აქ კი კუმეომ ჩაფიქრებულ დარბაისელ სენიორ ჯულიოს წვივზე სტაცა თითები და ძაღლივით შეჰყეფა! სენიორ ჯულიო, მოულოდნელობისგან ძლიერ შეხტა ჰაერში, მერე ღელეში შევარდა, აშხეფებულმა წყალმა ოდნავ გამოაფხიზლა, სახეარეულმა მიიხედა უკან და ძაღლის ნაცვლად დაკრეჭილი კუმეო შერჩა. „ჯანდაბა და ოხრობა შენ, შე ვირო! შე ვირის მოდგმავ... ოჰ, მაპატიე, შვილო კონჩეტინა“. „არა უშავს, ჯულიო ბიძია, - გაამხნევა კონჩეტინამ, - ჩვენ, კარრასკოებს, ლაღი ხუმრობა ოდითგან გვიყვარს“. „ვირს რაღას ერჩოდა, - გაიოცა ალექსანდრომ, - მშვენიერი ცხოველია, უწყინარი, სათნო...“
(გურამ დოჩანაშვილი, „სამოსელი პირველი“)
პორტუგალიელებს კი არაფერს ვერჩი, მაგრამ... საერთოდაც, პორტუგალიელობა არაფერ შუაშია. შუაშია კომკავშირლობა. კომკავშირელი ყველგან კომკავშირელია, საქართველოშიც, პორტუგალიაშიც და პორტუგალიის ყოფილ კოლონიებშიც კი. ერთადერთი, რაც კომკავშირლებში მომწონს, სოლიდარულობაა. ისინი ერთმანეთის სოლიდარულები არიან ყველგან და ყოველთვის. გასულ კვირაში ქართველმა კომკავშირელმა პორტუგალიელი კომკავშირელის წერილის გამო ვაი-უშველებელი ატეხა. ქართველი კომკავშირლების ბედით შეწუხებულ პორტუგალიელ კომკავშირელს წერილში უშველებელი ვაი ჰქონდა ატეხილი.
უშველებელ ვაის ნიუსიც უშველებელი მიეძღვნა, თუმცა, ამ ქვეყანაში კომკავშირლების რაოდენობა რომ არ მცირდება, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ნიუსის შემცირება შეუძლებელია.
ჯერ მარტო სათაური რად ღირს - „გიგი წერეთელი ჟოაო სუარესის წერილს საქართველოსთან დაკავშირებით საყურადღებოს წოდებს“.
რაო? რა თქვა გიგიმ ამისთანა? გიგიმ თქვა: „დღეს ჩვენ მივიღეთ კიდევ ერთი წერილი ევროპელი პოლიტიკოსის, რომელიც პირადად დავით უსუფაშვილის სახელზეც გამოიგზავნა. ეუთოს საპარლამენტო ანსამბლეის ყოფილი პრეზიდენტი და პორტუგალიის პარლამენტის მოქმედი წევრი, ჟოაო სუარესი წერილში კრიტიკულად აღნიშნავს იმ პოლიტიკურ ბუნებას, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს. ის გამოხატავს შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში ხელისუფლების ასეთი მოქმედება დემოკრატიას უკან ხევს, რაც მიმდინარე პროცესებზე ნეგატიურად მოქმედებს. ის ძალიან უარყოფითად არის განწყობილი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული პროცესებისადმი. მთავრობამ თუკი ასეთი განცხადებები არ გაითვალისწინა და არ შეცვალა პოლიტიკა, ჩვენ გვექნება ძალიან ცუდი შედეგები".
და, ჟოაომ რაო? ჟოაომ - ეს: „არაერთმა საერთაშორისო მონაწილემ, მათ შორის OSCE/ODIHR-ისა და ეუთო-ს რამდენიმე ქვეყანამ გამოხატა შეშფოთება სასამართლო პროცესების სამართლიანობისა და იმ ფაქტის გამო, რომ ოპოზიციის ზოგიერთი წევრი ან პატიმრობაშია (ძირითადად წინასწარ პატიმრობაში) ან ბრალდების/გამოძიების ქვეშ არის. ყოველივე ეს ჩრდილს აყენებს საქართველოს მიერ ბოლო წლებში მიღწეულ დემოკრატიისა და ინსტიტუციური განვითარების პროგრესს".
