ჯანელიძეს სესიაშვილი შეცვლის?

ჯანელიძეს სესიაშვილი შეცვლის?

თავდაცვის მინისტრი საკუთარი უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებებს ამ დრომდე არ აკეთებს. საპარლამენტო უმრავლესობა თვლის, რომ რადგან თემაზე თავად მინისტრი არ საუბრობს, შეიძლება საზოგადოებას გაუჩნდეს განცდა, რომ შეცდომას თავად მინისტრი არ აღიარებს. თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში მომუშავე ექსპეტრები კი, უწყების ხელმძღვანელობის პოლიტიკური პასუხისმგებლობაზე საუბრობენ.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან განთავისუფლების საკითხი გადაწყვეტილია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მინდია ჯანელიძეს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი შეცვლის. შეგახსენებთ, რომ 22 დეკემბერს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრი ირაკლი სესიაშვილის შეხვდა. როგორც სესიაშვილმა აღნიშნა, პრემიერთან შეხვედრის მთავარი თემა უსაფრთხოების სისტემაში დაგეგმილი რეფორმა და ის ცვლილებები იყო, რომლებიც ძალოვან უწყებებში იგეგმება. ოფიციალურად ჯანელიძის შეცვლასთან დაკავშირებით განცხადებები არ კეთდება. ექსპერტები კი, თვლიან, რომ თავისი გამოცდილებით სესიაშვილი ძალიან შორს არის ასეთი პასუხისმგებლობის აღებისგან.

ჯანელიძის განთავისუფლების საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც უწყებამ 20 დეკემბერს უკრაინაში გარდაცვლილ ქართველ სამხედროსთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. საქართველოს ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მუჩაიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ აღნიშნული განცხადება საზიანოა საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და ეროვნული ინტერესებისათვის, ასევე, წარმოადგენს თავდაცვის სამინისტროს პოლიტიზაციის უაღრესად საშიშ მაგალითს.

for.ge გიორგი მუჩაიძეს ესაუბრა.

თავდაცვის სამინისტროს განცხადების შინაარსი, უარყოფითად იქნა შეფასებული, როგორც ხელისუფლების, ასევე უმრავლესობის მხრიდან. თუმცა, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი თვლის, რომ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები მიზანმიმართულად ცდილობენ შავი პიარის აგორებას თავდაცვის სამინისტოს წინააღმდეგ, რომელიც უკვე შეხვდა პრემიერ-მინისტრს და არსებობს ინფორმაცია, რომ შესაძლებელია სესიაშვილმა შეცვალოს მინდია ჯანელიძე...

- სესიაშვილის ამ განცხადებით გამოდის, რომ კოალიციაშიც უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები არიან. არ ვიცი, თვითონ სესიაშვილმა უნდა განმარტოს რას გულისხმობს. მის ამ განცხადებაზე კომენტარიც არ არის საჭირო.

რაც შეეხება განცხადების ტექსტს, მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ ტექსტი არ უნახვას მინისტრს და არც მოადგილეებს. მაშინ ვინ ქმნის თავდაცვის პოლიტიკას თავდაცვის სამინისტორში?

- ეჭვი მეპარება, რომ იმ პოლიტიკურმა პირებმა, რომლებიც ამ გაცხადების უკან დგანან და, რომლებიც საერთო მტრის წინააღმდეგ სიცოცხლეგაწირულ ქართველს პროვოკაციის მსხვერპლად მიიჩნვენ, შეძლონ ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის უზრუნველყოფა. ამ განცხადების შეცდომად მიჩნევა და თქმა, რომ არც მინისტრი და არც მოადგილეები საქმის კურსში არ არიან, ძნელად დასაჯერებელია და მეორეც, ასეც რომ იყოს, გამოდის, რომ ამ ძალაინ რთულ ვითარებაში თავდაცვის სამინისტრო პასუხისმგებელი პირის გარეშეა, რაც არანაკლებ შემაშფოთებელია.

გახსოვთ შს მინისტრის განცხადება, იგივე საბურავებთან დაკავშირებით, ახლა თავდაცვის სამინისტროს განცხადება, ეს იმაზე მეტყველებს, რომ უსაფრთხოების სექტორის პოლიტიზაცია და პოლიტიკური ნიშნით გამოყენება ხდება. ეს ძალიან დიდი საფრთხის შემცვლელია, რამდენადაც ამ სამინისტროს ხელმძღვანელები, მითუმეტეს, ასეთ რთულ პირობებში, მაქსიმალურად უნდა ემსახურებოდნენ ქვეყნის უსაფრთხოებას, ქვეყნის ინტერესებს და არა ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური პარტიის ინტერესებს.

ოკუპირებული ტერიტორიები, თბილისიდან 40 კილომეტრში დგას საოკუპაციო ჯარი, მოხდა აფხაზეთთან მოკავშირეობის ხელშეკრულების გაფორმება, იგივე ხდება ცხინვალთან მიმართებაში, ამ ვითარებაში რამდენად დამაზიანებელია ქვეყნის უსაფრთხოებისთვის თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის განცხადება, რომ მინისტრთან კომუნიკაცია ვერ მოხერხდა, რომ ტექსტი შეეთანხმებინათ?

