რუსეთმა რიგ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც, ხორბლის ექსპორტის შეზღუდვის გადაწყვეტილება მიიღო. საქართველოში ლარის კურსი მერყევია და თუ ამას ჩრდილოეთიდან ხორბლის იმპორტის შეფერხებაც დაემთხვა, პურპროდექტების ბიზნესში, შესაძლოა, რისკები ფორსმაჟორულად შეაფასონ. ადგილობრივ ბაზარზე შემოსული ხორბლის 90% სწორედ რუსეთზე მოდის.
საქართველოში ამ დროისათვის ვერ სრულდება რამდენიმე კონტრაქტი, რუსეთიდან ხორბლის იმპორტის თაობაზე. ამის მიზეზად კი სპეციალისტები „როსსელხოზნადზორის“ მიერ ფიტოსანიტარული სერტიფიკატის გაუცემლობას ასახელებენ.
საქართველოს მეხორბლეთა ასოციაციაში განმარტავენ, რომ სწავლობენ საკითხს, ხორბლის იმპორტის შეფერხების თაობაზე, თუმცა, დასძენენ, რომ შეზღუდვა, სავარაუდოდ, „როსსელხოზნადზორის“ ინიციატივას უკავშირდება.
„ჯიეიჩენის“ ინფორმაიით, რუსეთის ქმედების მთავარ მოტივად ქვეყნის შიგნით კვების პროდუქტებზე ფასების ზრდა სახელდება. პარალელურად, იმატა ამერიკული ხორბლის კვოტირებამაც. მარტის ფიუჩერსული ვაჭრობის შედეგების მიხედვით, 1 ტონა ე.წ. რბილი ხორბალი 1,56 დოლარით გაძვირდა და 229 დოლარს მიაღწია, ხოლო ე.წ. მაგარი ხორბლის ფასი კი 2,84 დოლარით გაძვირდა და 1 ტონა 240,57 დოლარი ღირს.
ამ გადაწყვეტილებით საქართველო მსხვილ მომწოდებელს კარგავს. მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელის ლევან სილაგავას ინფორმაციით, ადგილობრივ ბაზარზე შემოსული ხორბლის 90% რუსეთზე მოდის, მცირე ნაწილი უკრაინიდან და ყაზახეთიდან შემოდის. ბოლო წლებში რუსეთი მთავარი იმპორტიორი გახდა.
„რუსული ხორბალი იაფი და ხარისხიანია, შესაბამისად, იმპორტიორი ქვეყვენები მასზე დამოკიდებულნი არიან. ერთადერთი გამოსავალი ყაზახეთია, სადაც მოლაპარაკებები იმპორტის ზრდასთან დაკავშირებით საქართველომ უკვე უნდა დაიწყოს. ყაზახეთს აქვს საკმარისი მარაგი იმისთვის, რომ რუსული ხორბალი ჩაანაცვლოს“, - აცხადებს წისქვილკომბინატების ასოციაციის ხელმძღვანელი.
საქართველოში ლარის გაუფასურებამ, რუსეთში ხორბლის გაძვირებამ და ახლა უკვე შეზღუდვამ და სხვა პროცესებმა ცუდად იმოქმედა ადგილობრივ ბაზარზე, თუმცა პურის ფასის გაძვირება არ იგეგმება.
„წინაპირობა არ არის, რომ პურის ფასი გაძვირდეს, ფქვილიდან გამომდინარე, არ არის ფასის მატება ნავარაუდევი. ხორბალი ცოტათი გაძვირდა - 1 ტონა გახდა 280 დოლარი. მარაგები გვაქვს 2 თვის. ეს რყევა დიდად არ შეეხება პურს. 2 თვის შემდეგ რა იქნება, ეს უკვე საერთაშორისო პროცესებეა დამოკიდებული“, - განაცხადა სილაგავამ.
ფქვილის ამჟამინდელი ფასი, 35-37 ლარი არ არის ის ფასი, რომლითაც შეიძლება პურის გაძვირდეს. სილაგავას განმარტებით, პურის ფასი იმატებს დაახლოებით 45 ლარზე, ამ ნიშნულამდე კი საკმაო შუალედია.
პურპროდუქტების ასოციაციის თავმჯდომარე, მალხაზ დოლიძეც ადასტურებს, რომ ფქვილის მარაგი არის და შესაბამისად, ფასის ცვლილება ამ დროისთვის არ არის ნავარაუდევი.
„რაც იყო ფქვილის ფასი, ფაქტობრივად, არ შეცვლილა. ჯერჯერობით არ არის ნავარაუდევი გაძვირება. 50-კილოგრამიანი ტომრის ფასი იგივეა და 36-37 ლარს შეადგენს. კონკურენციაა და ფასი სტაბილურია“, - განაცხადა დოლიძემ.
უცხოელი ექსპერტები განმარტავენ, რომ რუსეთის ხელისუფლების პირობის მიუხედავად, არ დაეწესებინათ საგარეო ბაზარზე ხორბლის გატანის შეზღუდვა, “როსსელხოზნადზორი” ფიტოსანიტარული სერტიფიკატების გაცემას მაინც ზღუდავს. აღნიშნულ პრობლემას უკვე ყურადღება მიაქციეს აშშ-შიც.