აბა, ჩვენ კიდევ ეს გვინდოდა, ასეთი რამეების კიდევ და კიდევ გადაკითხვა! მაგრამ სულ ასეთი რამეებია, სხვას ვერაფერს ვპოულობ, იმისი არ იყოს, ინგა გრიგოლიას სულ ნარჩევ-ნარჩევი ნაბ...ბი რომ დაყავს სტუდიაში და მერე რომ გვიკვირს, ინსულტი და ანევრიზმა რატომ გახშირდაო.
წუნკალი ნემოს წუნკალი ბიჭი იქით იყოს, მაგრამ ის ნაკოლკიანი სკუმბრია სად მონახა, დარბაზში რომ ეჯდა? ან, ის იროკეზი ყმაწვილი, ორი კვირის წინ რომ აბრიალებდა თვალებს!
ჰოდა, ახლა ის დროა, მივაცივდეთ ტელევიზორებს და მოვიფიქროთ, როგორ დავამშვიდოთ შეშფოთებული ჟოაო.
თან საქმე. იქნებ, იდეები გზადაგზა წამოვიდეს.
და წამოვიდა კიდეც - მიხეილ სააკაშვილზე ინტერპოლს ძებნა ჯერ არ გამოუცხადებია. მთავარი პროკურორის მოადგილე რომ არის, შოთაძე, იმას უთქვამს, მოთხოვნა გავაგზავნეთ, მაგრამ პასუხი ჯერ არ მიგვიღიაო. იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია ცოტათი მაინც დაამშვიდებს გიგი წერეთლის პორტუგალიელ მეგობარს, ოღონდ იმ პირობით, თუ ეს არ ეცოდინება - სააკაშვილს ბრალი ოთხ საქმეზე აქვს წარდგენილი. 7 ნოემბრის საქმეზე კი, აღმკვეთი ღონისძიების სახით თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. მასზე შიდა ძებნა უკვე გამოცხადებულია.
სწორედ ეს „შიდა ძებნაა“ ასე რომ აშფოთებთ უცხოელებს - „ეს ჩრდილს აყენებს საქართველოს მიერ ბოლო წლებში მიღწეულ დემოკრატიისა და ინსტიტუციური განვითარების პროგრესს“. მაგრამ არ შემიძლია არ ვთქვა, რომ იგივე „შიდა ძებნა“ ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების აღშფოთებასაც იწვევს, იმიტომა რომა, სააკაშვილი აქ არ არის, ძებნაში კი გადასახადების გადამხდელთა ფული სულ ტყუილად იხარჯება.
მიშა, უუუუუ!!!
გასული კვირიდან მოყოლებული, თბილისში, ბათუმში და ყვარელში მიშას ძებნას გადასახადების გადამხდელთა გარდა ძაღლების მეპატრონეებიც დააფინანსებენ. პარლამენტმა ასე გადაწყვიტა. მოკლედ, თუ გყავთ ძაღლი, რომელიც ქუჩას ყოველ დღე აბინძურებს, კეთილი ინებეთ და ან დაასუფთავეთ, ანაც ყოველ დღე 50-50 ლარი გადაიხადეთ. პრინციპში, ეს სამართლიანია, თუმცა კანონში კურიოზი აღმოაჩინა გოგა ხაჩიძემ - "ეს კანონი არის გაუაზრებელ სურვილებზე აგებული. კანონში გვაქვს, რომ ძაღლის და სხვა ცხოველების მიერ ტერიტორიის ფეკალური მასებით დაბინძურება იწვევს დაჯარიმებას 50 ლარით, თუმცა, ცხოველის მეპატრონე თუკი ტერიტორიის გასუფთავებას მოახდენს, მისთვის ჯარიმა არ იმოქმედებს. იქვე მეორე ნაწილში წერია, რომ ტერიტორიის ერთი კუბური მეტრი ფეკალური მასით დაბინძურება 150 ლარით ჯარიმდება. იქნებ ამასაც ასუფთავებს ადამიანი?“
ერთი კუბური მეტრი ძაან მაგარი იყო, აი, ძაან მაგარი. ყოველგვარი ირონიის გარეშე ვამბობ, სერიოზულად, ოღონდ - ნიშნისმოგებით. და აი რატომ. როგორც მოგეხსენებათ, გარემოს დაცვის სამინისტრო სულ ნაც-ზონდერებით არის გადავსებული, მოსაქმებულის კუბატურის გაზომვა-განსაზღვრა კი სწორედ ამ უწყების თანამშრომლების მოვალეობა იქნება. ბავშვობისდროინდელი ლაზღანდარობა მახსენდება: „იყო ერთი სპილო, მ...ვა ასი კილო, მოვიდა კატა, იმან დაამატა. მოვიდა მელა, იმან გაათხელა...“.
