საწვავის ფასის გამო პროტესტის დიდი ტალღა აგორდა. ავტომფლობელები ისევ ქუჩაში გამოვიდნენ. ამჯერად მათ მხარდაჭერას უცხადებენ პოლიტიკოსები და ხელისუფლების უმაღლესი ეშელონების წარმომადგენლები. მძღოლებმა ბენზინის მაღალი ფასების გამო საპროტესტო აქცია გამართეს. მათ ავტომობილებით სიგნალების თანხლებით სასტუმრო „რედისონიდან“ მთავრობის ადმინისტრაციამდე მსვლელობა მოაწყეს და კანცელარიასთან საწვავზე მაღალი ფასი ერთწუთიანი გაბმული სიგნალით გააპროტესტეს.
აქციის ორგანიზატორის „ქართული დასის“ ლიდერის, ჯონდი ბაღათურიას განცხადებით, მთავრობას ერთკვირიანი ვადა ეძლევა, რომ ბენზინის ღირებულება რეალურ ფასამდე - 1,5 ლარამდე დავიდეს. ბოლო პერიოდში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საწვავზე მაღალ ფასს მასობრივი მსვლელობით აპროტესტებენ. 26 დეკემბერს იგივე საკითხზე უკვე სხვა ტიპის აქცია გაიმართება. ნელ-ნელა საწვავის პროტესტი „ნაციონალური მოძრაობის“ ეპოქას უბრუნდება.
„ერთ ლიტრ ბენზინზე უკანონო მონოპოლიური ფასნამატი 67 თეთრს შეადგენს. ეს არის „ქართული ოცნების“ მიერ დაწესებული კორუფციული წილი. ყველა კომპანია, რომელიც ამ კარტერულ კორუფციულ შეთანხმებაში მონაწილეობს არის „ქართული ოცნების“. მთავრობას ვაძლევთ ერთ კვირას, რომ ბენზინის ფასი გახდეს ლარნახევარი“, - განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.
მისი თქმით, საქართველოში 1 თვეში დაახლოებით 60 მილიონი ლიტრი ბენზინი იყიდება თუ ამას 12 თვეზე გავამრავლებთ, წელიწადში 720 მილიონი ლიტრი გამოდის. აქედან გამომდინარე, 1 თვეში მოსახლეობას უკანონოდ - 40 200 000 ლარს, წელიწადში კი 482 400 000 ლარს ართმევენ. „ეს კორუფციული ფასნამატი და ხელისუფლების წილია“, - მიიჩნევს ბაღათურია.
მისივე თქმით, დასახელებული 67 თეთრი მიდის კორუმპირებული ჩინოვნიკების ჯიბეში, რომლებიც ფლობენ ბენზინის იმპორტიორ და სადისტრიბუციო კომპანიებს.
„თუ ამის შემდეგ არ დაიწევს ფასები, მასშტაბებს გავზრდით და გადავალთ მასობრივ აქციებზე, აქ უკვე აქცენტს გავაკეთებთ რაოდენობაზე, დავიწყებთ მძღოლების მობილიზებას. სხვათა შორის, ეს არ არის მხოლოდ მძღოლების პრობლემა, ეს ზოგადად ურტყამს ჩვენს ეკონომიკას. როცა ბენზინი იაფია, მაშინ მცირდება ფასები პროდუქტებზეც. აქ საქმე გვაქვს კარტელურ შეთანხმებასთან, რაც ჩვენ აუცილებლად უნდა დავანგრიოთ. ეს არის ოლიგარქების შეთქმულება საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ“, - ამბობს ბაღათურია.
საწვავის ბიზნესში განუკითხაობა უკვე მთავრობის წევრებსაც აღარ მოსწონთ. პრემიერმა ღარიბაშვილმა რამდენიმე დღის წინ, ამაზე ხმამაღლა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. ამჯერად კი ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე აღიარებს, რომ ნავთობკომპანიები ბენზინსა და დიზელს არაადეკვატური ფასით ყიდიან და იმედოვნებს, რომ ყველაფერი მოკლე ხანში დარეგულირდება.
„ამ კონკრეტულ მონაცემებთან დაკავშირებით კითხვები, რა თქმა უნდა, მეც მქონდა. თუ გადავხედავთ საერთაშორისო ბაზარზე არსებულ საწვავის ფასს, იგი ძალიან დიდი პროცენტით შემცირდა. ფასის კლება ჩვენთანაც იყო, მაგრამ არა იმ ოდენობით, როგორც უნდა ყოფილიყო. ამიტომ, ვფიქრობ, უახლოეს მომავალში შესაძლებელი იქნება ფასების დარეგულირება“, - განაცხადა კახა კალაძემ, რითაც „ქართული დასის“ მიერ ორგანიზებულ აქციას გამოეხმაურა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ხაზი გაუსვა, რომ მსოფლიო ბაზარზე ნავთობი რამდენიმე ათეული პროცენტით გაიაფდა და საქართველოს ბაზარზე ეს პროცესი ადეკვატურად არ აისახა. პრემიერმა კონკურენციის სააგენტოს მოსთხოვა 10 დღის ვადაში გასცეს პასუხი კითხვას რატომ არ იაფდება საქართველოში საწვავი.
ამასობაში 26 დეკემბერს კი მთავრობის კანცელარიის წინ მორიგ აქციას „მომხმარებელთა უფლებების დაცვის საზოგადოება“ გამართავს და ბენზინის, დიზელისა და საავტომობილო გაზის ფასს გააპროტესტებს. ორგანიზაციის ხელმძღვანელის ბექა კემულარიას განცხადებით, აქციაზე ისინი წარმოადგენენ საწვავის ბაზარზე გარიგებული ფასის დაწესების დამადასტურებელ მტკიცებულებებს.