ორიოდე კვირაში მორიგი ახალი წელი მოგვიახლოვდება. ამ თარიღისთვის მთელ მსოფლიოში განსაკუთრებულად ემზადებიან. რასაკვირველია გამონაკლისი არც ჩვენი ქვეყანაა. საქართველოში ერთი „საინტერესო“ ტენდენციაც შეიმჩნევა. მიმდინარე პოლიტიკურმა ცხოვრებამ დუღილის ისეთ მაღალ ტემპერატურას მიაღწია, რომ ხალხი მომავალ ახალ წელზე უფრო იმას მარჩიელობს, დაკავებულ თანამდებობებს მთავრობის რომელი წევრი გამოეთხოვება, დაბრუნდება თუ არა „დიდ პოლიტიკაში“ ბიძინა ივანიშვილი, რას აპირებს ირაკლი ღარიბაშვილი და ა.შ.
საბედნიეროდ ამ სტრიქონების ავტორი თანამემამულე „მაღალ გვამებს“ არ მიეკუთვნება. მის ძირითად მისიას მკითხველისთვის საკვირაო-საინტერესო-სახალისო მოგონებების მიწოდებაა. მოდით რამდენიმე წუთით პოილიტიკისგან დავისვენოთ და ქართველი მსახიობების მორიგ „თავგადასავლებს“ გავეცნოთ.
დღევანდელი წერილის სტუმრები თანამემამულე აქტიორების ახალი თაობის წარმომადგენლები იქნებიან.
თავდაპირველად სიტყვას დათო ხურცილავას, იგივე „ჯაპანას“ გადავცემ. ბატონი დავითი სულითა და ხორცით ქართველი მამაკაცია და როგორ იქნებოდა ერთხელ „საკურორტო რომანიც“ არ ჰქონოდა. კი ჰქონდა, მაგრამ ეს გატაცება დიდი მსხვერპლის ფასად დაუჯდა.
„საკურორტო რომანი მქონდა ერთ ქალბატონთან, რომელსაც, არ ვიცოდი, რომ ქმარი ჰყავდა.
ერთხელაც, ღამის სამ საათზე ზარია კარზე. - არიქა, ჩემი ქმარი მოვიდა, უნდა აივნიდან გადახტე, თორემ, თავს მოვიკლავო, - მითხრა ჩემმა „გულის მურაზმა“. ვუთხარი, მოვიდეს, რა მოხდა, ყველაფერს ავუხსნი და გამიგებს, როგორც კაცი კაცს-მეთქი. ახლაც არ ვიცი, რა უნდა ამეხსნა. სანამ ჩვენ ვთათბირობთ. ზარი იცვლება მუშტების ბრახუნით.
მოკლედ, ვისკუპე მესამე სართულიდან - მეორე სართულის აივანზე დავხტი, კიდევ ერთხელ ვისკუპე და - კირით სავსე ავზში აღმოვჩნდი. ისე უხერხულად დავეცი, რომ მკურნალობა დამჭირდა. მივედი სახლში კირით შეთეთრებული და თმაშევერცხლილი. ჩემმა დამ კარი ბოლომდე არ გამიღო, ჯაჭვით ჰქონდა დაკეტილი და ნახევრად ღია კარიდან მიწყობს გამოცდას: - თუ შენა ხარ, მითხარი, როდის აქვს დაბადების დღე ბიცოლაჩვენსო. მე ვუთხარი, უფრო ადვილი კითხვები დამისვი-მეთქი. სამი-ოთხი ტესტის წარმატებით ჩაბარების შემდეგ ძლივს შევაღწიე სახლში“.
დათო ხურცილავა კიდევ ერთ სახალისო ოსტორიას მოგვიყვება.
„თავის დროზე ჩემს მეუღლესთან, უფრო სწორად, მის მშობლებთან, ხელის სათხოვნელად რომ მივედი, ერთ ხელში შამპანური მეჭირა, მეორეში - ტორტი, პირში მქონდა ჩაბღუჯული იის კონები და თავით დავრეკე ზარი. გამოვიდა ჩემი ახოვანი სიმამრი და მკითხა - რა გნებავთ, ვინ ბრძანდებითო. მე ვუთხარი, თქვენი ქალიშვილი და მე შეყვარებულები ვართ და ცოლად უნდა გამატანოთ-მეთქი.
