წახალისებულ „თავისუფალ დემოკრატებს“ თებერვალში დასჯიან

წახალისებულ „თავისუფალ დემოკრატებს“ თებერვალში დასჯიან

„თავისუფალ დემოკრატებს“ ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციაში კვოტა გამოუყვეს, მაგრამ მათ თებერვალში, საქართველოს პარლამენტში პოლიტიკური თანამდებობების ჩამორთმევას უპირებენ.

როგორც for.ge-ს საპარლამენტო კულუარებში განუცხადეს, გადაწყვეტილია, რომ დავით ონოფრიშვილს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტს დაატოვებინებენ, გიორგი ცაგარეიშვილს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გაუშვებენ, ხოლო ევროინტერგაციის კომიტეტს ვიქტორ დოლიძე დაემშვიდობება. თანაგუნდელების მსგავსად, ვიცე-სპიკერის პოსტიდან გადაყენებას ზურაბ აბაშიძესაც უპირებენ.

მართალია, თებერვალში „თავისუფალ დემოკრატებს“ პოსტების ჩამოართმევენ, მაგრამ მათ როგორც საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს კვოტა ევროსაბჭოს დელეგაციაში უკვე მისცეს, რასაც ნაციონალების გაღიზიანება და კრიტიკა მოჰყვა.

როგორც for.ge-ს უმცირესობის წევრმა, ხათუნა გოგორიშვილმა განუცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ აღნიშნული დელეგაციის ძირითად შემადგენლობაში დავით ბაქრაძითა და ჩიორა თაქთაქიშვილით იყო წარმოდგენილი, ხოლო სათადარიგოში - გიორგი კანდელაკი და თიკა ბოკუჩავა იყვნენ.

მისი თქმით, ნაციონალებს დელეგაციის ძირითად ნაწილში ერთი კვოტა „თავისუფალი დემოკრატების“ სასარგებლოდ ჩამოართვეს.

„ევროსაბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ საქართველოში საკმაოდ ბევრი ხარვეზია. ხელისუფლებამ გამოსავალი ნახა არა იმაში, რომ რეკომენდაციები გაითვალისწინოს, არამედ სხვა გზით წავიდნენ და განიზრახეს, იქნებ, როგორმე ევროსაბჭოს ინფორმაცია არ ჰქონდეს. ეს შედეგს ნამდვილად ვერ გამოიღებს, რადგან აქტივობას გავაგრძელებთ. ხელისუფლებას ოპოზიციის ჩახშობა სურს, რათა ქვეყნის გარეთ მათი უსაქმურობის და უნიათობის შესახებ ინფორმაცია არ გავიდეს“, - აცხადებს გოგორიშვილი.

კანონმდებელის ინფორმაციით, უმცირესობა ხელისუფლებას ევროსაბჭოში კვოტის შენარჩუნების ნაცვლად, ევროკავშისა და შავი ზღვის ასამბლეაში კვოტების დათმობას სთავაზობდა, რაც არ გაიზიარეს.

„მათთვის პრინციპული იყო, რომ ჩვენ კვოტა ამ დელეგაციაში დაგვეკარგა. სხვა დელეგაციებზე ხელი არ უხლიათ და გადაწყვეტილება მაინცდამაინც ევროსაბჭოზე მიიღეს. უმცირესობა შეიკრიბება და გადაწყვეტილებას მიიღებს, ვინ უნდა იყოს ძირითადში და ვინ სათადარიგში, მაგრამ ის ვინც არ უნდა იყოს, გარწმუნებთ, ხელისუფლებას ტკბილი და დალხინებული ცხოვრება რა ექნება“, - აღნიშნავს გოგორიშვილი, რომლის მსგავსად, კვოტის დათმობას პოლიტიკურ ჭრილში განიხილავს გიორგი კადელაკი.

for.ge-სთან საუბარში კანდელაკი აცხადებს, რომ მთავრობა საკუთარი დროის და რესურსების ხარჯვას ოპოზიციის წინააღმდეგ ახდენს.

