„ივანიშვილი უკან იბრუნებს მართვის სადავეებს“

„ივანიშვილი უკან იბრუნებს მართვის სადავეებს“

„მთავრობაში არ იგეგმება არანაირი ცვლილება. შიდა გადაადგილებებიც დავასრულეთ. შეიძლება ერთი-ორი გადაადგილება შიგნით უწყებებს შორის იყოს, ეს ჩემი საქმე არ არის და ეს მინისტრების პრეროგატივაა“, - ეს განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა სამშაბათს მთავრობის კანცელარიაში გააკეთა, მაგრამ ღარიბაშვილის ამ განცადების მიუხედავად, მთავრობაში მნიშვნელოვანი საკადრო გადაადგილებები ისევ განხორციელდა.

ექსპერტები თვლიან, რომ მოქმედ პრემიერს მართვის ბერკეტები ხელიდან ნელ-ნელა ეცლება და „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე, ანზორ ჩუბინიძის დაბრუნება ადასტურებს, რომ ქვეყანაში გადაწყვეტილების მიმღები ბიძინა ივანიშვილია“.

მაშ ასე, ბოლო ერთი კვირაა საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობებს ტოვებენ ის ჩინოსნები, რომლებიც თამაზ თამაზაშვილის და ირაკლი ღარიბაშვილის კადრებად მოიაზრებოდა. მათ შორის არიან ზვიად ჯანყარაშვილი, გურიის გუბერნატორი, სუს-ის უფროსი მალხაზ ჩიკვილაძე და ძმები ჩხენკელები. ახალი ხელმძღვანელები ჰყავს იმერეთის და კახეთის სამხარეო პოლიციის სამმართველოებსაც.

დღეს კი, ცნობილი ხდება საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა, შს მინისტრის მოადგილემ გიორგი ზედელაშვილმა, რომელმაც მმართველობა პრემიერთან არსებული კრიზისების მართვის ცენტრში გააგრძელა.უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელი დავით სუჯაშვილი აცხადებს, რომ ზედელაშვილის პროფესიული გამოცდილება საბჭოსთვის მნიშვნელოვანი იქნება.

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს უბრუნდება ყოფილი პრემიერის დაცვის უფროსი, ანზორ ჩუბინიძეც. რაც შეეხება სდს-ს ყოფილ უფროსს, თემურ მღებრიშვილს, მან ისევე, როგორც სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, შსს-ში გადაინაცვლეს.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ის მაქსიმალურად ცდილობს, რომ გააძლიეროს უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო.

ექსპერტი ვანო მაჭავარიანის განცხადებით, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ პროცესებზე, რომელსაც ჰქვია ქვეყანაში პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სამთავრობო განლაგება, ბოლო სიტყვას აქვს ყოფილ პრემიერს ბიძინა ივანიშვილს. მისი თქმით, ის ცვლილებები, რომელიც ბოლო დროს მოხდა ღარიბაშვილის გარემოცვასთან მიმართებაში, მიუთითებს იმას, რომ მოქმედი პრემიერი არაა დამოუკიდებელი ფიგურა.

„ივანიშვილმა ჩათვალა, რომ ეს მმართველობა თავის შედეგს არ იძლევა. საუბარია საკამოდ დიდ თანხებზე, კითხვები გაჩნდა საეჭვო ტენდერებთან დაკავშირებით, საუბარია რამდენიმე მილიონ ლარზე და არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს თანხა არამიზნობრივად იქნა გამოყოფილი. ამ თანხებს განაგებდნენ ის ადამიანები, რომლებსაც შეეხოთ ეს ცვლილება. როგორც ჩანს, სუფთავდება მინდორი იმისთვის, რომ ღარიბაშვილის, როგორც პრემიერ-მინისტრის, სხვა თანამდებობაზე გადაყვანის საკითხი დადგეს დღის წესრიგში.

ფაქტია, რომ მმართველობა არის არაეფექტური, კოალიციაში არის სერიოზული რღვევები. კოალიციის არსებობა-არარსებობის საკითხი დგას. იმ შემთხვევაში, თუკი, ღარიბაშვილი ამ თანამდებობაზე დარჩება, მას, ფაქტობრივად, შეზღუდული ექნება თავისუფლად მოქმედების არეალი. ვერც ერთ ნაბიჯს ვერ გადადგამს ისე, რომ საქმის კურსში არ იყოს ივანიშვილთან დაახლოებული კონკრეტული პირები, რომლებიც გააკონტროლებენ, ფინანსურ, ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომელსაც ღარიბაშვილი მიიღებს. ღარიბაშვილი არასოდეს არ იყო დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურა, ის პოლიტიკაში მოვიდა ბიძინა ივანიშვილის შემწეობით“, - აცხადებს მაჭავარიანი.

