ავიაკომპანია “აირზენამ” მოსკოვის მიმართულებით ფრენა შეწყვეტა და გაფიცვას მიჰყო ხელი. როგორც კომპანიაში აცხადებენ, პროტესტის მიზეზი ის გახდა, რომ ავიაკომპანია ზარალს განიცდის და რუსულ ავიაკომპანიებთან ერთად, თანაბარ პირობებში ჩაყენებას ითხოვენ. ავიაკომპანიას, რომელიც აეროპორტის პარალიზებით იმუქრება, მხარი დაუჭირეს ტუროპერატორებმა და საავიაციო აკადემიის სტუდენტებმა.
„ავიაკომპანიის საფრენოსნო სამსახურის და ტექნიკური სამსახურის პერსონალმა უარი განაცხადა ამ რეისის მომსახურებაზე. იმ გადაწყვეტილების მიხედვით, რაც დღესდღეობით მოქმედებს რუსეთის ფედერაციის ავიაკომპანიების ფრენებთან დაკავშირებით, ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისი” ყოველდღიურად განიცდის სერიოზულ ფინანსურ ზარალს. შესაბამისად, პარიტეტის პრინციპის დარღვევა სასტიკად ეწინააღმდეგება იმ მოთხოვნებს, რაც გააჩნია ავიაკომპანიას აღნიშნულ ფრენებთან მიმართებაში”, - განაცხადა “აირზენას” გენერალურმა დირექტორმა იასე ზაუტაშვილმა.
საბოლოოდ ავიაკომპანიის მფრინავებმა, ტექნიკოსებმა და სხვა თანამშრომლებმა საპროტესტო გაფიცვა წამოიწყეს. მათი მოთხოვნები საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურებოდა:
“გაუქმდეს რუსეთის ფედერაციაში გაგზავნილი 8 ივლისის ნოტა რომლითაც რუსეთის ავიაკომპანიებს მიენიჭათ შეუზღუდავი უფლება თბილისი-მოსკოვი-თბილისი მიმართულებით ფრენებზე; დაუყოვნებლივ გაუქმდეს საქართველოს საავიაციო ხელისუფლების მიერ რუსულ ავიაკომპანიებზე გაცემული ფრენების ნებართვები; რუსეთის ფედერაციასთან საჰაერო მიმოსვლა აღდგეს იმ პირობებით, რაც იყო ფრენების შეწყვეტამდე - 2006 წლის ნოემბრამდე; რუსეთთან მოლაპარაკებები შეწყდეს იმ დრომდე, სანამ სააგენტო არ გამოიყოფა ცალკე სტრუქტურად და არ დაკომპლექდება იმ კვალიფიცირებული მუშაკებით ვისაც კვალიფიცირებულად შეეძლება მოლაპარაკებების გამართვა და ქვეყნის ინტერესების დაცვა; დაუყოვნებლივ მიღებულ იქნას გადაწყვეტილება ავიაციის სააგენტოს ეკონომიკის სამინისტროსგან გამოყოფის შესახებ და ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელ უწყებად, როგორც ეს მიღებულია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში; დაუყოვნებლივ გადადგეს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს უფროსი ბატონი გურამ ჯალაღონია დაკავებული თანამდებობიდან, დაინიშნოს კვალიფიცირებული კადრი და სააგენტო დაკომპლექტდეს პროფესიონალი მუშაკებით; სააგენტოს ახალმა ხელმძღვანელობამ შეცვალოს ის ნორმატიული აქტები, რაც მიღებული იქნა წინა ხელისუფლების მიერ და ეწინააღმდეგება ქართული ავიაკომპანიების ინტერესებს; სასწრაფოდ აღუდგეს “ჯორჯიან ეარვეისს” ფლაგმანის სტატუსი, რომელიც უსაფუძვლოდ გააუქმა წინა ხელისუფლებამ“, - ნათქვამია “აირზენას” განცხადებაში.
