„უნდა დაფიქრებულიყო ჩვენი კადრებთუხუცესი, რომ ასეთი მახინჯი კოაბიტაცია სიკეთემდე არ მიგვიყვანდა“

„უნდა დაფიქრებულიყო ჩვენი კადრებთუხუცესი, რომ ასეთი მახინჯი კოაბიტაცია სიკეთემდე არ მიგვიყვანდა“

„მე მგონია, რომ კომპოზიტორიც, დირიჟორიც და შემსრულებელიც არის ბატონი ბიძინა, რადგან ძნელად დასაჯერებელია, რომ ასეთი მაღალი თანამდებობის პირები გადაყენებული ყოფილიყვნენ პრემიერ-მინისტრის მიერ“, - აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი, რომლის განცხადებით, ამ ყველაფერში მთავარი კითხვა ის გახლავთ, როგორ წარმოიშვა ადამიანების ეს ქსელი, რომლებსაც ერთი სატელეფონო ზარის საფუძველზე უჩნდებათ თანამდებობების დატოვებისა და კაბინეტებიდან გაპარვის სურვილი.

for.ge სოსო ცისკარიშვილს ესაუბრა.

ბატონო სოსო, როგორ ხსნით საქართველოს მთავრობაში მიმდინარე პროცესებს?

- ეს უფრო საკადრო პრობლემებთან დაკავშირებული გადანაცვლებებია, ხოლო მიზეზი ასეთი გაუაგებრობისა გახლავთ სრულიად გაუმჭვირვალე საკადრო პოლიტიკა ქვეყანაში.

რას გულისხმობთ გაუმჭვირვალე საკადრო პოლიტიკაში?

- ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენ გვყავს სრულიად მკაფიოდ გამოხატული კადარებთუხუცესი ქვეყანაში.

ვის გულისხმობთ კადრებთუხუცესში?

- ადამიანი, რომელსაც ხელეწიფება და არც ეზარება, ყველა წამყვან თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატის დასახელება და შემდგომ ბრძოლა მათი გამარჯვებებისთვის. დღემდე საზოგადოებისთვის უცნობია, რა ტიპის მოთხოვნილებებს უყენებენ იმ პირებს, რომლებმაც, ქართულ ხელისუფლებაში მაღალი თანამდებობა უნდა დაიკავონ. არავინ იცის არის თუ არა მოთხოვნა გარკვეული განათლების მიღების აუცილებლობაზე, რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანის გამოცდილება ამა თუ იმ დარგში. მთავარია - „მინდა და ასე იქნება“.

როგორც წესი, პრემიერი ძალიან ოპერატიულად რეაგირებს ხოლმე მიმდინარე პროცესებზე, მაგრამ ბოლო დღეების განმავლობაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზე ირაკლი ღარიბაშვილი კომენტარს არ აკეთებს. პრემიერის დუმილი ადასტურებს, რომ ამ ცვლილების დირიჟორი იყო ბიძინა ივანიშვილი?

- მე მგონია, რომ კომპოზიტორიც, დირიჟორიც და შემსრულებელიც არის ბატონი ბიძინა, რადგან ძნელად დასაჯერებელია, რომ ასეთი მაღალი თანამდებობის პირები გადაყენებული ყოფილიყვნენ პრემიერმინისტრის მიერ. ამ ყველაფერში მთავარი კითხვა ის გახლავთ, როგორ წარმოიშვა ადამიანების ეს ქსელი, რომლებსაც, თურმე, ერთი სატელეფონო ზარის საფუძველზე უჩნდებათ თანამდებობების დატოვების სურვილი, კაბინეტებიდან გაპარვის და ა.შ. ეს თავად სახელმწიფოებრივი საფრთხის შემცველი პრეცედენტია, როდესაც ქვეყნის სახელმწიფო უშიშროების დეპარტამენტის თავმჯდომარე უჩუმრად გადის კაბინეტიდან და აღარ ბრუნდება.

