ამერიკა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმს ახალ სანქციებს უწესებს - აშშ-ის მოქალაქეებს ყირიმში ინვესტიციების განხორციელება და ყირიმიდან აშშ-ში ნებისიერი პროდუქციის შეტანა ეკრძალებათ. უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა კანადამაც მათ შორის, შეიზღუდა ტექნოლოგიების ექსპორტი, რომელიც რუსეთში ნავთობის მოპოვებისთვის გამოიყენება.
ახალი სანქციების გარეშეც კი რუსეთის ეკონომიკა უკვე უმძიმეს მდგომარეობაშია - ჯერ კიდევ გასულ წელს არსებობდა პროგნოზები, რომ რეგიონში სიტუაცია შესაძლებელი იყო იმდენად შეცვლილიყო, რომ საქართველოს შანსი ექნებოდა, რაციონალური საგარეო პოლიტიკის გატარების შემთხვევაში, შექმნილი მდგომარეობა მისთვის სასარგებლოდ გამოეყენებინა.
როდესაც რუსეთი საკუთარ პრობლემებშია ჩაძირული, გვაქვს თუ არა თუნდაც, თეორიული შანსი, მოვიპოვოთ შედარებით ანგარიშგასაწევი ქვეყნის სტატუსი, რომელიც შემდგომ, უკვე, საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის გადაწყვეტას თუ არა, მოსალოდნელი ანექსიის თავიდან აცილებას მაინც შეძლებს, ამ თემაზე ექსპერტი, კახა გოგოლაშვილი გვესაუბრება.
კახა გოგოლაშვილი: სწორედ იმიტომ, რომ რუსეთი ასეთ მდგომარეობაშია, შესაძლოა, ყველაზე უფრო სარისკო მომენტი დგება. შეიძლება, ნებისმიერი ნაბიჯი გადადგას პუტინმა ქვეყნის გარეთ იმისთვის, რომ რაღაცნაირად ქვეყანა არ დაეშალოს და მისი კონსოლიდაცია მოახდინოს. არ არის გამორიცხული, გარდა უკრაინისა, კიდევ გარე მტრების ძიება დაიწყოს. შესაძლოა, მისთვის მომგებიანი იყოს სწრაფი გამარჯვება რომელიმე ქვეყნაზე, რომელიმე „მტერზე“.
ამიტომ, ამ ვითარებაში საქართველოს მხრიდან რუსეთის გაღიზიანება სარისკოა. მეორე მხრივ, საქართველო არ უნდა ჩამორჩეს საერთაშორისო დინებას. საერთაშორისო განწყობებს და აზრს არ უნდა განუდგეს, სინქრონულად უნდა იმოქმედოს ევროპასა და ამერიკასთან ერთად. ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მოსთხოვენ, დაუწესოს სანქციები რუსეთს და ა.შ. მაგრამ მყარი პოზიცია უნდა გამოხატოს, რას უჭერს ქვეყანა მხარს და რას - არა.
საქართველომ სიტუაცია გამოიყენოს იმისათვის, რომ რუსეთს რაღაც გამოსტყუოს, არ მგონია, ეს შესაძლებელი იყოს. რუსეთი ჯერ კარგახანს არ დასუსტდება ისე, რომ საქართველოსთან რაიმე სახვეწარი, ან გასაყოფი ჰქონდეს. რუსეთმა აიღო რაც უნდოდა ჩვენი ქვეყნიდან და ჩვენი უახლოესი ამოცანაა, უფრო მეტი არ წაიღოს ჩვენგან.
აფხაზეთთან გაფორმებულ და სამხრეთ ოსეთთან მოსალოდნელ ხელშეკრულებებზეა საუბარი?