ზაუტაშვილის თქმით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რუსეთის ფედერაციას შეუზღუდავი ფრენებისა და კომპანიების შემოყვანის მოთხოვნა დაუკმაყოფილა. სააგენტოს რუსული კომპანიებისთვის ფრენის სიხშირე არ შეუმცირებია და “აირზენას” წარმომადგენლები მოატყუეს.
“გვეუბნებოდნენ ერთს და სინამდვილეში 31 იანვრამდე 14-14 სიხშირე კიდევ გაუგრძელეს. ცამეტი ავიაკომპანიიდან ნებართვა საქართველოში შემოსვლაზე ყველას მისცეს, რაც არა მარტო “აირზენას”, არამედ მთლიანად ქართული ავიაციის რუსეთის ხელისუფლებისთვის გადაფორმებას ნიშნავს”, - განაცხადა ზაუტაშვილმა.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელი გურამ ჯალაღონიამ კი განმარტა, რომ საქართველოში ფრენის ნებართვა არა ცამეტ, არამედ ორ ავიაკომპანიას - “აეროფლოტსა” და “სიბირს” მიეცა. ამასთანავე, 14 სიხშირე 31 იანვრამდე დროებითაა გაცემული. ამ ინტენსივობით მხოლოდ მოლაპარაკების დასრულებამდე იფრენენ.
“აირზენასაც” 14 სიხშირე აქვს. ამიტომ მოლაპარაკების დასრულებამდე სიტუაცია რომ არ დაგვეძაბა, ასე გადავწყვიტეთ”, - აღნიშნავს ჯალაღონია და დასძენს, რომ თანამდებობიდან წასვლას აპირებს.
გუშინ დღის ბოლოს “ჯორჯიან ეარვეისის” წარმომადგენლებსა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წარმომადგენლების შორის შეხვედრაც შედგა და გაურკვეული შეთანხმებასაც მიაღწიეს. შეხვედრა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე წარიმართა. კომპანიის გაფიცულმა თანამშრომლებმა, რომლებიც მოსკოვსა და თბილისს შორის ფრენების სიხშირის 14 ოდენობით განსაზღვრას აპროტესტებდნენ, დღეს 8-პუნქტიანი მოთხოვნები წარმოადგინეს, რომელთა შორის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლებაც შედიოდა.
“პირობები, რაც “აირზენამ” დააყენა, შემიძლია გითხრათ, რომ ფაქტობრივად, უკან წაიღეს, გარდა ერთი მოთხოვნისა, რომელიც მე დავაკმაყოფილე და ფრენის სიხშირე იქნება 10-10-ზე, სანამ არ გაიმართება მოლაპარაკებები რუსეთის მხარესთან. მოლაპარაკების შემდეგ ყველასათვის ნათელი იქნება თუ რას მივაღწევთ. ალბათ, მივიღებთ ისეთ შედეგს, რომელიც არ დააზარალებს არც ქართულ მხარეს, არც რუსულს და არც მგზავრებს”, - განაცხადა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელმა გურამ ჯალაღონიამ.
იასე ზაუტაშვილი კი მიიჩნევს, რომ მოლაპარაკებები მოსკოვის ნაცვლად, თბილისში უნდა გაიმართოს. “რუსეთის მხარემ უნდა იკადროს და ჩამობრძანდეს საქართველოში. ეს არის ჩვენი მოთხოვნა. აქ გაიმართოს მოლაპარაკებები, რადგან პრობლემა და მოთხოვნა წამოსულია რუსული მხრიდან თავის დროზე. ფრენა არ აღდგება მანამდე, სანამ ეს მოლაპარაკებები არ დასრულდება საქართველოს მხარისთვის მისაღები შედეგით”, - განაცხადა ზაუტაშვილმა.
როგორც ჩანს, სპონტანური მოლაპარაკება საკმარისი არ აღმოჩნდა სიტუაციის გასანეიტრალებლად, რამეთუ კომპანია “ჯორჯიან ეარვეისმა” დღეს ისევ განაახლა გაფიცვა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სრული პარალიზებითაც დაიმუქრა. როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, იასე ზაუტაშვილმა განაცხადა, თუ მათი მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული, ისინი ხვალ საღამოს აეროპორტის პარალიზებას მოახდენენ.
