შსს-ს რეფორმირებისა და რეგორგანიზაციის მიზნით, პრემიერ-მინისტრმა უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანს, დავით სუჯაშვილს სამუშაო ჯგუფის შექმნა დაავალა. სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მომზადდება ანალიზი და მაქსიმალურად მოხდება ყველა რისკის გათვლა. შსს-ს რეფორმირება და უწყებისთვის უსაფრთხოების ბლოკის გამოყოფა, „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირება იყო.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში შეგნებულად არ შეეხნენ ამ საკითხს, რადგან მისი თქმით, იყო გარდამავალი პერიოდი, იყო გამოწვევები.
„დღეს არის ის დრო, რომ ჩვენ დავიწყოთ მსჯელობა, შევქმნათ სამუშაო ჯგუფი, რომელიც იქნება აბსოლუტურად გამჭვირვალე, ღია. ყველას მიეცემა საშუალება პროცესში ჩართულობის. დავსხდეთ და ერთად ჩამოვყალიბდეთ, რომელი მოდელი აჯობებს ჩვენს, ქართულ რეალობაში. საქართველოსთვის როგორი მოწყობა იქნება ყველაზე ოპტიმალური.
შესაძლოა, შინაგან საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების ბლოკი გამოეყოს, სადაც სპეცსამსახურები შევლენ და ცალკე იქნება პოლიცია. ეს არის იდეის დონეზე, მაგრამ თუ რა ფორმით განხორციელდება ის, ამაზე სამუშაო ჯგუფი იმსჯელებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერის დავალების შესრულება უკვე დაიწყო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა. შსს-ს რეფორმირებისა და რეორგანიზაციის საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შესაქმნელად დავით სუჯაშვილმა აპარატის თანამშრომლებს პირველი დავალებები მისცა. სამუშაო ჯგუფი მართლწესრიგისა და უსაფრთხოების სფეროების გამიჯვნის საკითხზე იმუშავებს.
სამუშაო პროცესში ჩართულები იქნებიან საპარლამენტო ხელისუფლების, მთავრობის, პარტნიორი ქვეყნების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, განხორციელდება შესაბამისი შეფასებითი სამუშაოები და მაქსიმალურად მოხდება ყველა რისკის გათვლა. როგორც უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოში აღნიშნავენ პროცესი გამჭვირვალედ წარიმართება.
ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებულ წინადადებებს განიხილავს მთავრობა და ამის შემდეგ კანონპროექტი დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავანება. ძალოვანი უწყებების რეფორმირების თემა აქტუალური პარლამენტის თავმჯდომარის განცხადების შემდეგ გახდა.
„მგონია, რომ ჩვენ, მთავრობა, პარლამენტი შევძლებთ, ამ უწყებაში იმ ტიპის საჭირო რეფორმების გატარებას, რომელიც, ერთი მხრივ, იქნება ევროპული გზის გაგრძელება და მეორე მხრივ, შეამცირებს იმ უნდობლობის ხარისხს, რომელზეც დღეს გვაქვს საუბარი“, - აცხადებდა დავით უსუფაშვილი, რომელმაც იუსტიციის სამინისტროს და პროკურატურის გამიჯვნას შეცდომა უწოდა.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას „ქართული ოცნების“ დაპირების გაგრძლებად მიიჩნევს. მისი თქმით, დღეს დადგა რეფორმირების მეორე ეტაპი.
„ჩვენ წინააღმდეგი ვართ ისეთი მოქმედების როგორც ამას სააკაშვილის ხელისუფლება აკეთებდა - ერთ საღამოს მოიფიქრეს, რომ სასწრაფოდ უნდა გაეერთიანებინათ რამდენიმე სამინისტრო და მეორე დღეს განახორციელეს, რაც არ შეიძლება და ამის შედეგი იყო უკანონო წარმონაქმნები როგორიც იყო კუდი და სოდი. ხელისუფლებამ აღნიშნული რეფორმის შემუშავებისას არ უნდა იჩქაროს და უნდა მიიღოს საქართველოსთვის მისაღები მოდელი“, - აცხადებს სოზარ სუბარი.