მისივე თქმით, ჯგუფი, რომელიც პრემიერმა მის გარშემო შეიქმნა, არ იყო მისი ჯგუფი. ეს იყო მის სიმამართან და მეუღლესთან ასოცირებული ნათესავებისა და მეგობრების გარშემო შექმნილი გუნდი. როგორც მაჭავარიანი აცხადებს, ღარიბაშვილმა 2 წლის განმავლობაში ვერ შექმნა პოლიტიკური გუნდი, ვერ დაალაგა ურთიერთობები, როგორც სამთავრობო გუნდში, ასევე პრეზიდენტთან, მთელი რიგი პრობლემებია პარლამენტთან ურთიერთობაში.

„არის პრობლემები, რომელსაც ის ვერ ალაგებს. ქვეყნის მმართველობისა და ეფქტურობის თვალსაზრისით, გაჩნდა ბევრი კითხვა. ეს კითხვები იყო საზოგადოებაში, იყო პოლიტიკურ წრეებში, მაგრამ როდესაც ამ კითხვებს სვამს კოალიციის შემქმნელი და მთავარი დამფინანსებელი, ეს უკვე სხვაა. ფაქტია, რომ მან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა დაიწყო. ფაქტია ისიც, რომ მინისტრების უმრავლესობის უკან რეალურად არანაირი პოლიტიკური ძალა არ დგას, გარდა ბიძინა ივანიშვილის კეთილგანწყობისა.

მთავარი კითახვაა - ვინ იქნება შემდეგი, ვისაც 2016 წლამდე ჩააბარებს ივანიშვილი ეკონომიკურ, ფინანსურ და პოლიტიკურ ბერკეტებს იმისათვის, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებზე წარსდგეს იმ პოლიტიკურ ძალად, ვისაც შეუძლია მართვა. სავარაუდოდ, ეს იქნება სერგიენკო, თუმცა შესაძლებელია იყოს კვირიკაშვილიც. ღარიბაშვილის შეცვლა არ იქნება პოლიტიკურად მიღებული გადაწყვეტილება, ეს იქნება ივანიშვილის გარემოცვისა და პირადი შეხედულების მიხედვით მიღებული გადაწყვეტილება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვანო მაჭავარიანმა.

ექსპერტი კახა გოგოლაშვილი თვლის, რომ ივანიშვილი, რომელიც რეალურად ფლობდა ხელისუფლების მართვის ბერკეტებს, ამავე დროს, ნაკლებად ეროდა საკადრო პოლიტიკაში, ახლა უკან იბრუნებს მართვის სადავეებს, რომელიც ნელ-ნელა ღარიბაშვილმა თვითონ ჩაიგდო ხელში.

„როგორც ჩანს, ივანიშვილმა გამოიკვლია და ნახა, რომ ყველაფერი კარგად არ არის. ღარიბაშვილის გარშემო იკვრება ჩაკეტილი გუნდი, რომელიც ივანიშვილს სულაც არ აწყობს, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ღარიბაშვილი იყო ერთ-ერთი სანდო პიროვნება. როგორც ჩანს, არ აწყობს, რომ მართვის ბერკეტები ვიღაცას სრულად ჩააბაროს, ვინც არ უნდა იყოს ეს. ამ ცვლილებებით ღარიბაშვილს აჩვენა, რომ ის მართავს ისევ ვითარებას, საგრძნობლად შეასუსტა ღარიბაშვილი და ისვე დაიბრუნა გარკვეული მართვის ბერკეტები და კონტროლი მთავრობაში“, - ამბობს გოგოლაშვილი.

ექსპერტი ვარუდობს, რომ ივანიშვილი ახლა ეძებს შესაბამის კანდიდატურას, რომელიც სათავეში ჩაუდგება მთავრობას. „როგორც ჩანს, პრემიერ ღარიბაშვილს მოუწევს თანამდებობის დატოვება. ღარიბაშვილს ასე არ გაწირავს, რაღაცა თანამდებობას მაინც მისცემს, ის იქნება მთავრობაში, მაგრამ პრემიერი არ იქნება. ეს ცვლილება დღეს და ხვალ არ მოხდება, მაგრამ არჩევნებამდე მოხდება, მაგრამ არჩევნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სახის შენარჩუნება. ივანიშვილი ფიქრობს, რომ მთავრობის პირველი პირი გახდეს ისეთი ადამიანი, რომელსაც მეტი ავტორიტეტი აქვს მოსახლეობაში.

ასეთები არიან სერგიენკო და კვირიკაშვილი, მათ შედარებით დაღვინებული ადამიანების იმიჯი გააჩნიათ, რაც მთავარია თავშეკავებულები არიან. არჩევნებადმე ისეთი პრემიერის ყოლა, რომელსაც დაღვინებული პოლიტიკოსის იმიჯი აქვს, ეს „ქართული ოცნებისთვის“ მომგებიანი იქნება. სწორედ ამის გამო, ვფიქრობ, რომ მიღებული იქნება გადაწყვეტილება ღარიბაშვილის განთავისუფლებაზე. შეიძლება ღარიბაშვილი ძალიან ნიჭიერია, მაგრამ ის არის ძალიან ახლაგაზრდა. მითუმეტეს, რომ ეს სკანდალური გადადგომები, კიდევ უფრო ასუსტებს მის იმიჯს მოსახლეობაში“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას კახა გოგოლაშვილი.