ერთი სპონსორი მჭირდება, რომელიც მიყიდის სპილოს, კატას და მელას, ასევე მათთვის საკვებს. სიტყვას გაძლევთ, ნაციონალების ოფისთან დავცემ ჩემთვის კარავს, ცხოველებისთვის კი - ვოლიერებს. ხანდახან გამოვასეირნებ ხოლმე იმ თანმიმდევრობით, ზემოთ როგორც მოგახსენეთ და მერე ერთად ვიხალისოთ, როგორ დაუწყებენ გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომლები ზომვას სპილოს კატისა და მელას ნამოღვაწარ კუბურ მეტრებს სახაზავებით, ე.წ. რულეტკებით და, ბოლოს და ბოლოს, მტკაველებით.
ეს არის საქმე, თორემ თოქ-შოუს ამბავში ჩიორასთან საპოლემიკოდ გუგულის რომ გააგზავნი, ეგ საქმე არ არის, ეგ ვიღაცის ბუდეზე გადაფრენილთა კვერცხობაა.
ისე, სულაც არ იქნებოდა ცუდი, იმ ჩემი ოცნების ვოლიერში სპილოს, კატას და მელას ნაცვლად გოკა გაბაშვილი, გიორგი კანდელაკი და ნიკა მელია რომ მჯდარიყვნენ.
მაშინ ნახავდით ჟოაო პორტუგალიელის შეშფოთებას, ახლა კი, წესით, კმაყოფილი უნდა იყოს - თუ საქმიანი ძაღლი გყავს, გადაიხადე ჯარიმა და გარემოსდამცველი ნაცები დაასაქმე.
ჯარიმა მნიშვნელოვანი საკითხია, „რასაც დასთესავ, იმას მოიმკი“-ს პონტში. ვენაცვალე ოლიმპიურ სისტემას. წააგე, წადი სახლში. დააშავე - გადაიხადე ჯარიმა. ჯარიმა ის გაკვეთილია, რომელიც უნდა გაითვალისწინო. ჯარიმამ უნდა გამოგაფხიზლოს, მაგრამ უნდა დაჯარიმდეს ის, ვინც დააშავა, ხოლო ვისაც არაფერი დაუშავებია, იმან რა დაასავა? ვისაც არაფერი დაუშავებია, ის არ უნდა ისჯებოდეს.
მაგალითად, 2003 წლის ნოემბერში საქართველოს მოსახლეობის 97-მა პროცენტმა პირდაპირ რუსთაველის გამზირზე მოისაქმა, დასჯით კი, პირველ რიგში და ყველაზე მეტად, ის სამი პროცენტი დაისაჯა, ხმის ჩახლეჩამდე რომ ყვიროდა, რას შვრებით, ხალხო, მაგის ადგილი აქ არ არისო.
„საუბარია იმაზე, რომ შეიძლება შინაურმა ცხოველმა ერთ კუბურ მეტრზე მეტი ფეკალური მასა დატოვოს, რაც გარემოს ზიანს აყენებს. როდესაც ადამიანი ასეირნებს ძაღლს, თუ მას მიეცა საშუალება, რომ აიღოს ამ ძაღლის ფეკალური მასა, მას პასუხისმგებლობა არ დაეკისრება. მაგრამ არის შემთხვევა, რომ ეს არ არის ცხოველი და ერთი კუბური მეტრი ნაკელის დატოვება ძაღლს არ შეუძლია. ეს სასაცილო, მაგრამ საინტერესო თემაა, რადგან ნაკელი უადგილო ადგილას გარემოს ზიანს აყენებს", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ, მაია ბითაძემ. უკეთ ვერ იტყვი. ყოჩაღ, მაია!!!