საპარლამენტო პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ვიქტორ დოლიძე თვლის, რომ შსს-სგან და უშიშროების სამსახურის გამოყოფა წინასაარჩევნო დაპირების ნაწილია და ეს უფრო ადრეც უნდა მომხდარიყო. დოლიძის განცხადებით, შსს-ს გარდა საჭიროა სამოქალაქო კონტროლის დაწება თავდაცვის სამინისტროზეც.
„ჩვენ ამას შევპირიდთ ჩვენს ხალხს და ვფიქრობ, ეს უნდა გაგვეკეთებინა უფრო დროულად, მაგრამ მაინც კარგია, რომ მიღებულია გადაწყვეტილება. სამოქალაქო კონტროლის დაწესება შსს-ზე და არა მხოლო შსს-ზე არის ძალიან მნიშვნელოვანი, მათ შორის თავდაცვის სამინისტროზეც და ბუნებრივია, ფუნქციონალური გაყოფა იქნება აუცილებელი“, - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით დარჩიაშვილი თვლის, რომ ორი წლის განმავლობაში ამ კუთხით არანაირი რეფორმა არ განხორციელებულა, ხოლო კუდ-სთვის სუს-ის დარქმევა არ შეიძლება შეფასდეს როგორც რეფორმა.
„არავითარი კონკრეტული სქემა არ შემოსულა, თავის დროზე ჰქონდათ მათ დაპირება, რომ შსს და უშიშროების სამსახურები გაემიჯნათ ერთამნეთისაგან, მაგრამ ნაბიჯი არ გადაუდგამთ ამ მიმართულებით. არავითარ რეფორმას ორი წლის განმავლობაში ადგილი არ ჰქონია. ახლა რამეს თუ აპირებენ არ ვიცი, ჯერ უნდა ინახოს და ამის კონცეპტუალური დასაბუთება უნდა იქნას შემოტანილი პარლამენტში, რომ განვიხილოთ რას აპირებენ“, -განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.
შსს-დან უშიშროების სამსახურის გამოყოფა მისაღებია სახალხო დამცველისთვის. უჩა ნანუაშვილის განმარტებით, აღნიშნულის შემდეგ საქართველო შეძლებს უფრო მეტად დაუახლოვდეს ევროპულ სტანდარტებს.
„საჭიროება იმის, რომ მოხდეს რამდენიმე სტრუქტურად მისი დაშლა, ვფიქრობ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. რაც უფრო მეტად ბალანსირებული იქნება სისტემა, ვფქირობ, ჩვენ შევძლებთ უფრო რეალურად დაახლოებას იმ სტანდარტებთან რომლისკენაც მივისწრაფვით“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
ძალოვანი უწყებების რეფორმირებაზე საუბრობენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. „სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის საქართველოს ცენტრის თავმჯდომარე ბესო ალადაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში რეალაურად არ მიმდინარეობს სხვა ქვეყნების სპესამსახურების წინააღმდეგ გეგმაზომიერი კონტრსადაზვერვო მუშაობა. მისივე თქმით, სანამ მოხდება სტრუქტურული და ორგანიზაციული გაყოფა, უნდა ჩამოიწეროს, რა ფუნქციებით უნდა აღიჭურვოს ახალი სტრუქტურა.
„დემოკრატიული და საზოგადოებრივი კონტროლისთვის აუცილებელია, რომ მინიმუმადე იყოს დაყვანილი ე.წ. სოდის, ანუ იგივე სუს-ის ფუნქციები. ახალი უწყების ფუნქციონალური მოვალეობა უნდა იყოს სხვა ქვეყნების სპეცსამსახურების წინააღმდეგ ბრძოლა და სახელმწიფო საიდუმლოების დაცვა. უნდა მოვაცილოთ ყოველგარვი პოლიტიკური ჩარევა, აქედან უნდა გამოვიყვანოთ ე.წ. ეკონომიკური დანაშაული.
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, საკადრო საკითხი. კადრების შერჩევა უნდა მოხდეს სამი მთავარი პრინციპით - პატიოსნება, პატრიოტიზმი და პროფესიონლიზმი. კარგი იქნება ახალგაზრდა კადრების შერჩევა. მიმაჩნია, რომ ახალი სამსახურის უფროსს უნდა ნიშნავდეს პარლამენტი და დანიშვნის ვადაც უნდა იყოს განსაზღვული“, - აცხადებს ბესო ალადაშვილი.