„ქანდარაზე შემომჯდარი საქართველო“ და დასავლური განწყობები

„ქანდარაზე შემომჯდარი საქართველო“ და დასავლური განწყობები

მას შემდეგ, რაც მმართველ კოალიციაში ძალთა გადაჯგუფებები და აქტიური საკადრო ცვლილებები დაიწყო, სულ უფრო აქტუალური თემა გახდა პრო და ანტიდასავლური ჯგუფების არსებობა და დასავლეთის განწყობები საქართველოს ახალი ხელისუფლების მიმართ. ამ თემაზე საუბრის გაგრძელების საბაბი სტრასბურგში ასოცირების დოკუმენტის რატიფიცირების პროცესი (ტექნიკური მხარე) და უკრაინაში საქართველოს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა საკადრო გადინება გახდა. ამ მოვლენებმა უკვე გააჩინა პასუხგაუცემელი კითხვები - იცვლება თუ არა თავად დასავლეთის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ და რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება იმისათვის, რომ დასავლეთის სახით ძლიერი მხარდამჭერი ჰყავდეს?- ამ თემაზე FOR.GE ექსპერტ, ხათუნა ლაგაზიძეს ესაუბრა.

როდესაც ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციაზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უფრო აქტუალური ჩანდა ევროპარლამენტისთვის, ვიდრე მოქმედი, როგორ ფიქრობთ, არის თუ არა ეს გარკვეული ჟესტი საქართველოს ახალი ხელისუფლების მიმართ?

- რაც სტრასბურგში მოხდა ნიშნავს იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მათთვის უფრო ნაცნობია, მათთან ურთიერთობის სულ მცირე, 15-წლიანი სტაჟი აკავშირებთ, რაც მცირე ვადა არ არის, ბოლოსდაბოლოს, „ერთ ენაზე“ ლაპარაკობენ.

დასავლეთისთვის საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების გაუცხოების პროცესი სულ უფრო შორს მიდის, რაც კარგის მიმანიშნებელი ნამდვილად არ არის ამ ხელისუფლებისთვის.

პარალელურ რეჟიმში სააკაშვილის ყოფილი ხელისუფლება ცდილობს, აკრიფოს ბოლო ორი წლის მანძილზე დაკარგული ქულები და ამის დასტური იყო სტრასბურგში ასოცირების დოკუმენტის რატიფიცირებაზე სააკაშვილის დასწრება. ასევე, საქართველოს მოქმედი ხელისუფლების რეაქცია ამ ფაქტის გამო. გასაგებია, რომ რატიფიცირება ძალიან დიდი მნიშვნელობის ფაქტია საქართველოს ევროპულ სახელმწიფოდ გარდაქმნის გზაზე, მაგრამ ის, რა ფორმითაც ეს ღონისძიება ჩატარდა, დამამცირებელი იყო საქართველოსთვის.

ამაში, რა თქმა უნდა, ბრალს არ ვდებ დასავლეთს, ეს არის საქართველოს ხელისუფლების კიდევ ერთი გამოუცდელობისა და უსუსურობის დადასტურება.

მთელმა პროცესმა არა მოქმედი ხელისუფლების, არამედ სააკაშვილის ნიშნით ჩაიარა და ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ სააკაშვილმა შეადგინა ამ მოვლენის დღის წესრიგი და შემდეგ ბოლომდე გაიტანა.

ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სწორედ სააკაშვილის გამო ხელისუფლება ამ ღონისძიებაზე დასწრებასაც არ აპირებდა, თუმცა ბოლო მომენტში პრეზიდენტი გაემგზავრა... ეს გაურკვევლობაც გამოუცდელობას უნდა დავაბრალოთ?

- აქ ორი ვერსიაა - ან თავად პროცესს მიიჩნევდა უმნიშვნელოდ ხელისუფლება და ესეც შეცდომაა, რადგან როდესაც ისედაც მაღალია საზოგადოებაში დასავლეთის იმედგაცრუების ხარისხი, უნდა მოეხერხებინა და ეს პროცესი საერთო სახალხო ზეიმად ექცია.

