ლარი ჯერ თავბრუდამხვევი სისწრაფით გაუფასურდა, ახლა კი ასეთივე ტემპით მყარდება. ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით 1 დოლარი უკვე 1,842 ლარია. მოსახლეობისთვის არც ეროვნულ ბანკს და არც მთავრობას ლარის გამყარების რეალური მიზეზი არ განუმარტავს. უცნობია ისიც, რამ გამოიწვია ეროვნული ვალუტის ჯერ მკვეთრად ვარდნა, ხოლო შემდეგ სწრაფი ტემპით გამყარება. საქართველოს ეროვნული ბანკი ლარის კურსთან დაკავშირებით პროგნოზს არ აკეთებს.
სებ-ის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებით, ბიუჯეტი ლარის კურსის მერყეობის მაპროვოცირებელი არ ყოფილა. მისი თქმით, ბანკის საბოლოო მონეტარული პოლიტიკა ინფლაციასა და ფასების ზოგად დონეზე იქნება დამოკიდებული.
„ჩვენ დღეს, ისევე როგორც ყოველთვის ვაგრძელებთ ყოველდღიურ რეჟიმში პროცესებზე დაკვირვებას და პროცესების ანალიზს. რა ინფორმაციაც გვექნება ინფლაციასთან დაკავშირებით, ფასების ზოგად დონესთან დაკავშირებით, იმის მიხედვით გადავწყვეტთ, შევცვალოთ თუ არა ჩვენი მონეტარული პოლიტიკა. ნებისმიერ შემთვევაში, ეროვნული ბანკი არის პასუხისმგებელი ფასების სტაბილურობაზე, მიზნობრივი ინფლაციის შენარჩუნებისთვის ყველა ინსტრუმენტს გამოვიყენებთ“, - განაცხადა ქადაგიძემ.
საბანკო სფეროს ექსპერტი გოჩა თუთბერიძე ლარის კურსის მკვეთრ ვარდნას პრობლემის მიმართ მთავრობის არასწორი დამოკიდებულებით ხსნის. მისი აზრით, თავის დროზე პროცესი სწორად ვერ შეფასდა, რამაც მოსახლეობაში აჟიოტაჟი გამოიწვია, საბოლოოდ კი ეროვნული ვალუტა მკვეთრად გაუფასურდა.
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ეკონომისტთა ასოციაცია კი ლარის ვარდნაში სწორედ ეროვნულ ბანკს ადანაშაულებს. აფბა-ს ვიცე-პრეზიდენტს შოთა გულბანის განცხადებით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ლარის გაუფასურება ხელოვნურად მოხდა.
„პირველ რიგში, ისმის კითხვა - რა იწვევს კურსის ცვალებადობას? მარტივი პასუხი არის ის, რომ გაცვლითი კურსი დამოკიდებულია უცხოური ვალუტის მოთხოვნა-მიწოდებაზე, ანუ სავალუტო ბაზარზე ლარისა და დოლარის მასების თანაფარდობაზე. თუ დოლარის ფასი იზრდება, ერთეულის ფასი გამოხატული ლარში მცირდება, ანუ დოლარი უფასურდება და პირიქით, თუ დოლარის მასა მცირდება, ერთეულის ფასი იზრდება, ანუ დოლარი მყარდება. აქედან გამომდინარე, თუ გვინდა გავიგოთ პასუხი თუ რამ გააუფასურა ლარი, უნდა გავაანალიზოთ ის ფაქტორები, რომლებმაც ქვეყანაში ლარისა და დოლარის ურთიერთმიმართება შეცვალა“, - განაცხადა შოთა გულბანმა.
ბოლო დროს ლარის გაუფასურების მთავარ მიზეზად ბიუჯეტის არათანაბარ ხარჯვას ასახელებენ, მაგრამ 11 თვის ბიუჯეტის შესრულების დინამიკა ამის თქმის საფუძველს არ იძლევა.
გულბანის აზრით, ეროვნული ბანკის როლი ლარის გაუფასურებაში საკმაოდ მაღალია, ვინაიდან 10 წლის სტატისტიკა მეტყველებს იმაზე, რომ როდესაც მონეტარული პოლიტიკა იყო მკაცრი, ანუ რეფინანსირების განაკვეთი იყო მაღალი, კურსი ყოველთვის იყო მყარი, ხოლო როდესაც განაკვეთი იყო დაბალ დონეზე, ლარი ყოველთვის გაუფასურებული იყო.
„ბოლო 2 წელია, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი არის ისტორიულ მინიმუმზე და ამის ირიბი შედეგი არის დასუსტებული ლარი. აქ ერთი საინტერესო დეტალიც იკვეთება, რომელიც აჩენს ეჭვს, რომ ხომ არ მოხდა ლარის ხელოვნურად გაუფასურება? როდესაც დოლარი მსოფლიოში მყარდებოდა, საქართველოში ხდებოდა პირიქით, ადგილობრივ ბაზარზე დოლარი უფასურდებოდა და ეროვნულმა ბანკმა შეისყიდა კიდეც დოლარის გარკვეული მასა და ამით შეაჩერა ლარის გამყარება. სწორედ ამის შემდგომ დაიწყო ლარის ნელ-ნელა გაუფასურება, ხოლო ბოლო ერთ თვეში მკვეთრად დაეცა“, - განაცხადა გულბანმა.
შესაბამისად არსებობს ლოგიკური კითხვები: რატომ ჩაერია ეროვნული ბანკი ლარის გამყარების დროს და რატომ შეაჩერა მისი გამყარება? რატომ არ ჩაერია ეროვნული ბანკი, როდესაც ლარმა გაუფასურება დაიწყო? ამ და სხვა კითხვებთან დაკავშირებით სებ-ი სამარისებურად დუმს.