ივანიშვილის ახალი სვლა

ივანიშვილის ახალი სვლა

სახელისუფლებო გუნდში დაიწყო პროცესი, რომელიც სავარაუდოდ, მომავალი წლისთვისაც აქტიურად გაგრძელდება, თუმცა სადამდე მიგვიყვანს - ასე თუ ისე, პროგნოზირებადია. პროცესი თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ალასანიას გადაყენებით დაიწყო, რომელსაც კიდევ ორი მინისტრის ნებაყოფილობითი გადადგომა მოჰყვა. არც ისე დიდი დროის გასვლის შემდეგ, მთავრობაში საშუალო რგოლის ლამის მასობრივი წმენდა დაიწყო. ალასანიას შემთხვევაში, ასე თუ ისე, გასაგებია პიროვნულ თუ იდეურ შეუთავსებლობასთან შეიძლებოდა გვქონოდა საქმე, თუმცა რატომ მოხდა პრემიერ-მინისტრის კადრების მასობრივი ჩამოცილება საპასუხისმგებლო თანამდებობებიდან, არც ერთი მხრიდან სათანადო ახსნა-განმარტება არ მოგვისმენია. საით შეიძლება, მიდოდეს პროცესები, ამ თემაზე ექსპერტი, ლევან ალაფიშვილი გვესაუბრება.

ბოლო დროს მთავრობის საშუალო რგოლში საკმაოდ ბევრი ცვლილება განხორციელდა, მათ შორის შს სამინისტროში. თქვენი შეფასებით, რა მოვლენის გამო გახდა აუცილებელი ასეთი უეცარი საკადრო წმენდა?

- ყველაზე უკეთ ამ გადაწყვეტილების მიმღებებმა იციან, რატომ დატოვეს თანამდებობები. რაც შეეხება მიზეზს, ეს საჯაროდ უნდა განმარტებულიყო პრემიერის მხრიდან. სწორედ ამ მოცემულობამ, როდესაც ადეკვატური განმარტება ამ ყველაფრისა არ არის გაკეთებული და სახეზე გვაქვს მაღალი თანამდებობის პირების მიერ ერთიანად თანამდებობების დატოვება, რჩება საშუალება იმ ვარაუდისთვის, რომ ეს ყველაფერი არ არის ის, რასაც რეალურად შეიძლება ეწოდოს ნებაყოფილობთ თანამდებობიდან წასვლა. საზოგადოებისთვის მიზეზების არგამხელა იმ ვერსიასაც აძლევს არსებობის საშუალებას, რომელიც ისმის ბოლო ხანს საზოგადოებაში და რომელიც გულისხმობს იმას, რომ გადაწყვეტილება არ არის მიღებული მთავრობის კედლებში, და ეს მთავრობის მიღმა მიღებული გადაწყვეტილების გაგრძელება და გაფორმებაა.

ყველა შემთხვევაში ეს დაკავშირებული არის არსებული სიტუაციის შეფასებასთან - როგორ შეაფასეს, რას ისახავდნენ მიზნად, რისი გაუმჯობესება უნდოდათ, ყველას ერთად თუ ცალ-ცალკე, ლოგიკურად არის ის, რომ რაღაც არ მოსწონდათ და რაღაცის გაუმჯობესებას ისახავენ მიზნად. ყოველ შემთხვევში არსებული რეალობა არ იყო დამაკმაყოფილებელი და იყო შესაცვლელი. წინააღმდეგ შემთხვევაში გადაწყვეტილება არც განცხადების დამწერის მიერ და არც თანხმობის მიმცემის მიერ, პრემიერის დონეზე, არ იქნებოდა მიღებული.

თუ ამას ავიღებთ ნაკლებად სადავო მოცემულობად, რომ რაღაც იყო შესაცვლელი, ხოლო რაღაც „შესაცვლელი“, იყო მთავრობის „დამსახურება“ - ანუ, რაღაც იყო შესაცვლელი მთავრობისავე ნამოქმედარში, ბუნებრივია, ეს ამით არ დასრულდება. ველოდები, რომ გაგრძელდება და კარგი იქნება, თუ ამ ყველაფერს მოჰყვება ადეკვატური განმარტებები - ერთი მხრივ, ათასგვარი ჭორისა თუ ინტერპრეტაციებისთვის ადგილი აღარ დარჩება, ხოლო მეორე მხრივ, ეს ზედმეტი სიფრთხილე მთავრობას ღირსებას ნამდვილად არ მატებს.