მეორე ვერსიით, მას უბრალოდ, შეეშინდა სააკაშვილის იქ დასწრების და გაიბუტა თუ პროტესტი გამოხატა. არავის გაუჩნდა კითხვა, სააკშვილის იმედზე ამ პროცესის შეტოვება რისი ნიშანი იქნებოდა? - მთელი ევროპარლამენტი ადგებოდა და ტაშს დაუკრავდა სააკაშვილს და არა დღევანდელ ხელისუფლებას.

ისმოდა ბევრი კომენტარი, რომ არ იყო საქართველოს ხელისუფლების დასწრება აუცილებელი. შეიძლება, არც იყო, მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ სააკაშვილი ესწრებოდა, მათ ეს მოედანი უნდა გამოეყენებინათ საკუთარი უპირატესობის დასადასტურებლად. წაუსვლელობა კი ნიშნავდა, რომ ბურთსა და მოედანს წინა ხელისუფალს უტოვებდა.

ძალიან გაცვდა ეს თემა, მაგრამ თუ სააკაშვილი იქ თავისი მეგობარი ლობისტების დახმარებით მოხვდა, ამ ხელისუფლებას არ შეუძლია იგივე მეთოდების გამოყენება?

- სწორედ ამაზეა საუბარი - ევროპელი ვის დაუძახებს, შენი გადასაწყვეტი არ არის, მაგრამ როცა ხელისუფლება ხარ, თავი დამამცირებელ მდგომარეობაში არ უნდა ჩაიყენო, ან იმხელა წონა უნდა გქონდეს, რომ შენს უკითხავად შენს წინამორბედ ხელისუფლებას, რომელზეც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული შენსავე ქვეყანაში, ასეთ ღონისძიებაზე არ უნდა იწვევდნენ. თუ ამას ხელს ვერ უშლი, მინიმუმ ის მაინც უნდა გააკეთო, რომ იმავე ევროპულ ასპარეზზე მასზე უფრო სასურველი, საჭირო და პროგრესული გამოჩნდე. საქართველოს ხელსუფლებამ კი არჩია, რომ კუს ჯავშანში ჩამჯდარიყო.

ვისაც არ უნდა დაეგეგმა პრეზიდენტის ვიზიტი (დღემდე პასუხგაუცემელია, მისმა ადმინისტრაციამ დაგეგმა თუ საგარეო საქმეთა სამინისტრომ), ეს იყო სრულიად მოუმზადებელი და დაუგეგმავი ვიზიტი. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით არ გამოვიდა - სიტყვით თუ არ გამოვიდოდა, ჯობდა, საერთოდ არ წასულიყო,- ქანდარზე შემომჯდარი პრეზიდენტის ნახვა ჩემთვის ძალიან დამამცირებელი იყო და ეს იყო არა მარგველაშვილის, არამედ ქვეყნის დამცირება - ქვეყანა იჯდა ქანდარაზე, თორემ ამ ხელისუფლების იმიჯი ნაკლებად მანაღვლებს.

როგორც ცნობილია და თინა ხიდაშელი წინასწარ აცხადებდა, რომ იგეგმებოდა პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვით გამოსვლა, თუმცა ის ავადმყოფობის გამო ვერ დაესწრო სხდომას. თუ დღის წესრიგი პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვით გამოსვლას ითვალისწინებდა, რატომ არ შეიძლებოდა, მის მაგივრად საქართველოს პრეზიდენტი გამოსულიყო სიტყვით?!

ყველა ქვეყნის პრეზიდენტისთვის არსებობს განსაზღვრული წესი (გვახსოვს სააკაშვილის დროს სკამს რომ უდგამდნენ და ტაშით ხვდებოდნენ პრეზიდენტს) დ მიუხედავად რატიფიცირებისა, ეს არის იმის ნიშანი, რა თვალით გვიყურებს ევროპა და ეს მთლიანად ჩვენი დამსახურებაა.