დამხედა, თავი სინანულით გადააქნია და მითხრა: - ჩემი ნათელა შენხელა წიწაკას იგდებს ლობიოში, სადილი რომ გაიმწაროს, მაგრამ, რა გიყოთ, სიყვარულმა თქვენ კი არა, კინგ-კონგიც კი გადარიაო. დაგვლოცა და მოგვცა დაქორწინების უფლება“.
ბატონი კახი კავსაძის შვილი ირაკლი დიდი ხანია რაც ამერიკაში ცხოვრობს და მოღვაწეობს. იქაურ თეატრებში არაერთ სპექტაკლებში მიუღია მოაწილეობა. სამწუხაროდ რამდენიმე შემთხვევა მისთვის მარცხით დასრულდა და მუხლის ტრავმა მიიღო. ამ ამბებიდან რამდენიმე წელია გასული და იმ ისტორიებს ირაკლი კავსაძე ჩვეული იუმორით იგონებს.
„კლავდიუსს ვთამაშობდი. იქ არის ერთი ასეთი სცენა, როცა მუხლებზე ეცემი. დავეცი და თვალებში დამიბნელდა, გონება დავკარგე. თავი იატაკს დავარტყი და ამან გამომაფხიზლა. მუსიკას ცოტა ავცდი, მაგრამ, თამაში განვაგრძე.
მერე, კენედის ცენტრში დრაკულას როლს ვთამაშობდი. ჯიბეში ბოთლი მედო, რომელსაც ჩხუბის შემდეგ ვიღებდი. მეორე მსახიობს ხელი უნდა დაევლო, გადავეგდე და ჰაერში უნდა ავმხტარიყავი. ამ ახტომისას, პალტო მხარზე გადამეკიდა, ბოთლი მეორე მხარზე მომექცა და იატაკს დავასკდი. მაშინაც გონება დავკარგე. მოცვივდნენ და წამიყვანეს საავადმყოფოში.
ერთ-ერთი რეპეტიციის დროს მუხლი გარეთ გამომივარდა და ვეღარ ვშლიდი, საშინლად მტკიოდა. არადა, მთავარი როლი მქონდა და ის სპექტაკლიც კენედის ცენტრში უნდა გვეთამაშა. შემცვლელის პოვნა საკმაოდ რთული იყო. ექიმებმა მითხრეს, ვერ ითამაშებო. რადაც არ უნდა დამიჯდეს, უნდა ვითამაშო-მეთქი. გიჟი ხარო. კი, ასეა, საერთოდ, არტისტები შექანებული ხალხი ვართ-მეთქი. გადამიხვიეს, ტკივილგამაყუჩებლები მომცეს და ასე ვითამაშე. მერე ფეხზე სამი ოპერაცია გავიკეთე. ექვსი წელია, ნორმალურად არ გამივლია, ტკივილგამაყუჩებლებს ვიკეთებდი. მერე გავიგე, რომ თბილისში ვიღაც ხალხური მედიცინის მეთოდით მკურნალობდა. ვიფიქრე, თანამედროვე მედიცინამ ვერ მომარჩინა და, იქნებ, ხალხურმა მიშველოს-მეთქი.
მალამო გამომიგზავნეს და, მართლაც, ტკივილები მომეხსნა. უნდა ნახოთ, როგორი სპორტული და ჯანიანი დასის წევრები გვყავს. სცენაზე დაფრინავენ და ტრავმებსაც ამიტომ იღებენ. თქვენ გგონიათ, მხოლოდ მე მაქვს ტრავმები?!“
ირაკლი კავსაძის შემდეგ სიტყვას ნამდვილ პაროდისტს, ბატონ დათო როსტომაშვილს გადავცემ.
„ჩემმა ძმაკაცმა გურჯაანში „ადიდასის“ ღორი დაკლა და წავედით ქელეხზე. დაყარეს სუკები და ჩალაღაჯი. ერთი მეგობარი გვყავდა, საჭესთან ის იჯდა და, რა თქმა უნდა, არ სვამდა, ამიტომ, ჩაი გაუწყვიტა ოჯახს - 7 ჭიქა დალია, თითო - ნახევარლიტრიანი. მასპინძელი მეკითხება: ამ კაცს კარგად იცნობო? ჰო-მეთქი. მაიტა, უთხარი, ფეხები ცოტა განზე გაწიოს, შარდის ბუშტი არ გაუსკდეს, დაიმდუღრება ეს შობელძაღლიო. მა რას იტყოდა, რაც ვქეიფობდით, ის გარეთ არ გასულა“.
დათო როსტომასვილს კახურ იუმორზე საკუთარი აზრიც გააჩნია.
