ბოლო ერთი კვირაა ეროვნული ვალუტა ყველა ძირითად ვალუტასთან მიმართებაში უფასურდება. სავალუტო პუნქტები 1 დოლარს 1.92 ლარად ყიდიან, ევროს კურსმა კი უკვე 2,45 ლარს მიაღწია. ჯერჯერობით ეროვნული ვალუტის 1,8-ის ნიშნულზე დაბრუნების პერსპექტივა, როგორც ამას მთავრობა ირწმუნებოდა, არ ჩანს. უცხოელი ანალიტიკოსების აზრით, ეს უკვე დამაფიქრებელი ფაქტორია და შესაძლოა, ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას შეუქმნას საფრთხე.
ასეთ მოსაზრებას გამოთქვამს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-ი. მათი წარმომადგენლის ვინსენტ ფორესტის შეფასებით, ლარის კურსის კიდევ უფრო დასუსტებამ, შესაძლოა, ფინანსურ სტაბილურობაზე იქონიოს გავლენა. მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებელი, ასევე პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მოწმობს, რომ ქვეყანაში ძლიერი ეკონომიკური აქტივობაა, თუმცა ფორესტის აზრით, საგარეო ფაქტორი საქართველოს რეიტინგს დააწვება.
Fitch-ი მიიჩნევს, რომ გახანგძლივებული პერიოდი გაცვლითი კურსის მერყეობისა ასევე ტვირთია საინვესტიციო და ბიზნეს კლიმატისათვის, რაც საფრხეს შეუქმნის საშუალოვადიანი ზრდის პერსპექტივებს. რამდენიმეწლიანი სტაბილურობის შემდეგ ქართული ლარი რყევას განიცდის, რაც ძირითადად საგარეო ფაქტორებითაა გამოწვეული.
ფორესტი „ფაინენშელთან“ საუბრისას ამბობს, რომ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაუარესებამ, შესაძლოა, სამომავლოდ საგარეო ვალის დაგროვება გამოიწვიოს, რაც რეიტინგის თვალსაზრისით, ისედაც, საქართველოს სუსტი ადგილია. გარდა ამისა, პრობლემაა მაღალი დოლარიზაციის მაჩვენებელიც მიუხედავად იმისა, რომ საფინანსო სექტორი კარგად კაპიტალიზებული და ლიკვიდურია, კურსის კიდევ უფრო დასუსტება სტაბილურობაზე გავლენას მოახდენს.
საქართველოს მთავრობა კი ირწმუნება, რომ ყველაფერი წესრიგშია - „ლარის კურსთან დაკავშირებით სიტუაციას ვაკონტროლებთ“, - უშუალოდ მთავრობის სხდომაზე განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ამ საკითხზე მუდმივი კომუნიკაცია აქვთ. მისი თქმით, საქართველოში არის მცურავი გაცვლითი კურსი, რომელიც მიბმულია რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე. თუმცა, სიტუაცია კონტროლის ქვეშ არის და საჭიროების შემთხვევაში, მის დარეგულირებაში ეროვნული ბანკი ჩაერევა.
ეროვნული ბანკი სულაც არ აპირებს ვითარებაში ჩარევას. ბოლო პერიოდში სებ-ს სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია თითქმის არ განუხორციელებია. ის კი არადა, სანამ დაძაბულობამ პიკს არ მიაღწია, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობამ კომენტარის გაკეთებაც არ ისურვა. ბოლოს და ბოლოს სებ-ი მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი რეფინანსირების განაკვეთს უცვლელად, 4%–ის დონეზე ტოვებს, რაც იმას ნიშნავს, რომ არც ლარის კურსის და არც ინფლაციის მოთოკვას აპირებს.
ეროვნული ბანკის მონეტარული კომიტეტის შეფასებით, ბოლო პერიოდში გამოიკვეთა ქვეყნის ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ეკონომიკური ტენდენციების მნიშვნელოვანი გაუარესება, რაც გავლენას ახდენს საქართველოს ეკონომიკაზეც და ინფლაციური ზეწოლის მნიშვნელოვანი გაძლიერება არ არის მოსალოდნელი. ასე რომ, წელს ეს განაკვეთი ისევ 4%-ის დონეზე დარჩა.