რუსეთში ალკოჰოლური პროდუქციის გაძვირებას ელიან. რასაკვირველია, ეს პროცესი ქართულ ღვინოსაც შეეხება. გაძვირება უკვე დაწყებულია, მაგრამ უფრო შესამჩნევი და თვალშისაცემი იანვრიდან გახდება. რუბლის დევალვაციის გამო, ფინანსურ ოპერაციებში გარკვეული შეფერხებებია.
ფასები იმპორტირებულ ღვინოზე მომავალ წელს 30-40%-ით გაიზრდება, ხოლო რუსული ღვინოები, რომელიც უცხოური ნედლეულით არის დამზადებული 20%-ით გაძვირდება, - ასეთი მოსაზრება აქვთ რუს ექსპერტებს, რომლებიც გაძვირების მიზეზად რუბლის დევალვაციას ასახელებენ.
ალკოჰოლის ცენტრალური და რეგიონალური ბაზრების კვლევის ცენტრის დირექტორის, ვადიმ დრობიზის აზრით, ექსპორტირებული ღვინის ფასი უკვე თებერვლიდან მინიმუმ 30%-ით გაძვირდება. „ლეგენდა „კრიმას“ დირექტორი, მიხეილ შტირლინი კი აცხადებს, რომ იმპორტირებული პროდუქციის ფასში არის რუბლის შემადგენელი ნაწილი, მაგალითად, აქციზები. ამიტომ, ეროვნული ვალუტის გაუფასურება ორმაგად გაზრდის ფასს და შედეგად მივიღებთ 70-80%-იან გაძვირებას.
„ფასი ნებისმიერ შემთხვევაში გაიზრდება, რადგან იმპორტიორები ვერ იმუშავებენ ზარალზე. რუბლის კურსი, რა თქმა უნდა, დასტაბილურდა შედარებით კვირის დასაწყისთან, მაგრამ ის მაინც რჩება იმ დონეზე, რომელიც არ იძლევა ძველი ფასების შენარჩუნების საშუალებას“, - აცხადებს შტირლინი.
უცხოური ღვინის მიმწოდებლებმა უკვე მიმართეს თხოვნით ფასების გაზრდაზე მიმდინარე წლის დეკემბრამდე. ისინი აკვირდებიან ბაზარს, ისევე როგორც ქართველი მეღვინეები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ჩრდილოეთის ბაზარზე, სხვა იმპორტირებულ ღვინოებთან ერთად, ქართულიც გაძვირდება.
ერთ-ერთი მსხვილი ექსპორტიორის, „თბილღვინოს“ დამფუძნებლის, ზურაბ მარგველაშვილი „ჯიბისისთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ რუბლის დეველვაციის გამოისობით, ფასის მომატება გარდაუვალია, რასაც მწარმოებელი ვეღარ აკონტროლებს.
ფასს ბაზრის კონიუქტურის, შიდა თუ გარე შოკების გათვალისწინებით პარტნიორი დისტრიბუტორი კომპანიები განსაზღვრავენ. მაგალითად, „თბილღვინოს“ დისტრიბუციას 4 კომპანია უზრუნველყოფს. მათ პროდუქციის გაძვირების გადაწყვეტილება ჯერ კიდევ მაშინ მიიღეს, როდესაც 1 დოლარი 45 რუბლის ნიშნულზე იყო. ახლა რუბლის კურსი 65-ის ფარგლებში მერყეობს, შესაბამისად, გაძვირებას ალტერნატივა არ გააჩნია.
მისივე ინფორმაციით, რუსეთის ბაზარზე საახალწლო პარტია გატანილია. ამ დროისთვის იქაური ვალუტის დევალვაციის გამო, გარკვეული შეფერხებებია და დისტრიბუტორები იანვარს ელოდებიან.
ოფიციალური სტატისტიკით, „თბილღვინოს“ რუსეთში 1 403 166 ბოთლი (0,75ლ) აქვს ექსპორტირებული და ამ მაჩვენებლით, კომპანიას რუსეთში ღვინის ექსპორტის 4% უჭირავს.
ზოგადად კი რუსეთში ღვინის ექსპორტის 34% ხუთ უმსხვილეს ექსპორტიორზე მოდის. „დუგლაძის ღვინის მარანს“ 2 698 248 ბოფლი გააქვს, „მარნის კარს“ - 2 522 968 ბოთლი, „ჯივიესს“ - 2 386 320 ბოთლი, „ბადაგონს“ - 2 150 509 ბოთლი, „ქართულ ღვინის სახლს“ - 2 100 000 ბოთლი.
11 თვის მონაცემებით, რუსეთში ალკოჰოლური პროდუქციის ექსპორტს 57 კომპანია ეწევა, მათ შორის. 11 თვის მონაცემებით, ჩრდილოეთში 35 236 981 ბოთლი ღვინოა გადაზიდული.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქართული ღვინო მსოფლიოს 46 ქვეყანაში გადის და საექსპორტო ბაზრებს შორის რუსეთის წილი 63%-ია.