შინაგან საქმეთა სამინისტროს შემდეგ, პროკურატურის ჯერი დადგა. ირაკლი ღარიბაშვილი პროკურატურის რეფორმირებას იწყებს და იუსტიციის მინისტრს უწყების რეფორმირების მიზნით, სამუშაო ჯგუფის შექმნის დავალებაც მისცა. პროკურატურის ორგანოების ინსტიტუციურ რეფორმაზე მსჯელობა წარიმართება ევროკავშირთან თანამშრომლობით დაფუძნებულ სისხლის სამართლის უწყებათაშორის საბჭოში, რომლის შემადგენლობაში შევლენ ძალოვანი სტრუქტურები, პროკურატურა, საერთაშორისო ორგანიზაციები და არასამთავრობო სექტორი.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თუ რომელ მოდელს აირჩევს საქართველოს ხელისუფლება, ეს უნდა აჩვენოს მუშაობის პროცესმა. როგორც პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, პროცესში ჩართვის სურვილი უკვე გამოთქვა და პროკურატურის რეფორემირების საკითხზე მუშაობს არჩილ კბილაშვილის ორგანიზაცია.
„კიდევ ერთი დანაპირები, რაც მე მინდა შევახსენო მოსახლეობას, იყო პროკურატურის რეფორმა. ამ საკითხზე უკვე მქონდა პირველადი განხილვები თეა წულუკიანთან, ასევე პროკურატურასთან, მთავრობის წევრებთან. ჩვენი მთავარი ამოცანაა, პროკურატურის ორგანოები დანაშაულთან ბრძოლის ეფექტიან მექანიზმად ჩამოყალიბდეს, გაძლიერდეს, მაგრამ ამავე დროს ემსახურებოდეს კანონის უზენაესობის პრინციპის განმტკიცებას.
ჩემთვის, როგორც პრემიერ-მინისტრისთვის, მნიშვნელოვანია, რომ არ დარჩეს არც ერთი უწყება, რომელსაც არ შეეხება ჩვენი რეფორმატორული კურსი, ჩვენი მმართველობის პირობებში არ გახდება უკეთესი, ვიდრე არის ახლა. საქართველოში ინსტიტუციური დემოკრატიის მშენებლობა სწორედ ამას გულისხმობს და სწორედ ამისკენ მივისწრაფვით ყველანი ერთად“, - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
ყოფილი მთავარი პროკურორი, არჩილ კბილაშვილი აცხადებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც პროკურატურიდან წამოსვლის შემდეგ დააფუძნა, 5 თვეა პროკურატურის რეფორმის კონცეფციაზე მუშაობს. მისივე თქმით, 23 დეკემბერს მოეწყობა პრეზენტაცია, სადაც ის მიმართულებები გაცხადდება, რომლებიც, მისი აზრით, ცვლილებებს საჭიროებს.
თეა წულუკიანის განცხადებით, ის, როგორც სისხლის სამართლის უწყებათაშორის საბჭოს თავმჯდომარე, საბჭოს სხდომას 26 დეკემბერს მოიწვევს, სადაც დაიწყება დისკუსია პროკურატურის რეფორმის საკითხზე. იუსტიციის მინისტრის განმარტებით, პროკურატურის რეფორმირების მთავარი მიზანია, განისაზღვროს ანგარიშვალდებულების საკითხი და შეიცვალოს ინსტიტუციური ჩარჩო, რომელშიც უწყება დღეს მოქმედებს. აღუდგება თუ არა იუსტიციის მინისტრს ის უფლებამოსილება, რომელიც მას გენერალური პროკურორის სახით ჰქონდა, წულუკიანი დღეს ვერ საუბროს.
„პროკურატურის ინსტიტუციური რეფორმა გულისხმობს იმას, რომ უნდა განისაზღვროს, სად უნდა მუშაობდეს პროკურატურის ორგანოები - უნდა იყოს თუ არა აღმასრულებელი ხელისუფლების ფარგლებში, თუ სხვაგან და თუ სხვაგან უნდა იყოს, მაშინ - სად? რაც მთავარია, პრემიერს ჰქონდა დავალება, რომ განისაზღვროს ანგარიშვალდებულობის საკითხი - მთავარი პროკურორი ვის მიმართ იქნება ანგარიშვალდებული“, - აცხადებს თეა წულუკიანმა.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე თვლის, რომ რეფორმის ერთ-ერთი მიმართულება კვალიფიკაციის ამაღლება და მოქმედ პროკურორორთა მუდმივ გადამზადებაზე ზრუნვა უნდა იყოს.
„ყველამ ძალიან სწრაფად უნდა აუღოს ალღო იმ ცვლილებებს, რაც ხდება მართლამსაჯულების სისტემაში, რათა პროცესზე, სასამართლოში უკვე ბრალდებულის უფლებები პროკურატურის მხრიდან იყოს დაცული, თუკი მათი მომზადება, კვალიფიკაცია იქნება ასეთ მაღალ დონეზე, მაშინ სასამართლო მათ მტკიცეულებებს, რა თქმა უნდა, კარგად გამოიყენებს“, - აცხადებს კოტე კუბლაშვილი.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურის მუშაობაზე უკმაყოფილება ღიად დააფიქსირა პარლამენტის თავჯდომარემ. დავით უსუფაშვილი თვლის, რომ იუსტიციის მინისტრის პროკურატურისგან სრულად განიარაღებით პარლამენტს ზედმეტი მოუვიდა, რაზეც პასუხისმგებლობას იღებს. პარლამენტის თავმჯდომარის აზრით, იუსტიციის მინისტრს, პროკურატურასთან მიმართებაში ჩამორთმეული გარკვეული უფლებამოსილება უნდა აღუდგეს და უნდა იყოს აღჭურვილი სათანადო ბერკეტებით, რომ გარკვეული ხარვეზები გამოავლინოს და შეძლოს ზომების მიღება, რაც გააუმჯობესებს სისტემის ეფექტურობას.