„ვაა, ყველაზე მეტად ჩემი მშობლიური იუმორი მიყვარს და რა ვქნა? კახური იუმორი „სოჩნია“ - უცებ იბადება და ხალასია. ყველა კუთხეს ვენაცვალე, თითოეულს თავისი დამახასიათებელი იუმორი აქვს, მაგრამ კახური იუმორი მაინც გულიდან მოდის, ჭეშმარიტია.
ვისაც გინდა, შევედავები, რომ იუმორის აკვანი კახეთში დაირწა. ქუთაისელები ხომ მაგრები არიან და მაგარი იუმორი აქვთ, მაგრამ, ისინი ფიქრობენ, რა თქვან ისეთი, რომელიც მერე გაჯაზდება, კახელები კი თავისთვის ხალისობენ, უცებ ხუმრობენ.
კახელები ბირჟაზე სხედან. იმედა ეძახის ძმაკაცს, რომელიც მელოტი იყო და შუქს ირეკლავდა: - ეე, ბიჭოო! იმან ვერ გაიგო, კიდევ დაუძახეს. მე მეძახი, კაცოო? - ჰკითხა. ხო შენ გეძახი, მზეზე ალაგებულ მაგიდას რომ გიგავს თავიო“.
ოპერატორ თენგიზ ელაშვილს მთელი თბილისი იცნობს. ეს ადამიანი ძირითადად ქორწილებს იღებს და მოსაგონარიც ბევრი გააჩნია.
„15-წლიან მუშაობაში კურიოზს რა გამოლევს?! ერთ შემთხვევას გავიხსენებ. ნეფე-პატარძალს გურჯაანის რაიონიდან, ჯვრისწერა და ხელის მოწერა თბილისში ჰქონდა, მერე კახეთში, ველისციხეში მიგვყავდა „ლიმუზინით“. უკვე გვაგვიანდებოდა და მძღოლმა სიჩქარეს საკმაოდ მოუმატა. წინა სალონში, მძღოლის გვერდით ვიჯექი და კახეთის პეიზაჟებს დიდი ინტერესით ვაფიქსირებდი.
სოფელ კაჭრეთთან, სადაც ცენტრალურ ტრასაზე ზემო-რკინიგზის ხიდი გადადის და ქვეშ უნდა გაძვრე, უცებ რაღაც დიდი ფრინველი შევნიშნე, რომელმაც წამებში ისეთი გრუხუნი გაადინა, მეგონა, ჩვენი ცხრამეტრიანი „ლიმუზინი“ აფეთქდა. ავტომობილი მთლიანად შეირყა. როგორც იქნა, გავაჩერეთ. დანარჩენი მექორწილეებიც, დაახლოებით 40-50 ავტომობილი, ნელ-ნელა გაჩერდნენ.
გადმოვედით „ლიმუზინიდან“ და რას ვხედავთ: მანქანების სახურავები ქათმის სკინტლით ყვითლად არის დასვრილი, ყველაზე მეტად კი - ჩვენი „ლიმუზინი“. უკან რომ მანქანებით მოგვყვებოდნენ, იმათ დაუნახავთ ექვსი პატარა ბავშვი, სკოლის მოსწავლე, რომლებმაც პოლიეთილენის დიდი ტომარა ძლივს გადმოაგდეს ხიდიდან, თან დაიძახეს - „აბა, ბარაქაო“ და სოფლისკენ გაიქცნენ.
ყველა სიცილით იგუდებოდა – ეგ ოინები მამამთილის, „გურჯაანის ნაყინის” დირექტორის, ბატონი ვანოს მოწყობილი იქნება, ეგეთი რამეები ეხერხებაო...მაღლიდან დაცემულმა სკინტლმა ბარაქა იცის, იმ ბავშვებს ერთი 200 დოლარს მისცემდა და, აი, შედეგიცო.
მანამდე კიდევ, რომ გავჩერდით, პატარძალი უკანა სალონიდან გადმოვიდა – რა მოხდაო და, უცებ მის 2 000-ევროიან კაბას სკინტლები ჩამოესხა. სასწრაფოდ განვაგრძეთ გზა. ბაკურციხეში წყალთან გავჩერდით, მანქანები ვედროებით ვრეცხეთ და ველისციხეში ერთი საათის დაგვიანებით ჩავედით. 1 000 კაცი „ლიმუზინს“ სინჯავდა – აბა, სად დეეცა ბარაქიანი სკინტლის ტომარაო!“