მართალი უთქვამთ, ქალმა თუ გაიწია, ცხრა უღელი ხარ-კამეჩი ვერ დააკავებსო.
გასულ კვირაში ქალების თემაზე დიდი ღონისძიება ჩატარდა და მასში ხარ-კამეჩებმაც მიიღეს მონაწილეობა.
„სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" დღეს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ორგანიზებით, საქართველოში ქალთა პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის თემაზე კონფერენცია - "გავიმარჯვოთ ქალებთან ერთად", გაიმართება.
როგორც "ინტერპრსნიუსს" NDI-დან აცნობეს, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და საქართველოში შვედეთის სამეფოს ელჩი მარტინა ქუიქი კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ“ - რამდენიმე დღით ადრე მაცნობა ერთგულმა მეგობარმა.
ამან, იქნებ, ოდნავ მაინც დაამშვიდოს ჟოაო სუარესი - „ჟილ ვისენტეს“ გულდამწვარი გულშემატკივარი.
„2010 წლის აპრილში 11-მა პოლიტიკურმა პარტიამ ხელი მოაწერა NDI-ის გლობალურ სამოქმედო გეგმას "გავიმარჯვოთ ქალებთან ერთად: გავაძლიეროთ პოლიტიკური პარტიები". აღნიშნული გეგმის ფარგლებში პარტიებმა აიღეს ვალდებულება, იმუშავონ იმ ბარიერების აღმოსაფხვრელად, რომელიც ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობას უშლის ხელს. კონფერენციაზე სამოქმედო გეგმის ხელმომწერი პოლიტიკური პარტიები წარადგენენ საკუთარ ხედვას, თუ როგორ აპირებენ უზრუნველყონ ქალების თანაბარი წარმომადგენლობა პარტიის სტრუქტურებში და სტუმრებს გააცნობენ სამოქმედო გეგმის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების ანგარიშს“ - ნიუსის დასასრული.
გავიმარჯვოთ ქალებთან ერთად!!!
სულ ერთიანად დამბურძგლა. თამარ მეფე, ქეთევან დედოფალი, კრავაი ჯაყელი, ხვაშაქ ცოქალი, თამარ ვაშლოვნელი, მაია წყნეთელი, მარო მაყაშვილი... მათთან ერთად სიამოვნებით გავიმარჯვებდი, მაგრამ...
ეკა გიგაური, ნინო ლომჯარია, ჩიორა თაქთაქიშვილი, ხათუნა გოგორიშვილი, ქეთა გაბიანი, გუგული მაღრაძე, ნანა ყეენიშვილი... - ამათთან ერთად დამარცხებისთვის ხარ განწირული. ესენი სადმე ერთად უნდა შეყარო, ეზოში უნდა დაუბა გოკა გაბაშვილი, გიორგი კანდელაკი და ნიკა მელია. შემდეგ - როგორც ზემოთ მოცემულ ტექსტშია, ოღონდ ზომა-წონა კობა ხაბაზმა უნდა დაადგინოს. მტკაველით გაზომოს, მუჭით აწონოს, თავი გადააქნიოს და „მიშა მიყვარხარ“ შესძახოს.