თუმცა, ძნელია დაიჯერო, რომ ეს ყველაფერი ახალი ხელისუფლების გამოუცდელობის გამო მოხდა...

- გამოუცდელობაზე კი არა, ტექნიკურ დეტალებზეა საუბარი. როცა ეს ყველაფერი იგეგმებოდა, ნუთუ არავინ დაინტერესდა, სად დაჯდებოდა, ვის შეხვდებოდა, გამოვიდოდა თუ არა სიტყვით საქართველოს პრეზიდენტი? პროტოკოლის და დიპლომატიის მარცხია ეს.

თავად მარგველაშვილს ჰქონდა შანსი, რომ სააკაშვილის ფონზე ახალი გენერაციის პროგრესულ ლიდერად წარმოეჩინა თავი დასავლეთის თვალში. სააკაშვილი რომ ყოფილიყო მის ადგილზე, ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებდა. მინდა, მოქმედი მთავარსარდლისგან მივიღო პასუხი - ეს კითხვა აუცილებლად უნდა დაესვა - რატომ უბიძგებს ქვეყნის ყოფილი მთავარსარდალი სააკაშვილი ქართველ ოფიცრებს დეზერტირობისკენ, როცა მათ საქართველოს მოქალაქეობის სანაცვლოდ სხვა ქვეყნის სამსახურში მოღვაწეობისკენ მოუწოდებს?!

თუ ეს გარკვეულწილად იყო დასავლეთის დამოკიდებულების დემონსტრირებაც, ეს ყველაფერი როგორ შეიძლება მოუბრუნდეს საქართველოს?

- ბოლო ათეული წელია, უკრაინისა და საქართველოს ბედი უკვე ძალიან გადაეჯაჭვა ერთმანეთს. უკრაინას დღეს ჰყავს ფაქტობრივად, ექსპერიმენტული ხელისუფლება, სადაც საკვანძო პოსტებზე არაუკრაინელები არიან დანიშნულები.

ეს არის დასავლეთის ერთგვარი ექსპერიმენტი, რომელიც უკრაინისთვის ფინანსური და სხვა ტიპის დახმარების სანაცვლოდ მოითხოვა დასავლეთმა. სწორედ დასავლეთის დიდძალი ფულადი და ინსტიტუციონალური დახმარება სჭირდება დღეს უკრაინას რუსეთთან ომის დასამთავრებლად და ფეხზე დასადგომად.

რატომ დასჭირდა დასავლეთს ეს ექსპერიმენტი, ამასაც თავისი ახსნა აქვს - უკრაინის ყველა წინამორბედი ხელისუფლება, პროდასავლელი იქნებოდა თუ პრორუსი, იმდენად იყო კორუფციაში ჩაძირული და იმდენად გაურბოდა ძირეული სტრუქტურული რეფორმების გატარებას, რომ დასავლეთი უკრაინელებით დაკომპლექტებულ ხელისუფლებას ვერ ანდობდა ვერც ფინანსებს და ვერც რეფორმებს.

წარმატებებს ვუსურვებ უკრაინელ ხალხს, ამ ურთულეს გზაზე, მაგრამ ჩვენთვის ნიშანდობლივი ის არის, რომ ამ ექსპერიმენტის ერთ-ერთი გამწევი ძალა არის საქართველოს ყოფილი ხელისუფლება, ანუ „ნაციონალური მოძრაობა“.

თავისთავად ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის ამ პროცესის გამწევი ძალა, ეს ნიშნავს მინიმუმ იმას, რომ დასავლეთის ლიდერების ის ჯგუფი, რომელიც უკრაინაში განვითარებული პროცესების ავტორი თუ მხარდამჭერია, ნაციონალების მმართველობას საქართველოში წარმატებულად აღიარებს, ისეთ ხელისუფლებად მიიჩნევს, რომელმაც დაამარცხა კორუფცია, შექმნა ინსტიტუციები, თანამედროვე კომუნიკაციები გაჭრა ქვეყანაში და ა.შ.

