საქართველოში აზარტული თამაშების ბიზნესის ყვავის და კიდევ უფრო აყვავებას აპირებს, ამ დროს კი, მათ მიერ მოსახლეობის გატყავების მასშტაბები იზრდება. მთავრობა თავს იწონებს იმით, რომ ბაზარზე ახალი და ზორბა სათამაშო კომპანია შემოდის.
მოლაპარაკება ეკონომიკის სამინისტროსთან მიმდინარეობს, თუმცა ხელშეკრულების გაფორმებამდე დეტალები არ ხმაურდება. დეტალები ცნობილი, სავარაუდოდ, იანვარში გახდება.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ქეთი ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ ინვესტორთან მოლაპარაკების პროცესი მეტად მნიშვნელოვანია და შესაბამისად, გადაწყვეტილების მოკლე ვადაში მიღება რთულია. მისი აზრით, აღნიშნული ბრენდის სათამაშო კომპანიის ადგილობრივ ბაზარზე შემოსვლა საქართველოში კაზინოს ბიზნესს განსხვავებულ, მაღალ სეგმენტზე გადაიყვანს.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანი და მსხვილი პროექტია და საქართველოს წამოწევს რუკაზე როგორც საერთაშორისო მიმართულებას გართობის კუთხით“, - აცხადებს ბოჭორიშვილი და დასძენს, რომ საერთაშორისო კომპანია, როგორც აზიაში, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებში წარმატებულად საქმიანობს.
„ის შემოგვთავაზებს ინტეგრირებულ მომსახურებას, რომელიც აერთიანებს სასტუმროს, გასართობ ცენტრს, სადაც განთავსდება სავაჭრო ცენტრი, კვების ობიექტები და სხვა გასართობი ადგილები. ეს ყველაფერი იქნება კაზინოსთან ინტეგრირებული. სულ სხვა კლასის და დონის კაზინო იქნება, ასეთი დღეს საქართველოში არ არსებობს“, - განმარტა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ „კომერსანტთან“ საუბრისას.
თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით განხორციელდა, კომპანია თავისი ოფიციალური პრეზენტაციით განაცხადს 2015 წლის თებერვალში გააკეთებს.
მთავრობა თავს სათამაშო ბიზნესის წარმატებით იწონებს მაშინ, როცა ამ ბიზნესის მიერ მოსახლეობის ძარცვის მასშტაბები იზრდება. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ საქართველოში აზარტული თამაშების ბაზრის შესახებ სპეციალური კვლევა ჩაატარა.
2012-13 წლებში აზარტული თამაშების სექტორში კიდევ უფრო მასობრივი ზრდა დაფიქსირდა და წლიურმა ბრუნვამ 1.2 მილიარდ ლარს მიაღწია, ხოლო სათამაშო ბიზნესისა და ნებართვის მოსაკრებელმა 105.2 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა, რაც 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 1.4%-ია. ზრდის ტენდეციის მიუხედავად, უკვე არსებულ პირველად შედეგებზე დაყრდნობით, „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო“ ვარაუდობს, რომ 2014 წელს ზრდა შეწყდება. პირველ ორ კვარტალში ზრდამ მხოლოდ 338.1 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლების მაჩვენებლებზე ნაკლებია.
როგორც ვხედავთ, სათამაშო ბიზნესი ბრუნვებს წლიდან წლამდე ზრდის, თუმცა ეს ბიზნესის ის სეგმენტი არ არის, რომელიც ეკონომიკის რეალურ გაჯანსაღებას ხელს შეუწყობს. აზარტული თამაშების ბრუნვა განსაკუთრებით იზრდება ონლაინ თამაშების პოპულარიზაციასთან ერთად, რაც, თავის მხრივ, ქვეყანაში ინტერნეტის მოხმარების ზრდამ განაპირობა.
ვინაიდან ქვეყანაში აზარტული თამაშების მიმართ არავითარი რეგულაცია არ არსებობს, ონლაინ თამაშებზე წვდომა მაქსიმალურად გაადვილებულია. ამას ისიც ემატება, რომ სარეკლამო კანონმდებლობაში არსებული ხვრელების გამოყენებით ონლაინ კაზინოები ხალხს (განსაკუთრებით არასრულწლოვანებს) თამაშში ითრევენ. ონლაინ თამაშების ორგანიზატორები, ზემაღალი საკომისიოებით, თვითონ აწესებენ ამ ბიზნესში თამაშის წესებს და მოგებულები მხოლოდ თავად გამოდიან.
აზარტული თამაშების ბიზნესი, საქართველოსნაირ სოციალურად შეჭირვებულ საზოგადოებაში ვერ იქნება ეკონომიკური წარმატების ან ზრდის წინაპირობა. საქართველოში აზარტულ თამაშებს ადამიანები იწყებენ არა გასართობად, არამედ გასამდიდრებლად. ეს ნიშნავს, რომ ამ ადამიანების მიზანი აზარტული თამაშებით შემოსავლის მიღებაა და რადგან ისინი ამ შანსში იხდიან ძალიან მაღალ საკომისიოებს, გამოდის, რომ აზარტული თამაშებით ეკონომიკიდან აქტიური ფული გადის. თუ მაგალითად ადამიანს აქვს 20 ლარი და მას დახარჯავს სამომხმარებლო პროდუქტების შესაძენად, ეს ფული მოხვდება ბაზარზე და გააგრძელებს ბრუნვას, მაგრამ თუ ამ 20 ლარს ის წააგებს აზარტულ თამაშებში, დიდი ალბათობით, იგი გავა ეკონომიკიდან და მოხვდება ონლაინთამაშების ორგანიზატორის ოფშორულ ანგარიშზე და ეკონომიკის ზრდას ხელს ვერანაირად შეუწყობს.