„შსს-ს ვთხოვთ გვაცნობოს, თუ რა რაოდენობის თანხას უხდის „დელტა კომმ“-ს“

„შსს-ს ვთხოვთ გვაცნობოს, თუ რა რაოდენობის თანხას უხდის „დელტა კომმ“-ს“

ლევან სამუშია აცხადებს, რომ შსს მტკიცებულებების მოპოვებაში ხელს უშლის. თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღჩინოსნების ადვოკატმა, შსს-ს საჯარო ინფორმაციის გაცემის თხოვნით 2014 წლის 26 ნოემბერს მიმართა, თუმცა შსს-მ ინფორმაციის გაცემის ყველანაირი ვადა დაარღვია და დაცვის მხარეს ინფორმაცია ამ დრომდე არ მიაწოდა. დაცვის მხარე, შსს-გან ითხოვს ინფორმაციას შპს „დელტა კომმთან“, ასევე სხვა კომპანიებთან გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულებების შესახებ, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტით მომსახურების თაობაზე.

მისი თქმით, შსს-ს პასუხის შემდეგ, დაცვის მხარე მტკიცებულებების საფუძველზე აპირებს დანიშნოს ექსპერტიზა, რაც საქმისთვის და დაცვის მხარის პოზიციისთვის არსებითად და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. აღსანიშნავია, რომ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების წინააღმდეგ გამოძიება სწორედ „დელტა კომმის“ განცხადების საფუძველზე დაიწყო. მოგვიანებით, მთავარმა პროკურატურამ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვის ბრალდებით, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები დააკავა.

For.ge თავდაცვის სამინისტროს დაკავებული თანამშრომლების ადვოკატს ლევან სამუშიას ესაუბრა.

რა სახის ინფორმაციას ითხოვს დაცვის მხარე შსს-გან?

- 2014 წლის 26 ნოემბერს პირადად მივმართე წერილით შს მინისტრს. მოვითხოვე ინფორმაცია, აქვს თუ არა შსს-ს „დელტა კომმთან“, ასევე სხვა კომპანიებთან გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულება და თუ აქვს, რა საფასურს იხდიან ამ მომსახურეობაში. ეს ინფორმაცია დაცვის მხარისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. პასუხი უნდა მოგვსვლოდა დაუყოვნებლივ, მაგრამ კანონით შესაძლებელია მხოლოდ 10 დღით გადაიწიოს ვადამ. დღეს 17 დეკემბერია და არანაირი პასუხი არ მაქვს მიღებული.

აქვს თუ არა გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულება შსს-  „დელტა კომმთანან სხვა კომპანიებთან და რა საფასურს იხდიან ამ მომსახურეობაში, ამ ინფორმაციას რა კავშირი აქვს ბრალდებასთან?

- დაცვის მხარე ბუნებრივია, ვაგროვებთ მტკიცებულებებს, გვესაჭიროება შსს-დან ინფორმაცია, შპს „დელტა კომმთან“, ასევე სხვა კომპანიებთან გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულებების შესახებ, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტით მომსახურების თაობაზე. დადებითი პასუხის შემთხვევაში, სამინისტროს ვთხოვთ გვაცნობოს, თუ რა რაოდენობის თანხას უხდის შსს ამ კომპანიებს. საქმის დეტალებზე და დაცვის სტრატეგიაზე ვერ ვისაუბრებ.

მაგრამ, შემიძლია გითხრათ, რომ მომსახურეობის საფასურში რა რაოდენობას იხდიდა სხვა სახელმწიფო სამსახური და ამ შემთხვევაში შსს, საინტერესოა იმიტომ, რომ შევადაროთ თავდაცვის სამინისტროს მიერ გაფორმეულ ხელშეკრულებას და მომსახურეობის საფასურს. გავარკვიოთ იხდის თუ არა საერთოდ მომსახურეობის საფასურს და რა თანხებზეა საუბარი. იცით, პოლიტიკოსები საუბრობდნენ, რომ თითქოსდა შსს-ს უფასოდ ემსახურებოდა „დელტა კომმი“.

ეს განცხადება გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა...

- დიახ. სხვათაშორის ამ ვერსიას ანვითარებს ბრალდებაც. ჩვენთვის მთავარია მოვიპოვოთ ინფორმაცია 2014 წლის 1 იანვრიდან დღემდე რამდენს იხდის ყოველთვიურად და რა თანხებია ამ მომსახურეობისთვის გადახდილი შსს-ს მიერ. ჩვენ გვაქვს გარკვეული ეჭვი და ეს ეჭვი გვიძლიერდება იმითაც, რომ შსს არ გვაძლევს ინფორმაციას.

შეგიძლიათ დააკონკრეტოთ, რა ეჭვები აქვს დაცვის მხარეს?

- როდესაც საუბარია, რომ რიგი კომპანიები შსს-ს უფასოდ ემსახურებიან, მთლად ასე არ არის საქმე და ამიტომ, სამინისტრო განზრახ აჭიანურებს პასუხის გაცემას. საუბარია არა უფასო მომსახურეობაზე, არამედ, საკმაოდ სოლიდურ თანხებზე. ჩვენ ვითხოვთ საჯარო ინფორმაციას და ადმინისტრაციული კანონის შესაბამისად, დაუყოვნებლივ უნდა გადმოგვცემოდა ეს ინფორმაცია. ფაქტია, რომ შს სამინისტრომ დაარღვია კანონმდებლობა.

თუ გაარკვიეთ შსს-გან, რატომ არ მოგეცათ ვადებში ეს ინფორმაცია?

