რუსულმა ავიაკომპანია „ტრანსაერომ“ ქართული მხარის მითითება არად ჩააგდო, მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის მიმართულებით რეისი უნებართვოდ შეასრულა და კიდევ, საქართველოს მთავრობა დაადანაშაულა. ავიარეისი, 21 დეკემბერს განხორციელდა. ქართული ავიაკომპანია „აირზენა“ კი, რომელსაც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან ისედაც დაძაბული ურთიერთობა აქვს, ამ ფაქტმა ძალიან გააღიზიანა.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელი გურამ ჯალაღონია აცხადებს, რომ „ტრანსაეროს“ ფრენის შესრულების უფლება მგზავრთა ინტერესებიდან გამომდინარე მისცა, მიუხედავად იმისა, რომ რეგულარული ფრენების შესრულების უფლება არ მიუღია.
„ტრანსაერო“ გაფრთხილებული გვყავდა, რომ არ ეწარმოებინა ბილეთების გაყიდვა. მიუხედავად ამისა, მან ბილეთების გაყიდვა დაიწყო და 21 დეკემბერს თბილისის მიმართულებით პირველი რეისიც განახორციელა. მე გაფრთხილებული მყავდა, რომ ვერ მოხერხდებოდა ამ რეისის შესრულება, ვინაიდან რუსული მხარის მიერ კი იყო დანიშნული, მაგრამ ჩემგან ნებართვა არ ჰქონდა მიცემული. აქედან გამომდინარე, მე იძულებული ვიყავი გუშინ ერთჯერადი ფრენის შესრულების უფლება მიმეცა მომხმარებლების ინტერესებიდან გამომდინარე. თორემ თვითონ ავიაკომპანია არ იქცევა სწორად“, - აცხადებს ჯალაღონია.
მისი თქმით, ავიაკომპანიის მომავალ რეისებთან დაკავშირებით რუსულ მხარესთან კონსულტაციები გაიმართება.
„მგზავრების უფლებებს ვიცავ და ერთჯერადი ჩარტერების შესრულების უფლებებს ვაძლევ. წინააღმდეგი არ ვარ მისი შემოსვლის, მაგრამ აქ არის ტექნიკური საკითხები, რომლებსაც კონსულტაციების დროს გავივლით“, - აცხადებს გურამ ჯალაღონია.
რუსული ავიაკოამპანია „ტრანსაერო“ კი დიდ გულზეა და საქართველოს საავიაციო სააგენტოს უპირისპირდება. კომპანია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის დეპარტამენტს რუსეთსა და საქართველოს შორის გაფორმებული შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს.
„საქართველოს საავიაციო ხელისუფლების უარი, რომელიც მან „ტრანსაეროს“ თბილისი-მოსკოვის მიმართულებით ფრენის შესრულებაზე უთხრა, არის ორ ქვეყანას შორის მიღწეული შეთანხმების უხეში დარღვევა. ამ შეთანხმების თანახმად, უნდა გაუქმდეს ყველა შეზღუდვა, რომელიც აქამდე ფრენის რაოდენობასთან დაკავშირებით არსებობდა“, - ნათქვამია განცხადებაში.
ავიაკომპანია „ტრანსაეროს“ განმარტებით, რუსეთის ხელისუფლებამ კომპანიას მიანიჭა რეგულარუი ავიაგადამზიდავის სტატუსი თბილისი-მოსკოვის რეისებზე, მანვე თბილისის საერთაშორისო აეროპორტისაგან მიიღო სლოტები, რომელზე დაყრდნობითაც შემუშავდა ფრენების განრიგი. რეისების შესრულება 21 დეკემბერს უნდა დაწყებულიყო, ავიაკომპანია უკვე ბილეთებს ყიდდა, თუმცა საქართველოს საავიაციო ხელისუფლებამ მას პრობლემები შეუქმნა და ფრენების უფლება არ მისცა. ახლა კომპანიას უკვე გაყიდული ბილეთების თანხის მგზავრებისათვის უკან დაბრუნება მოუწევს. საქართველოს საავიაციო ხელისუფლების მსგავსი მიდგომები ხელს უშლის საქართველოსა და რუსეთს შორის რეგულარული ავიარეისების განვითარების დინამიკას“, - განმარტავენ კომპანიაში.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ადანაუშაულებს „აირზენაც“. კომპანიაში მიიჩნევენ, რომ რუსული ავიაკომპანიები საქართველოში იმაზე მეტი სიხშირით დაფრინავენ, ვიდრე ორ ქვეყანას შორის შეთანხმება ითვალისწინებს.
„აირზენას“ ხელმძღვანელი იასე ზაუტაშვილი ამბობს, რომ დღეისათვის რუსეთის მხრიდან რეისები კვირაში 18 სიხშირით ხორციელდება. ეს იმას ნიშნავს, რომ მხარეებს შორის პარიტეტი ირღვევა.
„ის დაპირება, რომელიც ჩვენი კომპანიისადმი იყო ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან, რომლის შემდეგაც ჩვენ შევწყვიტეთ აქციები და პროტესტი და ველოდებოდით დადებით გადაწყვეტილებებს და შედეგებს, არ გამართლდა. ქართულ ბაზარზე შემოვიდა „ტრანსაერო“. უწყებაში საჯაროდ აცხადებდნენ, რომ თბილისი-მოსკოვის რეისზე რუსეთის მხრიდან კვირაში 14 სიხშირეზე მეტი არ იქნებოდა, ხოლო დღეს გვაქვს კვირაში 18 სიხშირე რუსეთის მხრიდან. დაფრინავენ „ტრანსაერო“, „სიბირი“ და „აეროფლოტი“, - აცხადებს იასე ზაუტაშვილი „კომერსანტთან“ საუბრისას.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელი გურამ ჯალაღონია კი აცხადებს, რომ რუსულ ავიაკომპანიებზე სიხშირეები მგზავრების ინტერესების დაცვითა და სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვისგან თავის არიდების მიზნით გასცა.
„რუსული ავიაკომპანიები უკვე იყენებენ მგზავრებს თავიანთი კომერციული ან პროვოკაციული მიზნების განსახორციელებლად. ამის თავიდან აცილების მიზნით მე გავეცი ნებართვა არა რეგულარულ, არამედ ერთ ჩარტერულ რეისზე“, - აღნიშნავს ჯალაღონია.