„კლდის პირას ვდგავართ და პოლიტკორექტულობის დრო არ გვაქვს“

„კლდის პირას ვდგავართ და პოლიტკორექტულობის დრო არ გვაქვს“

პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშვილის ნაჩქარევად წასვლის შემდეგ კრიზისული სიტუაცია რამდენჯერმე შეიქმნა. ყოველ ასეთ ჯერზე ერთგვარ პანაცეად ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება სახელდებოდა. თუმცა იყვნენ ისეთნიც, ვინც ფიქრობდა, რომ ჩვენი ქვეყანა ექსპერიმენტების არეალი არ იყო და რაგინდ უნაკლოც არ უნდა ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილი, ერთ მდინარეში ორჯერ შესვლა და პოლიტიკაში მისი დაბრუნება არ ღირდა. მით უფრო, რომ ივანიშვილმა სახელმწიფოს მართვა ბიზნესის კანონებით მოინდომა.

მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა დაგვიტოვა „კარგი“ და „ძალიან კარგი“ მინისტრები, რომლებმაც ვერ შეძლეს ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა, გაჩნდა კითხვა, წარმატებული ბიზნესმენი ხომ არ მოიკოჭლებს პოლიტიკურ მენეჯმენტში? რატომ ვერ ასრულებს მსუბუქი თერაპიის ფუნქციას ის სამთავრობო ცვლილები, რომლის რეჟისორადაც ისევ ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევა?

პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე კრიზისული სირთულეების დაძლევას ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაში ხედავს. ის აცხადებს, რომ ყოფილმა პრემიერმა თავისი „მოკლული ძაღლი“ თავადვე უნდა გადაათრიოს და ქვეყანა მოსალოდნელი კატასტროფისგან იხსნას. მით უმეტეს, რომ ბიძინა ივანიშვილმა მყარი პოლიტიკური გუნდი ვერ შექმნა და ამის გამო ეს შეცდომა შეიძლება ბუმერანგივით დაუბრუნდეს.

ექსპერტი ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება აუცილებელია. მეტიც, მას უნდა მიეყვანა რეფორმები ბოლომდე და მხოლოდ ამის შემდეგ წასულიყო პოლიტიკიდან. ექსპერტი თვლის, რომ რეგრესი აშკარაა, ჩვენ მივიღეთ ტექნიკური მთავრობა, რომელსაც არავითარი ავტორიტეტი, გავლენა არ გააჩნია. ამ მთავრობაში არ არიან პოლიტიკური ფიგურები, განსაკუთრებით, ეს ითქმის საკვანძო სტრატეგიულ თანამდებობებთან დაკავშირებით, როგორიცაა საგარეო საქმეთა სამინისტრო, თავდაცვა, შსს, ეკონომიკის სამინისტრო, ამიტომაც პოლიტიკური კრიზისი აშკარაა.

მოიკოჭლებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ მენეჯმენტში, ამის შესახებ ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ ივანიშვილი კარგი მენეჯერია ბიზნესკორპორაციული მიმართულებით. თუმცა იგი პოლიტიკაში ბოლომდე არ ფლობდა ყველა პოლიტიკურ ნიუანსებს, რადგან პოლიტიკის და კორპორაციის მართვა ორი განსხვავებული ველია. ვახტანგ მაისაიას აზრით, ყოფილ პრემიერს გააჩნია ის უნარი, რაც აკლია ყველა სხვა დანარჩენ პოლიტიკურ ძალას, ვინც დღეს საქართველოშია წარმოდგენილი - ივანიშვილი სტრატეგიულად მოაზროვნეა და სწორედ ამაშია მისი უნიკალურობა. ამიტომაც შეძლო, გაემარჯვა წინა ხელისუფლებაზე საარჩევნო მარათონის პერიოდში.

„თუ ბატონი ბიძინა დაბრუნდება პოლიტიკაში და თავის თავზე აიღებს მმართველობას, მაშინ ირაკლი ღარიბაშვილი უნდა გადადგეს და ივანიშვილმა დაიკავოს პრემიერის პოსტი, რადგან ამ გუნდმა ბევრი შეცდომა დაუშვა. არის მომენტები, როცა ფორმალურ და სამართლებრივ მხარეს არ უნდა მივსდიოთ. ჩვენთან არ არის ის გარემოება, როცა სამართალი და იურიდიული ლეგალური სფერო დომინანტობს პოლიტიკურ სფეროზე, აქ პირიქითაა, პოლიტიკა დომინანტობს სამართალზე.

როცა ასეთი პირობებია, ყველა ფორმალური და არაფორმალური საშუალება უნდა გამოვიყენოთ, რომ სიტუაცია გამოვასწოროთ. ჩვენ ვართ გადაჩეხვის პირას, კლდის პირას ვდგავართ და ცერემონიალის და პოლიტკორექტულობის დრო არ გვაქვს. ჩვენ გვაქვს ცუდი მაგალითი, როცა გაურკვეველ ვითარებაში ზურაბ ჟვანიას დაღუპვამ შეაფერხა რეფორმები, რომელიც დაიწყო ტრიუმვირატმა. ამიტომაც მივიღეთ სააკაშვილის ავტორიტარიზმი“,- აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი თუ აპირებს პოლიტიკაში დაბრუნებას, უნდა დაბრუნდეს კიდეც, რადგან სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდება. პოლიტოლოგის აზრით, ყველაზე კარგი ვარიანტი მის დასაბრუნებლად იქნება არა მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება, არამედ ახალი საპარლამენტო არჩევნები და შემდეგ უკვე გადაადგილებების განხორციელება.