- 15 დეკემბერს ამ ვადებით მივმართე უშუალოდ შს მინისტრს, ვთხოვე, რომ შეასრულონ კანონის მოთხოვნა და გადმოგვცენ ინფორმაცია, რომელიც არის საჯარო. ყოველდღიურად ვუკავშირდები შსს-ს და ვთხოვ, რომ გამცენ პასუხი. ტექნიკური მუშაკები სატელეფონო საუბარში მეუბნებიან, რომ აღნიშნული წერილი მომზადებულია და ახლა ხელმოწერის პროცესშია. ამას მეუბნებიან უკვე რამდენი ხანია. რა გახდა ეს ხელმოწერა, ვერ გეტყვით. ჩემთვის მთავარი იყო, რომ შსს-ს კანონით დადგენილ ვადებში გადმოეცა ინფორმაცია.

გასაგებია, რომ დაარღვიეს ვადა, მაგრამ, დღესაც ვითხოვთ ამ ინფორმაციას. დაცვის მხარე აგროვებს მასალებს და მოპოვებული მასალების საფუძველზე უნდა დავნიშნოთ ექსპერტიზა. დაცვის სრულფასოვანი წარმოების შესაძლებლობაში ხელი გვეშლება. ჩვენ გვჭირდება ინფორმაცია და მტკიცებულება. შსს ვალდებულია კანონით დადგენილ ვადებში გადმოგვცეს ეს ინფორმაცია.

ამ საქმეს კანონთან, სამართალთან და სამართლიანობასთან საერთოდ შეხება არ გააჩნია. პროკურატურა ჯერ იძახდა, რომ საქმე 5 ტომისგან შედგებაო, მინდა გითხრათ, რომ ამ წუთისთვის ეს საქმე 20 ტომს ასცდა. ტომის რაოდენობას არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია ხარისხი. დეტალურად შევისწავლეთ სისხლის სამართლის საქმე და ვერც ერთი მტკიცებულება ვერ აღმოვაჩინეთ. პროკურატურა თავად ადასტურებს, რომ დანაშაულის მოტივი არ აქვთ გამოკვეთილი და ამ გულწრფელობისთვის, კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობს საქმის პროკურორს ჯარჯი წიკლაურს.

როდესაც მტკიცებულების მოპოვების პროცესში დაცვა აწყდება წინააღმდეგობას, რა ბერკეტები რჩება, რომ შეძლო საჭირო ინფორმაციის მოპოვება?

- მოდით, იქიდან დავიწყოთ, რომ თავად ბრალდების მხარეს არ აქვს არანაირი მტკიცებულება. თუ საქმე არსებით განხილვამდე მივიდა, ისინი ვერ შეძლებენ ვერც ერთი მტკიცებულების წარდგენას, ვერ დაადასტურებენ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი პირების ბრალეულობას იმიტომ, რომ ასეთი რამ არ არსებობს. დაკავებულებისთვის ბრალის წარდგენის მომენტიდან, სახელმწიფო უწყებები დაცვის მხარეს ხელს უშლიან მტკიცებულებების მოპოვებაში, მაგრამ ჩვენ მივაღწეთ იმას, რომ მტკიცებულების დიდი ნაწილი ჩვენს ხელთ არის, გრიფი მოხსნილია და მუშაობის საშუალება გვაქვს. შსს-ს მოუწევს ჩვენს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის გასაჯაროვება. არ ვიცი არის თუ არა საერთოდ ხელშეკრულება გაფორმებული, ფასიანია თუ უფასოა ეს მომსახურეობა, მაგრამ ამ ინფორმაციის გასაჯაროვება მათ აუცილებლად მოუწევთ.

ჩვენ, გვექმნება ხელოვნური ბარიერები, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ამ პირობებშიც ჩვენ შევძლებთ დაცვის განხორციელებას და დავადასტურებთ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი პირების უდანაშაულობას აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე. ჩვენთვის მთავარი არაა რას ამბობენ პოლიტიკოსები, ჩვენთვის მთავარია, ეს ყველა ინფორმაცია შევაგროვოთ, რომ სასამართლოსთვის და საზოგადოებისთვის ნათელი გახდეს, რასთან გვაქვს რეალურად საქმე.

თქვენთვის მნიშვნელობა არ აქვს რას ამბობენ პოლიტიკოსები, მაგრამ, რამდენად აქვს ამას მნიშვნელობა გამოძიებისთვის და სასამართლოსთვის?

- ბუნებრივია, როდესაც პოლიტიკოსები მათივე განცხადებებით არღვევენ უდანაშაულობის პრეზუმფციას, ეს მოქმედებს სისხლის სამართლის საქმეზე. კონკრეტულად ამ საქმეს პოლიტიკური შემადგენელი საკმაოდ მაღალ ხარისხში აქვს, რაც მიუღებელია. ადვოკატები მოწოდებული ვართ, სამართლიანი ბრძოლის მეთოდებით ვიბრძოლოთ და დავადასტუროთ მათი უდანაშაულობა.

პროკურატურა ამ დრომდე ვერ ამტკიცებს რაში გამოიხატება გაფლანგვა, მაგრამ დაცვამ თუ შეძლო მტკიცებულების მოპოვება, რითაც დატურდება დაკავებულების უდანაშაულობა?

- პროკურატურას ამ საქმეში ირიბი მტკიცებულებაც არ გააჩნია, რითაც დაამტკიცებს, რომ ამ ადამიანებმა რაიმე სახის დანაშაული ჩაიდინეს. რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, მინდა დაგარწმუნოთ, რომ დაცვა საკმაოდ კვალიფიციურად მომზადებული წარსდგება სასამართლო პროცესზე და დაადასტურებს თავისი დაცვის ქვეშ მყოფი პირების უდანაშაულობას.