„ყოფილ საბჭოეთში 220 მილიონი ადამიანი ავტორიტარული მთავრობის პირობებში ცხოვრობს“

„ყოფილ საბჭოეთში 220 მილიონი ადამიანი ავტორიტარული მთავრობის პირობებში ცხოვრობს“

[გეგა ბერიძე]
„ფრიდომ ჰაუსის“ უახლესი ანგარიშის თანახმად, საქართველოში არც ავტორიტარული არც ნახევრად ტოტალიტარული რეჟიმი არ არის, მაგრამ ქვეყანაში კორუფციის დონე ისეთივეა (5.00 ქულა), როგორც 1999–2000 წლებში იყო. ამ მიმართულებით პროგრესი 2004 წელს დაფიქსირდა, როდესაც ამ მაჩვენებელმა 6.00 ქულას მიაღწია. რაც შეეხება პრესის თავისუფლების ბოლო რეიტინგს, საქართველო „ნაწილობრივ თავისუფალის“ სტატუსით ჰონდურასთან, ნეპალთან და პარაგვაისთან ერთად 126–ე ადგილს ინაწილებს.

„უკანასკნელი ათი წელი დემოკრატიული მართვისა და დემოკრატიული ინსტიტუტების დაქვეითების ათწლეულია ყოფილ საბჭოთა კავშირში,“– ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშში. ანგარიშის თანახმად, ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მოსახლეობის დაახლოებით 80 %-ს, 220 მილიონ ადამიანს ცხოვრება ავტორიტარული მთავრობის პირობებში უწევს. თუმცა „ფრიდომ ჰაუსის“ ახალი ანგარიშის თანახმად, ბალტიის ქვეყნების გარდა, ამ მხრივ გამონაკლისს წარმოადგენს უკრაინა და საქართველო, სადაც არ არსებობს არც ავტორიტარული და არც ნახევრად ავტორიტარული მთავრობა.

„ფრიდომ ჰაუსის“ კვლევითი განყოფილების ხელმძღვანელის ქრისტოფერ უოკერის თანახმად, დემოკრატიის უკუსვლა განსაკუთრებით თვალშისაცემია რუსეთში, ე.წ. პუტინ-მედვედევის ეპოქაში:

„ბოლო ათწლეულის განმავლობაში ანგარიში განიხილავს იმას, რასაც პირობითად ვუწოდებთ „პუტინ-მედვედევის ეპოქას“ და აშკარაა, რომ ეს არის პერიოდი, როცა ზიანი მიადგა დემოკრატიულ ინსტიტუტებს, რომლებიც ანგარიშგებასა და გამჭვირვალობას უზრუნველყოფენ. ამის მოწმენი ვიყავით, როგორც ეკონომიკის აღმასვლის, ისე მისი დაღმასვლის წლებში. ჩვეული ქარგა, ჩვეული მოდელი იყო ამ უაღრესად მნიშვნელოვან ინსტიტუტებზე ზეწოლა და მათი დასუსტება.“

„ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშის თანახმად, ბოლო ათი წლის განმავლობაში დემოკრატიული განვითარება შეფერხებულია ყაზახეთში, მიუხედავად იმისა, რომ ეს ქვეყანა მიმდინარე წლის განმავლობაში ეუთოს თავმჯდომარეობს. ვითარება გაუარესდა აზერბაიჯანში, სადაც გასულ წელს მოქმედ პრეზიდენტს უფლება მიენიჭა შეუზღუდავად იყაროს კენჭი ამ პოსტზე. ყირგიზეთში კი მედიის შეზღუდვამ 2005 წლის ტიტების რევოლუციის შემდეგ კატასტროფული ხასიათი მიიღო, რაც ერთ-ერთი იყო იმ მიზეზთა შორის, რამაც ცოტა ხნის წინ ყირგიზეთში პრეზიდენტ ყურმანბეკ ბაკიევის დამხობა განაპირობა.