- ბატონმა ღირსიაშილმა თქვა, რომ არც თავდაცვის მინისტრი და არც მოადგილეები არ იყვნენ საქმის კურსშიო. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ არ მახსოვს ფაქტი, რომ სამინისტროს ხელმძღვანელობის საქმის კურსში ჩაყენების გარეშე მომხდარიყო სამინისტროს სახელით და მითუმეტეს, ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე განცხადების გამოქვეყნება. თუ ეს მართლაც ასე მოხდა, ეს კიდევ უფრო შემაშფორებელია, გამოდის, რომ თავდაცვის სამინისტროში უმართავი პროცესებია. რაც შეეხება უსაფრთხოებას, ჯერ ასეთი განცხადება და მერე იმის თქმა, რომ თურმე საქმის კურსში არ იყო ხელმძღვანელობა, ძალიან ცუდად წარმოაჩენს ჩვენს ქვეყანას და მის თავდაცვის სამინისტროს.

ფაქტობრივად, მტერიც და მოყვარეც ხედავს, რომ სათანადოდ ვერ ფუნქციონირებს თავდაცვის სისტემა და შიგნით სერიზოული პრობლემებია. რაც ყველაზე საგანგაშოა, თავდაცვის სამინისტროს სერიოზულად პოლიტიზირებულია. ეს ყველაფერი სერიოზულ ზიანს აყენებს, როგორც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას, ასევე ქვეყნის პრესტიჟს. ამიტომ, აუცილებლად უნდა დადგეს თავდაცვის სამინისტროს ხელძღვანელობის პასუხისმგებელობის საკითხი.

ჩემთვის მიუღებელია პიარ-დეპარტამენტს დააბრალო ამხელა განცხადების გაკეთება. წარმოუდგენელია, ამ დეპარტამენტს ჰქონოდა იმის გაბედულება, რომ ასეთი მნიშვნელოვანი განცხადება თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეთანხმების გარეშე გაეკეთებინა, ეს არის უპრეცედენტო შემთხვავა. დარწმუნებული ვარ, რომ განცხადება შეთანხმებული იქნებოდა მინისტრთან. და, თუ საქმის კურსში არ იყო მინისტრი, ეს არანაკლები საშიშროების მატარებელი პრეცედენტია, რაც წარმოაჩენს თავდაცვის სისტემაში მართვის პროცესების მოშლილობას.

როდესაც მინდია ჯანელიძე დაინიშნა თავდაცვის მინისტრად, მაშინვე გაკეთდა განცხადებები, რომ ის ვერ იქნებოდა დამოუკიდებელი, კეთდებოდა შეფასება უწყების პოლიტიზირების შესახებ. თქვენ, როგორ ფიქრობთ, რამ გამოიწვია უწყების 2 თვეში პოლიტიზირება?

- სამწუხაროდ, ეს არის უკვე ტენდეცია. მე მგონია, რომ საბოლოო ჯამში, ეს განცხადება არ იყო მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს მომზადებული. მსგავსი სახის განცხადების სტილი მთლიანად მოდის მთავარობის ხელმძღვანელის მხრიდან, ანუ პრემიერ-მინისტრიდან, რადგან მასაც არერთხელ გაუკეთებია ზედმეტად პოლიტიზირებული განცხადებები. სავსებით ლოგიკურია დავასკვნათ, რომ სწორედ ამ განცხადების შინაარსის საქმის კურსში იყო პრემიერ-მინისტრი. თავდაცვის ხელმძღვანელობის მხრიდან მხოლოდ მას შემდეგ მოხდა რეაგირება, როდესაც რეაგირება გააკეთა პრემიერ-მინისტრმა.

პირდაპირ მიბმული იყო პრემიერის განცხადებაზე თავდაცვის სამინისტროს მხრიდან ბოდიშის მოხდის ფაქტი. პრობლემაც ის არის, რომ ასეთი განცხადებები არა იწერება ამ სამინისტროებში, ასეთი განცხადებები იწერება მთავრობაში პრემიერ-მინისტრის დასტურით, შემდეგ ხდება უკვე შესაბამისი მინისტრების მხრიდან ამ განცხადების გაჟღერება.

იქ არის პოლიტიკაციის თავი, რომ არაფერი ვთქვათ ყოფილ პრემიერ-მინისტრზე, რომელსაც ძალიან სერიოზული გავლენა აქვს მოქმედ პრემიერ-მინისტრზე. განცხადება, რომელიც გაკეთდა თავდაცვის სამინისტროს მიერ, ეს არის ამორალური განცხადება და საქართველოსთვის თავგანწირული გმირების შეურაცხყოფა. მინისტრმა უნდა მოიხადოს ბოდიში, მაგრამ ყველა შემთხვევაში აუცილებლად უნდა დადგეს თავდაცვის სამინისტროს ხელძღვანელობის პასუხისმგებლობის საკითხი.