„ხმამაღლა ვაცხადებ, რომ დიახ, ვემხრობი ქვეყანაში ინსტიტუციური კულტურის შეცვლას და იმას, რომ კანონით დადგინდეს კვოტები ქალებისთვის – რამდენი უნდა იყოს პარლამენტში ან თუნდაც პარტიულ სიებში. ზოგიერთ ქვეყანაში ეს პრაქტიკის დონეზე რეგულირდება და ამ პრაქტიკას არავინ არ არღვევს, მაგრამ ჩვენ ეს პრაქტიკა არ გვაქვს, არც გვქონია და ამიტომაც ვფიქრობ, დროებითი ზომის სახით კანონით უნდა იყოს შემოტანილი ამგავრი კვოტები", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
ეეე, ეგ რა არის! აი, ნახეთ, მე რას ვაცხადებ ხმამაღლა: დიდი მწერლების ჩამონათვალში ნახევარი უნდა იყოს ქალი, ნახევარი - კაცი. ასევე - დიდი პოეტების, მხატვრების, მეცნიერების, მხედართმთავრების ჩამონათვალში. მეტიც, ლიონელ მესი კაცია, კრიშტიანუ რონალდუ - ქალი, „როლინგ სთოუნზი“ კაცია, „ბითლზი“ - ქალი, „კაცია ადამიანს“ თავდაპირველ ვარიანტში „ქალია ადამიანი“ ერქვა და, საერთოდ, მთავარი გაგება კი არ არის, მთავარი ქალთან ერთად გამარჯვებაა.
აი, თქვენ კი გაიმარჯვეთ მარიკა ვერულაშვილთან ერთად!!!
ჰოდა, ვიღაცამ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი რომ შეიტანა, ქალები ჯარში გავიწვიოთო და ამბავი რომ ატყდა, რა პონტიაო, იმ ადამიანს მართლა ის კი არ უნდა, ქალები ჯარში რომ მიდიოდნენ, უბრალოდ, უკვირს, საპარლამენტო და სამთავრობო სიებში რომ ითხოვენ გენდერულ ბალანსს, იქნებ სხვაგანაც მოითხოვონ.
მაგალითად, ხადავიკი მაყვალა რომ გეტყვის, შტანგის რეზინკებია გამოსაცვლელიო, გიფსოკარდონშიკი ნათელა ელიავაზე რომ გაგყვება და ზეინაბ-თამადის ბრძანებით მერიქიფე ლამზირა კისერში ყანწს რომ ჩაგითქრიალებს.
თუ ბალანსია, ბალანსი იყოს.
ძალიანაც მინდოდა, რომ ამ სტატიაში ქალები და კაცები თანაბრად მეხსენებინა, მაგრამ არაკაცების გვერდით ქალების ხსენება მიჭირს, არაკაცების გვერდით მხოლოდ ზოგადსაკაცობრიო ქალებს თუ ახსენებ. ჰა და ჰა... ვთქვა „კობა ხაბაზი“ და დავაყოლო „ნინა წკრიალაშვილი“. ისე, კი უხდებიან ერთმანეთს და თუ ქორწილია, ქორწილი იყოს. ხინკალი კობა ბექაურმა მოახვიოს, ხაჭაპური ზაზა ბეგაშვილმა გამოაცხოს, მჭადები აკო მინაშვილმა დასვას, მაია ნადირაძემ ითამადოს, დაძალების დარგში ირმა ნადირაშვილი დაეხმაროს, ხათუნა გოგორიშვილმა მერიქიფეობა გაწიოს, ხოლო გოგა ხაჩიძემ ყელი მოიღეროს: „პატარა ბიჭი დამეკარგა...“
მიშა? მიშას რა?
გუსარი მალჩატ!!!
მიშასთვისაც მოიძებნება რამე. მიშა დილით ადრე ადგეს, ზეწარი გამოფინოს და ჟოაო სუარსის შეშფოთებულ კითხვაზე - „ქალიშვილი ხომ არ იყო“ - ამაყად უპასუხოს: „ქალიშვილი არა, ისა!“
ხომ გეუბნებოდით, თან საქმე, და ჟოაოს დასამშვიდებლად რამეს აუცილებლად მოვიფიქრებთ-მეთქი.
მ.რ. (მეტი რაღა) ...შენ კი, კონჩეტინა, მართლა სულელივით რომ აპარპალებ თვალებს , რკინა რომ ჩაგცხონ, ღმერთმა დაგიფაროს და, გულწასული მიხვდები რამეს? არადა, ლაპარაკი თქვენ არ გესმით, არც დარიგება, ადამიანებში ხომ ვერ ერკვევი და ვერ ერკვევი და სხვა რა გიყო, რომელი მხრიდან მოგიდგე, კონჩეტინა, ბრიყვო? რაღა გაკადრო სხვა...
(გურამ დოჩანაშვილი, „სამოსელი პირველი“)