2008 წლის შემდეგ ქვეყანას ამ ოდენობის ინვესტიცია არ მიუღია. წლევანდელ მესამე კვარტალში შემოსულმა ინვესტიციებმა 6-წლიანი რეკორდი მოხსნა. მთავრობის ეკონომიკური გუნდი წლის ბოლოს ცოტა მოფერიანდა. ერთ კვარტალში, ყველაზე მეტი ინვესტიცია ბოლოს 2008 წლის მე-2 კვარტალში შემოვიდა - 605 მილიონი დოლარი. მთლიანობაში, სამ კვარტალში საქართველოში ინვესტორებმა 924 მილიონი დოლარის უცხოური ინვესტიცია შემოიტანეს. მთავრობა, 1-მილიარდიანი საინვეტიციო გეგმის შესრულებას წელს ნამდვილად მოახერხებს.
წინასწარი მონაცემებით, მე-3 კვარტალში ინვესტიციები 99 პროცენტით აღემატება 2013 წლის მესამე კვარტალის მონაცემებს. ინვესტიციების მიხედვით, პირველ ადგილზე ჩინეთია. ამ ქვეყანამ ივლის-სექტემბერში მოულოდნელად 149 მილიონი დოლარის კაპიტალდაბანდება მოახდინა მაშინ, როდესაც მე-2 კვარტალში ჩინური ინვესტიცია 6 მილიონი იყო, 1-ელ კვარტალში კი სულაც 2 მლნ დოლარი.
ინვესტიციების სიდიდით მეორე ადგილზე აზერბაიჯანია - 95 მილიონი დოლარი, ხოლო მესამეზე ნიდერლანდები - 90 მილიონი დოლარი.
უმსხვილესი სექტორების წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) მესამე კვარტალში 69 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მსხვილი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია მშენებლობის სფეროში განხორციელდა - 181 მილიონი დოლარი. მეორე ადგილზეა ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა - 109 მილიონი დოლარით, ხოლო მესამეზე უძრავი ქონება - 61 მილიონი დოლარით.
საქართველოში ინვესტიციების გაზრდასა და ბოლოდროინდელ ეკონომიკურ მოვლენებზე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი თქმით, ინვესტიციებთან ერთად იზრდება ეკონომიკაც და ეს არის პასუხი იმ ცრუ ბრალდებებზე, რომელსაც ე.წ. ექსპერტები და ოპოზიცია გამოთქვამს.
„მესამე კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ შეადგინა 508 მილიონი დოლარი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 99%-ით აღემატება, ხოლო 2012 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს - 155%-ით. მინდა გითხრათ, რომ 9 თვის განმავლობაში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 923 მილიონ დოლარს შეადგენს, რაც 2013 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს აღემატება 29%-ით, ხოლო 2012 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს - 36%-ით.
თუ გადავხედავთ აღნიშნულ მაჩვენებელს გრძელვადიან დინამიკაში, დავინახავთ, რომ 2008 წლის მეორე კვარტალის შემდეგ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ასეთი მაღალი მაჩვენებელი არც ერთ კვარტალში არ დაფიქსირებულა. აღსანიშნავია რეინვესტირების დონეც, რომელმაც შეადგინა 26%, ხოლო ახალი კაპიტალის წილი ამ მაჩვენებელში არის 73%“, - განაცხადა პრემიერმინისტრმა და დასძინა, რომ წელს ეკონომიკური ზრდა 5%-ს გადააჭარბებს. ანუ ქვეყანას, ექნება უფრო მეტი ეკონომიკური ზრდა, ვიდრე აქვს უფრო ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს, მაგალითად, ყაზახეთს, აშშ-ს, თურქეთს, რუსეთს, აზერბაიჯანს.
ეკონომიკისა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი “საქსტატის” მიერ გამოქვეყნებულ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წინასწარ მონაცემებს დადებითად აფასებს. მისი თქმით, ძალიან სასიხარულოა, რომ ასეთი დადებითი ტენდენცია აღინიშნება ინვესტიციების მოზიდვის კუთხით.
“ჩვენ გვქონდა საუბარი საერთაშორისო ექსპერტებთან, სადაც ინვესტიციების ხელმშემწყობ კანონმდებლობაზე ვისაუბრეთ იმისათვის, რომ საქართველოში ჩვენ შევქმნათ ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი საინვესტიციო კანონმდებლობა. წინასწარი მონაცემებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 9 თვის მონაცემებით 29%-ით არის გაზრდილი. მესამე კვარტლის მონაცემები (შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით) გაორმაგებულია. ძირითადი ინვესტიციები მოდის სამშენებლო სექტორზე, ტრანსპორტისა და საფინანსო სექტორზე. პირველ სამეულში შედის ჩინეთი, აზერბაიჯანი და ნიდერლანდები”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
ამგვარ საივესტიციო მონაგარს სკეპტიკურად უყურებს ეროვნული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი რომან გოცირიძე. მას ქვეყანაში განხორციელებულ საგარეო ინვესტიციებთან დაკავშირებით სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებში ეჭვი შეაქვს და აცხადებს, რომ “აღნიშნული ინვესტიციები არც ლარს ეტყობა და არც ეკონომიკას”.
“2014 წლის მესამე კვარტალში უცხოური ინვესტიციების მოცულობა 508 მლნ დოლარია, ყველაზე მეტი ბოლო 6 წელიწადში. თურმე მხოლოდ მშენებლობაში და ტრანსპორტ-კავშირგაბმულობაში 300 მილიონ დოლარამდე ჩადებულა... ძალიან საეჭვოა.
სტატისტიკის დეპარტამენტმა უნდა გამოაქვეყნოს სრული სია, რომელ საწარმოებში განხორციელდა მსხვილი ივესტიციები და განმარტოს, რაიმე ცვლილება ხომ არ შევიდა გაანგარიშების მეთოდიკაში. ინვესტიციები არც ლარს ეტყობა და არც ეკონომიკას”,- აღნიშნავს გოცირიძე.
ოფიციალური სტატისტიკა კი ადასტურებს, რომ 3 კვარტალში ქვეყანამ ლამის 1 მილიარდი დოლარის უცხუორი კაპიტალი მიიღო. ესე იგი წლევანდელი საინვესტიციო გეგმა, პრაქტიკულად, უკვე შესრულებულია.