„თუ დავიწყეთ ენგურჰესზე ჭიდაობა, მაშინ შუქი არც იმათ ექნებათ და არც ჩვენ“

„თუ დავიწყეთ ენგურჰესზე ჭიდაობა, მაშინ შუქი არც იმათ ექნებათ და არც ჩვენ“

რაულ ხაჯიმბას განცხადებამ, რომ „ენგურჰესის“ ის ნაწილი, რომელიც დე ფაქტო აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარეობს, აფხაზ ხალხს უნდა ეკუთვნოდეს, ქართველი ექსპერტები დააფიქრა. ისინი აფხაზების მიერ ენგურჰესის შესაძლო გათიშვის საფრთხეზე საუბრობენ.

ჰესის გათიშვის საფრთხეს არ გამორიცხავს ექსპერტი არჩილ მათიაშვილი. ის აცხადებს, რომ აფხაზების ნებისმიერი ქმედება ჩვენ უფრო დაგვაზარალებს, ვიდრე მათ, რადგან გენერაციის ობიექტი იქ არის და, თუ აფხაზებმა ელექტროენერგია გათიშეს, ამ შემთხვევაში გამოსავალი იქნება ის, რომ ქვეყანას მოუწევს ელექტროენერგიის იმპორტი, რაც საკმაოდ ძვირი დაჯდება.

გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი ნინო ჩხობაძე კი აცხადებს, რომ საქართველოს ვალდებულებები აქვს ენგურჰესზე და ეს საკითხი არ შეიძლება იყოს განხილვაში.

რისთვის დასჭირდა ხაჯიმბას ენგურჰესით აპელირება? როგორც ცნობილია, ენგურჰესი წელიწადში 4,5 მილიარდ კილოვატსაათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. მაშ შემდეგ, რაც ქართველებსა და აფხაზებს შორის შეთანხმება შედგა, აფხაზებმა ენგურჰესზე გამომუშავებული ელექტროენერგიის 40 % მიიღეს, ხოლო ქართველებმა - 60 %. თუმცა, როგორც ამბობენ, თავის დროზე ეს გადანაწილებაც არასწორი იყო, რადგან აფხაზები გაცილებით ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარენ.

რამდენიმე დღის წინ ოკუპირებული აფხაზეთის გენერალურმა პროკურორმა ალექსი ლომიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მათ მიერ სახელმწიფო კომპანია „ჩერნომორენერგოს“ დოკუმენტების შემოწმების შედეგად დარღვევების მთელი წყება აღმოჩნდა. ლომიას თქმით, მათ შორის ყველაზე „სენსაციური“ იყო ის, რომ 2007 წლიდან „ჩერნომორენერგოს“ ბალანსზე აღარ ირიცხება ისეთი საწარმოები, როგორიც „ენგურჰესი“ და „ვარდნილჰესი“ იყო და ორივე მათგანი ქართული ენერგოსისტემის კუთვნილებაში გადავიდა.

აქედან გამომდინარე, რაულ ხაჯიმბას კითხვა აღეძრა - „დღემდე არ ვიცით, ვიღებთ თუ არა იმ 40%-ს, რომელიც 60%-40%-ზე (ანუ საქართველოსა და აფხაზეთს შორის) მომხდარი გადანაწილებით გვეკუთვნის. ჩვენ დაზუსტებით უნდა ვიცოდეთ, გვაქვს თუ არა შესაძლებლობა, რეალურად ვიმუშაოთ ამ მოცულობით“.

ენერგეტიკოსი რევაზ არველაძე For.ge-სთან საუბარში 1996-97 წლებს იხსენებს, როცა აფხაზეთმა დააყენა საკითხი, რომ ვინაიდან სამანქანო დარბაზი და ენგურჰესის მართვის ფარი საბერიოში (გალის რაიონი) მდებარეობდა და ეს დაახლოებით მთელი ელექტროსადგურის ძირითადი ფონდების 40 %-ს შეადგენდა, ელექტროენერგიის 40 % აფხაზეთს ეკუთვნოდა, ხოლო 60 %  -საქართველოს. რა თქმა უნდა, ეს არასწორად ნაანგარიშები იყო, რადგან ასეთი ანგარიში ბუნებაში არ არსებობს. უფრო მეტიც, ეს არის ერთი ელექტროსადგური და არ შეიძლება მისი ცალ-ცალკე დაყოფა, რომ ერთი ნაწილი აფხაზეთის იყოს და მეორე ნაწილი საქართველოსი.

