პუტინი შანსს არ უშვებს და საქართველოს ხელისუფლებას კიდევ ერთხელ ეპატიჟება შეხვედრაზე. მსგავსი განცხადება საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პუტინმა რამდენჯერმე გააკეთა, თუმცა, ძირითადად, ჟურნალისტების კითხვაზე პასუხისას.
„თუ საქართველოს ხელისუფლება ჩათვლის შესაძლებლად, მოხარული ვიქნებით, საქართველოს მთავრობის ნებისმიერი წარმომადგენელი, იქნება ეს პრემიერი თუ პრეზიდენტი, მოსკოვში ვიხილოთ“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოსკოვში გამართულ ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე ტელეკომპანია „მაესტროს“ ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე პასუხის გაცემისას.
პუტინი ასევე შეეხო საქართველოში ოკუპირებული ტერიტორიების საკითხს. მისი განცხადებით, საქართველოში კონფლიქტების მოგვარების საკითხი იმ ხალხთან დიალოგს უკავშირდება, რომლებიც ამ ტერიტორიებზე ცხოვრობს.
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერისთვის, მანანა კობახიძისთვის გაუგებარია, თუ რა სურს ვლადიმერ პუტინს. მანანა კობახიძეს მიაჩნია, რომ მოლაპარაკებების დრო დღეს არ არის.
„ერთი ხელით დიალოგზე გვეპატიჟებოდეს და მეორე ხელით აფხაზეთთან ხელშეკრულებას აფორმებდეს - ცოტა გაუგებარია, რა სურვილებთან გვაქვს საქმე. გაუგებარია, რა დიალოგზე შეიძლება იყოს ლაპარაკი?“ - განაცხადა მანანა კობახიძემ.
საპარლამენტო უმცირესობის წევრი, სერგო რატიანი კი თვლის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, საქართველოს ინტერესები რუსეთთან მიმართებაში ყოფილიყო დაკნინებული.
„საუბარია ანექსიაზე, ასევე ძალიან ბევრ რამეზე. ამდენად, ყველა შეხვედაზე რუსეთი არის შემტევ, ხოლო საქართველო თავდაცვით პოზიციაში, როგორც ჟენევაში, ასევე სხვა ფორმატში. ვფიქრობ, ეს პოლიტიკა უნდა შეიცვალოს და ვფიქრობ, უნდა მიიღონ ის გადაწყვეტილება, რაც ჩვენ შევთავაზეთ რეზოლუციის სახით, რაც მათ არ მიიღეს“,- აცხადებს რატიანი.
მართალია, საპარლამენტო უმცირესობა უმრავლესობის პოზიციას არასაკმარისად მწვავედ მიიჩნევს, თუმცა პუტინის განცხადებებთან დაკავშირებით მათი პოზიციები რადიკალურად განსხვავებული ნამდვილად არ არის. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი სესიაშვილი თვლის, უკვე არაობიექტურია პუტინი, როდესაც აცხადებს, რომ ჩვენ პრობლემა გვაქვს აფხაზებთან და ოსებთან და გვამისამართებს მათთან.
„პუტინს არ უნდა, რომ რეალურად უარი თქვას დეოკუპაციაზე - ეს მთავარი პრინციპული განსხვავებაა ჩვენს შორის, მოცემული სიტუაციის ანალიზისას. ჩვენ ვართ რუსეთის ოკუპაციის პირობებში და აფხაზებთან და ოსებთან მოსალაპარაკებელი იქნება მას შემდეგ, რაც დეოკუპაცია მოხდება“, - აცხადებს სესიაშვილი.
თუმცა, როგორც სერგო რატიანი მიიჩნევს, პუტინის მხრიდან ასეთი განცხადებები ნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა დღეს არის შეგუებული ვითარებას, როცა რუსეთმა უკვე განახორციელა ანექსია, ახლა კი სურს, შეხვედრის ფონი იყოს მეგობრული და ქმნიდეს კეთილმეზობლურ ფონს, მაშინ, როდესაც ის არის ოკუპანტი და აგრესორი. რატიანის აზრით, რუსეთმა თავის მიზნებს მიაღწია და ახლა უბრალოდ, უნდა, ნორმალური ფონი შექმნას.
„ეს ნიშნავს, რომ თითქოს, რუსეთი დაკარგულ ტერიტორიებთან არაფერ შუაში არ არის, ერთი ხელით ანექსიას აკეთებს, მეორე ხელით იმის დემონსტრირებას ცდილობს, რომ ის არაფერ შუაში არ არის. ამ თამაშში სურს შეიტყუოს საქართველოს მთავრობა და გარკვეულწილად, ახერხებს კიდეც ამას“, - აცხადებს რატიანი, რომელიც თვლის, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ღირსეული პასუხი იქნებოდა იმ რეზოლუცუიის მიღება, რაც უმცირესობამ შესთავაზა უმრავლესობას.
პუტინი ასევე აცხადებს, რომ თავის დროზე, საქართველომ სთხოვა, ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაშვება და საპასუხოდ, რუსეთი დათანხმდა საქართველოს გადაწყვეტილებაზე წინააღმდეგობა არ გაეწია რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე. პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი მომავალშიც მზადაა, ამ მიმართულებით იმოქმედოს.
ირაკლი სესიაშვილი თვლის, რომ პუტინს რატომღაც უკვირს ნორმალური ქცევა, რადგან ყველა ნორმალური სახელმწიფო უშვებს თავის ტერიტორიაზე ჯანსაღ პროდუქციას.