ბუნებრივია, რომ ამ პროცესში ხელყოფილი იყო ადამიანის უფლებები, მედიის, სიტყვის თავისუფლება, შიშისა და ტერორის ქვეშ ცხოვრობდა მოსახლეობა და ა.შ. მაგრამ როგორც ჩანს, დასავლეთი თვლის, რომ ეს ის მსხვერპლი იყო, რომელიც ალბათ, შედეგის მისაღწევად იყო აუცილებელი. ამას მთლიანად დასავლეთზე ვერ ვიტყვი, მაგრამ მხედველობაში მყავს ის ჯგუფი, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ინსტიტუციონალური პროცესების მხარდამჭერია.

ყოველ შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობის“ გამწევ ძალად მოყვანა უკრაინის ხელისუფლებაში ასეთი დასკვნისკენ გვიბიძგებს და თუ „ნაციონალური მოძრაობა“ დღემდე რჩება დასავლეთისთვის პროგრესულ ძალად, მაშინ გასაკვირი არ იქნება, რომ ვინმეს აზრად მოუვიდეს უკრაინული ექსპერიმენტი შემდეგ საქართველოში გადმოიტანოს. მითუმეტეს, როცა დღევანდელი საქართველოს ხელისუფლება თავად ექსპერიმენტული და საკმაოდ გამოუცდელია და მისაღები ვერ გახდა დასავლეთისთვის.

ასეთი ხელისუფლებისთვის, რომელსაც დასავლურ ფლანგზე ისეთი მხარდამჭერი არ ჰყავს, არც რუსეთის და არც დასავლეთის სახით, როგორი მხარდამჭერიც უკრაინის დღევანდელ ხელისუფლებას ჰყავს, ასეთი პროექტის შემუშავება საქართველოსთვის შეიძლება ძალიან სერიოზული ძვრების და სამოქალაქო ესკალაცის საფუძველი გახდეს.

როდესაც არსებობს ეჭვი, რომ შესაძლოა, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებიც კი ჩატარდეს გაზაფხულზე, ამას შეიძლება კიდევ ახალი ექსპერიმენტის შემოთავაზება დაემატოს დასავლეთის მხრიდან?

- ასეთ მოკლე დროში ამას გამოვრიცხავ, ჯერ თავად უკრაინის პროცესები იქნება დასავლეთის ყურადღების ცენტრში. ეს არ იქნება ხვალინდელი და ზეგინდელი საფრთხე, მაგრამ ეს ის საფრთხეა, რაც საქართველოს ხელისუფლების უსუსურობის შემთხვევაში შეიძლება, რეალობად იქცეს.

ამიტომ ხელისუფლებას ორი რამ აქვს საზრუნავი, ერთი - ქვეყნის შიგნით სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გააუმჯობესოს და მეორე - ფორსირებულად შეეცადოს დასავლეთს შეაცვლევინოს შთაბეჭდილება.

როგორ უნდა გააკეთოს ეს? იმ რეკომენდაციების და დავალებების წარმატებით შესრულებით, რასაც ასოცირების ხელშეკრულება გვავალდებულებს?

- ეს მთელი პროცესია - მინდა საქართველოს ხელისუფლებას შევახსენო, რუსეთის ფინანსური კრიზისი, რომელიც სწორედ დასავლეთის სანქციებმა გამოიწვია, კარგი მაგალითი უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლებისთვის, - აი, რა ემართება დასავლეთის წინაშე მოხტუნავე დათვს, ხოლო ჩვენ დათვობისგან საკმაოდ შორს ვართ - ჩვენი წონითი კატეგორიიდან გამომდინარე, რა დაგვემართება, ეს რთული გასათვლელი არ არის. ამიტომ, საკუთარი პოლიტიკური სიცოცხლის გახანგრძლივებისა და ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნებისთვის აუცილებელია, ხელისუფლებამ შეიმუშავოს დასავლეთის კეთილგანწყობის მოპოვების ძალიან ფორსირებული გეგმა.