„ენგურჰესი ერთიანად ეკუთვნის საქართველოს. ცუდად ნუ გამიგებენ ჩვენი მონათესავე აფხაზები, მაგრამ ენგურჰესის მშენებლობაში აფხაზებს საერთოდ არ მიუღიათ მონაწილეობა. ეს სადგური შენდებოდა მთლიანად საბჭოთა კავშირის მიერ საქართველოს ბიუჯეტით, რადგან რაც საქართველოდან ქონების სახით მიდიოდა რუსეთის ცენტრალურ ხაზინაში, იქიდანვე მოდიოდა უკან ენერგეტიკის სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხით. მართვის ფარი საბერიოში იმიტომ აშენდა, რომ ეს სქემა ყველაზე კარგი იყო ენერგეტიკული ტექნიკური თვალსაზრისით. ენგურის მდინარის ნაწილი (რაც ტურბინებში მიედინება) თავისი კალაპოტით კი არ წავიდა, არამედ გადავარდა გალის რაიონისკენ, სადაც არის „პირველი ვარდნილჰესის“ წყალსაცავი და იქიდან უკვე „ვარდნილჰესებში“ მიდის. ძალიან ახლობელია ჩვენთვის აფხაზეთი, ამიტომ საქართველოს ხელისუფლებამ კეთილი ნება გამოიჩინა და 40-60 %-ზე გადაანაწილა ენერგია. არ ვიცი, ხაჯიმბა რატომ ლაპარაკობს, თითქოს მისი საკუთრება იყოს დე ფაქტო აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ენგურჰესის მართვის ფარი. სინამდვილეში, ეს ტერიტორიები რუსეთის ხელშეწყობით აქვთ მითვისებული. ამიტომ 40-60 %-ზე გადანაწილება არასწორია, რეალურად 10 %-იც არ სჭირდებათ აფხაზებს. იმ 40% ელექტროენერგიასაც აბსოლუტურად უფასოდ იღებენ, ესეც საჩუქარი არ არის?“ -აცხადებს რევაზ არველაძე და არ გამორიცხავს, აფხაზებს სურდეთ, ენგურჰესის მეტი ნაწილის ხელში ჩაგდება, რომ შემდეგ უკვე აქით მოგვყიდონ ელექტროენერგია. მათ ისიც შეუძლიათ, საქართველოსკენ არ გამოუშვან გამომუშავებული ელექტროენერგია, თუმცა „ასეთ სისულელეზე არ წავლენ, რადგან მაშინ საერთოდ გაჩერდება ენგურჰესი, რომელიც აფხაზების 100%-იანი დამაკმაყოფილებელია. სხვა ელექტროსადგური აფხაზებს არ აქვთ. რომც მოინდომონ, რუსეთთან ერთადერთი დამაკავშირებელი ხაზი 220-კილოვოლტიანია, საუბარია „სალხინოზე“. ამ ხაზით შეიძლება რუსეთიდან მიიღონ ელექტროენერგია, მაგრამ ამ ხაზის გამტარუნარიანობა არ არის იმხელა, რომ აფხაზეთი დააკმაყოფილოს“.

ექსპერტი ირაკლი ცქიტიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ დე ფაქტო ხელისუფლებაში ხაჯიმბას მოსვლის შემდეგ მისი დარტყმის ცენტრალური კურსი მიმართული იყო სწორედ „ჩერნომორენერგოს“ ჩახლართულ კორუფციულ სქემებზე. საუბარია იმაზე, რომ იმ 40 %-დან, რასაც იღებდა „ჩერნომორენერგო“, ისევ უკან ჰყიდდა საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე, რადგან ჩვენთან ელექტროენერგიის ფასი უფრო მაღალია, ვიდრე აფხაზეთის ტერიტორიაზე, სადაც დაახლოებით, 2 ცენტი იყო ელენერგიის ფასი.

