული, შეინარჩუნოს კოალიცია, ვიდრე რესპუბლიკელები.
პროკურატურასა და ბიუროკრატიულ თანამდებობებზე ნაციონალებისდროინდელი კადრის შენარჩუნება ხომ არ იყო ხარაკირი „ქართული ოცნებისთვის“?
- ბიუროკრატიული არმიის ასე უცბად გაშვება სწორი არ იქნებოდა, შესაბამისი კადრებიც არ არის. სამართლიანობის აღდგენაზე როცა ლაპარაკობდა ხელისუფლება, ეს უნდა გაეთვალისწინებინა. გავხსნათ კარტი - ჩვენ გვყავდა ხელისუფლება, რომელმაც თავისი სახე 2007 წელს და 2011 წლის 26 მაისს აჩვენა. ასეთი ტიპის ხელისუფლება თავისი ნებით არ თმობს ძალაუფლებას. ეტყობა, 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს, როცა აღიარეს, რომ წააგეს არჩევნები, დასავლეთმა იმუშავა, ისევე, როგორც 2003-ში. ამიტომ „ოცნება“ თავის ქმედებებში შეზღუდულია. თუ დასავლეთს შეუძლია, რუსეთის ეკონომიკა დააყენოს ყირაზე და იზოლაციაში ჩააგდოს რუსეთი, ჩვენთან მიმართებით რას იზამს? ასე რომ, ვინ იტყვის, არ მინდა ამერიკა და მოდი, სააკაშვილს დავიჭერო?!
ანუ 2015 წელსაც არ ელით გახმაურებული საქმების გამოვლენას?
- არა მგონია, აქ დიდი გარღვევა მივიღოთ. ასე მარტივად არ არის საქმე. თუ ვინმე რამეს აშავებდა, სამხილები ამ ათი წლის განმავლობაში განადგურებულია. ამერიკამაც კი ვერ მოახერხა ორი პრეზიდენტის მკვლელობის გახსნა.
ამიტომაც იყო, რომ ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებისას სააკაშვილი „ერთ ჭერქვეშ იჯდა მარგველაშვილთან“?
- ეს ზედაპირზეა, მაგრამ ჩვენ არ ვართ იზოლირებულნი. რასაც ლაპარაკობენ ნაციონალები, ამის მორალური უფლება არ აქვთ, თორემ სხვას რომ ეთქვა, ამის 90% შეესაბამება სინამდვილეს. ამას დასავლეთიც ხედავს. „ოცნების“ პრობლემა ის არის, რომ დღემდე რჩება ნაციონალების ოპონენტად, მაშინ როცა ის ხელისუფლებშია.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მომავალი წლის მთავარი ნიშა „ოცნების“ რეალური ალტერნატივის ძებნა იქნება.
- თუ ასე წავიდა საქმე, „ოცნებამ“ უნდა იფიქროს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს. არ გამოვრიცხავ სხვა კონფიგურაციის კოალიციის შექმნას, შეიძლება, ისევ „თავისუფალი დემოკრატებიც“ აღმოჩნდნენ ამ კოალიციაში. პოლიტიკა ცოტა სხვაგვარი პროცესია. მოსახლეობა დაიწყებს ორიენტირის ძებნას, მეეჭვება, „ოცნებამ“ შეძლოს დარჩენილ ორ წელიწადში, რაიმე რადიკალურად შეცვალოს, მას ახალი ენერგია სჭირდება. თუ წესიერი არჩევნები ჩატარდა, ეს პარლამენტი ვერ იქნება ორპარტიული, მინიმუმ, კიდევ ორი პოლიტიკური ორგანიზაცია გადალახავს 5%-იან ბარიერს.
რა იყო ხელისუფლების ძირეული შეცდომა? საყდრისი მტკივნეული აღმოჩნდა ქართველებისთვის.
- არიან ერები, რომლებიც ლეგენდებს იგონებენ და ცდილობენ, ამაში ვიღაც დაარწუნონ, ჩვენ კი გვაქვს ეს და ამას ვანგრევთ. ასი ათასი ოჯახი რომ დაასაქმოს ვინმემ, სვეტიცხოველი დავანგრევინოთ? ბოლნისელებს უნდა ვუთხრათ, დანარჩენ საქართველოს არ აქვს ასეთი ძეგლი, უჭირს ხალხს, მაგრამ ცხოვრობენ. ყველას გვიჭირს, მაგრამ არ უნდა ვთქვათ იმაზე უარი, რაც ჩვენს წინაპრებს შეუქმნიათ. პრობლემა ისაა, რომ ჯერ ააფეთეს ძეგლი და მერე ვიგებთ, რომ გადაწყვეტილება ყოფილა მიღებული. პირიქით უნდა მომხდარიყო. ეს უკვე აღარ არის ძეგლთან და წარსულთან ურთიერთობა, ეს უკვე დღევანდელი ურთიერთობებია. ე.ი. ხელისუფლებას შეუძლია, იდუმალი გადაწყვეტილება მიიღოს და ჩვენ აზრზე არ ვიყოთ.
2015 წელს შევხვდებით პოლიტიკაში უკან დაბრუნებულ ბიძინა ივანიშვილთან ერთად?
- ეს არ არის კარგი, მაგრამ სიტუაციის შემობრუნება მხოლოდ მას შეუძლია. მე ხომ მოგაშორეთ ნაციონალებიო,- მხოლოდ ეს არ კმარა, ჯერ ერთი, ვერ მოგვაშორა, მაგრამ, თუ მოგვშორა ნაციონალები, ეს არ კმარა. თუ გარისკე და შეხვედი პოლიტიკაში, რაღაც ეტაპი მაინც უნდა დაასრულო. კიდევ ახალ უბედურებაში რომ არ გადავცვივდეთ, რომელიც უკვე სააკაშვილის კი არა, ამ ხელისუფლების და მათ შორის, ივანიშვილის „დამსახურებაც“ იქნება, ივანიშვილი უნდა მობრუნდეს და ის გააკეთოს, რაც გასაკეთებელია.