ლარის დაღმასვლის მორიგი ეტაპი

ლარის დაღმასვლის მორიგი ეტაპი

ლარის კურსი ჯერ მთელი ერთი კვირის განმავლობაში ეცემოდა, შემდეგ ასევე მთელი კვირის განმავლობაში მყარდებოდა და ახლა ისევ გაუფასურებისკენ იბრუნა პირი. მართალია ჯერჯერობით მცირედით, თუმცა 15 დეკემბერს ლარი 1 პუნქტით გაუფასურდა. სავალუტო ჯიხურებსაც მყისიერი რეაგირება ჰქონდათ და „გარე კურსი“ 1,85-ს გადაცდა.

დოლართან მიმართებაში ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დაადგინა და 16 დეკემბრიდან 1 დოლარი 1.8413 ლარი ეღირება. ეროვნული ვალურის ასეთი ამპლიტუდა რომ ხელოვნურია, ამაზე არა მარტო სპეციალისტები საუბრობენ, არამედ პარლამენტშიც კი ეჭვობენ. ამიტომ ამ საკითხს კარგად გამოკვლევა და შესწავლა სჭირდება.

ლარის კურსის ბოლოდროინდელ ცვლილებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე. მისი განცხადებით, შეცდომა სწორედ იქ არის დაშვებული, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ბოლო 5 თვის განმავლობაში თითქმის ერთიანად გაყიდა 80 მილიონი დოლარი, თუმცა ამის ნაცვლად ამ პერიოდის განმავლობაში სებ-ს 20-20 მილიონი დოლარი რომ გაეყიდა ბაზარზე, შესაძლოა, ლარის ასეთი ვარდნა არც ყოფილიყო.

მისი თქმით, ფინანსთა მინისტრმა ხარჯები თვეების მიხედვით გადაანაწილა ისე, როდესაც აქტიურია ეკონომიკა. წლის ბოლოს კი ეკონომიკა ყველაზე უფრო აქტიურია, ყველა უფრო მეტს ხარჯავს, ითვისებენ თანხებს, შემოაქვთ საქონელი, რომ მომავალი წლიდან არ გაძვირდეს და მთელი ეს 15-17% ბიუჯეტის ხარჯისა და შემოსავლებისა გადმოტანილია დეკემბერში. ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ ეს შეგნებულად არის გაკეთებული, რადგან წლის ბოლო უფრო აქტიურია.

როგორც ტყემალაძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ახალ წელს არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში ადგილობრივი ვალუტის კურსი ყოველთვის ეცემა, ამისთვის ყველა მზად უნდა იყოს. ბუნებრივია, ლარის კურსის ასეთი ცვალებადობა არ უნდა იქნეს დაშვებული, ეროვნულ ბანკსაც და ფინანსთა სამინისტროსაც თავისი ინსტრუმენტები გააჩნიათ, რომ ეს ზომები წინასწარ იქნეს მიღებული.

ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩევლი, ექსპერტი გია ხუხაშვილიც ფიქრობს, რომ ლარის გარშემო მოვლენები არალოგიკურად განვითარდა. ამიტომ იგი ხელისფლებას ამ საკითხის შესწავლისკენ მოუწოდებს.

„ის, რაც ლარის გარშემო ხდება, ეკონომიკურ ლოგიკას არ ექვემდებარება. ვფიქრობ, ამაზე მოკვლევაა ჩასატარებელი. მგონი, ადვილი დასადგენია ამ პროცესში ვინ მოითბო ხელი და რა მოხდა. ეროვნულ ბანკს აქვს ინფორმაცია, ბოლო პერიოდში ვალუტის შესყიდვას ან გაყიდვას ვინ აწარმოებდა. ამით კი შესაბამისი დასკვნების გაკეთება შეიძლება.

როდესაც ასეთი არაობიექტური რყევა იწყება, ბუნებრივია,ამაზე სუბიექტური ფაქტორები მოქმედებს. ეს კი ქვეყანაში, საერთოდ თუ სახელმწიფოა, გამორიცხული უნდა იყოს. შესაბამისად, არ მინდა რაღაც შეთქმულების ფორმულა გამოვიყვანო, მაგრამ, ვფიქრობ, ხელისუფლებამ ყურადღებით უნდა შეისწავლოს რა მოხდა სინამდვილეში.

მანამდე ყველა ამბობდა, რომ კურსი არ უნდა გაქცეულიყო და უცბად მოხდა ასეთი რყევა, რაც ძალიან უცნაურია. ვფიქრობ, ეროვნულმა ბანკმა განმარტებები უნდა გააკეთოს“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, ხელოვნური მანიპულაციებით ვალუტის ცვლილება ხელისუფლების გარეშეც არის შესაძლებელი. ამიტომ იგი ხადურისა დაქადაგიძისა უწყებებს ამის შესწავლისკენ მოუწოდებს.