როდესაც სრულიად მოულოდნელად შსს-ს გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელი და გურიის გუბერნატორი თავის კაბინეტებს ტოვებენ, პარალელურად, ასეთი ქმედება ხდება ძალიან გავლენიანი თანამდებობის პირისგან, რომელსაც აბარია მთელი რეგიონალური მართვის სისტემა, ასევე გვემშვიდობება ეკონომიკური საბჭოს მდივანი, ყველაზე სანდო აზრთა მპყრობელი. ძალაუნებურად მახსენდება ჩემი კრიტიკული გამონათქვამები, ადამიანი, რომელიც 2012 წელს დაპატიმრებული იქნა „ქართუ ბანკის“ გაკოტრების სქემის შედგენისა და განხორციელების გამო, როგორ გახდა მთავარი ეკონომიკური მრჩეველი ჩვენი ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრის? მაშინ უნდა დაფიქრებულიყო ჩვენი კადრებთუხუცესი, რომ ასეთი მახინჯი კოაბიტაცია სიკეთემდე არ მიგვიყვანდა.

ეპიდემია გაჩნდა მთავრობაში - უცებ, ერთი მეორის მიყოლებით, საკუთარი სურვილით თანამდებობიდან წასვლის თაობაზე? რბილად რომ ვთქვათ, ამ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ, რომ არსებობდა ქსელი ადამიანებისა, რომლებსაც არანაირი სამსახურეობრივი ურთიერთობის აუცილებლობა ერთმანეთთან არ გააჩნდათ, მაგრამ, რაღაცა ისეთი უხილავი ურთიერთობები გააჩნდათ, რომ აგერ, დედაქალაქის ცენტრში თითი დაეჭირა ღილაკს და გურიის გუბერნატორი გადმოვარდა სავარძლიდან. ჩემის აზრით, ამ პროცესებში ღარიბაშვილი არის უფრო მსხვერპლი, ვიდრე შემოქმედი იმ რეალობისა, რომელშიც ის აღმოჩნდა.

რაც მთავარია, კლანი რომელზეც მიდის ლაპარაკი, ის საქართველოში ივანიშვილს არ ჩამოუყალიბებია და რა პრინციპით შეეძლო ღარიბაშვილს მისი ჩამოყალიბება? ეს ჩემთვის ცოტა გაუგებარია. ერთადერთი, რაც შეიძლება ასეთ ვარაუდებთან ახლოს იყოს, გახლავთ ის, როგორც ყოველთვის, ძირითადი სავარძლების პატრონების ვინაობა მჟღავნდებოდა, ან არ მჟღავნდებოდა ბატონი ივანიშვილის მიერ, მაგრამ სერიოზულ თანამდებობებზე კადრები მისი თანხმობის გარეშე არ ინიშნებოდნენ.

ეს ქსელის სახით გამონათებული სავარძლები სხვადასხვა უწყებებში, სხვადასხვა ტერიტორიებში, ძალაუნებურად წარმოშობს საფუძვლიან ეჭვს, რომ გარდა ივანიშვილისა, სადღაც კიდევ არსებობს კადრების წყარო, რომელმაც ნელ-ნელა უკვე ჩანჩქერის სახე მიიღო და რასაკვირველია, ასეთი კონკურენტი მიუღებელი იქნებოდა ბატონი ბიძინასთვის.

ვის გულისხმობთ?

- იმას, ვინც ერთი-ორი პროტეჟეს ნაცვლად, მოისურვა,  თანამოაზრეების ასეთი ქსელი და თანაც, გაუმჭვირვალე თემებთან ყოფილიყო დაკავშირებული - გამოიკვეთა ფაქტი, როდესაც ყველა ერთი და იგივე მოტივაციით წავიდა თანამდებობიდან.

ამ ვითარებაში, გამორიცხავთ სამთავრობო ცვლილებების გაგრძელებას? ვრცელდება ინფორმაცია, რომ თანამდებობას დატოვებს შს მინისტრის მოადგილე ზედელაშვილი, ასევე საუბარია ინფრასტრუქტურის მინისტრზე, რომლის მიმართ კითხვები არსებობს სახელმწიფო ტენდერებთან დაკავშირებით...

