სატელევიზიო ეთერში სარეკლამო დროის მოცულობა იზღუდება. იგეგმება საათობრივი ლიმიტირება, ანუ მაუწყებლებს 1 საათის განმავლობაში მხოლოდ 15-წუთიანი სარეკლამო ჭრის უფლება მიეცემათ. ეს „პრაიმ-ტაიმში“ რეკლამას გააძვირებს, ხოლო სხვა მედიასაშუალებებს დამატებით შანსს მისცემს.
რეკლამის რეგულაციასთან დაკავშირებით საკანონმდებლო წინადადება პარლამენტს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შესთავაზა, რომლის კანონპროექტის სახით ინიცირებას პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის გეგმავს.
სადღეისოდ, მაუწყებელებს შეუძლიათ სატელევიზიო ეთერის დროის მოცულობის 20% რეკლამისთვის გამოიყენონ, თუმცა ეს საათობრივი ზღვრით შემოფარგლული არ არის. შესაბამისად, რეკლამების წილი საღამოს ეთერზე მოდის (18.00 სთ-დან 24.00 სთ-მდე). არის შემთხვევები, როდესაც ე.წ. პრაიმ-ტაიმში სარეკლამო და მასთან ერთად, სპონსორობის ბლოკი 32 წუთს შეადგენს. ანალიზი ცხადყოფს, რომ სარეკლამო ბლოკის ყოველი მესამე წუთის შემდეგ, რეკლამა მაყურებელთა მესამედს კარგავს.
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების გათვალისწინებით, 2015 წელს სარეკლამო ჭრა (სარეკლამო და სასპონსორო ბლოკი) იქნება არაუმეტესს 15 წუთი ერთი საათის განმავლობაში და ისიც ერთ საათში ერთჯერადად არ განთავსდება და სამ-ოთხჯერ „გაიჭრება“. 2016 წლიდან 12-წუთიანი სარეკლამო ბლოკი იქნება, ხოლო 2017 წლიდან გათვალისწინებულია დამატებითი რეგულაცია.
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ხელმძღვანელის ვახტანგ აბაშიძის განცხადებით, პარლამენტისთვის შეთავაზებული პროექტის მიღების შემთხვევაში, სატელევიზიო კომპანიებმა, შესაძლოა, რეკლამა რაოდენობრივად დაკარგონ, მაგრამ ეს მათ არ დააზარალებთ, რადგან, „პრაიმ-ტაიმში“ რეკლამის განთავსების საფასური გაძვირდება - 15-20%-ის ფარგლებში, რითაც კომპანიები დანაკლისის შევსებას შესძლებენ.
„მაუწყებლების აბსოლუტური უმრავლესობა კარგად ხვდება, რაზეა საუბარი. მათ აქვთ შენიშვნები, რომ აღნიშნული რეგულაციის ამოქმედების შემთხვევაში შეიძლება გარკვეული შესამოსავლები დაკარგოს. შესაძლებელია „რუსთავი 2“-მა, „იმედმა“, „მასტრომ“ რეკლამის გარკვეული პროცენტი რაოდენობრივად დაკარგონ, მაგრამ შემოსავლების თვალსაზრისით, ისინი თანხებს არ კარგავენ, პირიქით, არამედ ჩვენი ვარაუდით, 2016 წლიდან მათი სარეკლამო შემოსავლები გაიზრდება“, - განაცხადა ვახტანგ აბაშიძემ.
კანონპროექტის მიხედვით, 63-ე მუხლს, რომელიც შეეხება რეკლამის, ტელეშოპინგისა და სპონსორობის შესახებ ზოგად დებულებებს, ემატება 9 ახალი ქვეპუნქტი:
მაუწყებლის არხზე, გარდა სპეციალიზებული სარეკლამო, ან/და ტელეშოპინგის არხისა, რეკლამა ან ტელეშოპინგი შეიძლება განთავსდეს პროგრამებს შორის, თუმცა შესაძლებელია განთავსდეს პროგრამის მსვლელობისას ისე, რომ არ დაირღვეს „პროგრამის ფასეულობა“. ცვლილების მიხედვით, არ შეიძლება ოფიციალური სახელმწიფო ღონისძიების, უმაღლესი სახელმწიფო პოლიტიკური პირის გამოსვლის, რელიგიური რიტუალის ტრანსლაციის ჭრა რეკლამით.
კანონპროექტი უშვებს სარეკლმაო წყვეტას პროგრამის მსვლელობისას იმ შემხთვევაში, თუ საუბარია მხატვრულ ფილმზე, რომელიც არის 15 წუთზე მეტის ან საბავაშვო გადაცემაში, რომელიც აღემატება 30 წუთს. ამ უკანასკნელის შემთხვევაში რეკლამა შეიძლება გავიდეს 30 წუთში ერთხელ.
ასევე დაშვებულია სარეკლამო წყვეტა სპორტული, მხატვრული გადაცემის ან იმ ღონისძიების მსვლელობისას, თუ ეს პროგრამები შეიცავენ ბუნებრივ ინტერვალს.
კანონის პროექტი ადგენს, რომ ახალი ამბებში რეკლამა მხოლოდ 30 წუთში ერთხელ შეიძლება გადაიცეს.
ამის გარდა, კანონპროექტი მაუწყებლებს ავალდებულებს, რომ ეთერში განთავსების მიზნით წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმოს 3 საათში, ჯამში, არანაკლებ 90 წამისა.
საზოგადოებრივი კომუნიკაციების კვლევისა და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის, ანალიტიკოს არჩილ გამზარდიას შეფასებით, დაგეგმილი ცვლილებები პოზიტიური ნაბიჯი იქნება როგორც მომხმარებლისთვის, ასევე ტელევიზიებისა და დამკვეთებისთვისაც.
„მომხმარებლის უფლებები უფრო დაცული იქნება. მას თავს აღარ მოაბეზრებს გაუთავებელი რეკლამა. პარალელურად, სარეკლამო ინდუსტრიას განვითარების შესაძლებლობა მიცემა, რადგან რეკლამების ეფექტი და საჭიროება გაიზრდება არა მხოლოდ სატელევიზიო საშუალებებით, არამედ ინტერნეტით, პრესით.
ტელევიზია კი გაზრდის ტარიფს. საბოლოოდ, მოგებული დარჩება სხვა საკომუნიკაციო საშუალებები - პრესა და ინტერნეტმედია“, - აცხადებს არჩილ გამზარდია.