რუსეთში მყოფ ქართველებს სამშობლოში ფულის გამოგზავნა უჭირთ

რუსეთში მყოფ ქართველებს სამშობლოში ფულის გამოგზავნა უჭირთ

რუსეთში მცხოვრებ ქართველებს ბოლო დროს სერიოზულო ფინანსური პრობლემები აქვთ. ისინი ყოველდღიურად სამსახურისა და შემოსავლის დაკარგვის წინაშე არიან. ეს თვალნათლივ ეტყობა ფულად გზავნილებსაც, რომელიც სწორედ რუსეთიდან ყოველთვიურად მცირდება.

2014 წლის ნოემბერში ფულადი გზავნილების სახით საქართველოში 104 მილიონი დოლარი შემოვიდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით,  აღნიშნული ეს მაჩვენებელი 2013 წლის შესაბამის მონაცემებზე 16%-ით, ანუ 20 მილიონი დოლარით ნაკლებია, რაც რუსეთიდან შემომავალი ფულადი გზავნილების კლებას უკავშირდება.

სავარაუდოდ დეკემბერში უარესი ვითარება იქნება, რადგან რუბლის დოლართან მიმართებით გაუფასურებამ იმ პირების შემოსავლების კლებაც გამოიწვია, ვინც ფულს რუსეთიდან უცხოეთში, მათ შორის, საქართველოში აგზავნის. გარდა ამისა, ემიგრანტებისთვის სამსახურის შოვნაც გართულებულია. ვინც მუშაობს, იმასაც ყოველდღიურად შემოსავლის დაკარგვა ემუქრება. ასე რომ, ფულადი გზავნილების თვალსაზრისით პრობლემა აშკარაა და ამას სახელისუფლებო წრეებშიც ადასტურებენ.

„ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო ფულადი გზავნილები, რომელსაც რუსეთში მცხოვრები ქართველები აგზავნიდნენ საქართველოში. ამ პრობლემების ფონზე მკვეთრი კლება ჯერჯერობით არ ფიქსირდება, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ წლის ბოლო მონაცემებში იყოს ეს ასახული“, - ამბობს პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი. 

დიდი ხანია ფულად გზავნილებში წამყვანი ადგილი რუსეთს უჭირავს. ამ ქვეყნიდან ნოემბერში 45.8 მლნ დოლარი შემოვიდა, რაც მთლიანი ფულადი გზავნილების 43%-ს შეადგენს. თუმცა რუსეთიდან ფულადი გზავნილების სახით შემოსული უცხოური ვალუტის მოცულობა, წინა წელთან შედარებით, დაახლოებით 19 მლნ დოლარით არის შემცირებული, რაც უმეტესად რუსეთში არსებულ ფინანსურ ვითარებას უკავშირდება.

სხვა ქვეყნებთან მიმართებით კი ფულადი გზავნილების სტატისტიკაში ცვლილებები არ შეინიშნება, კვლავინდებურად მეორე ადგილზე საბერძნეთია, საიდანაც ნოემბერში საქართველოში 14 მლნ დოლარი შემოვიდა.

ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში ლევან კალანდაძე საუბრისას ვარაუდობს, რომ რუბლის გაუფასურება საქართველოში გავლენას გრძელვადიან პერსპექტივაში იქონიებს. იგი ფულადი ნაკადის შემცირებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ პირდაპირი გზავნილები, ბოლო თვეების მიხედვით უკვე შემცირებულია და რუსეთში მიმდინარე პროცესები, საქართველოში შემოსული თანხის მთლიან მოცულობაში რუსეთის წილს მნიშვნელოვნად შეამცირებს.

ამასთან ჩრდილოელი მეზობელი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორია და შესაძლოა, რუბლის გაუფასურებამ გავლენა ექსპორტის შემცირებაზეც იქონიოს.

„ეს ცუდად აისახება ექსპორტ-იმპორტის სალდოზე, რაც ბიზნეს გარემოსთვისაა ცუდი. ჩვენი მეწარმეებისთვის, რომლებიც პროდუქციის რუსეთის ბაზარზე გატანაზე არიან ორიენტირებულები, ეს სერიოზული დარტყმა იქნება. რუსეთში სამომხმარებლო ქცევის ნორმები აბსოლუტურად შეცვლილია და ეს ჩვენს ბიზნესზეც ძალიან ცუდ გავლენას მოახდენს“, - აცხადებს კალანდაძე.

ექსპერტი ემზარ ჯგერენაია ამბობს, რომ უამრავი ქართველი მუშაობს რუსეთში და საქართველოში აგზავნის ფულს. ამ კუთხით რუსეთი ერთ-ერთი სერიოზული სავალუტო მომწოდებელი იყო ჩვენთვის.

„სწორედ ამ მიმართულებით უნდა გავააქტიუროთ მუშაობა სხვა ქვეყნებთან, უფრო მეტი ხელშეკრულება დავდოთ, ვიმუშაოთ შრომით ბაზრებთან დაკავშირებით, ემიგრაციის შესახებ კანონს გადავხედოთ, ევროპასთან უვიზო მიმოსვლის დაწყების პროცესი დავაჩქაროთ, რომ იმ ადამიანებმა ვინც სამუშაო დაკარგეს, ევროპაში ჩასვლა და მუშაობის დაწყება შეძლონ.

ექსპორტი, რომელიც რუსეთზე იყო მიბმული როგორმე სხვა ქვეყნებში უნდა გადანაწილდეს და ა.შ. ასე რომ, საკმაოდ ბევრი და სერიოზული გამოწვევები ელის საქართველოს“, - დასძენს ემზარ ჯგერენაია.