როგორც ცნობილია, „პროკურატურის შესახებ კანონში“ ცვლილებები უმრავლესობის წევრის, კობა დავითაშვილის ინიციატივით 2013 წლის აპრილში შევიდა. კანონის მიზანი იუსტიციის მინისტრისა და მთავარი პროკურორის უფლებამოსილებათა ერთმანეთისგან მკვეთრად გამიჯვნა და იუსტიციის სამინისტროს სისტემაში პროკურატურის დამოუკიდებელ ორგანოდ ჩამოყალიბება იყო. დავითაშვილის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს მხარი უმრავლესობამ მაშინ ერთხამად დაუჭირა.
1995 წელს, როცა კონსტიტუცია შემუშავდა, მაშინ პროკურატურა გამოცხადდა, როგორც სასამართლო დაწესებულება. გენერალურ პროკურორს წარადგენდა პრეზიდენტი და ამტკიცებდა პარლამენტი. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს დაუქვემდებარა, რითაც ის აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურად შეიქმნა.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე თვლის, რომ პროკურატურის საქმიანობის ეფექტურობა, კანონიერება უნდა მოწმდებოდეს. მისი თქმით, საპარლამენტო კონტროლი უნდა იყოს ქმედითი.
„ვერავინ უნდა ერეოდეს პროკურატურის საქმიანობაში, მაგრამ ამასთან, პროკურატურა არ და ვერ უნდა მოქმედებდეს გარედან კონტროლის გარეშე. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ იყოს ქმედითი საპარლამენტო კონტროლი, პროკურატურის საქმიანობის ეფექტურობა, კანონიერება უნდა მოწმდებოდეს და თუ გამოვლინდა არაეფექტურობა, მაშინ უნდა გაანალიზდეს ამის მიზეზები და სათანადო ცვლილებები უნდა განხორციელდეს“, - აცხადებს ვახტანგ ხმალაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ზაქარია ქუცნაშვილი თვლის, რომ არა მარტო პროკურატურა საჭიროებს რეფორმას, არამედ თავიდან არის გასააზრებელი მართლმსაჯულების მოწყობის სისტემა.
„არა მარტო პროკურატურას სჭირდება რეფორმა, მთლიანად თავიდან არის გასააზრებელი მართლმსაჯულების მოწყობის სისტემა იმისათვის, რომ ერთი მხრივ, სისხლის სამართლებრივი დევნის ორგანოები იყვნენ დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში, ხოლო მეორე მხრივ, მართლმსაჯულების ორგანოები თავისთავად იყვნენ მხოლოდ კანონზე და შინაგან რწმენაზე დამოკიდებული“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ზაქარია ქუცნაშვილმა.
„თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ირაკლი ჩიქოვანი აცხადებს, რომ უმთავრესია პრემიერის განცხადებები არ დარჩეს მხოლოდ განცხადებად, რეალურად განხორციელდეს რეფორმა და ეს არ იყოს ფასადური.
„რაც შეეხება პროკურატურას, ძალიან სახიფათო და მიუღებელი იყო ის, რომ პრაქტიკულად არარსებულ საქმეზე დააკავეს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები. როგორც ჩანს, საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი უკავშირდებოდა პოლიტიკურ მიზნებს. რაც ცხადყოფს, რომ უმთავრესი ამოცანა იმ რეფორმისთვის, რომელიც უნდა ჩატარდეს, უნდა იყოს მისი დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა.
წლების განმავალობაში ნაციონალების და „ქართული ოცნების“ პირობებშიც ჩვენ დავინახეთ, რომ მთავარი პრობლემა არის დამოუკიდებლობა პოლიტიკური ზეგავლენისგან. ფორმები, შესაძლებლობები და სახეები არის სხვადასხვაგვარი, მაგრამ უმთავრესია, რომ დამოუკიდებლობა უზრუნველყოფილი იქნას საკანონმდებლო დონეზე. არავის, არასდროს არ გაუჩნდეს იმის შესაძლებლობა ან სურვილი, რომ პროკურატურა გამოიყენოს საკუთარი მიზნებისათვის“, - აცხადებს for.ge -სთან საუბრისას ირაკლი ჩიქოვანი
პროკურატურის რეფორმირების მიზნით სამუშაო ჯგუფში ჩასართავად მზადყოფნას გამოთქვამს, საია. როგორც კახა კოჟორიძე აცხადებს, კარგია, რომ პროკურატურის რეფორმირებაზე დღეს შედარებით აქტიური საუბარი მიმდინარეობს. მისივე თქმით, როგორც ჩანს, ახლა სიტუაცია მომწიფდა.
„პარლამენტის მიერ ოფიციალურად მიღებულ დადგენილებაში ეწერა, რომ პროკურორი არ უნდა ინიშნებოდეს პრემიერ-მინისტრის მხრიდან და მას უნდა ნიშნავდეს პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტი. პროკურატურა არ უნდა იყოს აღმასრულებელი ხელისუფლების რაღაც დანამატი, რათა ის იყოს დამოუკიდებელი ინსტიტუცია. ფაქტია, რომ ასეთი დამოუკიდებელი ინსტიტუცია არ გვაქვს. მაგალითად, მთავარი პროკურორის თანამდებობაზე დანიშვნის წესი, პრაქტიკამ წარმოაჩინა და დაადასტურა, რომ არის ძალიან არასწორი წესი. ფაქტობრივად, იუსტიციის მინისტრის მონაწილეობა ამ პროცესში ნომინალურია“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრიას კახა კოჟორიძემ.