წინააღმდეგ შემთხვევაში, მთავრობა იკეტება საკუთარ ნაჭუჭში. ხოლო საზოგადოებისგან გამიჯვნა ამ ნაწილში, თავისთავად ნიშნავს, რომ ის მარტო რჩება. როდესაც ნებისმიერი საჯარო პირი ღიად წარმართავს პროცესს, საზოგადოება არის ჩართული ყველაფერში, მხედველობაში მაქვს საზოგადოების ინფორმირებულობა - ეს თავისთავად ნიშნავს პასუხისმგებლობის გაზიარებას.

ორი წელი გავიდა და ვისაც არ ჰქონდა პოლიტიკური პროცესების გამოცდილება, უკვე გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს ეს ელემენტარული ჭეშმარიტება. გამოდის, რომ არსებულ სიტუაციაში საკუთარ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებელი რჩება მხოლოდ თვითონ, სიტუაციის გაუარესების თუ გაუმჯობესების შემთხვევაში. სხვას ვერ გადააბრალებს ვერაფერს ეს გუნდი.

ამ შემთხვევაში ვის პასუხისმგებლობაზეა საუბარი ღარიბაშვილის თუ ივანიშვილის? - ეს არ არის დასადგენი?

- ამიტომ ვთქვი, რომ ვინც შეაფასა მოცემულობა და თქვა, რომ არ არის კარგი და ეს არადამაკმაყოფილებელი სიტუაცია აი, ამ გზით უნდა შეიცვალოს უკეთესობისკენ - ვიღაც წავიდეს, ვიღაც დარჩეს - შესაძლოა, ყველა ერთად იჯდა კაბინეტში, სუსტ წერტილებსა და მიღწევებზე მსჯელობდნენ და ვიღაცამ თქვა, რომ უკეთესია თუ თანამდებობიდან წავა - ეს ის კულუარებია, რომელსაც ჩვენ არავინ გვატყობინებს და არც გვიმარტავს და ამიტომ მარჩიელობას ემსგავსება ეს ყველაფერი.

ჩემთვის პირადად, რაკი ფაქტობრივი მონაცემები არ მაქვს და რაკი მთავრობის გადაწყვეტილებამ ასეთი ბუნდოვანება დატოვა, ლოგიკურად ჩნდება დასკვნა - რაღაც კარგი რომ ყოფილიყო, ის არ შეიცვლებოდა.

გარდა ამისა, არის კონკრეტული ცვლილებები, რომელიც ეხება შს სამინისტროს. რამდენად მნიშვნელოვან ცვლილებებზეა საუბარი?

- შს სამინისტროში ორი უმნიშვნელოვანესი უწყების, გენერალური ინსპექციის და სუს-ის უფროსები შეიცვალნენ. ეს ორივე ძალზე მნიშვნელოვანი სფეროა. შესაძლოა, რიგითი მკითხველისთვის ყველა სამინისტრო ერთი და იგივე იყოს, მაგრამ შს სამინისტროს ეს ორი სტრუქტურა არის ის სფეროები რომელიც ისედაც დახურულია და განმარტებებიც რომ არ კეთდება, სიბნელეში ბუნებრივია, ვერ დაინახავ, რეალურად რა მოხდა. ამიტომ, რას შეიძლება უკავშირდებოდეს ეს ცვლელებები, ამის შესახებ ვარაუდის გამოთქმაც კი არ შემიძლია - ძალიან ბევრი რამ შეიძლება იყოს. მაგალითად შეიძლება, რომელიმე მათგანის ქმედება არ შეესაბამებოდა ეთიკის ნორმებს და ამას არ მოჰყვა სთანადო რეაგირება. ეს ყველაფერი რომ არ არის განმარტებული, რჩება სხვაგვარი ინტერპრეტაციების საშუალება, რომელიც პოლიტიკურმა ოპონენტებმა რაღაც სქემებს დაუკავშირეს.

