ბოლო წლებში სახელმწიფო მნიშვნელოვნად გახდა შიდა ვალზე დამოკიდებული. გამონაკლისი არც 2015 წელი იქნება. ფინანსთა სამინისტრო დამატებით 200 მილიონი ლარის აღებას აპირებს კომერციული ბანკებისგან. აშკარაა, რომ მიმდინარე ვალდებულებების დასაფარავად სახელმწიფოს შემოსავლები არ ჰყოფნის და ამის უზრუნველსაყოფად ცდილობს დამატებითი სახსრები მოიზიდოს.
თუ ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალი საგრძნობლად გაიზარდა. 2013 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საშინაო ვალის მოცულობა 1,344,866 ათასი ლარი იყო, ხოლო მიმდინარე წლის 30 ოქტომბრის მონაცემებით - 1,857,356 ათასი ლარი გახდა. აშკარაა, რომ ამ პერიოდში სახელმწიფო საშინაო ვალის მოცულობა 500 მილიონი ლარით და მეტად არის მომატებული.
2015 წლის ბიუჯეტის პროექტში თავდაპირველად 400 მილიონი ლარის შიდა ვალის აღება იყო გათვალისწინებული, მაგრამ შემდეგ ეს მაჩვენებელი გაიზარდა და ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, ახლა უკვე შიდა ვალის მოცულობის 600 მილიონ ლარამდე გაზრდა იგეგმება.
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადურის ინფორმაციით, 200 მილიონი ლარი, რომელსაც საქართველო დამატებით აიღებს, ინვესტიციებისთვის იქნება მიმართული.
„შიდა ვალის პარამეტრი, ისევე, როგორც ვალის პარამეტრი არის დასაშვებ ფარგლებში და ასევე ჩნდება იმ შეზღუდვაში, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით აქვს დაწესებული. 200 მილიონი ლარი, რომელსაც საქართველოს მთავრობა აიღებს, მიმართული იქნება ინვესტიციებისათვის, კომერციული საბანკო სექტორის მეშვეობით, ასევე ესეც ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი იქნება ეკონომიკის ზრდისთვის“, – აღნიშნა ხადურმა და დასძინა, რომ საქართველოში უფრო მაღალი ეკონომიკური მაჩვენებელია, ვიდრე მეზობელ ქვეყნებში.
რაც შეეხება საინვესტიციო გარემოს ხელისშემშლელ ფაქტორებს, ხადურის თქმით, ამასთან დაკავშირებით ბევრი პრობლემაა, თუმცა მინისტრის შეფასებით ქვეყნის მაკროეკონომიკური გარემო გამოსწორებულია.
შიდა ვალის ასთი ტემპით ზრდას უარყოფითად აფასებენ სპეციალისტები. ეკონომიკის ექსპერტის სოსო არჩვაძის აზრით, როდესაც მთავრობა კერძო სექტორისაგან იღებს სესხს, ეს მთლად კარგი ცხოვრებით არ არის გამოწვეული.
„ესე იგი, მიმდინარე ვალდებულებების დასაფარავად სახელმწიფოს შემოსავლები არ ჰყოფნის და ამის უზრუნველსაყოფად ცდილობს დამატებითი სახსრები მოიზიდოს. ამის ერთ-ერთი გზაა სესხის აღება გინდ ქვეყნის შიგნით და გინდ - ქვეყნის გარეთ. ჩვენი საგარეო ვალის მოცულობა საშინაო ვალის მოცულობაზე თითქმის 4-ჯერ მეტია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყნის შიგნით ვალის აღება მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს ეკონომიკაზე.
ეს თანხა თავისუფალ მიმოქცევაში რომ ყოფილიყო, ეკონომიკის განვითარებასაც ხელს შეუწყობდა და ქვეყანაში კრედიტის ღირებულებაც უფრო დაბალი იქნებოდა, ვიდრე ამჟამადაა. რატომ იღებს სახელმწიფო ვალს? - იმიტომ, რომ შეასრულოს სოციალური ვალდებულებები, ბიზნესი კი იმიტომ იღებს, რომ თავისი საქმიანობის არეალი გააფართოვოს და მეტი სამუშაო ადგილი შექმნას, ანუ გრძელვადიან პერქსპექტივაში ბიზნესის მიერ აღებული სესხი უფრო მომგებიანია. შეიძლება სახელმწიფო შიდა ვალის აღებით ახერხებდეს სოციალური ვალდებულებების შესრულებას, მაგრამ ამით ხელს უშლის ეკონომიკის ზრდის პერსპექტივას. ამიტომ, ვალის აღება არაეფექტიანი საქმიანობისა და მენეჯმენტის გამოვლინებაა.
სახელმწიფოს ეს ვალი რომ არ აეღო, უფრო მეტი სახსრები გვექნებოდა ეკონომიკის განვითარებისათვის. თუმცა, ისიც გასაგებია, რომ თავისი მწირი შესაძლებლობების პირობებში სახელმწიფო ცდილობს საკუთარი სახეც შეინარჩუნოს და ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობაც, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს გზა მომგებიანი არ არის - ის მნიშვნელოვნად ამცირებს ეკონომიკური განვითარების შანსსა და პერსპექტივებს“, - აღნიშნა “ბიპიენთნ” საუბრისას სოსო არჩვაძემ.