რატომ გახდა მშპ-ს ზრდის ტემპი დამაკმაყოფილებელი?

რატომ გახდა მშპ-ს ზრდის ტემპი დამაკმაყოფილებელი?

საქართველოში საგაისოდ, ისევე როგორც წელს 5%-იანი ეკონომიკური ზრდა დაიგეგმა. წლევანდელი გეგმა მცირედი გადაჭარბებით შესრულდება. საკმარისია თუ არა ეკონომიკის განვითარების ამგვარი ტემპი?

ექსპერტები და სპეციალისტები ყოველთვის მიუთითებდნენ, რომ ასეთი სვლით საქართველო მრავალი წელი ვერ გაუთანაბრდებოდა საშუალო ევროპულ დონეს, თუმცა ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ვითარება შეცვალა. აღმოჩნდა, რომ საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი არცთუ ურიგო ყოფილა, მით უფრო, რომ ჩვენს ახლო-მახლო ზოგიერთი საახელმწიფო „გაყინულია“ (ბელორუსი), ხოლო ზოგი საერთოდ უკან მიექანება (უკრაინა, რუსეთი). არც ზღვის გადაღმაა უკეთესი ვითარება (საბერძნეთი) და საერთოდ ევროზონაში ეკონომიკის არასტაბილური ზრდაა ნავარაუდევი.

გაეროს მონაცემებით უახლოესი 2 წლის განმავლობაში, მსოფლიო ეკონომიკის შემდგომი აღორძინება მოსალოდნელია, თუმცა აუცილებლად გასათვალისწინებულია ახალი გამომწვევი და ბოლო ფინანსური კრიზისი, ასევე ებოლას საფრთხე და უკრაინაში განვითარებული მოვლენები.

მომავალი წლისთვის მსოფლიოში მშპ-ს ზრდის ტემპი 3,1% იქნება, ხოლო 2016 წელს კი - 3,3%. გაეროს მონაცემებით, წლეულს ეკონომიკის მატების მაჩვენებელი 2,6% იქნება.

ეკონომიკის ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდება აღმოსავლეთ აზიაში, (საუბარია 6%-იან მაჩვენებელზე). აშშ-ში 2015 წელს ეკონომიკის 2,8%-იანი მატებაა მოსალოდნელი, ხოლო 2016 წელს კი - 3,1%-იანი. საპირისპირო ვითარებაა ევროზონაში, სადაც ეკონომიკის არასტაბილურ ზრდას პროგნოზირებენ.

გაეროს კონკრეტულად საქართველოზე ყურადღება არ გაუმახვილებია. სამაგიეროდ, საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ირწმუნება, რომ საქართველოში წელს ეკონომიკური ზრდა 5%–ს გადააჭარბებს, ხოლო 2015-შიც, ტემპი იგივე შენარჩუნდება.

„მიუხედავად მეზობელი ქვეყნების ეკონომიკებში ურთულესი გამოწვევებისა, საქართველოში წელს ეკონომიკური ზრდა 5%–ს გადააჭარბებს. მსოფლიო ბანკის პროგნოზით, მომავალ წელს საქართველოს რეგიონში მაღალი, ისევ 5%–იანი ეკონომიკური ზრდა იქნება“, – აღნიშნა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მან ის ქვეყნები ჩამოთვალა, სადაც საქართველოზე ძლიერი ეკონომიკაა, თუმცა წლევანდელი წელს და მათი ეკონომიკური ზრდის პროცენტული მაჩვენებელი ჩვენი ქვეყნის მაჩვენებელზე ნაკლებია, ესენია: ყაზახეთი 4.3%–იანი ეკონომიკური ზრდით, აშშ - 2,2%, თურქეთი - 3% , რუსეთი - 0%, სომხეთი - 2.6%, აზერბაიჯანი - 4.5%, მოლდოვა - 1,8%, ბელორუსი - 0.9%, ბულგარეთი - 1.4%, ბალტიისპირეთის ქვეყნები ჯამში - 2.5%, ევროკავშირის ქვეყნები - 1.4%, ევროზონა - 0.8%, ევროკავშირის ახალი წევრები - 2.6%. უკრაინა, სადაც 8%-იანი ეკონომიკური ვარდნაა და ხორვატია, რომელიც ასევე 0.8%-იან უკუსვლას განიცდის.

„ეს არის პასუხი იმ ცრუ ბრალდებებზე და იმ მიზანმიმართულ უპასუხისმგებლო კამპანიაზე, რომელიც ჩვენმა ოპონენტებმა და ე.წ. ექსპერტებმა წამოიწყეს იმისათვის, რომ საქართველოში გარემო გააუარესონ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2013 წლის მონაცემებით, მოსახლეობის ერთ სულზე მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობით საქართველოზე წინ 113 ქვეყნის ეკონომიკა დგას. რამდენ ხანში შევძლებთ ამ ქვეყნების ეკონომიკების „დაწევას“ თუ მათ მშპ-ს მიმდინარე მოცულობას „გავყინავთ“, ანუ ჩავთვლით, რომ მათი ეკონომიკა აღარ გაიზრდება.

აღმოჩნდა, რომ თუ შევინარჩუნებთ 5%-იან ეკონომიკურ ზრდას მუდმივად, 2015 წელს დავეწევით უკრაინის ეკონომიკის მიმდინარე დონეს (თუმცა უნდა ითქვას, რომ უკრაინაში არსებული სამხედრო-პოლიტიკური ვითარების გამო მათი ეკონომიკა მცირდება). 2020 წლისათვის, უკვე გვექნება მაკედონიის მშპ-ს მაჩვენებელი, 2027 წელს - ჩინეთის. 2029-ში დავეწევით აზერბაიჯანს, 2035-ში - თურქეთს, 2042-ში - რუსეთს (ამ ქვეყანაშიც რეცესია უკვე დაწყებულია და ასეთი სცენარის შემთხვევაში ჩრიდოლოელ მეზობელს უფრო მალე წამოვეწევით), 2043-ში - ლიტვას, 2046-ში - ჩეხეთსა და ესტონეთს, ხოლო 2053-ში კი უკვე სამხრეთ კორეას. საშუალო ევროკავშირის მაჩვენებელს კი მივაღწევთ მხოლოდ 2059 წელს, ანუ 45 წელიწადში.