- ეს ხელშეკრულებები ჯერ კიდევ დასაწყისია და მისი განვითარება კიდევ უფრო უარესი იქნება. აფხაზეთთან დადებული ხელშეკრულება მიზნად ისახავს გარკვეული საფუძვლის შექმნას იმისათვის, რომ შემდეგი ხელშეკრულებებით რუსეთმა კიდევ უფრო შემოიმტკიცოს აფხაზეთი და ასიმილაციის და თავისი მოსახლეობის იქ ჩასახლების შესაძლებლობა ჰქონდეს. ეს არის ყველაზე დიდი საფრთხე აფხაზებისთვისაც და ჩვენთვისაც.
სამხრთ ოსეთშიც იგივე სცენარია მოსალოდნელი?
- სამხრეთ ოსეთში ეს კიდევ უფრო მარტივად გაკეთდება, რადგან იქ პრაქტიკულად, მოსახლეობა არ არის - 15-20 ათასი კაცი ცხოვრობს სულ და პლუს, რუსული სამხედრო ბაზებია. იქ ჩასახლებასა და ასიმილირებასაც არაფერი უნდა, მაგრამ პრინციპში, ეს არც სჭირდებათ.
რეფერენდუმი რომ ჩაატარონ ახლავე, სამხრეთ ოსეთი მხარს დაუჭერს რუსეთთან შეერთებას. ამ მომენტში რუსეთი რა თქმა უნდა, არ გარისკავს და რეფერენუმის ჩატარებას არ დაიწყებს, მაგრამ ეს ნამდვილად აქვს დაგეგმილი და დარწმუნებული ვარ, ამ გეგმას აღასრულებს, როგორც კი გამონახავს საბაბს. ეს საბაბი შეიძლება იყოს კონფლიქტი საქართველოსთან, ურთიერთობების კიდევ უფრო გამწვავება დ ა.შ.
შესაძლოა, შიდა პრობლემებიდან გამომდინარე - როდესაც სხვას ვერაფერს ვერ აკეთებს პუტინი, რაღაც ტერიტორიებს იპყრობს და ამით ამართლებს თავის ყოფნას ხელისუფლების სათავეში. ახლა სათქმელი აქვს, რომ ხომ ნახეთ, ყირიმი შემოვიერთე, აღმოსავლეთ უკრაინის ნაწილი შემოვიმტკიცე და ეს კიდევ ყველაფერი არ არის, ახლა აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს შემოვიმტკიცებ. შეუძლია გააფუჭოს ურთიერთობა ყაზახეთთან და ყაზახეთის ნაწილი ააჯანყოს და შემოიმტკიცოს. იმაზეც საუბრობენ, რომ ბალტიისპირეთშიც ანალოგიური პროცესების ხელშეწყობა შედის მის გეგმებში - საუბარია ესტონეთსა და ლატვიაზე. ასეთი პროექტები აქვთ უახლოესი წლებისთვის, რადგან ეკონომიკურ სიტუაციას უახლოეს პერიოდში ვერ გამოასწორებენ და ვერ უშველიან.
განაცხადა კიდეც პუტინმა რომ ორი წელი მაინც დასჭირდება ეკონომიკის წამოსაწვად. თუმცა საინტერესოა, როდესაც რუსეთს ასეთი სერიოზული, ეკონომიკური პრობლემა აქვს გადასაჭრელი, ამ დროს ამერიკა უარს ამბობს საქართველოს უკრაინისა და მოლდოვისთვის ნატოს წევრობის გარეშე სტრატეგიული მოკავშირის სტატუსის მინიჭებაზე... ამ ქვეყნებისთვის მხარდაჭერის დაფიქსირება ამერიკისთვის წამგებიანი იქნებოდა? რას ნიშნავს ეს თავშკავება?
- როგორც ჩანს, ორი მიზეზია. თუ გამოაცხადებენ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას აშშ-ს მთავარ მოკავშირედ, ნატოს გარეშე, ეს ნიშნავს, რომ ამერიკა ვალდებულებას იღებს ამ ქვეყნების უსაფრთხოებაზე. ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ომი უნდა გაუჩაღოს იმას, ვინ ამ ქვეყანას შეუტევს, მაგრამ ამერიკა უზარმაზარი სახელმწიფოა და როდესაც ასეთ ვალდებულებას იღებს, ელემენტარულად, ქვეყნის პრესტიჟის და ღირსების საკითხია, რომ ამ ქვეყანას ხელი არავინ ახლოს.
