საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარზე არსებულმა განუკითხაობამ მწყობრიდან პრემიერი ღარიბაშვილიც გამოიყვანა. მენავთობეების თავგასულობამ უკვე არნახულ მასშტაბს მიაღწია, ამიტომ პრემიერ-მინისტრი კონკურენციის სააგენტოსგან 10 დღის ვადაში ითხოვს პასუხს კითხვაზე - რატომ არ ხდება საქართველოში ბენზინის ფასის კლება, მსოფლიო ბაზრის ადეკვატურად. ღარიბაშვილი იმანაც გააღიზიანა, რომ საწვავის ბაზარზე უკონტროლო მდგომარეობაა.
უშუალო მითითება პრემიერმა პრიდაპირ მთავრობის სხდომაზე გასცა: „კონკურენციის სააგენტოს დავავალე მუშაობა და მოვკითხე პასუხი, თუ რატომ არ ხდება აქამდე ბენზინის ფასების შესწავლა და კონტროლი. მსოფლიო ბაზარზე საწვავის ფასებმა რამდენიმე ათეული პროცენტით დაიკლო. ჩვენდა გასაკვირად, არ ხდება ადეკვატური ასახვა ქართულ ბაზარზე.
ასე რომ, მინდა კონკურენციის სააგენტოს ვთხოვო, 10 დღის ვადაში საზოგადოებას წარუდგინოს, თუ რასთან გვაქვს საქმე. მე ვიცი, რომ ბენზინის ფასმა საქართველოში დღეს დაიწია, მაგრამ ეს უნდა იყოს ადეკვატური და მსოფლიო ბაზართან შესაბამისი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაური კონკურენციის სააგენტოსგან დეტალურ ანგარიშს ამ საკითხთან დაკავშირებით 10 დღის განმავლობაში ელოდება.
კონკურენციის პოლიტიკის რეფორმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო. საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, ქვეყანაში ეფექტიანი ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა და კონკურენციის მარეგულირებელი ქმედითი ორგანო უნდა არსებობდეს. კონკურენციის სააგენტო, რომელიც 2012 წლის იანვარში დაფუძნდა და მხოლოდ ფორმალურად არსებობდა, რეფორმირებული სახით 2014 წლის 1-ელ ოქტომბერს ამოქმედდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში რამდენიმე წელია მოქმედებს კამპანია „პროტესტი საწვავის ქართულ ფასებს“, რომელიც მსოფლიო ფასებთან ქართული ბაზრის ფასების შეუსაბამობას აპროტესტებს და ქართული ნავთობკომპანიების კარტერულ გარიგებაზე მიუთითებს. ისინი 26 დეკემბერს მასობრივი საპროტესტო აქციით იმუქრებიან როგორც ნავთობკომპანიის ოფისებთან, ასევე კანცელარიასთან.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი კი აცხადებს, რომ „ბოლო პერიოდის განმავლობაში გრძელდება საერთაშორისო ბაზარზე „პლაცის“ მიხედვით (რომელზეცაა დამოკიდებული საქართველოში საწვავის ფასი) ნავთობპროდუქტების საერთაშორისო ფასების შემცირება. აღნიშნული ტენდენციიდან გამომდინარე, საქართველოს საცალო ქსელში ბოლო თვეების განმავლობაში რამდენიმეჯერ მოხდა საწვავის ფასის კლება. მაგალითად, აგვისტოდან მოყოლებული საქართველოს საცალო ქსელში საწვავის ფასი, საშუალოდ, 25 თეთრითაა შემცირებული.
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს საცალო ქსელში საწვავის ფასის მორიგი შემცირება უახლოეს დღეებში კვლავ განხორციელდება და ფასის კლების ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება თუ ამას ხელს შეუწყობს როგორც საერთაშორისო ფასები, ასევე ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში“.
დღეს საწვავის გაიფება საცალო ქსელში მართლაც მოხდა. “ლუკიოლმა” 5 თეთრით შეამცირა ბენზინის ფასი, ხოლო “გალფმა” 4-10 თეთრით. თუმცა ეს ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით რაც მსოფლიო ბაზარზე ხდება.
ივლისიდან მოყოლებული 1 ტონა ბენზინის ფასი ზუსტად 50%-ით არის შემცირებული, საქართველში კი მხოლოდ 10%-იანი კლებაა. 17 დეკემბრის მდგომარეობით, „პლაცის” მიხედვით 1 ტონა ბენზინის ღირებულება 528 დოლარია. შესაბამისი გადასახადების (დღგ, აქციზი, ტრანსპორტირება) ჩათვლით და ლარის კურსზე გაანგარიშებით, 1 ლიტრის თვითღირებულება 1,18 ლარია. გამოდის, რომ მენავთობეები უკვე 70-თეთრიანი მარჟით მუშაობენ. იგივე გამოთვლით დიზელის ღირებულება 1,32 ლარია და ამ შემთხვევაც მოგების წილი თითოეული ლიტრიდან 60 თეთრს აჭარბებს.