ანგარიშის თანახმად, უკრაინა და საქართველოა ორი პოსტსაბჭოთა ქვეყანა, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, სადაც არც ავტორიტარული რეჟიმი არსებობს და არც ნახევრად ავტორიტარული:

„ვფიქრობ, იმის გათვალისწინებით, რომ მედია, სამოქალაქო საზოგადოება და არჩევნები მთელ რეგიონში სერიოზულ პრობლემებს აწყდება, უკრაინამ მართლაც თავი გამოიჩინა. ჩემი აზრით, მსოფლიო ზედმიწევნით დაინტერესებული უნდა იყოს იმით, რომ ამ სფეროებში ვითარება არ გაუარესდეს, განსაკუთრებით იმ მოვლენების გათვალისწინებით, რომელთა მოწმენი მიმდინარე წელს გავხდით“, – აცხადებს ქრისტოფერ უოკერი.

რაც შეეხება უშუალოდ საქართველოს, მართალია ანგარიშის მიხედვით ქვეყანაში არც კლასიკური ავტორიტარული და არც ნახევრად ტოტალიტარული რეჟიმი არ არსებობს, მაგრამ საქართველოში კორუფციის დონე ისეთივეა, როგორიც 1999-2000 წლებში იყო. სწორედ ამგვარი მონაცემი საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის ანგარიშში – გარდამავალ ეტაპზე მყოფი ქვეყნები – 2010 დაფიქსირდა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ანგარიშში შეფასებულია ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში დემოკრატიის განვითარების სხვადასხვა მიმართულება. საქართველოს შესახებ თავში კი აღნიშნულია, რომ კორუფციის მაჩვენებელი – 5.00 ისეთივეა, როგორიც 1999-2000 წლებში იყო. ამ მიმართულებით პროგრესი 2004 წელს დაფიქსირდა, როცა მაჩვენებელმა 6.00 ქულას მიაღწია.

ასევე, 1999-2000 წლებში სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მაჩვენებელი უცვლელი დარჩა – 3.75. ამ მხრივ მცირე პროგრესი 2003 წელს დაფიქსირდა და 4.00 ქულა შეადგინა.

2000 წელთან შედარებით, მცირედ გაიზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის ხარისხი და 4.00 ქულიდან 4.75-ს მიაღწია, თუმცა ეს მაჩვენებლი ბოლო 5 წლის განმავლობაში არ შეცვლილა. ასევე, გაუმჯობესდა საარჩევნო გარემო 1999-2000 წლების შემდეგ – 4.00-დან 5.25 ქულამდე.

ადგილობრივი მმართველობის დემოკრატიულობის ხარისხი, 2005 წელთან შედარებით, შემცირდა და 6.00 ქულიდან 5.50 ქულაზე ჩამოვიდა. ცენტრალური ხელისუფლების დემოკრატიულობა კი, 2005 წლის შემდეგ მცირედ გაიზარდა და 5.50-დან 6.00 ქულას მიაღწია.

გასულ 10 წელთან შედარებით გაზრდილია მედიის თავისუფლების ხარისხი, რომელმაც 2000 წლის მაჩვენებლიდან – 3.75-დან 4.25 ქულას მიაღწია.

ანგარიშში ყველა ჩამოთვლილი კომპონენტის გათვალისწინებით აღნიშნულია, რომ მთლიანად საქართველოში დემოკრატიის განვითარების ხარისხი 1999-2000 წლიდან მცირედ გაიზარდა და 4.17-დან 4.93 ქულას მიაღწია.

შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ „ფრიდომ ჰაუსმა“ ცალკე მოხსენება – პრესის თავისუფლების რეიტინგი - „პრესის თავისუფლება -2010“ გამოაქვეყნა, სადაც, საქართველო ჰონდურასთან, ნეპალთან და პარაგვაისთან ერთად, 126-ე ადგილს ინაწილებს და მინიჭებული აქვს ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნის სტატუსი.

ამ მოხსენებასთან დაკავშირებით ქართველი მედია ექსპერტებმა განაცხადეს, რომ საქართველოში წინა წელთან შედარებით მედიის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. შესაბამისად, მათი აზრით, „ფრიდომ ჰაუსის“ ბოლო ანგარიში სიგნალი უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომელიც სამ ნაციონალურ არხს აკონტროლებს.