რუსეთს სწორედ ეს შეუძლია, რომ ამერიკის პრესტიჟის დასაგდებად აიღოს და შეუტიოს საქართველოს ან მოლდოვას და წაართვას თუნდაც დნესტრისპირეთი - რეფერენდუმი ჩაატაროს შეიყვანოს ჯარი და თქვას, რომ ეს რუსეთის ნაწილია. რა უნდა ქნას ამერიკამ ამ შემთხვევაში? ან ომი უნდა დაუწყოს რუსეთს, ან უნდა აღიაროს, რომ სტატუსი კი აქვს ჩვენი მოკავშირის, მაგრამ ვერაფერს ვერ შველის. ასეთ სარისკო ვითარებაში ამ სტატუსის მინიჭება საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვასთვის პოლიტიკური რისკის შემცველია, რაც იმას ნიშნავს, რომ არც ისე დიდი შესაძლებლობები და სურვილი აქვს აშშ-ს რომ ჩაერიოს ძალიან ხისტად, არსებულ სიტუაციაში.
სამწუხაროდ, ეს კიდევ უფრო უხსნის რუსეთს ხელ-ფეხს, ძალიან მყიფე და არასტაბილური სიტუაციაა რეგიონში, რადგან არ არის არც ერთი დიდი აქტორი, რომელიც მტკიცედ ეტყოდა რუსეთს, ეს არის წითელი ხაზი და როგორც კი გადახვალ, ძალიან ცუდად მოგექცევით.
მაქსიმუმი, ეს არის სანქციები, რომელიც ნელ-ნელა მოქმედებს მაგრამ როგორც ვხედავთ, ძალიანაც არ აშინებს რუსეთს და აგრძელებს თავის აგრესიას უკრაინაში. მათ შორის საქართველოს მიმართაც - ასეთ არამარტივ სიტუაციაში ვიმყოფებით.
რაც შეეხება ევროპას, ის მაინც თუ არის მზად, საქართველოს ევროპულ ოჯახში მისაღებად? თუ ასოცირების ხელშეკრულების მიუხედავად, რუსეთის ფაქტორის გამო, ისიც მკაცრ გამოცდებს მოგვიწყობს, იმისათვის, რომ დასავლეთისკენ მიმავალი გზა გაგვირთულდეს?
- ევროპა ყოველთვის იყო საქართველოს მხარდამჭერი, ისე, როგორც ამერიკა, მაგრამ სწორედ იმაშია საქმე, რომ თვითონ ევროპის სამხედრო უსაფრთხოებას უზრუნვეყოფს ძირითადად ამერიკა. ნატოს შეიარაღების 70% ეს აშშ-ს შეიარაღება და მისი ძალებია, რომლებიც აკავებენ რუსეთსა და მისნაირ აგრესორებს. აშშ ერთადერთი გარანტორია, რომელსაც შეუძლია სამხედრო ძალით დაიცვას - ეს ომში ჩართვას არ ნიშნავს, მაგრამ მისი სამხედრო პოტენციალი იძლევა რუსეთის შეკავების საშუალებას.