ამიტომ რაღაც კონკრეტულის თქმა მიჭირს, განსაკუთრებით სუს-ის მიმართულებით, მისი სპეციფიკური საქმიანობიდან გამომდინარე. მისი ძირითადი დანიშნულება არის სახელმწიფოსთვის საფრთხეების არიდება. ამიტომ უკეთესი იქნებოდა პრემიერს უფრო მეტი და დამაჯერებელი განმარტება გაეკეთებინა.

მაშინ სხვაგვარად რომ დავსვათ კითხვა - ამ ორი სამსახურის გამართულ მუშაობაზე რა არის დამოკიდებული სახელმწიფოში?

- ძალიან მნიშვნელოვანია - გენინსპექციის გამართული და დემოკრატიულ პრინციპებზე დამყარებული მუშაობა ნიშნავს, რომ პოლიციელი რჩება კანონის ფარგლებში და ემსახურება კანონიერებას. რაც შეეხება უსაფრთხოებას, იმდენი ფუნქციებია მოქცეული ამ სტრუქტურაში, ჩამოთვლაც კი საკმარისი იქნება მისი მნიშვნელობის ხაზგასასმელად. ეს არის ოპერატიულ-სამძებრო, საგამოძიებო, სადაზვერვო თუ კონტრსადაზვერვო თემატიკა - მგონი, ეს საკმარისია მისი სოლიდურობის შესაფასებლად. ის პასუხისმგებელია როგორც საზოგადოებრივ წესრიგზე, ასე ქვეყნის შიდა და გარე უსაფრთხოებაზე, საფრთხეების პრევენციაზე თუ ნეიტრალიზაციაზე, დამნაშავეთა დასჯაზე და ა.შ. - ეს არის სუს-ის ფუნქცია.

შესაძლოა, პათეტიკურად ჟღერს, მაგრამ ეს სტრუქტურა ფაქტობივად, სახელმწიფოს კონსტიტუციურ საფუძვლებს იცავს და რომ შევაჯამოთ, ორივე ძალზე მნიშვნელოვანია.

და კიდევ ერთი, ეს ყველაფერი თავმოყრილია ერთ უწყებაში, რომლის პირველ პირზეც სიძლიერის, გამოცდილების, პოლიტიკური წონის თუ სხვა მნიშვნელოვანი მახასიათებლების შესახებ ვერაფერს ვიტყვი. რაც მთავარია, ეს გვაძლევს საფუძველს, ვიფიქროთ, რომ შს სამინისტრო, სადაც ამდენი მნიშვნელოვანი სტრუქტურაა თავმოყრილი, ან არ იმართება ჯეროვნად, ან იმართება არა მისი პოლიტიკური ხელმძღვანელის, არამედ მთავრობის პოლიტიკური გუნდის მიერ, რაც სისტემური თვალსაზრისით არ არის სწორი. ეს კი ბუნებრივია, არა ინსტიტუციურ, არამედ სუბიექტურ მართვას განაპირობებს, რაც არ გამორიცხავს და ზრდის შეცდომების, სუბიექტური გადაწყვეტილებების რისკებს.

კულუარული ინფორმაციის ერთი ვერსია იყო, რომ შესაძლოა, ივანიშვილმა ღარიბაშვილი გადააყენოს, ხოლო მეორე ვერსია - რომ ღარიბაშვილს ჯერჯერობით ხელს არ ახლებს, მაგრამ დაიწყებს სტრუქტურების შექმნას და ერთ-ერთი პირველი უწყება ამ კონტექსტში იქნება შს სამინისტრო. ღარიბაშვილის ბოლო განცხადებებსაც თუ გავიხსენებთ, შს სამინისტროში რეფორმა მზადდება და ეს უსაფრთხოების სამსახურის განცალკევებას გულისხმობს. ეს ნიშნავს თუ არა, რომ რაღაც სერიოზული ცვლილებების მოლოდინი რეალურად უნდა გვქონდეს?

