რუბლი კვდება, რუსეთის ეკონომიკა ჰოსპიტალიზებულია

რუბლი კვდება, რუსეთის ეკონომიკა ჰოსპიტალიზებულია

რუსეთის ეროვნული ვალუტა უფსკრულში ეშვება. კურსის დაჭერა უკვე შეუძლებელია, ქვეყანაში უცხოური ვალუტის დეფიციტია, სავაჭრო ობიექტებში პროდუქტებზე ფასს წამდაუწუმ ცვლიან, სულ უფრო ხშირად ისმის სიტყვა „დეფოლტი“.

16 დეკემბერს მოსკოვის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე ევროსთან მიმართებაში რუბლმა კატასტროფული მაჩვენებლი დააფიქსირა - 1 ევრო 100 რუბლი ღირდა, დოლარი კი - 80 რუბლი. შოკისმომგვრელი კურსის დაფიქსირების შემდეგ რუსული ვალუტა შედარებით გამყარდა და მან 92,50 რუბლი შეადგინა. მოგვაინებით რუბლმა დოლართან მიმართებაშიც დაიწყო გამყარება და 72,70 გაჩერდა.

როდესაც მოსკოვის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე 1 ევრო 100 რუბლი ღირდა, კალინიგრადში „ვნეშპრომბანკის“ ფილიალებში ევრო 110 რუბლად იყიდებოდა. რუბლის ასეთმა კურსმა კალინიგრადში პანიკა გამოიწვია.

გუშინვე გამთენიისას რუსეთის ბანკის დირექტორთა საბჭომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10,5%-დან 17%-მდე გაზარდა. ეს ქმედება ბოლო 15 წლის განმავლობაში რუბლის კურსის ყველაზე სერიოზულმა ვარდნამ გამოიწვია, მაგრამ შედეგად კიდევ უფრო დიდი სავალუტო კატასტროფა მიიღეს.

წლის დასაწყისიდან, რუსული რუბლი ევროასთან და დოლართან მიმართებაში უკვე 130%-ით გაუფასურდა. აღსანიშნვია, რომ მოსკოვის ვალუტის გადამცვლელი პუნქტების უმრავლესობა ვალუტას არ ყიდის და მხოლოდ ყიდულობს. რუსული ვალუტის მსგავსი მასშტაბის გაუფასურება 1998 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა.

აღსანიშნავია, რომ ეს რუსული ეკონომიკის ისტორიაში მეორე „შავი სამშაბათია“. 90-იან წლებში 1994 წლის 11 ოქტომბერს „შავ სამშბათს“ რუბლი 27%-ით დაეცა.

რუბლის კურსის დაცემა აისახა რუსეთის საფონდო ინდქსის „ერტეესზეც“, რომელიც ეროვნული ბანკის შეზღუდვის მიუხედავად, პერმანენტულად ეცემა. ჯერ კიდევ გუშინ ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ბაზარს კაპიტალიზაციით (აქციების ჯამური ღირებულება) გაუსწრო „მაიკროსოფტმა“, რომელიც აშშ-ის კომპანიებს შორის მეორე ადგილზეა. ე კი იმას ნიშნავს, რომ „მაიკროსოფტი“ უფრო მეტი ღირს, ვიდრე ბირჟაზე წარმოდგენილი რუსული კომპანიები ერთად აღებული.

რუბლის გუშინდელი რეკორდული ვარდნა ვერც იმ ფაქტმა შეაჩერა, რომ ცენტრალურმა ბანკმა და ფინანსთა სამინისტრომ აუქციონზე 10 მილიარდი დოლარი გამოიტანეს. ამას დაემატა ეროვნული ბანკის 700 მილიონი დოლარის ინტერვენცია სავალუტო ბაზარზე.

რუბლზე უარყოფითად რუსეთისთვის დაწესებული სანქციები და ნავთობზე ფასების ვარდნა მოქმედებს. ამათგან უფრო მეტად კრემლს „შავი ოქროს“ გაიაფება აზარალებს. ნავთობპროდუქტების ღირებულების მკვეთრი შემცირება, რუსეთის გარდა ნავთობის ექსპორტიორ სხვა ქვეყნებსაც შეეხო, თუმცა ამას მათი ეკონომიკის მსგავსი დაკნინება და ეროვნული ვალუტის დევალვაცია არ გამოუწვევია. რუსეთში კი პანიკა უკვე აშკარაა და ამის მიზეზად ექსპერტები უნდობლობას ასახელებენ, რომელიც ხელისუფლებასა და ბიზნეს წრეებს შორის გაჩნდა.

ანალიტიკოსები და ექსპერტები, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასების მკვეთრი მომატების პირობებშიც კი, რუსული ეკონომიკის აღმასვლას არ ვარაუდობენ. მათი აზრით, რუსეთის ხელისუფლების მიერ, მსგავსი საერთაშორისო და ფულადსაკრედიტო პოლიტიკის წარმოების შემთხვევაში, რუსეთის ეკონომიკა ათწლეულებს დაკარგავს! ამაზე უკვე ღიად რუსი ექსპერტებიც საუბრობენ.

საერთაშორისო საბროკერო კომპანია „EXNESS“-ის წარმომადგენელი რუსეთში სერგეი კოჩერგინი რუსული რუბლის გამყარების ერთადერთ იმედად, ხუთშაბათს 18 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას მიიჩნევს, თუმცა არ აკონკრეტებს თუ რა შეიძლება თქვას პუტინმა ისეთი, რაც რუბლის გამყარებას შეუწყობს ხელს.

გუშინვე საფინანსო ბაზარზე არსებული სიტუაცია რუსეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის პირველმა მოადგილემ სერგეი შვეცოვმა კრიტიკულად შეაფასა. „იმას, რაც დღეს ხდება, ერთი წლის წინათ ყველაზე საშინელ სიზმარშიც კი ვერ ვნახავდით. კრიზისის მართვის გამოცდილება, რომელიც ცენტრალურ ბანკს აქვს, დაგვეხმარება, რომ მძიმე პერიოდში გადავრჩეთ“, - აცხადებს შვეცოვი.

რუსულ მედიაში სიტყვა „დეფოლტი“ და „1998 წელი“ სულ უფრო ხშირად ჩნდება.