მისი თქმით, მმართველი უმრავლესობის მიზანია, ევროსაბჭოს დელეგაციიდან ნაციონალები გააგდონ და მათ ნაცვლად, დელეგაციაში ფორმალური ხალხი შეიყვანონ.

„ბიძინა ივანიშვილი ფიქრობს, რომ სექტემბერში მიღებული რეზოლუციის მიზეზი იყო არა საქართველოში მიმდინარე პროცესები, არამედ ნაციონალების საქმიანობა. ამიტომ, ჩვენ უნდა დავისაჯოთ“, - აცხადებს კანდელაკი, რომლის პათოსს იზიარებს დავით დარჩიაშვილი.

for.ge-სთან საუბარში დარჩიაშვილი აღნიშნავს, რომ კვოტების გადანაწილების მიზნით, კონსულტაციები უნდა გამართულიყო და ხელისუფლებას გადაწყვეტილება ხელის გადაგრეხვით არ უნდა მიეღო.

„ევროსაბჭოში, 46 სახელმწიფოსთან ჩვენი საიმართლე მიგვაქვს, უმრავლესობა კი ევროსაბჭოში ჩვენი არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობას გვამრთმევს, რაც დამაზიანებელია ქვეყნისთვის“, - აღნიშნავს დარჩიაშვილი.

მმართველი გუნდი კვოტების თავიდან გადანაწილებას ოპოზიციაში „თავისუფალი დემოკრატების“ გადასვლით ხსნის და განმარტავს, რომ დელეგაციებში უმრავლესობა უმცირესობაში არ უნდა იყოს.

როგორც for.ge-ს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად კვაჭანტირაძემ განუცხადა, კვოტების თავიდან გადანაწილებით უსამართლობის გამოსწორება მოხდა.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტში პოლიტიკური ვითარება შეიცვალა, აღმოჩდა, რომ ევროსაბჭოს დელეგაციაში უმრავლესობა უმცირესობაში იყო, რაც გამოსასწორებელი იყო.

„ვთვლით, რომ დელეგაციაში ოპოზიცია ფართო სპექტრით უნდა იყოს წარმოდგენილი“, - დასძენს კვაჭანტირაძე, რომლის მსგავსად, ფრაქცია „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარე დავით ბერძენიშვილი კვოტების გადანაწილების მიზეზებს განმარტავს.

for.ge-სთან საუბარში ბერძენიშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ხუთი დეპუტატით იყო წარმოდგენილი, სადაც სამი კვოტა უმრავლესობას ეკუთვნოდა, ორი უმცირესობას, მაგრამ ვინაიდან, „თავისუფალი დემოკრატები“ ოპოზიციაში წავიდნენ, ნაციონალებს ერთი კვოტის დათმობა მოუწიათ.

მისი განცხადებით, ნაციონალებს დელეგაციაში ოთხი წევრის ნაცვლად, მომავალში სამი წარმომადგენელი ეყოლებათ.

„ევროსაბჭოში ორი ძირითადი ადგილის შენარჩუნების მოტივით, ნაციონალებმა გმირობა ჩაიდინეს, რადგან აქამდე აცხადებდნენ, რომ თბილისში მდებარე პარლამენტში საქმიანობა ანტისახელმწიფოებრივი იყო, მაგრამ რატომღაც, ისინი კომიტეტის სხდომაზე გამოცხადნენ. ანუ, აქ მუშაობა კონსტიტუციური გახდა“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.

კვოტების გადანაწილების თაობაზე, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ბიურომ დააკანონა. შესაბამისად, ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციაში ოპოზიციური ფლანგიდან „თავისუფალი დემოკრატებიც“ იქნებიან.

იმ შემთხვევაში თუ, „თავისუფალ დემოკრატებს“ პარლამენტში პოლიტიკურ თანამდებობებს დაატოვებინებენ, ამით ფრაქცია „ქართული ოცნება“ იხეირებს, რომელიც ბიუროს სხდომაზე გადაწყვეტილებების მიღებისას უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი და მათ ამა თუ იმ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება აღარ გაუჭირდებათ.