გუდაურსა და ბაკურიანში გათოვლიანების პირველი ფაზა დასრულდა. სეზონი უკვე გახსნილია, ხელოვნური თოვლიც „დევს“, მაგრამ ადგილობრივები მაინც ტურისტების სიმცირეს უჩივიან. რუსეთ-უკრაინის კრიზისმა ამ ქვეყნებიდან ვიზიტორების ნაკადი შეამცირა.
გუდაურის განვითარების სააგენტოსა და კომპანია DEMACLENKO - the future of snow-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, გუდაურსა და დიდველზე უკვე განხორციელდა გეოლოგიური და ტოპოგრაფიული სამუშაოები, მოხდა წყლის ხელოვნური რეზერვუარების დაპროექტება და გათოვლიანდა გუდაურში - 1,1 კმ-ის, ხოლო დიდველზე 2 კმ ტრასა. მეორე ფაზა მოიცავს გუდაურსა და დიდველზე წყლის ხელოვნური რეზერვუარის მშენებლობასა და გუდაურში დაახლეობით 4 კმ სასრიალო გზის გათოვლიანებას.
„სეზონის სტაბილურობა და ხანგრძლივობა განაპირობებს ტურისტების რაოდენობის ზრდას. ამ პროექტმა მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა ინვესტორებს, ბევრი ბიზნესმენია დაინტერესული ინვესტირებით. ეს არი დიდი საჩუქარი ზამთრის სეზონის მოყვარულთათვის და ვულოცავ ყველას სეზონის გახსნას“, - განაცხადა გუდაურში სტუმრად მყოფმა პრემიერ–მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილის პროგნოზით, წლევანდელი სეზონი საკმაოდ აქტიური იქნება და ტურისტების რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზრდება. გათოვლიანების სისტემის მოწყობის სრული ღირებულება დაახლოებით 23 მილიონი ლარია. პროექტის ფარგლებში უკვე დამონტაჟდა 65 „თოვლის თოფი“, ასევე დამონტაჟებულია ღამის განათებები და საინფორმაციო მონიტორები.
ხელისუფლება იმედოვნებს, რომ გათოვლიანების სისტემისა და ინფრასტრუქტურის მოწყობა ხელ შეუწყობს სათხილამურო სეზონის 5 თვით გახანგრძლივებას, შექმნის სპორტსკოლების განვითარების, სწავლების სეზონის გაზრდის და საერთაშორიო შეჯიბრებების მოწყობის შესაძლებლობას, გაიზრდება ტურისტთა რაოდენობა, ადგილობრივი მოსახლეობითვის კი შემოსავლები.
„ერთ-ერთი მასშტაბური პროექტია ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მოწყობა, რომელიც გარდამტეხი ეტაპია საქართველოს ზამთრის კურორტების განვითარების ისტორიაში. პროექტის განხორციელება სრულად დასრულდება 2015 წლის ნოემბერში. აღნიშნული პროექტის განხორციელებით სეზონის გახსნა აღარ იქნება დამოკიდებული ამინდზე, ეს კი ხელს შეუწყობს სეზონის სტაბილურობას და მის გახანგრძლივებას, რაც დადებითად აისახება როგორც დამსვენებლებზე, კერძო მესაკუთრეებზე და ინვესტორებზე, ასევე სახელმწიფოს ეკონომიკაზე.
მნიშვნელოვანი სიახლე დაინერგა სასრიალო აბონემენტის კუთხით. გუდაურსა და დიდველზე დაინერგა ერთიანი სააბონემენტო სისტემა, რომელიც დამსვენებელს საშუალებას მისცემს, ისარგებლოს ერთი აბონემენტით როგორც ბაკურიანში დიდველზე, ასევე გუდაურში. ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება ონლაინ რეჟიმშიც. პირველად დამსვენებელს შეეძლება შეიძინოს სეზონური აბონემენტი უპროცენტო განვადებით. - განმარტავს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ დირექტორი ალექსანდრე ონოფრიშვილი.
გუდაურსა და ბაკურიანში „თეთრი სეზონი“ უკვე გახსნილია, მაგრამ როგორც ჩანს, ხელოვნურმა თოვლმა ტურისტებში დიდი ინტერესი ვერ გამოიწვია. მათ ბუნებრივი ურჩევნიათ. ამიტომ წინა წლებთან შედარებით, წელს ზამთრის კურორტებზე სასტუმროს მფლობელები, სეზონური შემოსავლისგან დიდ ხეირს არ ელიან. ვიზიტორების სიმცირე ბუნებრივი პირობების გარდა, რამდენიმე სხვა მიზეზით აიხსნება.
„წელს გაცილებით ნაკლები დამსვენებელი გვყავს. ამ პორობლემაზე სასაუბროდ, რამდენიმე დღის წინ შევიკრიბეთ „გუდაურში“ არსებული სასტუმროების მფლობელები. ყოველწლიურად, ტურისტების რაოდენობა წინა წელს თოვლის მოსვლა-არმოსვლით განისაზღვრება. რადგან შარშან ამ დროს თოვლი არ იყო, წელს ცოტა ადამიანი გვესტუმრა.
სხვა მიზეზებიც არსებობს: ბოლო წლების განმავლობაში, უკრაინიდან ბევრი ტურისტი ჩამოდიოდა. ახლა იქ ომია და უკრაინელი ტურისტების რაოდენობაც მკვეთრად შემცირდა. იგივე შემიძლია ვთქვა რუსეთზე, რუბლის გაუფასურებამ და ეკონომიკურმა კრიზისმა, რუსეთიდან შემოსულ ტურისტებზეც იქონია გავლენა“, - აცხადებს გუდაურში მდებარე სასტუმრო „შელეს“ მფლობელი მარინა რამინაშვილი.
„შარშანდელთან შედარებით უკეთესი ვითარება ნამდვილად არ არის, რადგან თოვლი არ არის. ვიზიტორების ნაკლებობა რუსეთსა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებითაც აიხსნება. სხვა ქვეყნებიდან კი, ამინდის გამო არ ჩამოდიან, უთოვლობა ძალიან გვიშლის ხელს. ახალ წლამდე პაუზა გვაქვს, იანვრის შუა რიცხვებიდან კი ბინები დაჯავშნილია“, - აღნიშნავს „ბიპიენთან“ საუბრისას ნატა მელქაძე, საოჯახო სასტუმროს მფლობელი ბაკურიანში.
კიდევ უფრო რთული ვითარებაა სვანეთში, რადგან ამჟამად იქ არც ბუნებრივი თოვლია და არც ხელოვნური. „წინა წლებთან შედარებით, ბევრი სტუმარი მყავს-მეთქი, ნამდვილად ვერ ვიტყვი. თოვლი ჩვენთვის სტუმრების რაოდენობას და შესაბამისად შემოსავალს განსაზღვრავს. თოვლის გარეშე, ვის რად უნდა ზამთრის კურორტი? თუ ვერ ისრიალეს, ვერ იგუნდავეს და თხილამურებზე ვერ დადგნენ, მარტო კუბდარის საჭმელად ხომ არ ჩამოვლენ? ამიტომ წელს სულ მარტო რომ არ ვიყოთ, ნათესავებს ველოდებით“, - ამბობს მესტიაში მდებარე სასტუმროს მფლობელი ჯიმშერ გუჯეჯიანი.