სწორედ, როდესაც ამერიკა ასუსტებს თავის ჩართულობას რეგიონში და თავის მიზნებსაც აჩვენებს, რომ მას არ აქვს დაგეგმილი ჩაერთოს რუსეთთან ომში არც ერთ ვითარებაში და ამიტომაც არ ანიჭებს ამ ქვეყნებს ასეთ სტატუსს, რომ არ ჰქონდეს ამისი მორალური ვალდებულება, სამხედრო პასუხის გაცემის (ჯარების გაგზავნა არ იგულისხმება მაინც და მაინც, შესაძლებელია სამხედრო ტექნიკით დახმარება და ა.შ.), ეს არის მნიშვნელოვანი, თორემ ევროპას რომ უნდოდეს კიდეც, ისეთ დახმარებას მაინც ვერ გაგიწევს, როგორსაც აშშ - მას არ აქვს შესაძლებლობები და საკმაოდ მოუქნელიც არის - ერთიანი ევროპა ნატოს გარეშე, ეს არ არის სამხედრო ძალა, ეს არის რბილი, ეკონომიკური ძალა. ამ თვალსაზრისით, ძალიან ბევრი გააკეთა ჩვენთვის ევროპამ, ბევრს აკეთებს და გარკვეული გარანტია არის კიდეც იმისა, რომ ჩვენი უსაფრთხოება დაცულია. ყოველ შემთხვევაში, დიდი წვლილი მიუძღვით, ევროპასაც და აშშ-საც, რომ დღეს საერთოდ, რუსეთის ნაწილი არ ვართ. სამწუხაროდ, თუ სიტუაცია ძალიან გამწვავდა რუსეთთან, ისე, მაგალითად, როგორც იყო 2008 წელს, დიდი რისკია იმისა, რომ ჩვენ ასე მარტივად ვერ დაგვიცვან.
საქართველოსთვის რა პოზიცია იქნებოდა ასეთ შემთხვევაში მომგებიანი, იმის გათვალისწინებით, რა სიტუაციაც არის არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მსოფლიოში?
- ვფიქრობ, რომ ჩვენი ხელისუფლება ძალიან სერიოზულად უნდა ამზადებდეს თავის ჯარს და შეიარაღებას აძლიერებდეს. პირველი რიგის ამოცანაა თავდაცვისუნარიანობა. რატომღაც, ბოლო წლების განმავლობაში, საკმაოდ ხშირად ისმის და არა მარტო ქართველების მხრიდან - ბევრი უცხოელი ექსპერტიც იზიარებს ამ მოსაზრებას, - რად გვინდა ეს მილიტარიზაცია, ეს შეიარაღება, რუსეთს თუ მოუნდება, მაინც დაიპყრობს საქართველოს და ამიტომ, თავი დაანებეთ და იფიქრეთ ეკონომიკურ განვითარებაზე, მიმზიდველობაზე და ა.შ.
ეს პოზიცია ჩემი აზრით, მცდარია. ერთადერთი, რამაც შეიძლება შეაკავოს მყისიერი გადაწყვეტილებების მიღებისაგან ისეთი ქვეყანა, როგორიც რუსეთია, საქართველოსთან მიმართებაში, ეს არის კარგად შეიარაღებული საქართველო, რომელიც იცავს თავის უღელტეხილებს, სანაპიროს და სხვადასხვა მისადგომებს ისე, რომ მტერმა ადვილად ვერ აიღოს ეს ქვეყანა და ძვირი დაუჯდეს მისი დაპყრობა.
რასაკვირველია, თუ რუსეთმა წამოიწყო დამპყრობლური ომი, ის საქართველოს დაიპყრობს, როგორც 19-ე საუკუნეში გააკეთა ეს, მაგრამ როცა იცის რომ გაუჭირდება და ამას მარტივად ვერ გააკეთებს, იმ ფონზე, როდესაც რუბლი ასე ეცემა და ათასი ეკონომიკური პრობლემაა აქვს, პლუს უკრაინაში პრობლემები და სანქციები, არ უნდა ჰქონდეს შეგრძნება, რომ საქართველო ძალიან ადვილად ასაღები ქვეყანაა, უცებ შევაგორებ ტანკებს, გავხსნი კორიდორს სომხეთთან და გავაერთიანებ საერთოდ, გადავუკეტავ ევროპას აღმოსავლეთში გზას და მივაღწევ ჩემს უამრავ გეგმას.
როდესაც დასავლეთი დაინახავს, რომ საქართველო სერიოზულად ემზადება და სერიოზულად აძლიერებს თავის თავდაცვისუნარიანობას, ისინი ჩვენ ხელს შეგვიწყობენ. ნატოს ბოლო სამიტზე ზუსტად ამაზე იყო საუბარი - პარტნიორი ქვეყნების თავდაცვისუნარიანობას უნდა შეუწყონ ხელი - ამ მიმართულებით ისინი ბევრს გააკეთებენ ჩვენთვის.