პუტინის პრესკონფერენციაზე 2008 წლის ომსაც შეეხო - მისი განცხადებით, თავის დროზე არაერთხელ არწმუნებდა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომ არ დაეწყო საბრძოლო მოქმედებები და რუსეთს ბრალი არ მიუძღვის იმაში, რომ სააკაშვილს დევნიან.
„ყოველთვის ვეუბნებოდი, ნუ გააკეთებთ ამას, ნუ დაიწყებთ საბრძოლო მოქმედებებს. მპასუხობდა, არა, არავითარ შემთხვევაშიო, მაგრამ შედეგი ყველასთვის ცნობილია. ძალიან ძნელია ამ ვითარებიდან გამოსვლა. მესმის, რომ ეს საქართველოსთვის, ქართველი ხალხისთვის ღია ჭრილობაა, მტკივნეულია. 1919 წელიც ხომ გახსოვთ, მაშინაც მძიმე მოვლენები იყო რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ, საქართველომ დამოუკიდებლობის შესახებ გამოაცხადა, აფხაზეთმა კი რუსეთის შემადგენლობაში დარჩენის სურვილი გამოთქვა. მაშინაც ყველაფერი იგივე იყო, სადამსჯელო ოპერაცია, საბრძოლო მოქმედებები“, - აღნიშნა პუტინმა.
მმართველი კოალიციის წარმომადგენლის ზვიად კვაჭანტირაძის აზრით, პუტინმა 2008 წლის მოვლენების გახსენების დროს თითი საქართველოსკენ არ უნდა მიმართოს.
„ჩვენ ძალიან კარგად ვიცით 2008 წელს სააკაშვილის როლი, მაგრამ პუტინი საქართველოსკენ ხელს არ უნდა იშვერდეს, ეს დაუშვებელია. პუტინი არის ოკუპანტი და რუსეთს საქართველოს 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული. არც დღეს და არც ხვალ რუსეთთან დიალოგისთვის მზად არ ვართ,“ - აცხადებს კვაჭანტირაძე.
აქვს თუ არა დღეს საქართველოსა და რუსეთს სალაპარაკო თემები, ან უახლოეს მომავალში შესაძლებელია თუ არა შედგეს მსგავსი შეხვედრა, ქართველი პოლიტიკოსების პოზიცია დაახლოებით იდენტურია - შეხვედრა, რომელიც შედეგს არ მოგვიტანს, არ გვჭირდება.
ირაკლი სესიაშვილი: „რაც შეეხება შეხვედრას, ზოგად კონტექსტში მივესალმები, თუკი რუსეთი ასეთ სურვილს გამოხატავს, მაგრამ შეხვედრა მხოლოდ და მხოლოდ ორიენტირებული შეიძლება იყოს საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვით, მისი აღიარებითა და პატივისცემით. ჩვენ შეხვედრა შეხვედრისთვის არ გვჭირდება, შეხვედრას უნდა მოჰყვეს ის კონკრეტული ნაბიჯები, რასაც ჰქვია დეოკუპაცია და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარება, თუ პუტინი ამისთვის მზად არის, რა თქმა უნდა, ასეთ შეხვედრაზე უარს ვერ ვიტყვით, მაგრამ თუ შეხვედრა იქნება მხოლოდ შეხვედრისთვის და ყოვლგვარი შედეგის გარეშე დასრულდება, ასეთ შეხვედრას აზრი არ ექნება“.
„თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, ალექსი პეტრიაშვილი თვლის, რომ სალაპარაკო თემები ნამდვილად არის, მაგრამ ამ თემებს სჭირდება წინასწარი მომზადება.
„ასე ნამდვილად არ და ვერ ხდება, რომ ამ თემებს პირდაპირ განიხილავენ ორი ქვეყნის პირველი პირები. ეს ყველაფერი იმისთვისაა, შეიქმნას გარკვეული შთაბეჭდილება, თითქოს რუსეთი მზად არის მეზობელ საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზებისთვის, რაც არის აბსოლუტური ცინიზმი“, -მიიჩნევს პეტრიაშვილი.
შეიქმნის თუ არა რუსეთის პრეზიდენტი მსგავსი განცხადებებით მსოფლიოს თვალში საქართველოს მიმართ ლიბერალურად განწყობილი ლიდერის იმიჯს, ძნელი სათქმელია, თუმცა არსებობს ფაქტები, რომელიც თავისთავად მეტყველებს პუტინის გეგმებზე საქართველოს მიმართ.
ალექსი პეტრიაშვილი: „ერთი ხელით საქართველოს ტერიტორიების მიტაცება და მეორე ხელით საქართველოსთვის მეგობრობის დადასტურება ყოვლად მიუღებელია. ამიტომაც, ეს იქნებოდა შეხვედრა შეხვედრისთვის, რომ შედგეს კიდეც. ჩვენ, „თავისუფალი დემოკრატები“, ყოველთვის კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავით ასეთი ტიპის შეხვედრების და ვერ ვხედავ ვერავითარ პერსპექტივას ახლო მომავალშიც.
მაშინ, როდესაც რუსეთი არალეგიტიმურად ხელს აწერს აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებასთან ე.წ. შეთანხმებას, რომელიც ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ანექსიისკენ და ასევე ამზადებს ცხინვალის რეგიონთან მსგავს შეთანხმებას, შეხვედრებზე საუბარი ზედმეტია“.