„ფრიდომ ჰაუსის“ ბოლო ანგარიში სახელწოდებით „პრესის თავისუფლება 2010“, მსოფლიოს 196 ქვეყნის მდგომარეობას ასახავს. ზოგადი სურათის მიხედვით, კვლავაც შეინიშნება გაუარესების ტენდენცია, რომელიც უკვე 8 წელიწადს ითვლის. საქართველო, „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშის მიხედვით, მართალია, ერთი ქულით დაწინაურდა, მაგრამ ის მაინც რჩება ქვეყნად, სადაც მედია მხოლოდ „ნაწილობრივ თავისუფალია“.

ორგანიზაციის გამოქვეყნებული რეიტინგის მიხედვით, ქვეყნები სამ ჯგუფში ერთიანდებიან. ესენია: „თავისუფალი“, „ნაწილობრივ თავისუფალი“ და „არათავისუფალი“. 196 ქვეყნიდან „თავისუფალთა“ კეტეგორიაში 69 შედის; „ნაწილობრივ თავისუფალში“ 64, ხოლო „არათავისუფალში“ 63 ქვეყანა ერთიანდება.

პრესის თავისუფლების მხრივ ყველაზე კარგი მდგომარეობა ოთხ ქვეყანაშია, ესენია: ფინეთი, ისლანდია, ნორვეგია და შვეცია. ამ ქვეყნებში პრესის თავისუფლებისთვის მინიჭებული ქულა 10-ს შეადგენს. ყველაზე უარესი რეიტინგით, 99 ქულით, წარმოდგენილია ჩრდილოეთ კორეა. ამ ქვეყნის გარდა, იმ 10 ქვეყანას შორის, სადაც პრესის თავისუფლების თვალსაზრისით ყველაზე უარესი მდგომარეობაა, ყოფილი საბჭოთა კავშირის სამი სახელმწიფო მოხვდა: ბელორუსია, თურქმენეთი და უზბეკეთი.

81 ქულით „არათავისუფალთა“ ნუსხაშია რუსეთი, სადაც მდგომარეობის გაუარესება შეინიშნება. ამავე კატეგორიაშია ყოფილი საჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებიც (ბალტიისპირეთის სახელმწიფოების, უკრაინისა და საქართველოს გარდა). რაც შეეხება საქართველოს, ის უკრაინასთან ერთად, ადგილს გასული წლის კატეგორიაში ინარჩუნებს.

„საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ბოლო წლებში სტაბილურ ვარდნას განიცდიდა, ჩვენი დაკვირვებით. ზოგადად ეს შეეხება ნაკლებ სამოქმედო სივრცეს და წნეხს მედიის გარკვეულ სფეროებზე, მაგრამ საქართველო ერთ-ერთია იმ ორი ქვეყნიდან ყოფილი საბჭოთა კავშირის ფარგლებში (ბალტიისპირეთის გარდა), რომლებიც კვლავაც რჩებიან „ნაწილობრივ თავისუფალთა“ კატეგორიაში“, – აცხადებს „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშის კვლევის ხელმძღვანელი ქრისტოფერ უოკერი.

მართალია, საქართველო წელს ერთი ქულით დაწინაურდა „ნახევრად თავისუფალთა“ კატეგორიის ფარგლებში და 59 ქულით 126 ადგილი დაიკავა, მაგრამ ამან გავლენა მაინც ვერ მოახდინა საერთო შედეგზე.

„ფრიდომ ჰაუსი“ რეიტინგებს სამი ძირითადი კრიტერიუმის მიხედვით ადგენს ესენია: საკანონმდებლო გარემო, პოლიტიკური გარემო და ეკონომიკური გარემო. ამ სამ კატეგორიაში ერთიანდება არაერთი შეკითხვა და სწორედ მათზე გაცემული პასუხებით განსაზღვრავს კვლევა ამა თუ იმ ქვეყნის რეიტინგს მედიის თავისუფლების ჭრილში.

სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით დგინდება, მაგალითად, არსებობს თუ არა ამა თუ იმ ქვეყანაში საკანონმდებლო ბარიერები თუ წნეხი ჟურნალისტებსა თუ მედიასაშუალებებზე. რამდენად გამჭვირვალეა მედიასაშუალებების მფლობელთა ვინაობის დადგენის პროცესი და რამდენად ახდენს ამა თუ იმ ქვეყნის ეკონომიკა გავლენას ახალი მედიასაშუალებების ამოქმედებასა თუ მათი მუშაობის მდგრადობაზე.