„ამ სხვაობას იჯიბავდნენ. „ჩერნომორენერგოს“ ხელმძღვანელი ბაღაფში იყო და შემდეგ ბაღაფშის კლანს ანქვაბი მფარველობდა, ამიტომ ხაჯიმბა დაერია „ჩერნომორენერგოს“ მაშინდელ ხელმძღვანელობას. შესაბამისად, ხაჯიმბას განცხადება თავის დაზღვევაა, რათა ხალხი არ აუჯანყდეს, რადგან ზამთარში აფხაზეთის ტერიტორიაზე დენის გათიშვა ყოველ ზამთარს ხდება, როგორც კი თოვლი მოდის. ძაბვაც ძალიან დაბალია. მას სურს, აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდება როგორმე დაარეგულიროს. ამიტომ ის აჟიოტაჟი, რომელიც ატეხილია ჩვენთან, რომ შეიძლება ენგურჰესი პრობლემატური გახდეს, გაუგებარია. ეს ტექნიკურად შეუძლებელია, თუ რუსები სამეგრელოსაც არ დაიპყრობენ. ყველა დანარჩენ შემთხვევაში, ეს ჰესი ორმხრივი სარგებლობის და ორმხრივი გამომუშავების იქნება. ერთადერთი მხარე, რომელსაც რეალურად შეუძლია, საჭიროების შემთხვევაში, კიდეც მიიზიდოს ინვესტიცია, კიდეც გაარემონტოს და მართოს ენგურჰესი, ეს ქართული მხარეა. დამოუკიდებლად აფხაზური მხარე ვერ მართავს ენგურჰესს და შესაბამისად, ის უნდა იყოს ქართული მხარის მფლობელობაში. თუ სათავო ოფისი მათ მხარეზეა, წყალსაცავი ჩვენს მხარესაა, თუ დავიწყეთ ამაზე ჭიდაობა, მაშინ არც იმათ ექნებათ შუქი და არც ჩვენ“, - აცხადებს ირაკლი ცქიტიშვილი.

ექსპერტი ენერგეტიკის საკითხებში შოთა მაჭარაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ წყალსაცავი, საიდანაც ელექტროენერგია გამომუშავდება, ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზეა, ხოლო ჰესების ობიექტები გალის რაიონშია, ორივე ჩვენი ტერიორიაა და შეუძლებელია მათი გაყოფა. ამიტომ ხაჯიმბას მხრიდან ეს არის სუფთა სპეკულაცია, რაც იმის გაგრძელებაა, რასაც ჰქვია ასოცირების ხელმოწერა რუსეთთან.

„ელექტროენერგიის გადანაწილებაც პირობითია, ეს უბრალოდ კეთილი ჟესტია, თორემ შეიძლება, აფხაზებს ზოგჯერ დასჭირდეთ 40 % ელექტროენერგია, ზოგჯერ - 30 %. როგორც ვიცი, მაშინ გათვლები იყო იმაზე, რა რაოდენობის ელექტროენერგია სჭირდებოდა აფხაზეთს. ომის დამთავრების შემდეგ გადანაწილდა ეს პროცენტული მაჩვენებელი, მაშინაც ჩვენი ქართველი სპეციალისტები ამუშავებდნენ და მართავდნენ ენგურჰესს და დღესაც იგივე გრძელება. მაშინ რა ხელშეკრულება დაიდო, არ ვიცი, თუმცა დიდი აურზაური იყო იმის გამო, რატომ იყო ეს ხელშეკრულება გასაიდუმლოებული. თუ დავკარგავთ, ჩვენ მთლიანად დავკარგავთ აფხაზეთს, რაც ძნელად სავარაუდოა, თუ არადა, ცალ-ცალკე ენგურჰესის წილების დაკარგვაზე საუბარი ზედმეტია“.