გაერო აფხაზეთის „მოკავშირეობას“ გმობს, ცხინვალი კი  ემზადება

გაერო აფხაზეთის „მოკავშირეობას“ გმობს, ცხინვალი კი ემზადება

რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის გაფორმებული ე.წ. მოკავშირების საკითხი იყო გაერო-ს უშიშროების საბჭოს შემაჯამებელი სხდომის ერთ-ერთი მთავარი საკითხი. სხდომაზე, აშშ-ის, ლიტვისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებმა რუსეთისა და აფხაზეთს შორის დადებული ე.წ. მოკავშირეობის შეთანხმება დაგმეს. მათივე განცხადებით, ხელშეკრულებით დაირღვა საქართველოს სუვერენიტეტი, რომელიც საფრთხეს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებას.

გაერო-ში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილის პიოტრ ილიჩევის განცხადებით, „სტრატეგიული პარტნიორობისა და მოკავშირეობის შესახებ“ ე.წ. შეთანხმება გაერო-ს უშიშროების საბჭოზე არ უნდა იყოს განხილული, რადგან ეს ორმხრივი შეთანხმების საგანს წარმოადგენს. 

საქართველოს მუდმივი წარმომადგენლი გაერო-ში კახა იმნაძე თვლის, რომ მთავარია გაერო-ს უშიშროების საბჭოს ფარგლებში საქართველოს საკითხი ფიგურირებს. კახა იმნაძის განცხადებით: „ამ შეხვედრაზე ჩვენმა პარტნიორმა ქვეყნებმა ხაზი გაუსვეს იმ საკითხს, რომ აფხაზეთის რეგიონთან ასეთი ხელშეკრულების გაფორმებით რუსეთი ფაქტობრივად არღვევს გაერო-ს ქარტიის წესებს, ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ და აფხაზეთის ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯი. აქ მთავარი ის არის, რომ უშიშროების საბჭოს ფარგლებში ჩვენი საკითხი ფიგურირებს და ამ საკითხზე არსებობს მტკიცე პოზიცია ჩვენი პარტნიორების მხრიდან“, - განაცხადა კახა იმნაძემ. 

გაერო-ს უშიშროების საბჭოს, საქართველოს მხარდამჭერი განცხადებებისთვის მადლობას უხდის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. როგორც პრესპიკერმა დავით კერესელიძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, მუშაობა გრძელდება იმისათვის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას დროული, სწორი ინფორმაცია მიეწოდოს ყველა ფორმატში. მისივე თქმით, გაერო-ს უშიშროების საბჭოს შემაჯამებელ სხდომაზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებების გაკეთება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერის გამოხატულებაა.

მეგობარი ქვეყნების მხარდამჭერ პოზიციას საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი. პრეზიდენტის განცხადებით, იმ რთულ ვითარებაში, როდესაც ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი, ასეულ ათასობით მოქალაქე ქცეულია ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად, საქართველო აწარმოებს კონსტრუქციულ, მშვიდობიან და რაციონალურ პოლიტიკას.

„ამის მიუხედავად, რუსეთის ფედერაციამ მაინც გადადგა ნაბიჯები სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიების ანექსიისაკენ, რაც კიდევ უფრო ამძიმებს რეგიონის უსაფრთხოების გარემოს. მოცემულ რეალობაში უაღრესად მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რომელსაც გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრები გამოხატავენ, როგორც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, ისე საქართველოს თანმიმდევრული პოლიტიკის მიმართ. მტკიცედ გვწამს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიურ ჩაბმულობას შეუძლია გადამწყვეტი როლი შეასრულოს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე პროცესების შესაჩერებლად“, - აღნიშნულია გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში.

პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ რუსეთსა და ცხინვალის რეგიონს შორის თანამშრომლობისა და ინტეგრაციის თაობაზე ე.წ. შეთანხმება იანვრის ბოლომდე მომზადდება. განცხადება ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ ვლადისლავ სურკოვმა გააკეთა, რომელიც ვიზიტით ცხინვალში იმყოფება. სურკოვის თქმით, აღნიშნული შეთანხმების იმპლემენტაცია დამატებით ხარჯებს მოითხოვს. სურკოვმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ლეონიდ თიბილოვთან შეხვედრისას უსაფრთხოებისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის სოციალური დახმარების პუნქტებს გაუსვა ხაზი.

„რუსეთი ცხინვალისთვის დაფინანსების გაზრდისთვის მზად არის. რუსეთში არსებული ეკონომიკური კრიზისი მოსკოვს ცხინვალის, როგორც „სტარტეგიული პარტნიორის“ წინაშე, აღებული ვალდებულებების შესრულებაში ხელს ვერ შეუშლის. 

„რა თქმა უნდა, რუსეთს ახლა საუკეთესო პერიოდი არ უდგას, რაც განპირობებულია სანქციების რეჟიმით, მაგრამ მზად ვართ, მომავალი თანამშრომლობისა და დაფინანსების გაზრდისთვის. სამხრეთ ოსეთის მოქმედი ხელისუფლება ყველაზე ეფექტურად მუშაობს. ეს პირველი ხელისუფლებაა, რომელმაც შეასრულა ყველაფერი, რაც დაგეგმილი იყო. ვიმედოვნებ, წლის ბოლომდე საინვესტიციო პროგრამების 100 პროცენტიან შესრულებაზე გავალთ“, - განაცხადა ვლადისლავ სურკოვმა.

შეხვედრაზე ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა აღნიშნა, რომ რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის მოკავშირეობისა და პარტნიორობის შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. მისი თქმით, შეთანხმებაში ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციაში პირდაპირი შესვლის საკითხი უნდა იყოს განხილული.