„ვერ ვიტყვი, რომ დღევანდელი პარლამენტი მოწოდების სიმაღლეზეა, ან საზოგადოების განწყობას ასახავს. როგორც სოციალური, ისე ეკონომიკური და პოლიტიკური სიტუაცია ნელ-ნელ მძიმდება. ბატონი ბიძინა როცა მიდიოდა პოლიტიკიდან, მაშინვე გავაკეთე კომენტარი, რომ პრემიერმინისტრობიდან მისი გადადგომა ცუდი იქნებოდა, ვერც პოლიტიკას შემატებდა რამეს, ვერც- სამოქალაქო საზოგადოებას. სამწუხაროდ, ეს ახდა. აღმასრულებელი ხელისუფლება საკმაოდ უგერგილოა. ამიტომ ივანიშვილი თუ დაბრუნდება, ეს სწრაფად უნდა მოხდეს. გაზაფხულამდე მას აქვს იმდენი პოლიტიკური დივიდენდი, რომ განახორციელოს მთავრობის ეფექტური მართვა. სიტუაცია საკმაოდ სწრაფად იცვლება და შემოდომისთვის ეს პროცესი დაგვიანებული მგონია.

ივანიშვილმა საკმაოდ სწორი პოლიტიკური ნაბიჯები გადადგა, როგორც კოალიციის დაკომპლექტების, ისე მთელი საარჩევნო პერიოდის განმავლობაში. რაც შეეხება შემდგომ ვითარებას, ცოტა არაორდინარული ვითარება შეიქმნა საქართველოში. მართალია, ნაცმოძრაობა დამარცხდა, მაგრამ პოლიტიკური ასპარეზიდან არ წასულა. თავის დროზე, გადატრიალების შედეგად მრგვალი მაგიდა გაქრა ასპარეზიდან, შემდეგ იგივე დაემართა მოქალაქეთა კავშირს, მაგრამ ამ შემთხვევაში, ნაცმოძრაობა დარჩა. ეს არ არის იმის ბრალი, რომ ნაცმოძრაობა მაგარია, უბრალოდ, თუკი სააკაშვილის მსგავს მეთოდებს გამოიყენებდა ივანიშვილი, ნაცმოძრაობა ძალიან სწრაფად გაქრებოდა ასპარეზიდან. აქ პრობლემა იმაშია, რომ ივანიშვილმა და ახალმა გუნდმა გადაწყვიტა, სხვაგვარად ეთამაშა. გნებავთ კოაბიტაცია დაარქვით ამას, გნებავთ, არა - იძულებით იყო ეს თამაში თუ მათი ნებით, ნაცმოძრაობა ისევ პოლიტიკურ ასპარეზზეა. პერსონების შეცვლა ქვეყანას არ შეცვლის, რაღაცნაირად სისტემური ცვლილებებია საჭირო. ორი წლის განმავლობაში ეს უნდა გაკეთებულიყო. ხელისუფლებამ ეს დრო არ გამოიყენა. ამიტომ ვამბობ, რომ აუცილებელია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თორემ ისევ წრეზე ვიტრიალებთ“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით დარჩიაშვილი პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებაში გამოსავალს ვერ ხედავს. For.ge-სთან საუბარში ის აცხადებს, რომ მართალია, კულუარულად მართვას გახსნილად მართვა სჯობს, მაგრამ ამ ადამიანის მიერ მართული ქვეყანა ჩვენ ვნახეთ და ივანიშვილის დაბრუნებას ნაციონალები მხარს არ დაუჭერენ.

„ბიძინა ივანიშვილის პრემიერობის დროს რაც ხდებოდა, არაფერი მოსაწონი არ იყო. შესაბამისად, კიდევ თუ გააგრძელებს მართვას ეს ადამიანი, ისევ კარგს არაფერს მოუტანს ქვეყანას. გამოსავალი ის არის, ივანიშვილმა პოლიტიკას საერთოდ დაანებოს თავი. „ქართულმა ოცნებამ“ აჩვენა ქვეყნის მართვის სრული უნიათობა. რაც მალე მიხვდებიან ამას, მალე დაიშლებიან მარტივ მამრავლებად და იქნება სერიოზული მსჯელობა პარლამენტში ახალი მთავრობის, ნდობის მთავრობის თუ კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე, მათთვის უკეთესი იქნება. დანარჩენს არჩევნები აჩვენებს“, - აცხადებს დავით დარჩიაშვილი და მიიჩნევს, რომ ორი წელიწადია, სწორედ ივანიშვილი მართავს ქვეყანას და ყველაფერი რაც ხდება, მისი პასუხისმგებლობაა. ამიტომ ვის გადასვამს და ვის გადმოსვამს ცალკეულ თანამდებობებზე, შედეგი ერთი და იგივე იქნება.