„თიბისი ბანკი“ „ბანკ კონსტანტასთან“ ერთიანდება. გაერთიანების პროცესი და პროცედურები უკვე დაწყებულია – ორი ფინანსური ინსტიტუტის შერწყმა იანვარში დასრულდება. ბანკის მენეჯმენტში განმარტავენ, რომ ამიერიდან მომხმარებლებს მეტ სერვისს მიაწვდიან და მეტ კომფორტს შეუქმნიან.
„საჯაროდ ვაცხადებთ დღეს, რომ ვიწყებთ კონსოლიდაციის პროცესს, რომელიც დასრულდება იანვარში. ჩვენ 2011 წელს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ „კონსტანტა ბანკში“ განგვეხორციელებინა ინვესტიცია. ბოლო 4 წლის განმავლობაში 200 მილიონ ლარზე მეტი თანხა ჩავდეთ სხვადასხვა ფორმით „კონსტანტა ბანკში“. ახლა კი მივედით საბოლოო გადაწყვეტილებამდე, რომ საჭირო იყო ამ ორი ინსტიტუტის შერწყმა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ორივე ინსტიტუტის კლიენტებისთვის“,– განაცხადა საპეციალურ პრესკონფერენციაზე „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ და განმარტა, რომ გადაწყვეტილების ამოქმედების შემდეგ „თიბისი ბანკის“ ფილიალებში გაჩნდება საშუალება, კლიენტებმა მოიხმარონ „კონსტანტა ბანკის“ პროდუქტები და პირიქით.
ორი ფინანსური ინსტიტუტის შერწყმის შემდეგ ბანკის ფილიალების რიცხვის მნიშვნელოვან ზრდასა და საქართველოს მასშტაბით მომხმარებლებისთვის უფრო ხელმისაწვდომობაზე ამახვილებს ყურადღებას „კონსტანტა ბანკის“ გენერალური დირექტორი და „თიბისი ბანკის“ დირექტორატის წევრი ნიკა ქურდიანი
„კონსტანტას“, პირველ რიგში, მიეცემა საშუალება, შესთავაზოს კლინეტებს ძალიან ბევრი ახალი პროდუქტი, რომელზეც „თიბისი ბანკს“ ბევრი აქვს ნამუშევარი. „კონსტანტას“ ძალიან ბევრ რეგიონსა და პატარა ქალაქში აქვს ფილიალი და იქ „თიბისი ბანკის“ პროდუქტების შეტანა დიდი წინსვლა იქნება. ეს კარგი შესაძლებლობა იქნება ჩვენი თანამშრომლებისთვისაც. მოგეხსენებათ, „თიბისი“ ერთ–ერთი ყველაზე დიდი დამსაქმებელია საქართველოში და თანამშრომლებისთვის ძალიან ბევრი პროგრამა აქვს. ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ „კონსტანტასთან“ კონსოლიდაციით „თიბისის ბანკის“ ფილიალების რაოდენობა 60–ით გაიზრდება. სწორედ, ამდენი ფილიალი აქვს „კონსტანტას“ და მათ შორის, ისეთ ქალაქებში, სადაც „თიბისი“ ჯერ შესული არ არის. ამიტომ სინერგია ძალიან მაღალია და „თიბისი ბანკის“ ბრენდის ქვეშ, დაახლოებით, 120 ფილიალი იქნება თებერვლის შემდეგ“,– აცხადებს ნიკა ქურდიანი.
„თიბისის ბანკში“ განმარტავენ, რომ „კონსტანტა“ „თიბისი“ ბანკის ბრენდის ქვეშ გადასვლას უახლოეს პერიოდში დაიწყებს და ფერებს, ლოგოსა და სახელწოდებას შეცვლის. ბანკის ახალი სახელი „თიბისი ბანკი კონსტანტა“ იქნება, რებრენდინგის პროცესი კი , სავარაუდოდ, 2015 წლის ზაფხულისთვის დასრულდება.
„სტრატეგიულად სწორი გადაწყვეტილება იყო „კონსტანტა ბანკის“ შეძენა. დაახლოებით 4–ჯერ გავზარდეთ ეს ბანკი და დღეს, შეიძლება ითქვას, მიკროსაფინანსო სექტორში „კონსტანტა ბანკი“ არის ლიდერი ინსტიტუტი. ჩვენ შევძელით მისი გაზრდა და დღეს მივიდა იმ ზომამდე, როდესაც ჩაითვალა, რომ შეიძლებოდა, შერწყმის პროცესი დაგვეწყო“,– აცხადებს ვახტანგ ბუცხრიკიძე და განმარტავს, რომ ბანკების გაერთიანების გადაწყვეტილების მოტივი თიბისი ბანკის აქციონერთა კრებამ მიკროფინანსების ბაზარზე არსებული ახალი გამოწვევებისა და ამ ბიზნესში ზრდის მაღალი პოტენციალის გამო მიიღო.
„ბანკი კონსტანტა" კომერციული ბანკის სტატუსით 2008 წლიდან ოპერირებს. მისი საქმიანობის სტრატეგიული მიმართულება მიკრო და მცირე ბიზნესისათვის ფინანსური მომსახურების გაწევაა.
„თიბისი ბანკი“ „ბანკი კონსტანტას" მფლობელი 2011 წელს გახდა და ამ დროის განმავლობაში „თიბისი ბანკის“ მიერ „ბანკი კონსტანტას" განვითარებაში ინვესტირების მოცულობამ დაახლოებით 226 მლნ ლარი შეადგინა. ამ ინვესტიციის შედეგად კონსტანტას მთლიანი პორტფელი 400%-ით გაიზარდა. ამან შესაძლებლობა მისცა „ბანკი კონსტანტას" მომხმარებლებს რეგიონებსა და ქალაქებში, მიეღოთ საჭირო ფინანსური მხარდაჭერა საკუთარი მეურნეობებისა თუ მიკრობიზნესების გასავითარებლად.
დღეისათვის „ბანკი კონსტანტა" საქართველოს მაშტაბით არსებული 60-მდე ფილიალის საშუალებით მიკრო და მცირე მეწარმეს ემსახურება. მისი საკრედიტო პორტფელის ძირითადი ნაწილი მიკრობიზნეს სესხებსა და აგროსესხებს უჭირავს.
„თიბისი ბანკისა“ და „ბანკი კონსტანტას" კონსოლიდაციის პროცესი იურიდიულად 2015 წლის იანვარში გაფორმდება. „თიბისის“ მენეჯმეტში განმარტავენ, რომ კონსოლიდაციის პროცესის ფორმალურ მხარესთან, კერძოდ მომხმარებელთა ხელშეკრულებების განახლებასთან დაკავშირებით, „ბანკი კონსტანტას" კლიენტებს ინფორმაცია დროულად მიეწოდებათ.