- ჩემთვის უცნობია კულუარები სხვადასხვა ტენდერისა, ეჭვი არ მეპარება, რომ ბატონი ნოდარ ჯავახიშვილი უფრო სანდო წესრიგს დაამყარებს ფინანსურ ნაწილში. რაც შეეხება ბატონ ზედელაშვილს, ალბათ, უფრო მეტს უკვირს, რომ ჯერ არ წასულა თანამდებობიდან. დრო ყველაფერს გვაჩვენებს და რაც მთავარია, აბსურდული იქნებოდა რაიმე ცვლილებების დაწყება ფინანსური და ეკონომიკური მიმართულებით. მხოლოდ საქმეში ჩაუხედავებს შეუძლიათ იმაზე საუბარი, რომ ლარის კურსის ცვლილება ერთი ან ორი მინისტრის არასაკმარისი მოწადინების შედეგია. ეს ის თემაა და ისეთი სავარძლებია, რომლის მიმართაც თვალი ბევრს გაურბის. თითის გაშვერა მინისტრებზე ადვილია, მაგრამ ლარის მიმართ ნამდვილად უშედეგო. ორივე სფეროში პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს პრემიერმინისტრი. სტრატეგია მთავრობის წევრების მიერაა მოწონებული, ისევე როგორც პარლამენტის მიერ. ამიტომ, ზოგიერთი ჩემი კოლეგის მიერ პირდაპირ სავარძლისკენ ლტოლვა, შეიძლება მომავალში გაუგებრობის მომტანი იყოს.

შესაძლებელია თუ არა, როგორც თქვენ ბრძანეთ, „კადრებთუხუცესმა“ დააჭიროს ღილაკს ხელი და მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოს?

- ჯერ არ ვართ დემოკრატიის იმ ზღვარზე, სადაც თქვენს მიერ გაკეთებული პროგნოზის რეალიზება დაეყრდნობა სამართლიან საფუძვლებს. ამიტომ, ამჟამად, ჯობს, თმენით და გონებით ვეცადოთ სიტუაციის გამოსწორებას, რადგან ჩვენ არ ვიცით მოვლენ თუ არა ამ თანამდებობებზე უკეთესი ადამიანები, კვლავ მოგვიწევს თუ არა გულში რომ გავივლოთ ფრაზა - „ვაის გავეყარე და უის შევეყარეო“. ეს განცდა უნდა იყოს განდევნილი ჩვენი ცნობიერებიდან.

ზოგიერთი პარლამენტარი გვაჯერებს, რომ არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, ასეთი ცვლილებები ყველა ქვეყანაში ხდება. უკაცრავად, თუ ასეთი უმეცარი გგონიათ ქართული საზოგადოება, რომ ვერ გაარჩიოს ხელისუფლების კოლექტიური „შატალო“ და არ დაინტერესდეს „შატალოს“ მიზეზით, მაშინ ცდებით. ჯობს, იყოთ გულწრფელი და მცდარნი, ვიდრე ფუთავდეთ საკუთარ აზრებს გაუგებარ პერგამენტში, რომელსაც უთუოდ გაუვა წყალი.

ეს პროცესები მიდის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე?

- ვადამდელი არჩევნები არ იქნება, თუ საარჩევნო კოდექსში დროულად არ მოხდა დემოკრატიული ცვლილებების შეტანა. ამაზე 4-5 წელი იბრძოდა იმდრონიდელი ოპოზიცია, ოღონდ, როგორც კი, ხელისუფლებაში გამოჩნდნენ, უკვე საკუთარი ოცნების ასრულების სურვილი დაკარგეს. ერთადერთი, ბატონი უსუფაშვილი ამბობს, რომ მზად არის ამ საკითხების ერთობლივ განხილვაზე, მაგრამ აქვს თუ არა ჩვენს პრემიერმინისტრს ასეთი სურვილი, ან უფლება, ასეთი სურვილის გამოთქმისა, ამას ახლო მომავალი დაგვანახებს.