დაუბეგრავი მინიმუმის გაუქმებამ პარლამენტში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. მთავრობის ინიციატივას ეწინააღმდეგებიან უმრავლესობის წევრები. საარჩევნო წელს ასეთი არაპოპულარული ნაბიჯი, „ქართული ოცნებას“ დიდ დარტყმას მიაყენებს.
ფინანსთან სამინისტროს პროექტით 2016 წლიდან მოქალაქეები დაუბეგრავი მინიმუმის აღებას ვეღარ შეძლებენ და ამისათვის პარლამენტში „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ ცვლილებები უკვე შეტანილია.
დეპუტატებს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ის მიზეზები განუმარტა, რომელთა გათვალისწინებით სახელმწიფო დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებს, წლის განმავლობაში ბიუჯეტში გადახდილი თანხის დაბრუნებაზე უარს ეუბნება.
კაკაურიძის ინფორმაციით, 2012 წლის ბოლოს დიდი მოცულობით რესურსის მობილიზება მოხდა, რომ ქვეყნააში სოციალური ხარჯები მაღალი ყოფილიყო დაბალშემოსავლიანი მოქალაქეებისათვის და დაუბეგრავი მინიმუმი იმ მოქალაქეებს აეღოთ, რომელთა შემოსავალი 6 000 ლარს შეადგენს.
რაც შეეხება 2016 წლისთვის დაუბეგრავი მინიმუმის გაუქმებას, აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე გავლენა იმ ახალი სისტემის შემუშავებამაც იმოქმედა, რომლის თანახმად, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოქალაქეები სახელმწიფოსგან ფულად შემწეობას შეცვლილი მეთოდოლოგიით მიიღებენ. როგორც კაკაურიძე ამბობს, ახალი სისტემა სუბიექტურ მიდგომას გამორიცხავს.
„ვფიქრობთ, უფრო მიზანმიმართული იქნება სოციალური ხარჯები მიზნობრივ სოციალურ დახმარებებზე წავიდეს. 2015 წლის განმავლობაში მოქალაქეები კვლავ დაიბრუნებენ დაუბეგრავ მინიმუმს, ხოლო 2016 წლიდან აღარ მოხდება ეს და გამოთავისუფლებული თანხები იმ სოციალურ პროგრამებს მოხმარდება, რომლებიც ქვეყანაში მოქმედებს“, - ამბობს გიორგი კაკაურიძე.
ფინანსთა მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, 2014 წელს დაუბეგრავი მინიმუმის სახით 130 მილიონი ლარი დაბრუნდა, ხოლო 2015 წლის განმავლობაში 140 მილიონი ლარის დაბრუნება იგეგმება. სწორედ ამ თანხის გამოთავისუფლებას ელის ფინანსთა სამინისტრო.
„თუკი ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ აქცენტი ოჯახებზე გაკეთდეს და ოჯახის ცხოვრების პირობები იყოს ნორმალურად უზრუნვეყოფილი, სათითაოდ ადამიანების შემოსავალს დიდი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს. თუკი ოჯახში ცხოვრობს რამდენიმე პირი, რომელსაც აქვს 1000, 1500, 2000-ლარიანი ხელფასი და იმავე ოჯახში არის წევრი, რომელიც 400 ლარს იღებს, ამ ოჯახს სოციალური დახმარება არ სჭირდება და ეს ფული გაცილებით უკეთესია იმ ოჯახების დახმარებისთვის მივმართოთ, სადაც თუნდაც არავინ მუშაობს ან მუშაობს ერთი, დაბალშემოსავლიან სამსახურში”, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.
დეპუტატები ფინანსთა სამინისტროს მოსაზრებას არ იზიარებენ, მათ შორის, ეს იდეა არც „ქართულ ოცნებას“ მოსწონს. უმრავლსობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი დაუფარავად აცხადებს, რომ „დაუბეგრავი მინიმუმის გაუქმების მორალური უფლება არ გვაქვს“.
„ორი წლის განმავლობაში დაუბეგრავი მინიმუმით ისარგებლა სავაჭრო ქსელის ყველა მოსამსახურემ, სკოლის მასწავლებლებმა, ყველა იმ მოქალაქემ, რომელთაც დაბალი შემოსავალი აქვს. დაბალშემოსავლიან მოქალაქეთა დაბეგვრასთან დაკავშირებით ჩვენი დამოკიდებულება პრინციპული იყო და ამ პრინციპული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, არ გვაქვს მორალური უფლება იმისა, რომ საარსებო მინიმუმიც კი დავბეგროთ. წარმოდგენილი ინიციატივა მიზანშეუწონლად მიმაჩნია. მისთვის მხარის დაჭერა გამიჭირდება“, - განაცხადა ქუცნაშვილმა პარლამენტის სხდომაზე.
რამდენიმე დღის წინათ ფინანსთა სამინისტროს იდეა გააკრიტიკა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ ტყემალაძემაც. მისი თქმით, ხადურის უწყებას თუ რამე უკეთესის შემოთავაზება შეუძლია, პარლამენტი მას განიხილავს თუ არადა, გაგრძელდება ის, რაც ამჟამად არის.
„ნაციონალური მოძრაობა“ კი მთავრობას მოუწოდებს დაუბეგრავ მინიმუმთან დაკავშირებით საზოგადობას „სხვა ისტორიას ნუ უყვებიან“ და აღიარონ, რომ დაუბეგრავი მინიმუმის გაუქმება ბიუჯეტში სათანადო თანხების არარსებობის გამო ხდება. უმცირესობის წევრებმა მთავრობას შეახსენეს, რომ სწორედ მაშინ, როცა უნდა ამოქმედებულიყო „საგადასახადო კოდექსის“ ნორმა, რომელიც საშემოსავლო გადასახადის 20%-დან 18%-მდე შემცირებას ითვალისწინებდა, აღნიშნული საგადასახადო შეღავათი გაუქმდა და მის საპირწონედ იქნა შემოღებული დაუბეგრავი მინიმუმი. მაშინ აქცენტი სოციალურ ფაქტორებზე არ კეთდებოდა.
„დაუბეგრავი მინიმუმი სოციალური ნიშნით შემოღებული ინიციატივა არ ყოფილა. მაშინაც გეუნებოდით, რომ ამ ინიციატივას დიდი ხნის განმავლობაში ვერ განახორციელებდით. უნდა თქვათ სიმართლე - ამ ნაბიჯმა არ გაამართლა, ხოლო „საგადასახადო კოდექსის“ შეღავათი, რაც უნდა ჰქონოდა ბიზნესს და კერძო სექტორს, გააუქმეთ“, - განაცხადა პარლამენტის ოპოზიციონერმა ზურაბ მელიქიშვილმა.
უნდა აღინიშნოს, რომ ფინანსთან სამინისტრო იდეას დეპუტატებს შორის ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს, მათ შორის, საპარლამენტო უმრავლესობაში. ასე რომ, მთვარობას ამ ცვლილების დამტკიცება, წესით და რიგით, ძალიან უნდა გაუჭირდეს.