- ძალიან კარგია, რომ მთავრობამ ამ თემაზე დაიწყო ლაპარაკი. ნიშნისმოგებით არ ვამბობ, მაგრამ უნებლიედ გახსენდება მათ მიერ გაკეთებული სულ რამდენიმე დღის წინანდელი განცხადებებიც - რამდენიმე თვის წინ შს მინისტრის მოადგილე იყო პირველი, რომელმაც თქვა, რომ შს სამნისტროს რეფორმირება უკვე დამთავრებული იყო და ატლანტიკური საბჭოს შენიშვნებს ვერ გაითვალისწინებდნენ, შესაბამისად, აქტუალური აღარ იყო „ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირება შსს-ს სტრუქტურული დაყოფის შესახებ.

შემდეგ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ კი, მნიშვნელოვანი იყო ეს ყველაფერი, მაგრამ დეპოლიტიზაცია მოხდა და ისეთი საფრთხეები, რაც წინა ხელისუფლების დროს არსებობდა, აღარ იყო. ამიტომ შსს-ს რეფორმირებაზე და სტრუქტურულ დაყოფაზე უკვე მომავალ პარტლამენტს მოუწევდა მუშაობა.

რაც მთავარია, რამდენმე დღის წინ პრემიერი ამბობდა, რომ ძლიერი შს სამინისტრო ძლიერ სახელმწიფოს ნიშნავდა და აცხადებდა, რომ იმ არასამთავრობოებს, რომლებიც შსს სტრუქტურულ ცვლილებაზე საუბრობდნენ, სამინისტროსა და შესაბამისად, სახელმწიფოს დასუსტება სურდათ.

კიდევ ერთი მომენტი - შსს რეფორმირებაზე საუბარი იყო როგორც წინასაარჩევნო, ასევე პირველ სამთავრობო პროგრამაშიც. მას შემდეგ რაც ივანიშვილი პრემიერობიდან წავიდა, შემდგომ ორ სამთავრობო პროგრამაში სიტყვაც არ არის ნახსენები შს სამინისტროს რეფორმირებაზე. საინტერესოა რატომ? ან იმ პარლამენტს არ უნდა მოვთხოვოთ პასუხი, რომელმაც ამ სამთავრობო პროგრამებს დაუჭირა მხარი? რატომ გამოუცხადა ნდობა? ეს არის ის კითხვები, რომელიც დღეს საკმაოდ აქტუალურია.

ამ კითხვებზე პასუხის მიღება ხელისუფლებისგან გაჭირდება, მაგრამ რა შეიძლება ვივარაუდოთ, რატომ გაქრა საარჩევნო პროგრამებიდან ეს პოსტულატი?

- ეს, რა თქმა უნდა, ვარაუდია, მაგრამ შსს-ს მიმართ გაკეთებულ განცხადებებს თუ გადავხედავთ, სადაც მუნდირის დაცვასა და სახელმწიფოს ძლერებაზე იყო საუბარი, როგორც ჩანს, მართვა თუ მონიტორინგი დიდწილად დაფუძნებული იყო სწორედ შს სამინისტროზე. მისი მეშვეობით სახელმწიფოს მართვა კი არც ერთ სახელმწიფოში არ ამართლებს გრძელვადიანი პერსპექტივით.

ალბათ, ამით იყო განპირობებული ასეთი მწვავე რეაქციებიც და სამთავრობო პროგრამიდან მისი (შს სამინისტროს რეფორმის) გაქრობაც. ფარული მოსმენების გატანაზე როდესაც ასეთი რეაქციები ვიხილეთ, შს სამინისტროს გაყოფაზე, როგორც ჩანს, უფრო მწვავე რეაქცია იქნებოდა.

და თუ როგორიც დღეს არის შს სანიმისტრო, ასეთი სტრუქტურა წარმოგიდგენია შენს საყრდენად, ლოგიკურად აკეთებ დასკვნას - თუ ეს ფუნქციები მოსცილდა, აღარ იქნება ძლიერი, ვერ დავეყრდნობი და შესაბამისად, გამირთულდება ქვეყნის მართვა - რაც არ არის სწორი. მართვის საუკეთესო მოდელი ინსტიტუციები და დემოკრატიული მართვაა და ყველაზე ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები დემოკრატიის პირობებში არსებობენ. ავტორიტარიზმის პირობებში ინსტიტუტები არ მართავენ, იქ მართავენ პერსონალიები. „ინსტიტუტები“ მხოლოდ ინსტრუმენტები არიან.