“ჩვენ აღარანაირი ადგილი აღარ გვრჩება, აეროპორტი არის თურქულ მფლობელობაში, ცა გადადის რუსულ მფლობელობაში და ჩვენი ადგილი, ასე გამოდის, რომ რეალურად აღარ არის. შესასვლელ-გამოსასვლელებზეც კი პრობლემებს გვიქმნიან”, - განაცხადა ზაუტაშვილმა, რომელმაც აქციის, მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართვა დააანონსა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან “ჯორჯიან ეარვეიზის” თანამშრომლების საპროტესტო აქციას, ქართული ტურისტული კომპანიებიც შეუერთდნენ.
როგორც “ინტერპრესნიუსს” ტურისტული კომპანია “ოლ ტურსის” დამფუძნებელმა, მაია მჭედლიძემ განუცხადა, ისინი სოლიდარობას უცხადებენ იმ მოთხოვნებს, რაც “აირზენას” აქვს. მისივე თქმით, ქართული ტურისტული კომპანიები მძიმე მდგომარეობაში არიან, რადგან არ არსებობს რეგულაცია, რომლებიც უცხოურ ტურისტულ კომპანიებთან კონკურენციის გაწევის საშუალებას იძლევა.
“ჩვენ ჩარტერებს ვაკეთებთ “აირზენას” მეშვეობით, ანუ ერთმანეთზე დამოკიდებულნი ვართ. გვაქვს პრობლემები, რომლებიც გამოიხატება იმაში, რომ უცხოური ტურისტული კომპანიები ქართული ტურისტული კომპანიების ჩაყლაპვას ცდილობენ. ეგვიპტური და თურქული ავიაკომპანიები საქართველოში შემოდიან დემპინგური ფასებით, ისინი ძალიან დაბლა წევენ ტარიფს და იძულებულს გვხდიან ჩვენც ასე მოვიქცეთ, რაც ჩვენი რესურსიდან გამომდინარე, ქართულ ტურისტულ კომპანიებს ძალიან დიდი პრობლემას უქმნიან. მათი რესურსი კი, ძალიან დიდია და ამის საშუალება აქვთ. ისინი ცდილობენ მსგავსი მეთოდებით ჩაგვყლაპონ და ქართულ ტურისტულ ბაზარზე მხოლოდ ისინი დამკვიდრდნენ. აქედან გამომდინარე, მოვითხოვთ ყველა თანაბარ პირობებში ვიმყოფებოდეთ და პირველ რიგში, უპირატესობა მიენიჭოთ ქართულ კომპანიებს. ეს მოთხოვნები, რა თქმა უნდა, მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს”, - განაცხადა მჭედლიძემ.
“აირზენას” თანამშრომლების აქციაზე იმყოფებოდნენ, საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტებიც.
საავიაციო პროტეტს გამოეხმაურა საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. მისი აზრით, “აირზენას” საკითხში არის ორი მხარე: კომპანიის ინტერესები და ტურისტები. ამიტომ ბალანსის დაცვა სწორედ ამ კუთხით უნდა მოხდეს.
“მოლაპარაკების პროცესში ვართ რუსულ მხარესთან. დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის გამო, ეს პროცესი ტექნიკურ დონეზე მიმდინარეობს. ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია სპეკულაციები, რადგან მოლაპარაკებები არ დაგვისრულებია და ვფიქრობ, ცალკეული ადამიანები ძაბავენ ამ სიტუაციას.
ტურიზმის შემცირების ხარჯზე ჩვენ კერძო კომპანიების დახმარებას ვერ მოვახდენთ. ჩემთვის ამ ადამიანების გულისტკივილი გასაგებია, მაგრამ ეს პრობლემა არის ძალიან მრავალწახნაგოვანი”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
რაც შეეხება სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს შესაძლო გამოყოფას ეკონომიკის სამინისტროსგან, როგორც მინისტრმა განმარტა, ეს არის მთავრობის გადასაწყვეტი საკითხი, თუმცა თავად ამის საჭიროებას ვერ ხედავს.