მაგრამ, თუ ჩვენ არაფერს გავაკეთებთ, ჯარს არ განვავითარებთ, არ ვიაქტიურებთ ანტისაჰაერო თავდაცვის ელემენტებს არ ვიყიდით, და ვიტყვით, თქვენ დაგვიცავით თქვენი ჯარითო, ამას არ გააკეთებს არც ევროპა არც ამერიკა და არც ერთი სხვა ქვეყანა. ჩვენ არ ვართ ნატოს წევრები, რომ ეს ვალდებულება ჰქონდეთ და ნატოს წევრები რომ გავხდეთ კიდეც, ისინი დარწმუნებულები უნდა იყვნენ, რომ ჩვენ საკუთარი თავის დაცვის უნარი გვაქვს.
გვაქვს რეალური რესურსი შეიარაღების გაძლიერების? სახელისუფლებო ძალები ანგარიშს ხომ არ უწევენ იმას, რომ ეს რუსეთს გააღიზიანებს?
- ისედაც გასაგებია - რა თქმა უნდა, რუსეთი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ჩვენი თავდაცვისუნარიანობა იყოს სუსტი, მაგრამ ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, უნდა მოვძებნოთ რესურსი და გავაძლიეროთ ჩვენი ჯარი. ეს აუცილებელია. იმისთვის არსებობს მთავრობა, პარლამენტი და ამდენი ხალხი, რომელიც უნდა ფიქრობდეს სახელმწიფოს კეთილდღეობაზე, რომ მოიფიქრონ, რანაირად მოახერხონ ეს.
შეიძლება ქამრის შემოჭერაც გახდეს საჭირო, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა გაკეთდეს. მარტო იმაზე არ ვლაპარაკობ, რუსეთი შეგიტევს თუ არა. საფრთხე ნებისმიერი მხრიდან შეიძლება გაჩნდეს. ჩვენ არ ვიცით სად რა დესტაბილიზაცია მოხდება. მაგალითად, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის რომ ომი დაიწყოს, არ არის საფრთხე, რომ ამ ომმა საქართველოს საზღვრები გადმოლახოს და ომი გაჩაღდეს ჩვენს ტერიტორიაზეც? - თავისავად, არსებობს, თუ არ გვეყოლება ძლიერი ჯარი, რომელიც ამას არ დაუშვებს.
ან თუნდაც ჩრდილო კავკასიაში რომ ისევ ომი გაჩაღდეს, არ უნდა გვქონდეს თავდაცვის საშუალება? - რუსეთს შეუძლია შემოაგდოს უბრალოდ, სხვადასხვა ჯგუფები. ჩრდილო კავკასიელებსაც შეუძლიათ გამოიყენონ ჩვენი ტერიტორია პლაცდარმად რუსეთის ოფიციალური შენაერთების წინააღმდეგ. ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ, თუ არ გვინდა რომ ჩვენი ტერიტორიის დაბომბვა მოხდეს და ამისთვისაც გვჭირდება ჯარი.
ეს ელემენტარულია, პირველ რიგში, რაც სჭირდება ქვეყანას, ეს არის თავდაცვისუნარიანობა, დანარჩენი მოდის მერე, ასოცირების შეთანხმება ევროკავშირთან, თავისი ელემენტებით, მისი დანერგვა და ა.შ. ყველა რეფორმა, მართლმსაჯულება, ეკონომიკური განვითარება და ა.შ. სხვათა შორის, ინვესტიციების მოზიდვის კუთხითაც, რაც უფრო კარგად არის გარანტირებული ქვეყნის უსაფრთხოება, მათ შორის - თავდაცვა, მით უფრო მარტივად და ადვილად შედის ამ ქვეყანაში ინვესტორი, რადგან იცის, რომ მარტივად დასაპყრობი ქვეყანა არ არის - ესეც მნიშვნელოვანი და დასაფიქრებელი მომენტია.