ასე რომ, მიუხედავად ამ ყველაფრისა, შემიძლია გავიგო მთავრობის ასეთი დაგვიანებული პოზიცია. მითუმეტეს, რომ საკითხი მართლა სერიოზულია. მნიშვნელოვანია, რომ ახლა მაინც მაქსიმალური გამჭვირვალობით წარიმართოს ეს პროცესი და მთავრობის დამსახურებაა, რომ რაღაც ჯგუფი იქმნება საზოგადოების ფართო მონაწილეობით - ეს ძალიან კარგია.

არ ვიცი, ატლანტიკური საბჭო იქნება თუ არა ჩართული ამ პროცესში, თუმცა ჩვენი კვლევა ამ საკითხზე უკვე გამოქვეყნებულია - ერთი რჩევა მაინც მექნება - არ იჩქარონ იმისათვის, რომ რაღაც შედეგს მიაღწიონ, ეს ურთულესი პროცესია.

ნაციონალებმა 2004 წელს შეიტანეს საკონსტიტუციო ცვლილება, მაგრამ ნახეთ, რა დრო დასჭირდა ამ მახინჯად ჩამოყალიბებული სისტემის ფორმირებას?! რეფორმის და არა გაყოფის გეგმა უნდა გაწერონ დროში, რომ გასაგები იყოს ხვალ რა უნდა გააკეთონ, რომ ზეგ რაღაც ეტაპამდე მივიდნენ და ა.შ. და რაც მთავარია, დოკუმენტი ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს და ერთი პრეცედენტი მაინც გვქონდეს სტრატეგიული დოკუმენტის შექმნისა.

თუ ორი წელი ცდილობდა ხელისუფლება არსებული სისტემის შენარჩუნებას, ახლა რატომ შეიცვალა პოლიტიკა? გარდაუვალი აუცილებლობით იყო გამოწვეული? ინსტიტუციების შექმნისკენ მიდის ეს ყველაფერი?

- ნახეს, რომ სისტემა პერსონალიების დონეზე გაჯანსაღდა, მაგრამ მაინც რისკების შემცველია და ხვედელიძის შემთხვევა ამისი ყველაზე კარგი მაგალითია. როდესაც იგივე სისტემას ინარჩუნებ და მხოლოდ სახელებსა და გვარებს ცვლი, ბუნებრივია, რისკები გრჩება და გრძელვადიან პერსპექტივაში სახელმწიფოსთვის ეს კარგი არ არის. როგორც ჩანს, რისკები დაინახეს და ეს კარგია.

ამის შესაცვლელი ერთადერთი გზა არსებობს და ეს არის ინსტიტუციონალიზაცია. როდესაც სხვადასხვა რანგის თანამდებობის პირები მივლენ, წავლენ ინსტიტუციებში, მაგრამ ინსტიტუციები იმუშავებს, როდესაც სახელმწიფოს საფუძვლები არჩევნებიდან არჩევნებამდე არ შეირყევა, ქვეყანაში აღარ იარსებებს საარჩევნო რეჟიმში ქვეყნის გადასვლა და არჩევნებზე მორგებული ბიუჯეტი და ა.შ. მოქალაქეებს მოემსახურება ინსტიტუციები, რომელიც იარსებებს დიდხანს და არ იქნება ხელსუფლების ცვლაზე დამოკიდებული.

როგორ ფიქრობთ, ეს ბიძინა ივანიშვილის იდეაა, რომელიც გარედან ადევნებს თვალს პროცესებს თუ ხელისუფლების შიგნით მომწიფდა?

- მინდა მჯეროდეს, რომ რომ ხელისუფლება ფრთხილობდა, რადგან გამოცდილება არ ჰქონდა და ამიტომ გაწელა პროცესი. იმედი მინდა ვიქონიო, რომ ერთიანი სახელმწიფო ხედვა იქითკენ იქნება მიმართული, რომ არა მხოლოდ შს სამინისტროში, რეალურად სადმე თუ დარჩება ადგილი, სადაც სუბიექტური გადაწყვეტილების თუ სხვა რისკები იარსებებს, ყველგან აღმოიფხვრება და იქაც ინსტიტუციური მართვის მოდელები შეიქმნება.